"ბევრი კიდევ ვერ ხვდება - ნამდვილი მტერი ვინ არის" - გზაპრესი

"ბევრი კიდევ ვერ ხვდება - ნამდვილი მტერი ვინ არის"

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის თემაზე გადაღებული ფილმი - "ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" ახლახან, ათენის ქართულ დიასპორას უჩვენეს. ძლიერი ემოციებით დამუხტული კინოჩვენების შესახებ ფილმის რეჟისორი - ბესო სოლომანაშვილი გვესაუბრა...

- სრულმეტრაჟიან მხატვრულ ფილმზე - "ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" მუშაობა 2021 წლის დეკემბერში დავასრულეთ. ფილმი თამრი ფხაკაძის მოთხრობის მიხედვითაა გადაღებული. საქართველოს ეროვნულმა კინოცენტრმა დააფინანსა. სცენარისტი ირაკლი სოლომანაშვილი გახლავთ, ერთ-ერთი თანასცენარისტი კი თავად მოთხრობის ავტორია. მთავარ როლს დუტა სხირტლაძე ასრულებს. ფილმი 2008 წლის აგვისტოს ომს ეხება. მასში ქართველი გლეხის ისტორიაა ასახული, რომელსაც ძმა სახლს გაუყიდის. შემდეგ ფილმის გმირი პატარა საბოსტნე ადგილს აღმოაჩენს და იქიდან უყურებს, როგორ შემოდის საქართველოში რუსული საბრძოლო ტექნიკა... ფილმის პრემიერა 2021 წლის დეკემბერში, თბილისის ფესტივალზე შედგა. მერე ნელ-ნელა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში "მოგზაურობა" დაიწყო, რადგან საკმაოდ დიდი გამოხმაურება ჰქონდა: მირეკავდნენ - გვინდა, ჩამოხვიდეთ და ფილმის ჩვენება გამართოთო. არასამთავრობო ორგანიზაცია - "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო" დაგვეხმარა - მათ წარმომადგენლებთან ერთად, მთელი საქართველო მოვიარეთ, ფილმის ჩვენებები გავმართეთ, რასაც მაყურებლების ძლიერი განცდები და ემოციები მოჰყვა. ამ შეხვედრების და შეფასებების შესახებ ინფორმაციას ჩემს "ფეისბუკ"-გვერდზე ვაქვეყნებდი. როგორც ჩანს, ამის საფუძველზე, საბერძნეთში ქართული ემიგრაციის ერთ-ერთი წარმომადგენელი - ლიგია მუშკუდიანი დამიკავშირდა: თუ შეიძლება, თქვენი ფილმი ათენში ქართველ ემიგრანტებს ვაჩვენოთო? რა თქმა უნდა, ეს დიდი პასუხისმგებლობაა. დავფიქრდით, მაგრამ საბოლოო ჯამში, გადავწყვიტეთ, შემოთავაზებას დავთანხმებოდით. ლიგია მუშკუდიანის ორგანიზაციის - "ლამარია" და თაკო სამხარაძის, საბერძნეთში არსებული თეატრალური სტუდიის - "დიონისე" მიწვევით, მე და დუტა სხირტლაძე საბერძნეთში აღმოვჩნდით. მანამდე ვისაუბრეთ, რა და როგორ გაგვეკეთებინა, რომ მაყურებლებისთვის ფილმი ნორმალურ დარბაზში, ხარისხიანად გვეჩვენებინა. ეს პროცესი დაახლოებით 1 თვეს გაგრძელდა. საბოლოოდ, ემოციებით სავსე 3-დღიანი საოცარი თავგადასავალი შედგა: საბერძნეთში ჩასულებს ლიგიას მეგობარი - ქალბატონი ნინო გიორგაძე დაგვხვდა. ოპერატორი ლევან ბალიაშვილი და მისი მეუღლე - მაიკო ვიზუალურ მხარეს კურირებდნენ. მაკა დოხნაძე უანგაროდ დაგვყვებოდა და საბერძნეთის ტურისტულ გარემოს გვაჩვენებდა. მარი და ავთო სანიკიძეების ბრწყინვალე ოჯახი მაქსიმალურად მხარში გვედგა. ახალი თაობის წარმომადგენლები (ემიგრანტების შთამომავლობა) - ანა მარია, თორნიკე და დიანა ყველანაირად ცდილობდნენ, ჩვენთვის კომფორტული გარემო შეექმნათ. ფილმის ჩვენების დღეს, დილიდან მოსალოცად წაგვიყვანეს. ნატალია კაპანაძეს აქვს ორგანიზაცია, რომელიც ემიგრანტებისთვის მართლმადიდებლურ სალოცავებში ყოველკვირა ტურებს აწყობს, რათა ქართველმა ემიგრანტებმა სამშობლოსთან რელიგიური კავშირიც შეინარჩუნონ. მოკლედ, მეგზურობა გაგვიწიეს, რომ ათენის გარშემო არსებული მართლმადიდებლური სალოცავები გვენახა... ფილმის ჩვენების წინ, უამრავი ადამიანი თავიანთი პატარა კომპანიებით, ლიგია მუშკუდიანს ეხმარებოდა, რომ ჩვენება სრულფასოვნად ჩატარებულიყო. ნამდვილი პრემიერის განწყობა იყო. ფოიეში ქართული ნამუშევრები წარმოადგინეს, ემიგრანტების მიერ შექმნილი ლიტერატურის გამოფენა-გაყიდვა გაიმართა. იქვე იყო ჩემი ბოლო 2 წიგნი: "საბას" ლაურეატი - "ამბავი ძველი დახვრეტილებისა და ამბავი ახალი დასახვრეტებისა" და "საბას" ნომინანტი - "სხვისი კინო". ამ წიგნების ერთგვარი პრეზენტაცია, დათვალიერება-გაყიდვა გაიმართა. ფილმის ჩვენებამდე, ხელოვნების სფეროში მოღვაწე ქართულ დიასპორას შევხვდით. საქართველოდან დიდი ხნით წასულ ადამიანებთან შეხვედრა ისედაც ძალიან ემოციურია... ათენში კინოთეატრი - "სტუდიო" არსებობს, სადაც ისეთი გარემოა, რომ შესვლისთანავე კინემატოგრაფის სამყაროში აღმოჩნდებით. ფილმის - "ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" ჩვენება სწორედ იქ გაიმართა. ეს იყო ერთმანეთისთვის საქართველოსთან ურთიერთობის, ტკივილის, თანაგრძნობის გაზიარება. მნიშვნელობა არ აქვს, ემიგრანტები შორს არიან თუ არა - საქართველოზე ბევრს ზრუნავენ. ცდილობენ, ქართული იდენტობა შეინარჩუნონ, ბავშვები ქართულად აღზარდონ, ქართულ სპექტაკლებს დგამენ... მათ შორის ბევრია აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან დევნილი.

