ვინ უგებდა ჭადრაკს იაკობ ნიკოლაძეს
სალომე კედია ქართული რეალისტური ქანდაკების ფუძემდებლისა და თბილისის სამხატვრო აკადემიის ერთ-ერთი დამაარსებლის, იაკობ ნიკოლაძის შვილიშვილია. ქალბატონ სალომეს ბაბუა კარგად ახსოვს, მოქანდაკის გარდაცვალების დროს 12 წლისა იყო. 80 წელს გადაცილებულ არქიტექტორს, სათნო ქალბატონს სასაუბროდ შინ ვესტუმრე.
იაკობ ნიკოლაძის ბიოგრაფიიდან
- ბაბუაჩემ იაკობ ნიკოლაძის მამა, ივანე ქუთაისელი ვაჭარი იყო და ამ საქმისთვის, როგორც რუსეთში, ისე ევროპაშიც დადიოდა, თავისუფალ დროს კი გიშერზე მუშაობდა. იაკობის სახელოსნოში ინახება ლამაზი კალიგრაფიით დაწერილი, უცხოეთიდან გამოგზავნილი ივანეს წერილები მეუღლისადმი. დიდედა ნატალია წარმოშობით თბილისელი იყო. მათ 13 შვილი ჰყავდათ, მაგრამ მოზრდილ ასაკს, სამწუხაროდ, ცოტამ მიაღწია. ბაბუა იაკობი მე-12 იყო. მან სამხატვრო განათლება ჯერ ოდესასა და მოსკოვში მიიღო, შემდეგ პარიზში სწავლობდა და ერთი წელი როდენთან მუშაობდა, რაც აღწერილი აქვს წიგნში „ერთი წელი როდენთან“. ეს წიგნი ქართულად და რუსულად არის გამოცემული და ახლახან ფრანგულადაც გამოსულა, ჩემმა დეიდაშვილმა (გურამ ნიკოლაძე) მომიტანა.
ბებიაჩემი სალომე სულხანიშვილი ხატვის მასწავლებელი იყო, წარმოშობით გორის მაზრის სოფელ ტირძნისიდან და იმხანად ცნობილი ოჯახიდან ყოფილა. იაკობმა და სალომემ ერთმანეთი სავარაუდოდ, პროფესიულ ნიადაგზე გაიცნეს. ილია ჭავჭავაძის საფლავის ძეგლი „მწუხარე საქართველო“ (სპეციალურმა კომისიამ დაუკვეთა) იაკობმა პარიზში შექმნა და ბრინჯაოში ჩამოსხმული 1910 წელს თბილისში ჩამოიტანა, ხოლო მამადავითზე 1913 წელს დაიდგა. მანამდე სად ინახებოდა, არ ვიცი. არსებობს რამდენიმე წერილი, სალომეს მიერ პარიზში გაგზავნილი იაკობთან, სადაც საუბარია ამ თემაზე. იმ დროს ჯერ დაქორწინებულები არ იყვნენ. დაქორწინების შემდეგ მთაწმინდაზე, ახლანდელი მთაწმინდის ქუჩაზე ცხოვრობდნენ. სხვათა შორის, მათი მეზობელი იყო ოლღა გურამიშვილი, ილია ჭავჭავაძის ქვრივი. ქალბატონი ოლღა ავადმყოფობდა, სულიერადაც მძიმე მდგომარეობაში იყო. ბებია ერიდებოდა, რომ მასთან გაეშვა მაშინ ბავშვი დედაჩემი. თუმცა, როგორც დედა იგონებდა, ისიც და ოლღაც კმაყოფილები იყვნენ ხოლმე ურთიერთობით.
