ბახმუტში დაცემული ქართველი გმირების ამბავი - გზაპრესი

ბახმუტში დაცემული ქართველი გმირების ამბავი

კიდევ ერთი ვერსიით, ისინი "კადიროველების" ჩასაფრებაში მოჰყვნენ. ბახმუტთან გმირულად დაეცნენ: ავთო რურუა, რომეო ფიჩხაია, როლანდ კვარაცხელია, ბადრი მარკელია, მერაბ ალადაშვილი. უკრაინაში ომის დაწყებიდან საქართველოს ერთ დღეში ამხელა ადამიანური დანაკარგი არ ჰქონია. დონეცკის ოლქში მდებარე ეს ტერიტორია რუსეთის შეიარაღებული ძალების ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა და მძიმე ბრძოლები იქ ახლაც გრძელდება...

რუსეთმა სრულმასშტაბიანი ომი უკრაინაში 24 თებერვალს დაიწყო. დაუდასტურებელი ინფორმაციით, უკრაინის მხარეს 1500-მდე ქართველი მეომარი იბრძვის. პირველი ინფორმაცია ქართველი მებრძოლების დაღუპვის შესახებ 18 მარტს გავრცელდა. მას შემდეგ, უკრაინაში 33 ქართველი დაიღუპა. მათ შორის არიან წარმოშობით ქართველი უკრაინის მოქალაქეებიც.

"ქართული ლეგიონის" მეთაურის მოადგილე, ლევან ფიფია "გზასთან" საუბრისას ამბობს, რომ ბახმუტთან შექმნილი ვითარების გამო, ფრონტის ხაზიდან ცხედრების გამოყვანა ჯერჯერობით შეუძლებელია.

ლევან ფიფია:

- ის მებრძოლები სხვა ქვედანაყოფში იბრძოდნენ, მე სხვაგან ვარ, მაგრამ ქართველები ერთმანეთს ვიცნობთ და ვმეგობრობთ. ზოგს ომამდე ვიცნობდი, ზოგიც ომში გავიცანი. ბადრი მარკელიას ომამდე ვიცნობდი, ის და ჩემი და ერთი წყვილის მეჯვარეები იყვნენ. ძალიან კეთილი, ალალი, უბოროტო ადამიანი იყო... მე 2016 წლიდან უკრაინაში ვარ, აქ ვებრძვი ჩვენს საერთო მტერს - რუსეთს. 24 თებერვალს რუსეთი უკრაინას თავს რომ დაესხა, მაშინვე დამიკავშირდა და მითხრა, - ჩამოსვლა მინდაო. მიუხედავად იმისა, რომ 90-იან წლებში აფხაზეთის ომისა და 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომის მონაწილეა, მაინც არ მინდოდა მისი ჩამოსვლა და ეს პირდაპირ ვუთხარი. მერე აღარ შემომხმიანებია.

ომის პირველ ხანებში უკრაინაში ისეთი ამბები იყო, ოჯახის წევრების მოსაკითხადაც ვერ ვიცლიდი. ხშირად ტელეფონიც კი გათიშული მქონდა. ბადრის შესახებ არაფერი ვიცოდი. შემდეგ გავიგე, რომ მაინც ჩამოსულა და იბრძოდა. მერე თავი მიუნებებია და საფრანგეთში წასულა, ძალიან გამიხარდა, მაგრამ მალევე დაბრუნებულა... ამ ტრაგედიამდე გარკვეული ხნით ადრე, ქართველი მებრძოლები იყვნენ ჩვენს ნაწილში. მათ შორის იყო როლანდ კვარაცხელია, თეთრი წვერით, ასაკოვანი კაცი. "ბაბუს" ეძახდნენ. გამიკვირდა კიდეც, რომ ამ ასაკის კაცმა გარისკა ომში წამოსვლა. მერე გავარკვიე ვინც იყო სინამდვილეში როლანდ კვარაცხელია...

