ვეგეტარიანელი მგლისა და გრაციოზული გოჭუნების მეგობრობის ამბავი - გზაპრესი

ვეგეტარიანელი მგლისა და გრაციოზული გოჭუნების მეგობრობის ამბავი

მოზარდ მაყურებელთა თეატრში მისული მაყურებელი უჩვეულო ამბის მომსწრე ხდება. გინახავთ ნორვეგიელი, ვეგეტარიანელი მგელი, რომელიც ხორცს პირს არ აკარებს და მისი ძირითადი საზრუნავი ბოსტნის მოვლაა? არც ოპერის თეატრ "ღრუტ-ღრუტის" მომღერალ, ფრანგ პრიმადონას იცნობთ, რომელიც შესანიშნავად ასრულებს ოპერიდან "კარმენი" ბოშა ქალის არიას? არც იტალიელი მოცეკვავე გოჭი გინახავთ? ის დილიდან საღამომდე ძელთან გადის რეპეტიციებს და სხვადასხვა ცეკვის ტექნიკას ხვეწს. და რაჭის ერთ-ერთი სახლის კედლებში მოფუსფუსე დიასახლისს თუ იცნობთ? თავწაკრული გოჭუნა ცხელ-ცხელი ლობიანისა და სხვა ათასგვარი კერძის მომზადებით არის დაკავებული, კარგად მღერის, ცეკვავს და თან საქართველოს ამ კუთხისათვის დამახასიათებელი ტერმინებით საუბრობს. ალბათ მგლისა და გოჭის მეგობრობაც ვერ წარმოგიდგენიათ, მაგრამ აზრს მაშინ შეიცვლით, როცა სპექტაკლს "მგლისა და სამი გოჭის სახალისო თავგადასავალს" დაესწრებით.

წარმოდგენაში სამი ძმის: ნიფნიფის, ნაფნაფისა და ნუფნუფის ამბიდან წლებია გასული და ამჯერად აქ მოქმედი პირები მათი შვილიშვილები არიან: შარლოტა დე ნიფნიფური, ანტონელა ნაფნაფინი და დესპინე ნუფნუფიძე. სამივე გოგონა, სამივე ჩამრგვალებული, ვარდისფერი ყურებითა და პირისახით. მოგეხსენებათ, მგელს მუდმივი კონფლიქტი ჰქონდა სამ ძმასთან, მაგრამ მოგვიანებით დამეგობრებულან. ვეგეტარიანელ მგელ ინგოლფს ბაბუა როლფმა დაუბარა, გოჭი ძმების შთამომავლობა მოინახულეო და ანდერძის შესასრულებლად, ქვეყნიდან ქვეყანაში მიემგზავრება.

თეატრის მცირე სცენაზე გათამაშებული ერთმოქმედებიანი წარმოდგენა სანახაობრივად მრავალფეროვანია, რომელიც ჩრდილების, თოჯინებისა და მსახიობების სინთეზს ქმნის. მდიდარია მუსიკალური და ქორეოგრაფიული ეპიზოდებითაც, რაც, როგორც წესი, პატარა მაყურებელს გამორჩეულად საინტერესო სანახაობას სთავაზობს.

სპექტაკლი რეჟისორის, ქორეოგრაფ გია მარღანიას იდეით დაიბადა და ასევე რეჟისორის - დიმა ხვთისიაშვილის პიესის მიხედვით, ზღაპარ "სამი გოჭის" გაგრძელება შეიქმნა.

მუსიკალური გაფორმება ზურაბ გაგლოშვილს ეკუთვნის, მხატვრობა - ნინო ჩიტაიშვილს, ხოლო თოჯინების მხატვარი ვახტანგ ქორიძე გახლავთ. სპექტაკლში მონაწილეობენ: გიორგი ოქრუაშვილი, მარიამ ჩუხრუკიძე, მარიამ ხუხუნაიშვილი, ანა ზამბახიძე, ანანო გულედანი, რამონა მიქელაძე, იაკო ჭილაია, გია მარღანია და ნიკო ნანიტაშვილი.