მე-11 არმიის შემოსევის შემდეგ, ქართველების უმრავლესობა, მათ შორის იაკობიც, ბათუმიდან გემით კონსტანტინოპოლში წავიდა, სადაც დაახლოებით სამი თვე დაჰყო. ერთ დღეს, ქუჩაში ნოე ჟორდანია შეხვედრია, რომელსაც უთქვამს: შენ პოლიტიკასთან შეხება არა გაქვს, აქ რა გინდა, უკან დაბრუნდიო. ბაბუა ასეც მოიქცა. ჟორდანიასთან პირადი ნაცნობობა სულაც არ იყო გასაკვირი. ჯერ ერთი, იმ დროისათვის იაკობი უკვე ცნობილი მოქანდაკე იყო, განსაკუთრებით, „მწუხარე საქართველოს“ შემდეგ და იყო მეორე მომენტიც: 1918 წელს ხელისუფლებამ იაკობს დაუკვეთა დამოუკიდებელი საქართველოს დროშა. ივანე ჯავახიშვილთან კონსულტაციის შედეგად, მან ცნობილი სამფეროვანი (შინდისფერ-თეთრ-შავი) დროშა შექმნა, რომელსაც თავისი ადგილი უკავია ქვეყნის უახლეს ისტორიაში.
"დედაჩემის - თეონას მოგონებების მიხედვით..."
- ოჯახმა საკუთარი სახლი დღევანდელი იაკობ ნიკოლაძის 18 ნომერში მოგვიანებით შეიძინა, მაშინ დუშეთის ქუჩა ერქვა. დედა იხსენებდა, რომ ამ მხარეს ეს იყო თბილისის ბოლო ქუჩა. იქით, შორს ვარაზის ხევი და ახლანდელი უნივერსიტეტის (იმ დროს თავადაზნაურთა გიმნაზია) შენობა მოჩანდა. ბაბუას საკუთარი სახელოსნო არ გააჩნდა. მას დავით სარაჯიშვილი დაეხმარა, რომელსაც კონიაკის ქარხანაში ბევრი საამქრო და საწყობი ჰქონდა. ერთ-ერთი, კასრების დამამზადებელი საამქრო იაკობს დაუთმო. ამჟამინდელი სახელოსნო, არქიტექტორ კალგინის პროექტით, სახლს მოგვიანებით მიადგეს.
თბილისში ბოლშევიკების შემოსვლა დედას კარგად ახსოვდა. ჯარი დუშეთის ქუჩაზე ჩამოდგა და ჯარისკაცებს სახლებში ანაწილებდნენ. ჩვენთან არ დარჩნენ, რადგან სალომემ მოხერხებულობა გამოიჩინა. უფროსს უთხრა, სახლში ავადმყოფი გვყავს, სავარაუდოდ ტიფი აქვსო. იმათ ეტყობა, შეეშინდათ და წავიდნენ. დედას ისიც კარგად ახსოვდა, 20-იან წლებში როგორ მიდიოდნენ წყნეთის (დღეს მელიქიშვილი) ქუჩით, ხალხით სავსე საბარგო მანქანები, უფრო ხშირად ღამით. დასახვრეტად მიჰყავდათ ძირითადად ახალგაზრდები, ისინი მღეროდნენ სიმღერას - „დიდება“... ვაკის პარკისა და ყიფშიძის ქუჩის ტერიტორიაზე ფართო მშენებლობის დაწყების შემდეგ, იქ უამრავი სამარხი აღმოჩნდა. არაერთი თავის ქალა მოუტანიათ მპოვნელებს სამხატვრო აკადემიაში გასაყიდად, ამის მოწმე პირადად ვარ.
დედაჩემი ჰყვებოდა, რომ 1922 წელს გადაწყდა იაკობისთვის შემოქმედებითი მოღვაწეობის 25 წლის იუბილე გადაეხადათ. ამასთან დაკავშირებით მიიღეს წინადადება, იმ ქუჩისთვის, სადაც ბაბუას სახელოსნო მდებარეობდა, იაკობ ნიკოლაძის სახელი ეწოდებინათ, მაგრამ იაკობს უთქვამს: „თუ ჩემი პატივისცემა გინდათ, დაარქვით ამ ქუჩას ოგიუსტ როდენის სახელი“. ასე გაჩნდა ვერაზე როდენის ქუჩა. ეს პერიოდი იაკობისთვის უაღრესად მძიმე გამოდგა. იმავე წელს გარდაიცვალა მისი ვაჟი - 7 წლის ერეკლე, ხოლო ერთი წლის შემდეგ, დეიდაჩემის - მაიას მშობიარობას გადაჰყვა ბებია სალომე. ამის მერე ბაბუამ თბილისელი, ეროვნებით გერმანელი ქალი შეირთო და მასთან ტყუპი ქალიშვილი შეეძინა, რომლებიც პატარები გარდაიცვალნენ.