როდესაც გავიგე, ბახმუტთან ქართველი ბიჭები არტილერიის შეტევაში მოყვნენო, მივხვდი კიდეც, ვისზეც იყო საუბარი. მათ შორის ჩვენი ყოფილი ჯარისკაცი ყოფილა. გარკვეული დროის განმავლობაში ჩვენთან მსახურობდა და შემდეგ სხვა ქართულ ბატალიონში გადავიდა... შემდეგ დამირეკა და მიამბო, რუსების არტილერიის დაბომბვაში მოვყევით, ბადრი და სხვა ქართველი ბიჭებიც იქ არიან, ჩარჩნენ, მე ძლივს გამოვედიო. მაშინ შევიტყვე, რომ ბადრი დაბრუნებულა... როლანდმა ამიხსნა, რა სიტუაციაც იყო, - რუსებმა ერთი შეტევა განახორციელეს, მაგრამ ვერ შემოვიდნენ და ხელახლა, უფრო დიდი ძალებით დაიწყეს შტურმი; ჩვენებს საბრძოლო მასალა კი ჰქონდათ, მაგრამ ასეთ დროს სათადარიგოს ქონა აუცილებელია; გამოვედი, ავიტანე, ისეთი მასირებული შეტევაა, კიდევ დაგვჭირდა, მაგრამ ისეთი ამბები ტრიალებს, ვეღარ შევედიო...

- ითქვა, რომ ქართულმა ხასიათმა იჩინა თავი: მათ უთხრეს, დატოვეთ პოზიცია და წამოდითო, მაგრამ ბოლომდე ბრძოლა აირჩიეს...

- ასეთ დროს, როგორც წესი, ბევრი ვერსია ვრცელდება... მე მაინც მგონია, გამოსვლის შესაძლებლობა რომ ჰქონოდათ, გამოვიდოდნენ. ეტყობა, მოწინააღმდეგემ ძალზე მასშტაბური და სწრაფი შტურმი განახორციელა, ვერ გამოვიდნენ. თუმცა, გასათვალისწინებელია ჩვენი ხასიათიც - პოზიციას მაშინვე არ მიატოვებდნენ. ყოველთვის გვახსოვს, რომ ჩვენ უკან ისევ ჩვენები არიან და თუ გამოუვალი სიტუაცია არ არის, გამოსვლა ძნელია. თანაც, ასეთ დროს, ზოგჯერ გამოსვლა ან გამოსვლის მცდელობა უკვე დაგვიანებულია და მეომრები ბოლომდე ბრძოლას ამჯობინებენ. ახლა, აქედან იმის გამოცნობა, რა მოხდა, შეუძლებელია, ყველაფერი ვარაუდი იქნება. იქ რა მოხდა, მხოლოდ მათ იციან, ვინც იქ იყო, ისინი კი ცოცხლები აღარ არიან...

- დაჭრილების შესახებ რა ვიცით?

- დიახ, მათთან მყოფი ორი ქართველი, მათ შორის ქართული რაზმის მეთაური დაიჭრა; გამოყვანილები არიან და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება... ვიდრე თქვენ დამირეკავდით, ბახმუტის პოზიციაზე მყოფ ქართველ მებრძოლს ვესაუბრე, ინტენსიურად, სხვადასხვა წყაროთი და კავშირით ვცდილობთ ცხედრების გამოყვანას, მაგრამ იმ კონკრეტულ ტერიტორიაზე კონტროლი რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა აიღეს და ვერ შევდივართ, არადა, ვთქვით, ომი ხომ ისედაც რისკია და მოდი, ქართველები, ყველანი გავერთიანდეთ და როგორმე შევაღწიოთო, მაგრამ შედეგი არ იქნება, - ამ მონაცემებით, უაზროდ შევასკდებით და მათ გამოყვანას მაინც ვერ შევძლებთ. საჭიროა, რუსებმა იმ ადგილიდან უკან დაიხიონ, როგორც ეს ხერსონსა და სხვა ოლქებში მოხდა, სხვანაირად, ერთი ან ორი ასეული იქ ვერაფერს გახდება, რადგან რუსეთს ეს ადგილი პიარისთვის სჭირდება. რუსული ჯარი დემორალიზებულია და ბახმუტზე კონტროლით პოლიტიკური ქულების დაწერა სურს. სამწუხაროდ, ეს არ არის პატარა სოფელი ან დასახლება, სადაც რამდენიმე დანაყოფია დაბანაკებული; აქტიური ფრონტის ხაზია და იქ დიდი ძალებია მობილიზებული. არც უკრაინა თმობს, რადგან ეს ქვეყნისთვის სტრატეგიული ადგილია... უკრაინულ მხარეს კარგი სტარტი აქვს აღებული. უმეტეს შემთხვევაში, წარმატებული კონტრშეტევები გვაქვს და ვფიქრობთ, რომ ამ მიმართულებითაც საჩვენოდ შეიცვლება სიტუაცია.

