ამიგურუმის ტექნიკით შექმნილი სათამაშოები 4 შვილის დედისგან - გზაპრესი

ამიგურუმის ტექნიკით შექმნილი სათამაშოები 4 შვილის დედისგან

პირველი სათამაშო თოჯინა 5 წლის წინ მოქსოვა და მას შემდეგ უამრავი შექმნა, როგორც ცხოველების ფიგურები, ისე კინო თუ ანიმაციური ფილმების გმირები. ამიგურუმის ტექნიკით შექმნილ სათამაშოებს თაყვანისმცემლები მთელ მსოფლიოში ჰყავს და ამ მხრივ არც საქართველოა გამონაკლისი. ვინაიდან სულ მალე 2023 წელი დადგება, ამ ეტაპზე უმთავრესად, იმ ნივთების შექმნით არის დაკავებული, რომელიც ახალ წლის დღესასწაულს უხდება და სურს, ისინი ფართო საზოგადოებას "საახალწლო სოფელზე" წარუდგინოს.

ნატო უმფრიანი:

- წარმოშობით სვანეთიდან გახლავართ, მაგრამ თბილისში დაბადებულ-გაზრდილი. 38 წლის ვარ, ეკონომისტი, თუმცა ამ პროფესიით არასდროს მიმუშავია. მეორე პროფესიაც მაქვს - სტილისტობა, ხელსაქმე კი მესამე პროფესია გამოდის და ამ კუთხით თვითნასწავლი ვარ (იღიმის). ამჟამად დიასახლისი ვარ და 4 შვილის, სამი გოგონასა და ერთი ბიჭის დედა... თავიდან საზაფხულო ჭილის ქუდებისა და ჩანთების ქსოვა დავიწყე. ამ აქსესუარების დამზადების იდეა ჩემს მეგობარს გაუჩნდა და მას შემდეგ, ზაფხულის პერიოდში რაფიის ძაფით ქუდებსა და ჩანთებს ვქსოვ. რაც შეეხება სათამაშოებს, ის პირველი ნივთი დღემდე მაქვს შენახული, რომელიც 2018 წელს ჩემს ბიჭს მოვუქსოვე. იმხანად სულ შინ, ბავშვებთან ვიყავი და ძალიან მინდოდა რაღაც ისეთი საქმე მეპოვა, რაც განტვირთვის საშუალებას მომცემდა. მეგობართან დაბადების დღეზე ვიყავი, რომლის შვილს ბებიამისმა ნაქსოვი სათამაშო მოუტანა. ის ჩემი შთაგონების წყარო გახდა და "იუთიბის" ვიდეოგაკვეთილების მეშვეობით, სათამაშოების ქსოვის ტექნიკა შევისწავლე. პირველი ძაღლუკა შინ არსებული ძაფებითა და გატეხილი ყაისნაღით მოვქსოვე. სასაცილოდ გამოიყურება, მაგრამ ძალიან მიყვარს (იღიმის). მერე ჩემს სამივე გოგონას მოვუქსოვე თოჯინები: ფისო, დათუნია და ბაჭია. რადგან სათამაშოები უმთავრესად ბავშვებისთვის არის განკუთვნილი, ვცდილობ, ეკოლოგიურად სუფთა, მაქსიმალურად უსაფრთხო მასალა გამოვიყენო და ფიგურები საბავშვო, ანტიალერგიული ძაფებით შევქმნა.

- ოჯახიდან "გარეთ" როდის გავიდა თქვენი ნამუშევრები?

- პირველი ნამუშევრის ფოტო სოციალურ ქსელში დავდე, ისეთი მოწონება დაიმსახურა, რომ მეგობრების თხოვნით გვერდი გავაკეთე და თოჯინები, რომლებიც ნელ-ნელა დაიხვეწა, იქ განვათავსე, ასე დაიწყო ჩემი სათამაშოების "ფართო მასშტაბებზე გასვლა" და პირველი თოჯინა - ბაჭიაც გავყიდე. ახლა, ახალი წლის მოახლოებასთან ერთად, ვცდილობ, უფრო მეტი თემატურად აქტუალური ფიგურა მქონდეს, ამიტომ ვქსოვ სხვადასხვა ზომის თოვლის ბაბუებს, გრინჩებს, ირმებს, ბაჭიებს. ეს უკანასკნელი არა მარტო ახლა, არამედ ყოველთვის დიდი პოპულარობით სარგებლობს და სულ მოთხოვნადია.

- 4 შვილის დედა, როგორ ათავსებთ შვილების მოვლასა და ათასგვარი ნივთის ქსოვას?

- ამიგურუმი ქსოვის იაპონური ტექნიკაა. საკმაოდ შრომატევადი საქმეა და შინ თუ გარეთ, როგორც კი თავისუფალი დრო გამომიჩნდება, სულ ვქსოვ. ასე ვარ მანქანაში, როცა ბავშვს ველოდები და შინაც, როცა სახლის საქმეებს დავასრულებ ხოლმე. ოქტომბრიდან დავიწყე თოჯინების "მომარაგება" და პატარა კოლექციასაც ვამზადებ. წელს პირველად მინდა ნამუშევრები "საახალწლო სოფელზე" გავიტანო. ჩემი ერთი მეგობარი ხატავს, მე თოჯინებს ვაკეთებ და გვინდა, ერთად მოვიღოთ მონაწილეობა სადღესასწაულო ბაზრობაზე. ხალხის რეაქცია მაინტერესებს. მოგეხსენებათ, ჩვენს ქვეყანაში ხელნაკეთი ნივთები იმდენად არ ფასდება, როგორც საზღვარგარეთ, არც მატერიალური შემოსავალი მოაქვს, მაგრამ ჩემთვის მნიშვნელოვანი ის ემოციები და აღფრთოვანებაა, რომელსაც ჩემი ნივთები დამთვალიერებელში იწვევს. ისევე, როგორც ყველა ხელოვანს, ეს შეფასებები მავსებს, მაბედნიერებს და აღნიშნულ გამოფენაში მონაწილეობაც ალბათ, ამის გამო უფრო მინდა, სხვა დანარჩენი კი უკვე მეათეხარისხოვანია (იღიმის).

ანა კალანდაძე