"იმედს მაინც არ ვკარგავთ, რომ ოდესმე ჩვენც დაგვირეკავენ და გვეტყვიან, რომ მამას ნეშტი იპოვეს..." - გზაპრესი

"იმედს მაინც არ ვკარგავთ, რომ ოდესმე ჩვენც დაგვირეკავენ და გვეტყვიან, რომ მამას ნეშტი იპოვეს..."

აფხაზეთის ომს 30 ათასამდე ადამიანი ემსხვერპლა. უგზო-უკვლოდ დაკარგულად 2 ათასზე მეტი ადამიანი გამოცხადდა. წითელი ჯვრის მონაცემებით, ამ დრომდე ნაპოვნია 598 ადამიანის ნეშტი, მათგან იდენტიფიცირებულია 219. მუშაობა გრძელდება, უამრავი ადამიანი ისევ ელოდება თავისი ოჯახის წევრის შესახებ რაიმე ხელმოსაჭიდ ინფორმაციას, რათა, როგორც თავად ამბობენ, "ის მაინც გაიგოს, საფლავი თუ არა, სად არის მათი ოჯახის წევრის ძვალთშესალაგი..."

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მონაცემებით, აფხაზეთის ომში ქართული მხრიდან 28 605 მებრძოლი მონაწილეობდა, დაიღუპა 4 392, უგზო-უკვლოდ დაიკარგა 775; 2 173 მებრძოლი შშმ პირის სტატუსით აგრძელებს ცხოვრებას.

სოხუმის დაცემის შემდეგ აფხაზეთის მოსახლეობის ნაწილი შეეცადა, რეგიონი სვანეთის უღელტეხილის გავლით დაეტოვებინა. დღემდე დაუზუსტებელი მონაცემებით, ჭუბერის გზაზე, რომელსაც ისინი გოლგოთას უწოდებენ, 500-მდე ადამიანი გაიყინა, მათ შორის, ბავშვებიც...

სოხუმელი ანა ლოგუას თქმით, 14 წლის იყო, როცა თავისი თვალით ნახა, როგორ გაუვარდა ხელიდან კლდის პირას მიმავალ, სიცივისგან გათოშილ ქალს მცირეწლოვანი ბავშვი...

murtazi1-1671521609.jpg

ანა ლოგუა:

- 29 წელი ამ მოგონებით ვიცხოვრეთ. მოგონება მახრჩობდა, მაგრამ ღმერთის წყალობით, ოჯახის წევრები არ დამიკარგავს და იმან რა თქვას, ვინც ოჯახის წევრები, ახლობლები და მეგობრები დაკარგა?!. ზოგმა იქვე დამარხა, თოვლში, შიშველი ხელებით, ხის ძირში; სანიშნი ვერაფერი დატოვეს. კაცებმა ხის ტოტებით ამოთხარეს მიწა და ისე მიაბარეს. ზოგმა გზაში გაიგო, რომ იქ დარჩენილი ოჯახის წევრები დაიღუპნენ, დახვრიტეს, დაბომბვაში ან აფეთქებაში მოყვნენ. ძირითადად - მოხუცები, სახლი რომ არ დატოვეს და თავს ვერ უშველეს... ტირილით გულს რომ იჯერებდნენ, მერე ამბობდნენ: ნეტავ, დამმარხავი მაინც ჰყოლოდათ ვინმეო. აღმოჩნდა, რომ ზოგს არ ჰყოლია და რამდენიმე დღის შემდეგ მიუბარებიათ მიწისთვის. მას შემდეგ ოცდაათი წელი გავიდა და იქაც უამრავი დაიღუპა.

