"ისეთი მწარე ღამეები მითენებია შიმშილისგან დაუძლურებულს, რომ გახსენებაც მიჭირს"
ერთი წლის წინ სოციალურ ქსელში სახალისოდ ატვირთულმა ვიდეომ დიდი მოწონება დაიმსახურა და მას შემდეგ პოპულარობით სარგებლობს. ირაკლი ჟვანია ფიტნეს-ინსტრუქტორი და ბლოგერია. მძიმე ბავშვობის მიუხედავად, ფეხზე მყარად დადგომა შეძლო და დღეს სრულიად უანგაროდ, ბევრს ეხმარება. სოციალურ ქსელში 640 000 გამომწერი ჰყავს.
ერთი შეხედვით მხიარული და უდარდელი ბიჭი 2 წლის ასაკში მამით დაობლდა და დედა ზრდიდა. როგორც ამბობს, ხელმოკლე ოჯახში იზრდებოდა და თავის წარსულზე ხმამაღლა საუბარს არ ერიდება. ირაკლი არის მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება შეცვალო ცხოვრება უკეთესობისკენ.
- ვინ არის ირაკლი ჟვანია კადრს მიღმა?
- ირაკლი ჟვანია არის ერთი უბრალო, თავმდაბალი ადამიანი, რომელსაც ისეთივე გრძნობები, თვისებები და ქცევები აქვს, როგორიც ნებისმიერ თქვენგანს. მთელი ცხოვრება იმ პრინციპით ვიზრდებოდი, რომ არასდროს უნდა ააწყო შენი ბედნიერება სხვის უბედურებაზე. ვცდილობ, სულ მახსოვდეს დიდი ილიას ეს ბრწყინვალე სიტყვები: "კაცად მაშინ ხარ საქები, თუ ეს წესი წესად დარგე, ყოველ დღესა შენს თავს ჰკითხო, აბა, მე დღეს ვის რა ვარგე".
- რატომ დაიწყეთ ვიდეოების გადაღება?
- ვიდეოების ჩაწერა გართობის მიზნით დავიწყე. ისეთი კარგი გამოხმაურება მოჰყვა, რომ მერე სისტემატური სახე მივეცი. ვიდეოში ძალიან ხშირად, ისეთ აზრს ვდებ, რომელიც მომავალი თაობის ფსიქიკისა და ხასიათის სწორად ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, როცა მოზარდებმა იციან უფროსის და ქალის პატივისცემა.
- თავად როგორი ბავშვი იყავით?
- ცელქი და ენერგიული. ბევრი ნიჭი მქონდა და ამას უფროსები, მასწავლებლები ხშირად აღნიშნავდნენ. 2 წლის ასაკში მამის გარეშე დარჩენილმა დედასა და ჩემს გმირ ბებიასთან ერთად გავაგრძელე ცხოვრება და იმ ტვირთის ზიდვა, რასაც ობლობა ჰქვია. იმ რეალობაში, სადაც ბევრი "ახლობელი" ტრიალებდა და ხედავდა, როგორ ვებრძოდით ყოველდღიურობას, სიღარიბეს, შიმშილს, სიცივეს, არავის გამოუწვდია დახმარების ხელი. საღამოს, როცა დავწვებოდით, რამდენჯერ გამიგონია დედაჩემის ჩუმი ტირილი. ეგონა, რომ მეძინა და არ მესმოდა... მე ყველაფერი მესმოდა, დე! მესმოდა, როგორ განიცდიდი იმას, რომ შენი შვილი მშიერი იძინებდა... ყველაფრის მიუხედავად, ღმერთის მადლიერი ვარ, რადგან მაჩუქა ასეთი დედა; ადამიანი, რომელმაც მომიძღვნა მთელი ცხოვრება! ჩემში თუ რაიმე კარგია, სწორედ მისი დამსახურებაა.
ჩემი წარსული, ბავშვობა არც ისეთი ადვილი და ტკბილი იყო... ტკივილმა მასწავლა, როგორ მივსულიყავი სწორ გზამდე, როგორ შემეცვალა ჩემი მაშინდელი ყოფა და როგორ მეცხოვრა მომავალში უკეთესად! ისეთი მწარე ღამეები მითენებია შიმშილისგან დაუძლურებულს, რომ გახსენებაც მიჭირს... ბევრჯერ გავუღვიძებივარ სველ საბანს სახურავიდან ჩამოსული წვიმის გამო, მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, არ გავბოროტდი და უფალი არ დავივიწყე! არ დავკარგე უმთავრესი რამ - ადამიანობა. ის გზა, რომელიც გავიარე, უნდა გამევლო. ეს იყო ის ჯვარი, რომელიც უნდა მომეტანა აქამდე.
არასდროს დამალოთ თქვენი წარსული, არასდროს შეგრცხვეთ მისი, ნურასოდეს დაგავიწყდებათ, ვინ იყავით, ვინ ხართ და საიდან მოდიხართ! ნუ გაუწყრებით უფალს იმისთვის, რისი შეცვლაც თავად არ გიცდიათ.
- თქვენს პროფესიაზეც მოგვიყევით.
- 10 წელია, ამ სფეროში ვარ და მინდა გითხრათ, რომ ბევრად უფრო კარგი ფიტნეს-ინსტრუქტორი ვარ, ვიდრე ვიდეობლოგერი და "ტიკტოკერი".
- სოციალურ ქსელში ბევრი აძლევს რჩევებს გამომწერებს - როგორ დაიკლონ წონაში, რამაც არაერთ ადამიანს შეუქმნა ჯანმრთელობის პრობლემა.
- ყველას ვურჩევ, ტრენერი არ აარჩიონ ლამაზი ტანით და ენაწყლიანობით. ტრენერი უნდა იყოს გამოცდილი, ხოლო იმის გაგება, პროფესიონალია თუ არა, ძალიან ადვილია: საქართველო პატარა ქვეყანაა და არ არის რთული გაიგო, ვინ რას წარმოადგენს. უბრალოდ გაიკითხეთ, ვისთან გაქვთ საქმე და ყველას ნუ ენდობით.
- როგორ დავიკლოთ წონაში სწრაფად?
- სწრაფად წონაში კლება არაჯანსაღია, ამას დრო სჭირდება. იყავით უფრო აქტიურები, იარეთ ბევრი, არ გაეკაროთ სწრაფ კვებას, ცომეულს და ტკბილეულს ერიდეთ, მაგრამ არ იშიმშილოთ! დიეტა შიმშილი კი არა, სწორი კვებაა! ერთი პატარა რჩევაც ჩემგან: საჭმელი ნელა მიირთვით და იმდენი, რომ კვლავ გქონდეთ ოდნავი შიმშილის გრძნობა. საჭმლის მიღების მექანიზმი 20 წუთის შემდეგ ირთვება.
- როგორი უნდა იყოს ქალი, რომელიც თქვენს ყურადღებას მიიპყრობს? ვფიქრობ, გამომწერებს ეს დააინტერესებთ.
- როდესაც ქალი საყვარელი საქმით არის დაკავებული, ის არის შთაგონებული და ენერგიით სავსე. სწორედ ეს ენერგია არის მაგნიტი, რომლითაც მიზიდავს. ძლიერი და შემდგარი ქალი უნდა იყოს და რაც მთავარია, იუმორის გრძნობით დაჯილდოებული.
ფიქრია რობაქიძე
"გზის" სპეციალური კორესპონდენტი ბარსელონიდან