ლორენა მარკელია, დაღუპული მეომრის და:

- ერთი ტრაგედია ის არის, რომ ჩემი ძმა დაიღუპა, მაგრამ ცხედარიც არ გვაქვს, რომ დავიტიროთ. იმის გვეშინია, რომ მის გამოსაყვანად ბიჭები, მისი მეგობრები შევიდნენ და რამე არ დაუშავდეთ... არ ვიცი, რა ვთქვა, როგორ ვიტიროთ ან რა უნდა გავაკეთოთ. ალბათ, რაღაც სასწაულს უნდა დაველოდოთ, რომ მისი ცხედარი გვეღირსოს. მისი მეგობრები ყოველდღე გვიკავშირდებიან. ერთი ომი მთელმა ოჯახმა ვნახეთ. აფხაზეთიდან დევნილები ვართ. ბადრი 16-17 წლის იყო, მამასა და ძმებთან ერთად იქ რომ იბრძოდა. სოხუმის დაცემის შემდეგ, მთელი ოჯახი, ოთხი და-ძმა და მშობლები, ზესტაფონში კომპაქტურ დასახლებაში ვცხოვრობდით. უკრაინის ომამდე ბადრიც აქ ცხოვრობდა... უკრაინაში გაიპარა. ევროპაში მივდივარო, დაგვიბარა. მშობლებს რომ არ ენერვიულათ, უთხრა, პოლონეთში მივდივარ სამუშაოდო. საფრანგეთში წასულა და იქიდან უკრაინაში ჩასულა... აქ წლების განმავლობაში ვერაფერი მოახერხა და ჩვენც არ დაგვიშლია წასვლა. უნდოდა, პროფესიონალი სამხედროც ყოფილიყო, წოდება მიეღო, მაგრამ ამის შესაძლებლობა არ მიეცა... როდესაც გავიგე, რომ უკრაინაში იყო, დიდად არ გამკვირვებია, ერთად გავიზარდეთ და ვიცოდი, რა დამოკიდებულება ჰქონდა სამშობლოს მიმართ. აფხაზეთში ნამყოფი მეომარი ძალიან განსხვავდება სულისკვეთებით, თავგანწირვით. ამას ჩემი ძმის სიყვარული არ მალაპარაკებს. ვინც იცნობდა, ყველა დამეთანხმება, რომ მართლა ასეთი იყო.

- ბოლოს როდის ელაპარაკეთ?

- სანამ პოზიციაზე წავიდოდა, ღამის პირველ საათზე მესენჯერში მომწერა, კოცნა გამომიგზავნა და ხმოვანი შეტყობინება: დაიკო, მენატრები, შენ შემოგევლოს შენი ძმა, გკოცნიო... მთელი ცხოვრება შევინახავ მის ბოლო გზავნილს... ძირითადად, მესენჯერით გვეკონტაქტებოდა. მე კარგად ვარო, გვწერდა მოკლედ. ომში ყოფნა რომ გაუხარდება ადამიანს, ასე იყო. ბედნიერი ვარო, ჩემი ბიჭების სისხლი უნდა ავიღოო, გვეუბნებოდა. წინათგრძნობასავით ამბობდა, - გმირებს არ ტირიან, ადიდებენო... ვერც დავიტირეთ, ცხედარიც არ გვაქვს. დედაჩემი ცოცხალ-მკვდარია. რომ ვუყურებ, არც ვიცი, როგორ ვანუგეშო.

კიდევ ერთი დაღუპულის - ავთო რურუას ახლობლების თქმით, აფხაზეთიდან დევნილი ავთო უკრაინაში ომის დაწყებიდან მალევე, მარტში წავიდა. გარკვეული პერიოდის შემდეგ საქართველოში დაბრუნდა, მაგრამ მალევე უკან გაბრუნება გადაწყვიტა. ომამდე ბათუმში, ერთ-ერთი ობიექტის დაცვის სამსახურში, შემდეგ კი თბილისში სამშენებლო ობიექტზე მუშაობდა.

levan5-1670828910.jpg

ელმირა ინალიშვილი, დაღუპული მეომრის მეუღლე:

- ერთხელ რომ დაბრუნდა, მერე აღარ მეგონა, თუUწავიდოდა, მაგრამ გულმა არ მოუთმინა. აქ იყო, მაგრამ მისი გული და სული უკრაინაში, თავის ბიჭებთან ტრიალებდა... ერთ დღესაც გვითხრა, პოლონეთში მივდივარ სამუშაოდო. ბევრი მიდის და ეჭვი არ შემპარვია მის სიტყვებში. დედამისსაც ასე ეგონა, მაგრამ წასვლის წინადღეს, როცა უკვე ბილეთი ხელში ეჭირა, გულმა არ მოუთმინა და დამიძახა: ვერ მოგატყუებ, არავინ იცის, რა იქნება და მირჩევნია, სიმართლე იცოდე, უკრაინაში მივდივარო. ორი ბიჭი გვყავს. არც მათთვის დაუმალავს. უფროსს თავისი ხელით მოქსოვილი ხატი აჩუქა და უთხრა, - ჩემს დაბრუნებამდე არ მოიხსნაო. ვეღარ დაბრუნდა...

