ნუნუ გაბუნია: "ძია მიშასთან" სტუმრობა დღემდე ტკბილად მახსენდება" - გზაპრესი

ნუნუ გაბუნია: "ძია მიშასთან" სტუმრობა დღემდე ტკბილად მახსენდება"

ნათქვამია, მონათესავე სულები შორიდან სცნობენ ერთმანეთსო... სწორედ ეს სიტყვები მიესადაგება მეგობრობას, რომელიც ჩვენს საყვარელ კომპოზიტორს, ნუნუ გაბუნიას, მიხეილ ჭიაურელთან აკავშირებდა. "ძია მიშა" - ასე მიმართავდა სრულიად ახალგაზრდა ნუნუ გაბუნია ცნობილ რეჟისორს, რომელსაც უკვე გადაღებული ჰქონდა ლეგენდარული ფილმები: "გიორგი სააკაძე", "ოთარაანთ ქვრივი", "რაც გინახავს, ვეღარ ნახავთ", "ვერის უბნის მელოდიები", "არსენა", "ბერლინის დაცემა" და ა.შ...

- ბატონი მიშა კინოსტუდიაში გავიცანი 1960-იანი წლების ბოლოს. მე მასზე ბევრად უმცროსი ვიყავი, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია, საუკეთესო მეგობრები რომ გავმხდარიყავით. მიხეილ ჭიაურელი თანატოლივით მეპყრობოდა და საერთოდ არ მაგრძნობინებდა, რომ ყველასთვის პატივსაცემი, ცნობილი ადამიანი იყო. იმ წლებში რადიოში ვმუშაობდი, საბავშვო მუსიკალური გადაცემების რედაქტორად. უკვე რამდენიმე მულტფილმისთვის მქონდა მუსიკა შექმნილი. ძია მიშაც მულტფილმების სტუდიაში მუშაობდა და სწორედ ამ სტუდიამ დაგვამეგობრა.

- რა იყო მისი განსაკუთრებული თვისება, რის გამოც დამეგობრდით?

- ეს დიდი ხელოვანი საოცრად უბრალო და მეგობრული იყო. ალბათ ამიტომ, თავიდანვე "ძია მიშა" დავარქვი. როგორც კი დამინახავდა, მაშინვე მეძახდა, კინოსტუდიაში ჩემი მისვლა პატარა ბავშვივით უხაროდა. როგორც კი მის კაბინეტში შევაბიჯებდი, "მუსიკალურ შესვენებას" გამოაცხადებდა და მთხოვდა, რაღაც დამეკრა. მეც, სიამოვნებით მივუჯდებოდი ხოლმე პიანინოს, რომელიც ძია მიშას სამუშაო ოთახში იდგა და ერთად ვმღეროდით. ამ დროს მის ოთახში ახალგაზრდა მხატვრებიც შემოდიოდნენ, რომლებიც სტუდიაში მუშაობდნენ და ძია მიშას სამუშაო ოთახიდან ნაირ-ნაირი სიმღერის ხმა ისმოდა. ახალგაზრდებთან ურთიერთობა განსაკუთრებით მოსწონდა და კარგად გამოსდიოდა, რადგან მეგობრული და ტაქტიანი იყო, ძია მიშა კინოსტუდიაში ყველას უყვარდა. არ მახსოვს, ახალგაზრდისთვის უტაქტო შენიშვნა მიეცა, უბრალოდ, ეტყოდა, ამას მერე გადავხედოთო, რაც იმას ნიშნავდა, რომ რაღაც არ მოეწონა. ბევრ რამეს ვსწავლობდით ამ ჭარმაგი ხელოვანისგან. მე რომ ვმღეროდი, თვითონაც ამყვებოდა ხოლმე, არაჩვეულებრივი, ლამაზი ტემბრის ხმა ჰქონდა და გატაცებით მღეროდა საოპერო არიებს, ქართული და რუსული რომანსების შესრულებაც უყვარდა. ძია მიშას იმდენად ძლიერი ხმა ჰქონდა, რომ ჩვენს ხმებსაც ფარავდა. საოცარი მეხსიერება ჰქონდა, საინტერესო ამბებს გვიყვებოდა.

- გამოდის, ეს ორი შემოქმედი ადამიანის მეგობრობა იყო, რომელსაც ასაკი ხელს ვერ უშლიდა?

- დიახ, მართლაც ასე იყო. ის ჩემს უფროს მეგობრად მიმაჩნდა, რომლისგანაც უამრავი სიკეთე მახსოვს. როგორც გითხარით, რომანსები განსაკუთრებით უყვარდა და ორმოცამდე რომანსი შემასწავლა. მახსოვს, ტელევიზიით რომ გამოვედი და რამდენიმე მისი ნასწავლი რომანსი ვიმღერე, ვეებერთელა ტორტი გამომიგზავნა. ახლაც მახსოვს, კოლოფის გადაგდება დამენანა და მთელი კოლოფი არ შემინახავს, მაგრამ დღემდე ვინახავ წარწერას: "ჩემს საყვარელ ნუნუშკას ძია მიშასგან".

- ყველაზე მეტად, რაზე გწყდებათ გული, როდესაც მიხეილ ჭიაურელს იხსენებთ?

