ქალი აპრილისფერი კაბით - გზაპრესი

ქალი აპრილისფერი კაბით

ქართული პოეზიის დედოფლის რბილი, ემოციური და ღრმა ლირიზიმით გაჯერებული შემოქმედება მალამოდ მოეცხო ნაომარ, ძაძებით შემოსილ ქვეყანას. მიფიქრია, ეგებ დღევანდელ საქართველოსაც მოუხდეს ხელოვნების ყოვლისშემძლეობა, მაგრამ ახლა უფრო აგრესიის შეჩეჩება გამოგვდის მოსახლეობისთვის... ბედად, მაინც არიან ერთეულები, რომლებსაც სიტყვით შეუძლიათ თავიანთი წილი სამყაროს გალამაზება.

მარიამ კოზმანიშვილს პირველად ბათუმში შევხვდი. არ მეგონა, თუ ასეთი იქნებოდა. სტერეოტიპის (გინდათ და ჩემი წარმოდგენა დაარქვით!) მიხედვით, კახელი მუქი ფერის უნდა ყოფილიყო და უცებ თვალწინ მზესავით ღუდღუდა, შუახანს მიტანებული ქალბატონი წარმომიდგა. მარიამი ისეთი ტიპის ქალია, რომელიც ან დედად უნდა წარმოიდგინო, ან უფროს დად (თქვენს ასაკს არ აქვს მნიშვნელობა, დამერწმუნეთ). ეს მხოლოდ იმიტომ, რომ ზრუნვა მისი ბუნებაა. იმდენად ცდილობს ზრუნვას, რამდენადაც წარმოუდგენელია. სიტყვას იტყვის, სადილს მოამზადებს, დესერტს გააკეკლუცებს თუ ლექსს წაიკითხავს, უცებ პურდები, მშვიდდები და გინდა, არასდროს დასრულდეს მისი აპრილობა.

მარიამი აპრილის ადამიანია. დაბადებით, სულით, ხასიათით. თელავის უზარმაზარ ჭადართან თუ გარინდებულ ლურჯკაბა ქალს შენიშნავთ, ეს მარიამია. სოფლის უზარმაზარი სახლის წინაეზოს ყვავილნართან მოფუსფუსე ქალიც მარიამია. სოსანისფერი, ზამბახისფერი, უმტვერო თოვლისფერი თუ მზედგადმოღვრილი ოქროსფერებიც სულ მისია. ეს ფერები არ მიუსაკუთრებია, უზენაესმა უბოძა და დაატარებს მშვიდად, უპრეტენზიოდ. ჰო, მის ყოველ გარინდებას მოსდევს უძალადო, ასამღერებელი სტრიქონები. სხვაგან და სხვაგვარად მარიამი წარმოუდგენელია: ან მზრუნველი ქალია, ან ბაღ-ყვავილთა მეურვე და ან ქართული სიტყვის მესაიდუმლე.

ახლა ზამთარია. ეს დრო მარიამისთვის თეთრი ნაბდით მოტანტალე პერიოდია და მთვარე ოცნებებისგან ქურდავს პოეტ ქალს და ათქმევინებს, რომ ბედის ხავერდის გზები არ ჩანს აპრილამდე. მერე მოდის მარიამისფერი აპრილი და ახარებთ კონკიებს ჩითის კაბები, ცას - ვარსკვლავები, მიწას - ყვავილები, ობოლს - გამომცხვარი კვერი, საპყარს - ცაში აფრენის სურვილი, უდაბნოში მოხეტიალე უგზო ქარავანს - მირაჟები.

აპრილიდან მარიამის სახლს მწვანე ბაღი არტყამს ალყას გვირილების ჯარით, გულწითელების გუნდით, ალუბლებისა და ატმის მოღიმარე ყვავილებით. მერე გულდაგულ ამობარულ მიწაში ლხვება ხმელი თესლები, რათა დაზამთრებამდე მარიამისფერი იყოს კახური ეზო, რომელიც ერთი მხრიდან ძველ სალოცავს გაჰყურებს, მეორე მხრიდან ნაბატონევ, ჭერჩამორღვეულ ნასახლარს.

გაზაფხულს მოაქვს მესერზე მიტმასნილი ბიჭის ჩაცინება, დედის მონატრება, ყრმობის ჟრუანტელი, ძმარ-თაფლით მოზელილი წუთისოფელი, პაპას ჯაფით დახეთქილი ხელისგულებისა და ბაბოს თათარას სურნელის გახსენება და თავად მარიამი ხედავს, როგორ უყურებენ უკვე მისი შვილიშვილები მესერგადაღმა გოგონებს, როგორ გარბის დრო და თეჯირსმიღმა ხსოვნის კიდობანს აახლებს პოეტი ქალი დღევანდელობით, ხვალე დასაწერი ლექსის კვიატით, სამწვადე ნაღვერდლებზე მეტად რომ სწვავს!

