ფრთხილად, კლუბებში უფრთხილდით "სპაიკინგს"! - გზაპრესი

ფრთხილად, კლუბებში უფრთხილდით "სპაიკინგს"!

ბოლო დროს "სპაიკინგის" ფაქტებზე უფლებადამცველები და რამდენიმე მსხვერპლი ალაპარაკდნენ. ამ დანაშაულის შესახებ გახშირდა ინფორმაცია სოციალურ ქსელებშიც. შემთხვევები თბილისში ცნობილ კლუბში მოხდა. "სპაიკინგია", როდესაც ვინმე ჩუმად ურევს ალკოჰოლს ან ნარკოტიკს სხვა ადამიანის სასმელში. ამის შედეგად ის დუნდება, თვალებში უბნელდება და გარკვეული დროით მეხსიერებას კარგავს. ერთ-ერთი მსხვერპლი იხსენებს, რომ კლუბში გასართობად შევიდა, რაღაც მომენტში ალკოჰოლის ჭიქა მაგიდაზე დადო და ცეკვა გააგრძელა, ხოლო როცა უკან მიბრუნდა, თავისი ჭიქიდან სასმელი ისევ დალია, სწორედ აქედან წყდება მისი მეხსიერება. უფლებადამცველების თქმით, "სპაიკინგს" შეიძლება სხვადასხვა მიზანი ჰქონდეს, მათ შორის, ქურდობა, სექსუალური ძალადობა ან შევიწროება.

ნარკოტიკების ზიანის შემცირების ორგანიზაცია "მანდალას" განმარტებით, საქართველოში "სპაიკინგისთვის" საჭირო ნივთიერებები ლეგალური და მარტივად ხელმისაწვდომია.

nata-1670829278.jpg

ნატა ასპანიძე, "მანდალას" წარმომადგენელი:

- "სპაიკინგი" არის ადამიანის სხეულში მისი ნებართვის გარეშე ნებისმიერი სუბსტანციის შეყვანა. ეს ძირითადად ხდება სექსუალური ძალადობის, ასევე გართობის მიზნით. ალკოჰოლი ისედაც ადუნებს, გონებას უბინდავს ადამიანს და მასში კიდევ ერთ სუბსტანციას რომ ურევ, საშიში კომბინაცია ხდება. ხშირად მიზანში იღებენ მათ, ვისაც ირგვლივ მეგობრები ან ნაცნობები არ ჰყავს. საკმარისია რამდენიმე წამით უყურადღებოდ დატოვო სასმელი ან ჭიქა სულაც ხელში გეჭიროს და გვერდზე გაიხედო, რომ ვიღაცამ შეიძლება შენთვის უცნობი ნივთიერება ჩაგიყაროს. ამის შემდეგ 20-30 წუთში ადამიანი კარგავს ლაპარაკის, მოძრაობისა და წინააღმდეგობის უნარს. შესაძლოა ეს გაგრძელდეს 2-დან 6 საათამდე და უფრო დიდხანსაც. ამ დროის უდიდესი ნაწილი გამოფხიზლების შემდეგ ადამიანს საერთოდ არ ახსოვს. როგორც წესი, ჭიქაში ნივთიერებების დიდ დოზას ყრიან, რაც უფრო მძიმე და ხანგრძლივ ეფექტს იძლევა. შეიძლება გამოიყენონ ამისთვის ნივთიერება სუბსტანციის სახით, როგორც ნარკოტიკებია, ასევე იყენებენ რეცეპტულ მედიკამენტებსაც. საბედნიეროდ, რამდენიმე მსხვერპლმა გააჟღერა თავისი გამოცდილება, დეტალები და ამან სხვა მსხვერპლებსაც იმის გამბედაობა მისცა, რომ ესაუბრათ ამ პრობლემაზე. ზოგადად, ძალადობა ისედაც ტაბუდადებული თემაა, მით უფრო, სექსუალური. როდესაც გარეულია სუბსტანცია, ორმაგად ტაბუდადებულია, მას ეშინია, რომ მსხვერპლია და ასევე იმის გამოც, რომ მის სხეულში თუ აღმოჩნდა ეს სუბსტანცია, შეიძლება არ დაუჯერონ და ამის გამო პასუხიც აგებინონ. ამიტომ საქართველოში ბევრი მსხვერპლი ამაზე არ საუბრობს, შიშის თუ სირცხვილის გამო. ზოგიერთი ნივთიერება ფსიქოაქტიურიცაა, ამიტომ შეიძლება განსაკუთრებით საზიანო იყოს მათთვის, ვისაც აქვს მიდრეკილება შიზოფრენიისკენ ან ბიპოლარული აშლილობისკენ. უფრო საშიშია იმ ადამიანებისთვის, რომლებიც რეკრეაციულად საერთოდ არ მოიხმარენ ნარკოტიკებს. ბევრია, რომელიც ამბობს, რომ არაფერი მოუხმარია, გარდა ალკოჰოლისა.