დედა იგონებდა: „ჩახრუხაძის ქანდაკებაზე რომ მუშაობდა, ხშირად მამა თითებით შეეხებოდა ხოლმე თავის ლოყებსა და ყვრიმალებს. ერთხელ ვერ მოვითმინე და ვუთხარი, - რა, შენი პროფილით აკეთებ ჩახრუხაძეს? ძალიან გაჯავრდა და შემომიტია: რას ამბობ, მე მხოლოდ ანატომიას ვამოწმებ“. ამ ბიუსტთან დაკავშირებით არასწორი ახსნა მოვისმინე ტელევიზიით ხელოვნებათმცოდნისგან: ვითომ ჩვარი გადააგდო იაკობმა, ქანდაკებას თავზე დაეცა და ამიტომ გაჩნდა თავსაბურის იდეა. სინამდვილეში ასე მოხდა: როცა არ მუშაობდა, ქანდაკებას სველ ნაჭერს შემოახვევდა ხოლმე. ხანდახან ნაჭერს გადასწევდა და აკვირდებოდა. ერთ დღესაც, როცა ტილო ნახევრად გადასწია, კარზე ზარი გაისმა. იაკობმა ბიუსტს თავი გაანება და კარის გასაღებად წავიდა. რომ შემობრუნდა და შეხედა, მოეწონა თავზე დადებული ტილო, დააფიქსირა და დარჩა იმ სახით. კი, ეს შემთხვევით გამოვიდა, მაგრამ არა ისე, როგორც ზემოთ ვახსენე.
"ბაბუაზე რაც მაგონდება..."
- სიცოცხლეში მისთვის ერთადერთი შვილიშვილი ვიყავი და ამიტომ, შესაძლებელია, განებივრებულიც. ჩემთვის იაკობი ჩვეულებრივი ბაბუ იყო, ყურადღებიანი და თბილი, მასზე მხოლოდ კარგი მახსენდება. წლისაც არ ვიყავი, ჩემი პორტრეტი რომ გააკეთა. იმ დროს და მას შემდეგაც, როგორც ყველა ბავშვს, ბევრი რამ გვაკლდა, მაგრამ ჩემთვის სახელოსნოში ყოველთვის იყო ტკბილეულობა. თავად მისი მოყვარული მაინცდამაინც არ გახლდათ. ამბობდა, - ბევრს ნუ დამიდებთ, გემოვნებას აფუჭებსო. სადილის დროს აუცილებლად ერთ-ორ ჭიქა ღვინოს სვამდა და ბოთლი მუდამ მაგიდაზე იდგა. ერთი საოცარი თვისება ჰქონდა, რამეს რომ შეეკითხებოდი, არ ვიციო, არ ამბობდა. თუ პასუხს ვერ გამცემდა, მეტყოდა: მოდი, წიგნში მოვძებნოთ და გავიგებთო. უფრო ხშირად და ხალისით ფრანგულ ენციკლოპედიას იყენებდა, ხელმისაწვდომ ადგილზე იდო.
ცოტა რომ წამოვიზარდე, სახელოსნოში ხშირად მივდიოდი. მახსოვს იმდროინდელი ლამაზი ბაღი, რომლის შუაში ყურძნის ხეივანი იყო, მაგიდა და სკამები იდგა. იაკობს უყვარდა ბაღის მოვლა. როცა ქანდაკებაზე მუშაობდა, რგოლის ბეჭედს არ ატარებდა, ხელს მიმძიმებსო. კიდევ ამბობდა, რომ აუცილებლად სუფთა ხელები სჭირდება მოქანდაკეს. თუ ჭუჭყიანია, მგრძნობელობა იკარგებაო. ერთხელაც, ბაბუა რომ მუშაობდა, მისი თიხა ავიღე და ცოტა დავსრისე, ნაწილი იატაკზე დაიყარა. ძალიან გამიწყრა: ეს თიხა საფრანგეთიდან რომ ჩამოვედი, მაშინ ვიყიდე, მას შემდეგ სულ ვზელ და ხომ ხედავ, ქათქათა თეთრია, თიხა არასოდეს დაყარო იატაკზეო. ალბათ, ეს შეგონება მაშინ ვერ აღვიქვი, მაგრამ მოგვიანებით, სამხატვრო აკადემიაში სწავლის დროს, პირველად ვნახე მუქი, რუხი ფერის თიხა, რომლითაც მოქანდაკეები მუშაობდნენ და გამიკვირდა. სხვათა შორის, იაკობის სტუდენტი მოქანდაკეებისგან ვიცოდი (დეიდაჩემიც მოქანდაკე იყო), ბაბუა როგორ ჩხუბობდა, როდესაც აუდიტორიაში შესვლისას იატაკზე დაყრილ თიხას ან თიხით გასვრილ კარის სახელურს დაინახავდა. ამიტომ სტუდენტები სულ იატაკს დაჰყურებდნენ, იაკობი მოდის და უწესრიგობა არ დავახვედროთო.