ზოგჯერ მარიამი მალულად იცრემლება. ძნელია პოეტი ქალის ცხოვრება. სიფაქიზე ვერ იტანს ცხოვრების სიტლანქეს და მხოლოდ ამიტომ. ზოგჯერ ადამიანთა მოდგმის ადამიანობის დაკარგვაც ატირებს, ზოგჯერ სიხარულიც ააქვითინებს. კი არავის უხილავს ეს, მაგრამ მჯერა, ასეა და თან მინდა გითხრათ, რომ მარიამს ცრემლებიც ისევე უხდება, როგორც მისი ეზოს მაისის ვარდებს ბრილიანტებად მიყრილი ცვარი! ჰო, კიდევ იქნებ იმის გამო ტირის, რომ გაზაფხულმა მიატოვა ამ ზამთრისპირზე, შემოდგომის ცრიატმაც დედის თბილი ხელისგულების სახეზე გადასმა მოანატრა და ქარაქვეტა ქარმაც ისევ გაარუხა ცარგვალი!

თუ სთხოვ მარიამს, რომ თავის თავზე გიამბობს, გეტყვის ასე:

„ბავშვობა მზისფერიც იყო და წვიმისფერიც. მეოცნებე გოგოს მირაჟებს მამის მრისხანება ამსხვრევდა, როგორც მის საყვარელ სათამაშო „ვანკა-ვსტანკას“... მორიდებული, გულჩათხრობილი ვიყავი. ჩემი ყველაზე დიდი სიხარული თბილისში მცხოვრები პაპის საარდადეგო სტუმრობა იყო, რომელიც ჩემს წასაყვანად მოდიოდა სოფელში. მაშინ, როცა ქალაქელი ბავშვები სოფლებს და აგარაკებს მიაშურებდნენ, მე თბილისში მიმიხაროდა. ბებოს და პაპას მზრუნველობას შეკედლებული, თავს ზღაპრულ ფერიად ვგრძნობდი. დავდიოდით ყველგან, სადაც გული და ნაბიჯი გაგვიწვდებოდა. ზაფხულის ცხელი დღეები ცხელი ბედნიერებით ივსებოდა. ვკითხულობდი ბევრს. იმდენად ბევრს, რომ ბებია წიგნებს მიმალავდა. თეატრი, კინო, გასართობი პარკები და ატრაქციონები, ზღვა... ეს ერთი ნათელი მხარე იყო არდადეგების. მეორე, მუქი და ბნელი მხარე მამის ავი ხასიათით იყო შესუდრული. ამიტომ არასდროს ვყოფილვარ უდარდელი და უფიქრო... სკოლის დამთავრების მერე ვერ შევძელი სწავლის გაგრძელება უმაღლეს სასწავლებელში, ისევ მამის ახირებული ხასიათის გამო. 19 წლის ვიყავი, ჩემივე უბნელს, წყნარ და შრომისმოყვარე, ჩემზე შეყვარებულ ბიჭს მივგვარე ჩემი მომავალი. ორი მცირეწლოვანი შვილი მყავდა, უმაღლესში რომ ჩავირიცხე, ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტზე. არასდროს მიმუშავია მასწავლებლად, ყოველთვის უკან ვიხევდი, გამძაფრებული პასუხისმგებლობის გრძნობის გამო. მეგონა, ღირსეულად ვერ გავართმევდი თავს ბავშვებთან მუშაობას. ახლა ვნანობ, მაგრამ უკვე გვიანია. ვწერ ადრეული ასაკიდან. თუმცა, არასდროს ვარ კმაყოფილი იმით, რასაც ვწერ და ვქმნი. მეტი მსურს საკუთარი თავისგან. ქვის აღმოჩენის შესახებ იცი, მგონი. ვიპოვე ქვა, როგორც „ხელოვნების ნიმუში" და ერთბაშად გავბედნიერდი. უფლის საჩუქარი იყო ეს აღმოჩენა ჩემთვის. მხოლოდ ჩემი, არავის მსგავსი ნამუშევრები მრავლდებოდა და იპყრობდა ჩემს საცხოვრისს. მაქვს ორი, უფლისგან ბოძებული, საკუთარი განძი, ქვის ნამუშევრები და წიგნი: „ფეისბუქის სკივრიდან", რომელზეც პატენტი მაქვს აღებული. მაქვს ინტერნეტსივრცეში ორი რუბრიკა, „იცნობდეთ და გიყვარდეთ" და „ვისაუბროთ ადამიანებზე". თითქოს ცოტა არაა ერთი ქალისთვის, მაგრამ სულ რაღაცას, მიუწვდომელს ველტვი. სიახლე მიყვარს. მზე მიყვარს. ადამიანები მიყვარს...“

P.S. ახლა კი ბოლო სიტყვა ისევ ჩემი იყოს: როცა სულში ძლიერი, ცივი ქარები შემოაღწევს, როცა ზედმეტად ჩათვლი საკუთარ თავს, როცა სრული სიცხადით წარმოგიდგება სამყაროს სისასტიკე, წაიკითხეთ მარიამის „ბარათები“, რომლებიც ვთვლი, ქართული ლირიკის ყველაზე ვრცელი ნამუშევრებია და ბოლოს დააყოლეთ „კართან მზე დავდე“. ჰო, მარიამი გეუბნებათ ყველას: „ნუ გეშინია, არ შეგცივდება, კართან მზე დავდე“, ეს მზე კი მისი ლექსებია, ავტორისებურნი.

როლანდ ხოჯანაშვილი