veggie-garden-in-the-conflict-zone-6-copy-1671432853.jpg

- ფილმის ნახვის შემდეგ, ქართველ ემიგრანტებს სხვა ქართველი მაყურებლებისგან განსხვავებული რეაქცია ჰქონდათ?

- ფილმს საქართველოშიც ძალიან ემოციურად აფასებენ ქართველებიც და უცხოელი მაყურებლებიც. ამერიკის ელჩი - კელი დეგნანი ტირილისგან თავს ვერ იკავებდა, თუმცა საბერძნეთში მაინც სულ სხვანაირი ემოცია ტრიალებდა: წარმოგიდგენიათ, რომ ადამიანები 10-20 წელი საქართველოში არ ყოფილან? ბევრი მათგანი სამშობლოდან სწორედ დევნილობის გამო გაემგზავრა ანუ იმ მიზეზით, რის გამოც მთავარი გმირია დაზარალებული, უცებ კი ფილმს უყურებენ, რომელშიც ფაქტობრივად, მათი სიტუაციაა ასახული. დარბაზში ერთი ქალბატონი ცუდად გახდა. მე და დუტა ბოდიშს ვიხდიდით, რომ მაყურებლებს ასეთი ემოცია შევუქმენით, თუმცა ძლიერ განცდებთან ერთად, ეს ემოცია მათთვის ძალიან ამაღლებული იყო... კინოთეატრში უამრავი ხალხი მოვიდა, მათ შორის - ჩემი ბავშვობის მეგობარიც, რომელიც 20-25 წელი ნანახი არ მყავდა. მითხრა, - არ შემეძლო, არ მოვსულიყავიო. მიუხედავად იმისა, რომ ყველას დატვირთული, თითქმის 24-საათიანი სამუშაო რეჟიმი აქვს, დრო გამონახეს, ფილმის სანახავად მოსულიყვნენ.

- დუტას შესახებ რას გვეტყვით?