ცოტა რამ მშობლების შესახებ...
- ჩემი მშობლები არქიტექტორები იყვნენ. მამაჩემი ვალერიან კედია თავის დარგში საკმაოდ ცნობილი პიროვნება იყო (სახლზე მისი მემორიალური დაფაა. - ავტ.). 57 წლისა მოულოდნელად გარდაიცვალა, მაგრამ თავისი კვალი დატოვა. მას ეკუთვნის ქალაქ ფოთის გენერალური გეგმა, წყალტუბოს განაშენიანების დაგეგმარება, მისი პროექტით აშენდა სანატორიუმი „მეტალურგი“, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეიტანეს. დედა ბოლო წლებში ძეგლთა დაცვაში მუშაობდა, არქივი ებარა. სამსახური ვაკეში ჰქონდა და 90-იანების არეულ დროში ფეხით სიარული ვეღარ შეძლო, ამიტომ მუშაობას თავი დაანება. მეც არქიტექტორი ვარ. თავიდან მამას არ უნდოდა ეს დარგი ამერჩია, მაგრამ მერე უკვე რჩევებსაც მაძლევდა და მეც ვეხმარებოდი მას.
დედა არასოდეს ტრაბახობდა, რომ იაკობის შვილი იყო, მამაჩემსაც ეთაკილებოდა, როცა ამბობდნენ, - სიძეაო. ერთი ფრაზა ვიცი, რომელიც იაკობმა დედაჩემს უთხრა: შენ და შენს ქმარს რატომ გერიდებათ თქვათ, რომ ჩემი შვილები ხართო? სამხატვრო აკადემიაში მამა კათედრაზე რომ მიიწვიეს, ყური მოჰკრა, ვიღაცას ეთქვა, ნიკოლაძემ აკადემიაში სიძე მოიყვანაო. იცით, როგორ ეწყინა? ლამის უარი თქვა სამსახურზე. აი, ასეთი იყო მამა. თვლიდა, რომ პროფესიონალი გახლდათ, თავისი სტატუსი ჰქონდა და არავის რეკომენდაცია არ სჭირდებოდა. თუმცა, მამას და იაკობს არაჩვეულებრივი ურთიერთობა ჰქონდათ, ორივე კარგად თამაშობდა ჭადრაკს, მაგრამ მამაჩემი ყოველთვის უგებდა.
ერთ ძველ ფოტოს გაჩვენებთ, 1967 წელს არის გადაღებული, როდესაც იაკობ ნიკოლაძის საიუბილეო თარიღი ერთი წლის დაგვიანებით აღინიშნა. ფოტოზე არიან: ლევან გოთუა (იაკობის დისშვილიშვილი), ლევანის დები, პატარა გურამი, დედა, დეიდა, მე... ფოტო გადაღებულია მთაწმინდაზე, იაკობის ძეგლთან. ამბობდნენ, რომ ახალგაზრდობაში, დედაჩემი თეონა ძალიან ჰგავდა იაკობს, მე კი ვთვლი, რომ მას საოცრად ჰგავს ჩემი დეიდაშვილი, მოქანდაკე გურამ ნიკოლაძე და რაც წლები ემატება, უფრო მეტად ემსგავსება. ის ბაბუას გარდაცვალების მერე დაიბადა, დღეს იაკობ ნიკოლაძის სახლ-მუზეუმის კურატორია და მის საქმეს აგრძელებს.
ნანული ზოტიკიშვილი