2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის დროს, ვაშლიჯვრის სპეცრაზმში მსახურობდა. რა თქმა უნდა, ის და მისი მეგობრები წინა ხაზზე იბრძოდნენ. უმძიმესი დღეები გადავიტანეთ. დღეების ბავშვი მყავდა და რომელზე მენერვიულა, არ ვიცოდი, ნერვიულობისგან რძე გამიშრა. ერთი კვირა მეუღლეზე არაფერი ვიცოდი. შემდეგ, ყველასთვის მოულოდნელად დაბრუნდა, საშინელ დღეში იყო... არც გამკვირვებია, უკრაინის ომში რომ წავიდა: ჩემი მეუღლე პროფესიონალი სამხედრო იყო, სნაიპერი, წლების განმავლობაში სენაკის მეორე ქვეით ბრიგადაში მსახურობდა. თბილისში გადასვლა შესთავაზეს, მაგრამ ოჯახისგან მოშორებით ვიქნებიო და უარი თქვა. უკრაინის ომში ყუმბარმტყორცნელი იყო... იმ საბედისწერო დღეს არ გამოჩენილა. გული ცუდს მიგრძნობდა. ჩემამდე, მეგობრებს გაუგიათ. სოციალურ ქსელში უნახავთ მისი ფოტო და ვერ მეუბნებოდნენ. მერე ერთმა გაბედა, - ეგ ავთო ხომ არისო?!. მაშინ მოვკვდი. მითხრეს, რომ ბოლო ტყვიამდე იბრძოლა. თავისი პოზიცია არ მიუტოვებია. მას გმირობას ვერავინ ასწავლიდა, ომის ფასიც იცოდა, მშვიდობისაც და სიცოცხლისაც...

მერაბ ალადაშვილის მეგობარი თენგო ჟურნალთან "გზა" ჰყვება, რომ ის და მისი ძმა რუსთავში ცხოვრობდნენ. გამორჩეულად თბილი, მეგობრული ადამიანი იყო:

- უკეთილესი ბიჭი გახლდათ. სულ ვფიქრობ, რატომ მიდიან ასეთი კეთილი ადამიანები ამ ქვეყნიდან ასე ადრე?!. მშვიდი, გაწონასწორებული და ერთგული იყო. მეგობრები ამბობდნენ, ყველა ის თვისება აქვს, რაც მებრძოლს უნდა ჰქონდესო. იმდენად უყვარდა ქვეყანა, სულ არ გამკვირვებია, რომ საქართველოს დასაცავად უკრაინის ფრონტზე წავიდა... ახლა ოჯახს ერთადერთი სურვილი აქვს - გმირის ცხედარი ისე გამოიყვანონ, რომ არავისი სიცოცხლე და ჯანმრთელობა არ შეეწიროს...

როლანდ კვარაცხელიას აფხაზეთის ომი აქვს გამოვლილი. ის და მისი ოჯახი დევნილები არიან და ფოთში, დევნილების კომპაქტურ დასახლებაში ცხოვრობდნენ... მთელ ოჯახს ძალიან მძიმე პერიოდი აქვს გავლილი. 19 წლის იყო, აფხაზეთის ომი რომ დაიწყო, თანატოლებთან ერთად ისიც ფრონტის ხაზზე წავიდა. გამოცდილი მებრძოლი იყო. მისი ძმა 16 წლის გახლდათ, როცა აფხაზეთის ომში დაიღუპა და მისი საფლავიც კი არ იციან. მამამისი ხშირად ამბობდა, ოღონდ ისე არ მოვკვდე, ჩემი შვილის საფლავს მაინც არ მოვეფერო, მისი საფლავიც სანატრელი გამიხდაო და მეორე შვილიც დაკარგა. ოჯახს მისი ომში წასვლა არ უნდოდა: ერთი შვილი დავმარხე და მეორეს დაკარგვას ვერ გადავიტანთო, მაგრამ 49 წლის კაცს როგორ გინდა, რამე დაუშალო?!. ომის დაწყების პირველსავე დღეებიდან წავიდა უკრაინაში. - რუსეთთან პირადი ანგარიშები მაქვს გასასწორებელიო, - იტყოდა და მართალიც იყო. მისი ბედნიერი ბავშვობა, ახალგაზრდობა და საერთოდ ცხოვრება რუსეთმა აფხაზეთში დაასრულა. მან კი, როგორც ერთმა ქართველმა გმირულად იბრძოლა ამ დიდი ბოროტების წინააღმდეგ. უკან დახევა არასდროს სჩვეოდა. ქართველები ხომ ყოველთვის ცხელ წერტილებში იბრძვიან და არც ის გაგვკვირვებია, რომ ბახმუტში აღმოჩნდა - იქ, სადაც საშინელება ტრიალებს...

