ერთი ოჯახის რელიკვიები - გზაპრესი

ერთი ოჯახის რელიკვიები

თბილისში, ლეო ქიაჩელის ქუჩაზე მდებარე ისტორიულ სახლში არის ოჯახი, რომელიც გამორჩეულია იმ ადამიანების ღვაწლით, ვინც აქ ცხოვრობდა. გასული საუკუნის 30-იან წლებში ამ სახლში დაიდო ბინა საქართველოში სამთო საქმის ფუძემდებელმა გრიგოლ წულუკიძემ, რომლის სახელს სამთო მექანიკის ინსტიტუტი ატარებს. ასევე ცნობილი პიროვნება იყო მისი შვილი, მუსიკისმცოდნე და საზოგადო მოღვაწე ანტონ წულუკიძე. დღეს აქ, თავის ოჯახთან ერთად ცხოვრობს გრიგოლის შვილიშვილი და ანტონის ქალიშვილი თამარ წულუკიძე - მუსიკოლოგიის დოქტორი, ზაქარია ფალიაშვილის სახლ-მუზეუმის ექსპოზიციის მენეჯერი. ის იმ რელიკვიებზე გვიამბობს, რომლებიც ამ ბინას ამშვენებს.

ნივთები და სხვა ამბები

- ამ ოჯახს ძალიან საინტერესო ადამიანები სტუმრობდნენ, ისინი მისაღებ ოთახში იყრიდნენ ხოლმე თავს. თუმცა, არანაკლები დატვირთვა ჰქონია კაბინეტს, რომელიც თავის დროზე ბაბუას - გრიგოლს ეკუთვნოდა. აქ მიდიოდა საქმიანი საუბრები მამაჩემთან. ჩვენთან ხშირად მოდიოდნენ ზვიად გამსახურდია, ასევე მერაბ კოსტავა - ისინი ყოველთვის კაბინეტში საუბრობდნენ. ახლა ის ოთახი ჩემი ქალიშვილის საძინებელია. ბაბუას საწერი მაგიდა ისევ იქ დგას. როიალი „ბლიუტნერი“ მამაჩემს ბავშვობაში უყიდეს. უცნობი მოქანდაკის შექმნილი ქალის თეთრი ქანდაკება ფრანგული ნამუშევარია, რომელიც დედას აჩუქეს მოსკოვში მცხოვრებმა ახლობლებმა. ფოტო წარწერით „დეიდა თამარს პატარა ზვიადისგან“ (თამარი დედაჩემის დედა იყო) და დეკორატიული თეფში ნაპოლეონის ბრძოლის ეპიზოდით, კონსტანტინე გამსახურდიას მეუღლემ - მირანდამ გვაჩუქა.

დედას ნათლია იყო სოსო გრიშაშვილი. მისი ნაჩუქარი ბევრი წიგნი გვაქვს, კარგი წარწერებით - ზოგი მოკლეა, ზოგი ვრცელი. აი, მაგალითად: „ნინო ბესარიონის ასულ ჟღენტს - მზითევში გასატანად, ავტორისაგან“ - ასე აწერია 1944 წელს გამოცემულ პოეტის ლექსების კრებულს; მეორეა - „ბესო ჟღენტის შესანიშნავ ნაწარმოებს - ნინოს“ (ნაწარმოებში დედაჩემი იგულისხმება). მამას არქივს რომ ვარჩევდი, ვნახე მისი უახლოესი მეგობრის კომპოზიტორ სოსო კეჭაყმაძის იუმორისტული პოემები, რომელიც მამაჩემს მიუძღვნა. ბატონ სოსოს გამორჩეული იუმორი ჰქონდა. მამა ამბობდა ხოლმე: „ადესა“ ძალიან მიყვარს, ნერვებს მიმშვიდებსო. ბატონმა სოსომ უთხრა: „ადესა“ რომ ნერვებს ამშვიდებდეს, გურულები გიჟები კი არ იქნებოდნენო... თავადაც გურული იყო, ოზურგეთიდან.