- კლუბში არჩევენ მსხვერპლებს?

- ეს მარტო კლუბებში არ ხდება, თუმცა კლუბში ყველაზე მოსახერხებელი გარემოა ამისთვის. ბევრგან ხდება, როგორც ბარებში, ასევე მეგობრის წვეულებაზეც. მოძალადეები ძირითადად ჯგუფებად არიან, ეძებენ მსხვერპლებს და მოქმედებენ ერთად. ადამიანის გატყუება და დათრობა კლუბში უფრო მარტივია, რადგან შეფარვით აკეთებენ ამას. თან, იქ მაინც ყველა მთვრალია. არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფის დანახვა უჩვეულო არ არის, არც ის, რომ ვიღაცამ თავისი მეგობარი გაიყვანა კლუბიდან, მაგალითად, სახლში წასაყვანად. შეიძლება ისეთ მდგომარეობაშია, რომ ძალიან უჭირს გარე სამყაროს აღქმა, ვერ ხვდება სად არის, დაბნეულია; მოძრაობა შეუძლია, მაგრამ სუსტად გრძნობს თავს.

- გონება გათიშული აქვთ?

- ამას შეიძლება ფსიქოდემიური ეფექტი დავარქვათ, შეიძლება დაგავიწყდეს სად ხარ, ვინ ხარ, გონებას კარგავ და მოძალადისთვის მისი მართვა ადვილი ხდება.

college-drug-abuse-1-1670829293.jpg

- როგორ უნდა დაიცვან თავი კლუბებში შესულმა ახალგაზრდებმა?