- მასთან ერთად მოგზაურობა ცოტათი რთულია. ყველას უყვარს, აჩერებენ, მასთან გამოლაპარაკებას ცდილობენ... სელფების ზღვაა ხოლმე (იღიმის). დუტას მიმართ საბერძნეთშიც განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდათ. ემიგრანტებისთვის მნიშვნელოვანია, რომ ასეთი ცნობილი და ქართული საზოგადოებისთვის საყვარელი ადამიანი მათთან ჩადის, მათ შორის ურთიერთობა იქმნება, რადგან ამას მონატრებული არიან... ფილმის ჩვენებისას, მაყურებლები ემოციურ დატვირთვას ვერ უძლებდნენ, დარბაზიდან გადიოდნენ, შემდეგ კი უკან ბრუნდებოდნენ. ფილმის დასრულების შემდეგ, დარბაზში 5-6-წუთიანი უწყვეტი ტაში იყო და ამის ამსახველი ვიდეოც არსებობს. დარბაზში ტირილის ხმა ისმოდა... შემდეგ ერთგვარი დაჯილდოების ცერემონიალი მოეწყო იმ ადამიანებისთვის, ვინც საღამოზე იზრუნეს, მათ შორის - ჩვენი. ფილმიდან მიღებული ძლიერი ემოციური დატვირთვის მიუხედავად, ბედნიერები იყვნენ. უამრავი საჩუქარი, სუვენირი მივიღეთ. ეს უბრალოდ, ფილმის პრემიერა არ ყოფილა - ეს იყო ერთგვარი პატრიოტული, სამშობლოს სიყვარულის აქცია... ასევე, თეატრალურ სტუდია "დიონისეში" ბავშვებისთვის, რომლებიც საბერძნეთში დაიბადნენ, მაგრამ მათი მშობლები ქართულ იდენტობას არ აკარგვინებენ, სამსახიობო და სარეჟისორო ოსტატობაში მასტერკლასი გავმართეთ...

img-2154-copy-1671432865.jpg

- ამ ფილმის გადაღებისას თქვენი მიზანი რა იყო?

- სამწუხაროდ, ამხელა ოკუპაციის მიუხედავად, ბევრი ადამიანი კიდევ ვერ ხვდება, ჩვენი ნამდვილი მტერი ვინ არის. რუსული ოკუპაცია ჩვენს მომავალს კლავს. ფესტივალები კარგია, მაგრამ კინოცენტრში განაცხადი რომ შევიტანე, პირდაპირ დავწერე, რომ ეს ფილმი მარტო ქართველი მაყურებლებისთვის მინდოდა. სხვათა შორის, მსახიობები ძირითადად, იმ რეგიონებიდან ავიყვანეთ, რომლებმაც ეს ტკივილი განიცადა: ფილმში გორის თეატრის მსახიობები და ადგილობრივი მცხოვრებლები მონაწილეობენ. გადაღებები კასპის რაიონში, სოფელ ქვემო გომში მიმდინარეობდა. ეს ჩემი მამულია, სადაც ჩემი ძველი საგვარეულო სახლი დგას. იქაურები განსაკუთრებული ენთუზიაზმით მუშაობდნენ, როცა იგებდნენ, ფილმი რა თემაზე იყო. ფილმის - "ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" გადაღება ერთგვარი აქცია გახლდათ, რომ ქართველი საზოგადოებისთვის კიდევ ერთხელ შეგვეხსენებინა - ქვეყანაში უმძიმესი საოკუპაციო სიტუაცია გვაქვს. დიდი მტერი - რუსეთი გვყავს, რომელიც 200 წელზე მეტია, ჩვენი ქვეყნის რეგიონების ოკუპაციას ახდენს. მით უმეტეს, უკრაინის დღევანდელი სიტუაციის ფონზე, რუსეთთან კეთილგანწყობა და თავზე ხელის გადასმა, უბრალოდ რომ ვთქვათ, უწესობა, არაადამიანობა, ჩვენი წინაპრების მიერ დაღვრილი სისხლის უპატივცემულობაა.

- სამომავლო გეგმების შესახებ რას გვეტყვით?

- სავარაუდოდ, ფილმს ბელგიაში, იტალიასა და სალონიკში ისევ ქართულ დიასპორას ვაჩვენებთ. ესტონეთში, ირლანდიასა და უკრაინაში საელჩოებმა ვიწრო წრეში ჩვენება გამართეს. საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ფილმთან დაკავშირებით, ესტონეთის ტელევიზიამ ვრცელი ინტერვიუ ჩამომართვა... ასევე, ჩემი მოთხრობის - "კონტრაბანდისტები" საფუძველზე, ახალი ფილმის სცენარზე მუშაობა დაწყებული გვაქვს. ფილმის პროექტი თბილისის საერთაშორისო ფესტივალზე, სცენარის განვითარების ვორკშოფზე, 8 საუკეთესო პროექტს შორის მოხვდა. ახლა ფინალური საკონკურსო შეხვედრა გვექნება...

- წარმატებას გისურვებთ!..

ეთო ყორღანაშვილი