როგორც მგლის როლის შემსრულებელმა, გიორგი ოქრუაშვილმა გვითხრა, სპექტაკლი მთლიანად სიკეთეზეა, სადაც ბოროტების მისხალსაც ვერ ნახავ. ამას ემატება ვეგეტარიანელი მგლის ბუნებაც, რომელსაც თავის ბოსტანში კიტრი, პომიდორი, ბადრიჯანი, მწვანილი მოჰყავს და იმაზე ღელავს, დროულად თუ ვერ მორწყა, მოსავალი გაუხმება: "ეს ფაქტი უკვე კომიკური მოცემულობაა, რომელიც ამავდროულად ღიმილის მომგვრელია. ზღაპარი სიკეთის საუკეთესო ნიმუშია, სადაც შეიძლება მგელს გარეგნულად არ ეტყობა, მაგრამ ის შინაგანად ჰაეროვანი და ფაქიზია. ბუნებრივია, ამ ყველაფრით ადამიანებთანაა პარალელი გავლებული და იმასაც ესმება ხაზი, რომ ერთ დროს მტრები, შემდგომში საუკეთესო მეგობრები გახდნენ"...

რეჟისორმა გია მარღანიამ სპექტაკლის იდეისა და დატვირთვის შესახებ შემდეგი რამ გვითხრა:

"2018 წელს მოზარდ მაყურებელთა თეატრში, დიმიტრი ხვთისიაშვილმა და მე "რწყილი და ჭიანჭველა" დავდგით და დღემდე 200-ზე მეტი წარმოდგენა ვითამაშეთ... ერთხელ, მორიგ სპექტაკლამდე ნიკო ნანიტაშვილმა მითხრა, ხომ შეიძლება მსგავსი, საინტერესო და სახალისო ამბავი კიდევ დაიდგას, იქნებ "სამ გოჭზე" იფიქროთო. კარგი-მეთქი, დავეთანხმე და მართლაც, ამაზე ფიქრი დავიწყე. არ მინდოდა ამ ზღაპრის ტრადიციული, კლასიკური ვარიანტი და მაშინ გაჩნდა იდეა, რომ ამბავი ცნობილი მგლის შვილიშვილსა და სამი გოჭის შვილიშვილებზე გაგრძელებულიყო. გოგონები სხვადასხვა ქვეყანაში არიან გათხოვილი, ბაბუა მგელი კი თავის მგელ შვილიშვილს ანდერძის სახით მათ მონახულებას სთხოვს. ჩავთვალე, რომ ამ გზით ბავშვები სამი ქვეყნის მუსიკალურ ნიმუშებს და ცეკვებს გაეცნობოდნენ. მახარებს, რომ სპექტაკლში ჟღერს მსოფლიო დონის კლასიკა და ამავდროულად, ჩვენი ქართული მუსიკალური ნიმუშები. ვფიქრობ, ჩანაფიქრი გამოგვივიდა და ბავშვებს საახალწლო-საშობაოდ კარგი საჩუქარი გავუკეთეთ".

დაბოლოს, გეტყვით, ერთმოქმედებიანი ზღაპარი სიკეთეზე, მეგობრობასა და ზრუნვის შედეგებზე, 5 წლიდან ბავშვებისთვისაა მიზანშეწონილი. "მგლისა და სამი გოჭის სახალისო თავგადასავალი" 10 დეკემბრიდან უკვე მოზარდ მაყურებელთა თეატრის რეპერტუარშია. წარმოდგენის თარიღები შეგიძლიათ დააზუსტოთ თეატრის "ფეისბუკ"-გვერდსა თუ შენობაზე განთავსებულ აფიშებზე.

P.S. გამოყენებულია ბექა ცირეკიძის ფოტო

ანა კალანდაძე