ჯულიეტა, უკრაინაში დაღუპული მეომრის, რომეო ფიჩხაიას და:

- რომეო ვერ ისვენებდა, - უკრაინაში უდანაშაულო ქალები და ბავშვები იღუპებიან, მე აქ როგორ უნდა გავჩერდეო?!. ერთხელ ჩამოვიდა სამი თვით, მაგრამ მთელი არსებით მაინც ომში იყო, იქ თავის მეგობრებთან მუდმივი კომუნიკაცია ჰქონდა, ყველაფრის საქმის კურსში იყო, ნებისმიერ ნაბიჯს, წინსვლას, პოზიციების დათმობას ნერვიულობდა და განიცდიდა... ისინიც მუდმივად ურეკავდნენ, - კარგი იქნება, აქ იყო, შენი გამოცდილება გვჭირდებაო. ყველა ომმა მის ზურგზე გადაიარა. აფხაზეთიდან მოყოლებული, ყველგან იარაღი ეჭირა. სამჯერ დაიჭრა... ბიჭებმა გვითხრეს, თუ მოლაპარაკებები არ შედგება, შევალთ და გამოვიყვანთო. ასე არ გვინდა. ღმერთმა დაიფაროს, ჩემი ძმისა და მისი მეგობრების გადმოსვენებას სხვისი შვილები შეეწირონ.

ამ დღეებში სულ ვფიქრობ, როგორი ადამიანი იყო... ძალიან მოკრძალებული, თავის თავზე ლაპარაკი არ უყვარდა. ბავშვები უყვარდა უზომოდ და მათთან მეგობრობდა. მიკვირდა, მაგრამ შემდეგ მივხვდი, პატარებთან ყველაზე ლაღი იყო, თავის თავს ჰგავდა. ასე მგონია, მათთან ომის დაღს ივიწყებდა. აფხაზეთში ბოლომდე იბრძოდა. სოხუმის დაცემიდან რამდენიმე დღით ადრე დაიჭრა და სიკვდილთან მებრძოლი, კოდორის ხეობის გავლით გადმოვიყვანეთ... როგორც კი ფეხზე დგომა შეძლო, პარტიზანებს შეუერთდა. სულ მასზე ვდარდობდით მთელი ოჯახი - სად იყო, ცოცხალი ან ჯანმრთელი დაგვიბრუნდებოდა თუ არა. რამდენიმე დღით ან კვირით დაიკარგებოდა და მერე ისევ გამოჩნდებოდა. პირჯვარს გადავიწერდით, - მადლობა ღმერთს შენი გამოჩენისთვის-თქო!.. - როგორმე შეეჩვიეთ, რომ ყოველთვის დავბრუნდები და თუ ვერ დავბრუნდი, არც ამით დაიქცევა ქვეყანა, ღირსეული წასვლა ყოველთვის სჯობსო... ღირსეულად წავიდა!..

- ზაფხულში იყო ჩამოსული, არა?

- დიახ, მისი მეგობარი, კახა გოგოლი რომ დაიღუპა, მაშინ ჩამოვიდნენ მეგობრები. შეცვლილი იყო. მეგობრის დაღუპვას დაუთრგუნავს. ემოციების გამოხატვა არასდროს ეხერხებოდა, მაგრამ ბოლოს ძალიან შეცვლილი, მოწყენილი და გაბრაზებული მომეჩვენა... ვინ ეტყოდა, არ წახვიდეო?!. ერთხელ თქვა: აქ რა გამაჩერებს, უკრაინაში ახლა სოხუმის ბედი წყდება და კიდევ, კახას სისხლსაც არავის შევარჩენთო!.. არ ვიცი, რა ვთქვა, ჯერ კიდევ ვერ ვხვდები, რა დაგვემართა, მაგრამ ახლა ერთადერთი ის გვინდა, მათი ცხედრები გამოიყვანონ, ღირსეული პატივით რომ დავკრძალოთ.

ლალი პაპასკირი