- მოძალადეების ნაწილს არ ესმის ძალადობის განმარტება. ველაპარაკეთ რამდენიმე მათგანს და ავუხსენით, რომ ადამიანი, რომელიც ძალიან მთვრალია და არ აქვს უნარი, მკაფიო კომუნიკაცია დაამყაროს შენთან, მასთან არანაირი კავშირის დამყარება არ შეიძლება, რადგან მისი მდგომარეობა არასანდოა. შენ გამოიწვიე ეს თრობა თუ არა, მაინც ძალადობა გამოდის. ამიტომ ჩემი რჩევაა, როცა კლუბში შედიხართ, ეცადეთ, არასდროს იყოთ მარტო ან გქონდეთ სატელეფონო კომუნიკაცია ახლობელთან. დაუკავშირდით მას ყოველ ნახევარ საათში ერთხელ და გააგებინეთ, რომ ხართ ამა და ამ სივრცეში და ხართ კარგად; მეორე რჩევაა, თუ სვამთ და შეამჩნიეთ, რომ ამ სასმელს უცნაური გემო აქვს, უცნაური ფერი ან ზემოდან ბუშტუკები, რაც არ ახასიათებს იმ კონკრეტულ სასმელს, ის აღარ დალიოთ; ასევე, არასოდეს გამოართვათ უცხო ადამიანებს სასმელი, რადგან შეიძლება, მან უკვე ჩაგიყარათ მასში ნივთიერება და ამას ვერც კი შეამჩნევთ. ასევე, არ დატოვოთ უყურადღებოდ თქვენი ჭიქა. თუ გახდით "სპაიკინგის" მსხვერპლი და გრძნობთ, რომ უცნაურად ძლიერად დათვერით და ეს არ იყო იმ სასმლის პროპორციული, რაც დალიეთ ან თუ გაქვთ ღებინება, გული გერევათ, ვერ ხედავთ სად ხართ, წონასწორობას ვერ იცავთ, გაქვთ ძლიერი თრობის სიმპტომები, აუცილებლად მოიხმეთ კლუბის, ბარის დაცვა ან თქვენი რომელიმე მეგობარი და გადით საჯარო სივრცეში, რომ სავარაუდო მოძალადეს თქვენი გაყვანა გაურთულდეს. თუ გართულდა მდგომარეობა, აუცილებლად გამოიძახეთ "სასწრაფო". ხშირად ამას არ აკეთებენ, რადგან ჰგონიათ, თუ ექიმი მათ სისხლში იპოვის გაურკვეველ სუბსტანციას, პოლიციასთან პრობლემები შეექმნებათ. ასე არ არის. პოლიცია ხშირად არ მოჰყვება "სასწრაფოს" და რომც მოჰყვებოდეს, არ აქვს უფლება, ამის გამო თქვენ წინააღმდეგ სასამართლო დავა დაიწყოს. ამიტომ ჯობია, გამოიძახოთ "სასწრაფო დახმარება" და მიხედოთ თქვენს ჯანმრთელობას. კლუბები საკმაოდ ბევრ რამეს აკეთებენ ამ ფაქტების გახმაურების შემდეგ. ჩვენ ბევრთან ვთანამშრომლობთ, მაგრამ კლუბებში ისეთი ქაოსური გარემოა, ძნელია გაარჩიო, ვინ ვისი მეგობარია. ჯობია, თუ თქვენს ჭიქას თავსახური ექნება, ასეთ დროს უფრო გართულდება მასში ნივთიერების ჩაყრა.

- მსხვერპლები ძირითადად, ქალები არიან?

- დიახ, ასეა... თანაც, ორი ფორმა არსებობს: ერთია ფხვნილის ჩაყრა და მეორეა ნემსი, პირდაპირ სხეულში შეჰყავთ. ინიექციის შეყვანის რამდენიმე შემთხვევა ბათუმში იყო.

- ხომ შეუძლიათ, ნემსის ჩხვლეტა მაშინვე გააპროტესტონ, ამას მაინც ხომ გრძნობენ?

- მთვრალი ადამიანი, რომელიც კლუბში ცეკვავს, სადაც ერთმანეთს ეჯახებიან, ქაოსური მდგომარეობაა, ამას პრაქტიკულად ვერ გრძნობს. სასმელში ჩაგიყრიან თუ ამ ფორმით გაგიკეთებენ, მოქმედების დასაწყებად 20-დან 40 წუთამდე სჭირდება ნივთიერებას. გააჩნია სუბსტანციას და იმასაც, ნაჭამია თუ არა ადამიანი. თუ ნაჭამია, უფრო მეტი დრო დასჭირდება...

ჩემი რჩევაა, საეჭვო შემთხვევების დროს რაც შეიძლება სწრაფად მივიდნენ პოლიციაში, ჩაიტარონ ექსპერტიზა, შეაგროვონ სამხილები, ამით საკუთარ თავსაც დაეხმარებიან და სხვებსაც...

- თქვენს ორგანიზაციასაც მომართეს ამ პრობლემით?

- ჩვენ ვეხმარებით ნარკოტიკზე დამოკიდებულ ადამიანებს, რომ რაც შეიძლება ნაკლები ზიანი მიაყენონ საკუთარ თავს. ჩვენამდე შემთხვევით მოვიდა პირველი ქეისი, როდესაც ერთი უცხოელი გოგოს მეგობარმა დაგვირეკა და გვითხრა, რომ ფაქტი მოხდა კლუბში. მას არ ახსოვს ბევრი რამ. დილით ტანსაცმელი უცნაურად ეცვა და მიხვდა, რომ მასზე იძალადეს. ეს გოგონა ჩვენ გადავამისამართეთ "საფარში". მერე გვითხრეს, რომ გაარკვიეს რაც მოხდა, იპოვეს ის ბიჭიც, რომელთანაც სექსუალური კავშირი ჰქონდა ამ გოგონას. გაირკვა, რომ ძალიან ძლიერი ნივთიერება ჰქონდა მიღებული, რის გამოც მისი მეხსიერება აბსოლუტურად წაშლილია... იყო პოლიციისთვის მიმართვის ფაქტებიც...