buxari2-copy-1670829515.jpg

ინტერიერის ნახატები და ფოტოები

- კედლებზე განთავსებული სურათებიდან გრიგოლ წულუკიძის პორტრეტი არის თეიმურაზ ყუბანეიშვილის ნახატი. დედაჩემი - ნინო ჟღენტი დახატა, ფრიდონ ხალვაშის ქალიშვილმა და მხატვარმა ალა ნიკოლაევნა კოვალევსკაიამ. ბაჟბეუქ-მელიქოვის ორი ნამუშევარი შესრულებულია ფანქარსა და ზეთში (ესეც დედას პორტრეტებია). ოთხივე ნამუშევარს, სადაც დედაჩემია დახატული სხვადასხვა ასაკში, ერთ კედელზე მივუჩინე ადგილი, როიალის უკან. გვაქვს ლადო გუდიაშვილის, იოსებ შარლემანის „ვეფხისტყაოსნის“ ილუსტრაცია...სხვათა შორის, შარლემანი ჩვენი კედლის მეზობელი ყოფილა. ერთ ფოტოზე ევგენი მიქელაძე და ალექსანდრე წუწუნავაა (ბებიას ძმა იყო) ერთად, მეორეზე - წუწუნავების მთელი ოჯახია შეკრებილი...

დედას მეგობარი სერგო ფარაჯანოვი

- დედას ერთი სომეხი მეგობარი ჰყავდა, ლიტერატორი და სცენარისტი აგნეს სევუნცი, მწერალ გარეგინ სევუნცის ქალიშვილი, რომელმაც გააცნო სერგო ფარაჯანოვი. სერგო და დედა დამეგობრდნენ. ერთხელ დედაჩემმა სერგოს უთხრა, რომ სჭირდებოდა პატარა მაგიდა. ისინი ერთად წავიდნენ და ფარაჯანოვმა გასაშლელი მაგიდა შეაძენინა. მერე გაირკვა, რომ ეს კარტის სათამაშო მაგიდაა, რომლის შუა ნაწილი მაუდით იყო გაწყობილი და ოვანეს თუმანიანს ეკუთვნოდა. ასევე ფარაჯანოვმა აყიდვინა თეჯირი (შირმა), აჩუქა თავისი ფოტო წარწერით და მისი ხელით დამზადებული აპლიკაცია.

ბუხარი ქართული აგურით

- ჩვენ გვქონდა კედლის ღუმელი, რომელსაც ძალიან ეფექტური გათბობის სისტემა ჰქონდა - მთელი სახლის კედლები თბებოდა. ასეთი ღუმლები ჩემი ბავშვობის პერიოდში უკვე მოდაში აღარ იყო და დედამ გადაწყვიტა, რომ სჯობდა, ბუხარი გაეკეთებინა. ამიტომ ძველებური ინგლისური კაფელის ღუმელი უნდა დაშლილიყო და იმით გაეწყოთ ბუხარი. ამის შესახებ დედა ესაუბრებოდა ჩვენთან სტუმრად მყოფ რეზო თაბუკაშვილს (მამაჩემი ლაშა თაბუკაშვილის ნათლიაა). ბატონმა რეზომ უთხრა, კარგ მებუხრეს მოგიყვანო, იმ კაცის სახელიც მახსოვს - ეფიმ კირილოვიჩი. ამ დროს დედაჩემს ჩვენი ოქროყანელი მეზობელი, ხელოსანი არსენა უკვე შეთანხმებული ჰყავდა. ბატონმა რეზომ ბრძანა: არა, რას ამბობ? თბილისში ნომერი პირველი მებუხრეა ის კაციო. მართლაც, მობრძანდა ეფიმ კირილოვიჩი და გვითხრა, ბუხრის კაფელით გაწყობას არ გირჩევთ, სჯობს ეროვნული, ქართული აგურიო და ამ სახით გააკეთა.

mirandas-nachukari-tepshi-copy-1670829528.jpg

ისტორიული ზონა

- ჩვენი სახლი და ქუჩა ზოგადად, ისტორიულ ზონას ეკუთვნის. მთლიანად შენობა არის აღსადგენი, გარედანაც ჩანს, რომ ავარიულია, სადარბაზოც ჩამონგრეულია. როგორც ვიცი, სახლი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად ითვლება და იმ სიაშიც არის შეტანილი, რომლებსაც რესტავრაცია სჭირდება. ორიოდე წლის წინ ჩვენი სახლის უკანა ეზოს მხარეს აივანი ჩაინგრა... მივმართეთ მერიას და მივაღწიეთ იმას, რომ გარკვეული თანხა გამოყვეს და აივნის მხარე გაამაგრეს.

ნანული ზოტიკიშვილი