ზეთისხილის რთველი - გზაპრესი

ზეთისხილის რთველი

"წელს მესამედ დაიწურა ქართველების მიერ იერუსალიმის ქართველთა ჯვრის ველზე დაკრეფილი ზეთისხილის ზეთი... მივეალერსეთ წინაპრების სისხლითა და ოფლით გაჯერებულ მიწას და ნაამაგებ ხეებს; ჩავჩურჩულეთ ჩვენი ქვეყნის გაძლიერება და ერის გამთლიანება; შევავედრეთ უწმინდესის ჯანმრთელობით დღეგრძელობა და მისი ნატვრა - ქართველების ერთსულოვნება; ერთმანეთს შემოვძახეთ და გავამხნევეთ; ბავშვები დავაახლოეთ და ქართულთან ვაზიარეთ; ქართველობისთვის მადლობის თქმა არავის ეგების, მაგრამ მადლობა ჩემს ქართველებს ერთსულოვნების სულის გამყარების და ქართველთა წმინდა მიწაზე გაძლიერების ძალისხმევისთვის. მთელი დღის დადებითი ემოციებით სავსე ვარ! მიხარიხართ წმინდა მიწის ქართველებო! იდღეგრძელეთ, გაძლიერდით, გამრავლდით!.." - წერს ლაშა ჟვანია...

"ქართული ხელოვნების ცენტრი ისრაელში" დამფუძნებელი, მარინა გელაშვილი ზეთისხილის რთვლის შესახებ ისრაელიდან გვესაუბრა:

- სამი წლის წინ, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, ბატონი ლაშა ჟვანიას ინიციატივით უმნიშვნელოვანეს ტრადიციას ჩაეყარა საფუძველი იერუსალიმის წმინდა მიწაზე, ქართველთა სავანეში! ეს პროექტი უმნიშვნელოვანესია და პირველ რიგში, ქართულ დიასპორასა და ემიგრაციას აერთიანებს წინაპართა მიერ საუკუნეების წინ გაშენებულ ზეთის ხილის ბაღებში. ასეთივე წარმატებით გაუკეთდა ორგანიზება საქართველოდან ჩამოტანილი ვაზის ნერგების განაშენიანებას მონასტერის ტერიტორიაზე, სადაც ქართველ წმინდანთა სახელზე დაირგა თითოეული ძირი. გაკვირვებული ტურისტები სხვადასხვა ქვეყნიდან ჩერდებოდნენ, გვაკვირდებოდნენ და გვეკითხებოდნენ ვინ ვიყავით, ასე ორგანიზებულად რას ვაკეთებდით?! ივრითისა და ინგლისური ენების მცოდნე ქართველები უხსნიდნენ ქართული იერუსალიმის ისტორიას და მიზეზს, თუ რატომ ვირჯებოდით რუდუნებით. სამწუხაროდ, რამდენიმე ძირი გადარჩენილა, მაგრამ საკმარისია იმისათვის, რომ ისტორია გააგრძელოს მათმა გახარებამ, მსხმოიარეობამ... აქვე დავძენ, მეტად საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტებია ის ექსკურსიები, რომლებიც ბატონი ლაშა ჟვანიას ინიციატივით ეწყობა წმინდა მიწის მოსალოცად ქართველ წინაპართა კვალდაკვალ, რომელსაც ბატონი ელჩი თავად წინამძღვრობს.

- ისრაელში მნიშვნელოვანია ცენტრი, რომელიც თქვენ დააფუძნეთ...

- დიახ, ხუთი წლის წინ დავაფუძნე კულტურულ-საგანმანათლებლო ორგანიზაცია: "ქართული ხელოვნების ცენტრი ისრაელში", რომელიც ეროვნული ფასეულობების გარშემო აერთიანებს ქართველ ემიგრანტებსა და ქართველ ებრაელებს. მრავალი საჭირო პროექტი განვახორციელეთ. განსაკუთრებით გამოვყოფ საჯარო გაკვეთილს პირდაპირი ეთერით ჯვრის მონასტრიდან, რომელიც ბორჯომის პირველი სკოლის მოსწავლეებისთვის გავმართეთ. ამას კიდევ სხვა მნიშვნელოვანი გაგრძელებები მოჰყვა. დამოუკიდებელი ორგანიზაცია ვართ, ისრაელის კანონმდებლობით დარეგისტრირებული. თავად ვირჩევთ პრიორიტეტებს, მაგრამ როცა საქართველოს საელჩო რამე მნიშვნელოვან ღონისძიებას მართავს, ყოველთვის აქტიურად ვერთვებით. ვცდილობთ, მაგალითი ვუჩვენოთ ყველას, რომ "ძალა ერთობაშია". გასული წლის დაუვიწყარმა შთაბეჭდილებებმა ზეთისხილის კრეფისა თუ ვაზის დარგვისამ, ამჯერადაც არ გაგვინელა ენთუზიაზმი. მიუხედავად იმისა, რომ ემიგრანტის უმძიმესი რეჟიმი ერთი შაბათით შემოიფარგლება, როცა დასვენება უნდა მოასწრო და კვლავ ერთი კვირის სამყოფი ენერგია აკრიბო... თუმცა, ფეხდაფეხ რომ მოგდევს კრეფაში და იუმორით გავსებს კულტურის ატაშე, საყვარელი მწერლის, დიდი ნოდარ დუმბაძის ქალიშვილი, საელჩოს მრჩეველი კულტურისა და მასმედიის საკითხებში ქალბატონი მანანა, დაღლილობაც გეხსნება და სიცილ-კისკისში გაგყავს დრო. ფარულად ბატონი ლაშა პაპარაცობს, ფოტოისტორიას ქმნის. თითოეულ ხესთან, ქვასთან ჩერდება და გვიყვება საამაყო წარსულს. მერე, როგორც საოჯახო რთველში, ტრაპეზი იშლება, მწვადიც იწვება, წინაპრების სადღეგრძელოც ისმება; მამაო ჩვენოსაც ერთად ვკითხულობთ, უფლის საგალობელსაც შემოვძახებთ და ასე რჩება ჩვენს დაღლილ, სამშობლოს მონატრებულ გულებში ეს კურთხეული დღეები, რომლებსაც ისტორია შემოინახავს.

კრეფაში უფროსებთან ერთად საკვირაო სკოლის ბავშვებიც არიან ჩართულები, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ოდესღაც წართმეულ მიწას და ჯვრის მონასტრის სავანეს ქომაგები და პატრონები ეზრდებიან წმინდა მიწაზე. ალბათ სწორედ ეს აქვს ჩაფიქრებული ბატონ ლაშას, რომელმაც იერუსალიმის თითოეული ქვის და გოჯის ისტორია იცის. და კიდევ, ქრისტიანი, მორწმუნე მართლმადიდებლისთვის სიღრმისეულად მგრძნობიარე ფაქტია, როცა წინაპართა გაშენებულ ზეთისხილს ეხება, საუკუნეებით მიტოვებულს მიუბრუნდა... ფიქრობ და ძლიერდები, ემიგრანტული სევდისგან თავისუფლდები, რადგან თვლი, საგანგებო მისია დაგკისრებია, შენი დაკრეფილი ხილი ზეთად დაიწურება და საქართველოს საპატრიარქოში გაიგზავნება, რომ წმინდა მიწის ზეთმა საქართველოს ეკლესიის კანდელები აალიცლიცოს წინაპართა სულების საოხად გაბნეული ემიგრანტების მშობელ მიწაზე შესაკრებად.

მანანა გაბრიჭიძე