- როგორც ვიცით, თქვენი ორგანიზაცია აქტიურადაა ჩართული და იკვლევთ კლუბებში არსებულ ვითარებას. ვიცით ისიც, რომ წელს არაერთი ადამიანი გარდაიცვალა კლუბური ნარკოტიკების შედეგად, რა ვითარებაა დღეს ამ კუთხით ქვეყანაში?

- ჩვენ ვართ ერთადერთი ორგანიზაცია, რომელიც აწარმოებს მონიტორინგს. ამ ზაფხულს იყო ძალიან დაბინძურებული ბაზარი და ამან ბევრი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. დისტრიბუტორები კონკრეტულ ნივთიერებას ურევენ საშუალებებში, რომ მათი ეფექტი გააძლიერონ. მერე მომხმარებელი კიდევ რაღაცას ამატებს და ამ გაუაზრებელი ნაბიჯით სავალალო შედეგი დგება. ახლა თითქოს ცოტათი დაწყნარდა სიტუაცია, მაგრამ ჩვენს ბენეფიციარებს მაინც მოვუწოდებთ, მოვიდნენ ჩვენთან, წაიღონ ტესტერები და სანამ მოიხმარენ, ნივთიერება შეამოწმონ მაინც. განსაკუთრებული სიფრთხილით მოეკიდონ ყველა ნივთიერებას და თუ მასში აღმოჩნდა ფენტალინი, არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენონ. ასევე, ჩვენს ბენეფიციარებს ვატანთ ნარკანს, რომელიც ადამიანს ზედოზირებისგან გადაარჩენს. ეს უნდა ჰქონდეს ყველას. თუ ადამიანი მიხვდება, რომ უცნაურად ეძინება, თითები დაულურჯდა, აუცილებლად უნდა გაიკეთოს ნარკანი - თუ ეს ნემსი აქვს, არის მისი გადარჩენის შანსი. ამის შემდეგ აუცილებლად უნდა გამოიძახონ "სასწრაფო დახმარება", რადგან არავინ იცის, ორგანიზმი გაუძლებს თუ არა ფენტალინს. ხშირად ხდება "ემდეემაში" გარეული ფენტალინი ბაზარზე, არ გაძინებს, ენერგიას გაძლევს, მთელი ღამე კარგად არიან, ცეკვავენ, მაგრამ როდესაც "ემდეემა" წყვეტს მოქმედებას, მასტიმულირებელი ელემენტი როდესაც აღარ არის შენს ორგანიზმში, ძლიერდება ფენტალინი. სახლში მისული იძინებს ადამიანი და ვეღარ იღვიძებს, მას სუნთქვა უჩერდება.

- არაერთი ასეთი ფაქტი გახმაურდა, ამის შემდეგაც არ ფრთხილობენ მომხმარებლები?

- გამოკითხვა ჩავატარეთ და გაირკვა, სამწუხაროდ, მომხმარებლების ნახევარზე მეტი მაინც იღებს ამ ნივთიერებას და საუბედუროდ, მათი რისკი მძიმე შედეგით მთავრდება.

- ნარკომომხმარებლების ასაკი როგორია?

- ნარკოლოგების უმრავლესობას ძირითადად, ინტრავენურ მომხმარებლებთან აქვთ შეხება და მათი ასაკი ქვემოთ არ დაწეულა, ყოველთვის მაღალი იყო. რაც შეეხება კლუბური ნარკოტიკების მომხმარებლებს, ისინი არიან ახალგაზრდები, რადგან ეს დაკავშირებულია კლუბურ ცხოვრებასთან, ფესტივალებთან და ასაკიც სტაბილურად 20-დან 30 წლამდეა.

თეა ხურცილავა