- ძია მიშას მოგონებები არ ჩავიწერე. როგორც ჩანს, ადამიანი ასეა მოწყობილი: სულ გგონია, რომ შენი ახლობელი ადამიანი ამ ქვეყნიდან ჯერ არ წავა. არადა, უამრავ ცნობილ პიროვნებას იცნობდა და მათ შესახებ ბევრ საინტერესო ამბავს ჰყვებოდა. მაშინ მცირეწლოვანი შვილი მყავდა, პარალელურად, ვმუშაობდი და დრო არ მქონდა, რომ მისი მოგონებები ჩამეწერა, ახლა ამას ძალიან განვიცდი! თვითონაც სულ ნატრობდა: ნეტავ, ვინმე მოახერხებდეს და ჩემს მოგონებებს ჩაიწერდეს, იმდენი რამ მაქვს სათქმელი და მოსაგონარიო. სულ ვფიქრობ, რადიოში მაინც მიმეწვია, მაგრამ ესეც ვერ მოვასწარი.

- ყველაზე საინტერესო მოგონებები ვისზე ჰქონდა?

- ძია მიშას საკმაოდ კარგი ურთიერთობა ჰქონდა სტალინთან და მახსენდება, რასაც მასზე გვიყვებოდა: სტალინი ძალიან განათლებული ადამიანი იყო და შეუდარებელი ბიბლიოთეკა ჰქონდაო... მას ასეთი ჩვევა ჰქონია: წიგნებში მისთვის საყურადღებო და მოწონებულ სტრიქონებს გახაზავდა, რომ ისევ დაჰბრუნებოდა. იოსებ ჯუღაშვილი საკმაოდ კარგად მღეროდა და არაჩვეულებრივად იცოდა ქართული სიმღერებიო, - ჰყვებოდა ძია მიშა. თურმე, მოსკოვში ყოფნისას, სტალინი თავის მანქანას უგზავნიდა, მერე ერთად ვისხედით, საქართველოს ვიგონებდით, აქაურ ამბებზე ვყვებოდით და ქართულ სიმღერებს ორ ხმაში ვმღეროდითო... რომანსებისა და სიმღერების პარალელურად, სტალინი საოპერო არიებსაც კარგად მღეროდა, თითქმის ყველა ზეპირად იცოდა და ხშირად, იტალიურ ენაზეც ასრულებდაო. ძალიან ჰყვარებია "გაფრინდი შავო მერცხალო" და სხვა ქართული სიმღერები. მოკლედ, ძია მიშა საინტერესო მთხრობელი იყო, გულგრილად ვერ მოუსმენდით.

- როდინდელია ფოტო, რომელიც მიშა ჭიაურელთან ერთად გაქვთ გადაღებული?

- ჩემს ფოტოებს შორის, ეს ერთ-ერთი გამორჩეულია. კინოსტუდიის თანამშრომლებმა გადაგვიღეს სრულიად მოულოდნელად და მოუმზადებლად. სხვათა შორის, ზუსტი თარიღიც არ მახსოვს, როდის გადავიღეთ. დაახლოებით, 1970-იანი წლების დასაწყისია.

gabunia-da-chiaurelii-1670829076.jpg

- რას გაიხსენებთ მისი ოჯახის არანაკლებ ცნობილ წევრებზე - ვერიკო ანჯაფარიძესა და სოფიკო ჭიაურელზე?

- ორივესთან საუკეთესო ურთიერთობა მქონდა და მათ ოჯახში სტუმრობაც მიყვარდა. ვერიკო ანჯაფარიძე მტკიცე ხასიათის, ძლიერი ქალბატონი გახლდათ, რომელიც ოჯახში ლიდერი იყო. მისი სიტყვა გადამწყვეტი გახლდათ. ძია მიშა პირიქით, ოჯახში დამთმობი, რბილი ხასიათის კაცი იყო. ვერიკო ანჯაფარიძე სულ გადაღებებზე გახლდათ, მაგრამ როცა მათთან მივიდოდი და შინ დამხვდებოდა, გამიღიმებდა და მეტყოდა - ჩვენი მშველელი მოვიდაო: იცოდა, ყველას გავახალისებდი. მე და სოფიკო ერთად ვმღეროდით, ვხალისობდით. მათთან სტუმრობა დღემდე ტკბილად მახსენდება, რადგან ვგრძნობდი, რომ ვერიკოს და სოფიკოსაც ძალიან ვუყვარდი. საოცარი ურთიერთობა ჰქონდა ძია მიშას სოფიკოსთან: სულ ეფერებოდა და "ჩემი სოფიკოს" გარეშე არასდროს მოიხსენიებდა.

- შემოქმედებითი ურთიერთობა თუ გქონდათ მიხეილ ჭიაურელთან?

- არა და მეც არ მქონია პრეტენზია, რადგან ისეთ ცნობილ ადამიანებთან მუშაობდა, როგორიც იყო გია ყანჩელი ან ჯანსუღ კახიძე. ბოლო წლებში ამბობდა, ძალიან მინდა ფილმი გადავიღო და შენი მუსიკით გავაფორმოო, მაგრამ ვერ მოასწრო: 1974 წლის ოქტომბერში გარდაიცვალა. როცა ჩემს წიგნებს ვფურცლავ, ახლაც ვნახულობ მისი ხელით დაწერილ ნოტებს, ჩანაწერებს და მეამაყება, რომ მიხეილ ჭიაურელი ჩემი უფროსი მეგობარი იყო!

ხათუნა ჩიგოგიძე