ერთი თაობა წავიდა. შემდეგ დაიწყო მიგრაცია, მთიანი რაიონებისა და სოფლების მოსახლეები ბარში ჩამოვიდნენ და ქართველების დაკეტილ სახლებში შესახლდნენ. რამდენიმე წლის წინ, იქაური აფხაზების დახმარებით გადმოვასვენეთ ბიძაჩემი, რომელიც მოხალისე იყო, ქართველებსა და აფხაზებსაც ერთნაირად ეხმარებოდა. ალბათ მეომარი ეგონათ და ესროლეს. თუმცა, ისიც ითქვა, ჩრდილოკავკასიელებმა ტამიშთან დაიჭირეს და მისგან ქართველების შესახებ ინფორმაციის მიღებას ცდილობდნენ. დარწმუნებული ვარ, არაფერი იცოდა. აწამეს. ახლობლებს უნახავთ და სოფელში წამოუყვანიათ. მიღებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა და აფხაზმა მეზობლებმა რამდენიმე დღის შემდეგ იპოვეს. ცოლ-ქმარი ყოფილა, გარისკეს და თავიანთი დაკეტილი სახლის სარდაფში დამარხეს. ოდესმე ოჯახი თუ დაბრუნდება, საგვარეულო საფლავზე გადაასვენებსო. ამასობაში იმ სახლში გუდაუთელი აფხაზები შესახლდნენ და თავიანთ გემოზე მოაწყვეს იქაურობა. რამდენიმე წელში მოულოდნელად გარდაცვლილა ძველი მეზობელი ქალი. მისი ქმარი სიმსივნით იყო დაავადებული. სიკვდილის წინ, "ახალმოსახლეებისთვის" უთქვამს, იმ სახლის სარდაფში მისი ქართველი მეპატრონე მარხიაო... უთქვამთ, ცრუმორწმუნეები არ ვართ, მაგრამ თითქოს ჩვენთან ერთად ვიღაც უჩინარი ცხოვრობდა, სიზმრები გვაგიჟებდა, ჰალუცინაციები დაგვეწყო, ვერც ვამბობდით ვერაფერს, რომ ხალხს გიჟები არ ვგონებოდით, ყველაფრის გაყიდვას ვფიქრობდითო... ამ ამბის გავრცელების შემდეგ ვინ იყიდდა?!. გამოსავალი იპოვეს: დაგვიკავშირდნენ და დახმარებას შეგვპირდნენ. ახლა ჩემი ოჯახი გაგიჟდა. არაფერი ვიცოდით მასზე, მეგობრის სახლში მიდიოდა, მისი მოხუცი მშობლები უნდა გამოეყვანა და კვალი დაიკარგა... მოკლედ, ენგურის ხიდამდე თავიანთი ხარჯებით გადმოასვენეს. ჩვენებმა აქ საგვარეულო საფლავზე დაკრძალეს. არ ვიცი, სახლს რა ბედი ეწია. უკვე აღარც გვაინტერესებს, მიუხედავად იმისა, რომ იმათ უთქვამთ, - იმ სახლში, როდესაც შესაძლებლობა გექნებათ, მაშინ დაბრუნდებით, არაფერს გავაფუჭებთ, თუ არაფერს შევმატებთო... მართალია, წლების შემდეგ, მაგრამ მაინც გაგვიმართლა, რომ ბიძაჩემის გადმოსვენება შევძელით. არაერთი მისი მეგობრისა და თანამებრძოლის ნეშტი ისევ იქ არის.

ნუგზარ გუგავა, აფხაზეთის მკვიდრი:

- გაგრა რომ დაეცა. მამაჩემმა, ისე როგორც სხვებმა, სახლი არ დატოვა... ეგონა, ყველაფერი მალე დასრულდებოდა, ჩვენც დავბრუნდებოდით. ამ პატარა ქალაქში ყველა მიცნობს, ვინ რა უნდა დამიშავოსო?.. რამდენიმე თვე გაატარა იქ. ჯანმრთელობის პრობლემები დაეწყო. რამდენჯერმე გამოგვიგზავნა წერილი, ცდილობდა, არ დავემძიმებინეთ, მაგრამ მამას ხომ ვიცნობდი, სიტყვებს შორის ვკითხულობდი, რა ტანჯვას იტანდა... შემდეგ მასთან კავშირი დავკარგეთ. დღემდე ვეძებთ. უამრავი ვერსია გავრცელდა. მისი საფლავი ვერ ვიპოვეთ. მე და ჩემს დას არაერთხელ აგვიღეს დნმ-ი, ყოველ მომდევნო ჯერზე ყველა უცხო ნომერს გულისფანცქალით ვპასუხობ იმ იმედით, რომ იქნებ რამე სიახლე იყოს, მაგრამ არაფერია... 30 წელი გავიდა. რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა დედაჩემი. დარდად ჩაჰყვა, - მამაშენზე არაფერი ვიცი, თითქოს ცის დასალიერში წავიდა და უკან აღარ დაბრუნდაო. იმედს მაინც არ ვკარგავთ, რომ ოდესმე ჩვენც დაგვირეკავენ და გვეტყვიან, მამათქვენის ნეშტი ვიპოვეთო...

ბადრი ბერულავა, აფხაზეთიდან გადმოსვენებული მეომრის, ბორის ბერულავას ძმა:

- 29 წელი ველოდით. რაც შეეძლოთ, ყველაფერი გააკეთეს, ჩემი ძმა შინ რომ დაბრუნებულიყო. ბორისი აფხაზეთში, გულრიფშის რაიონის სოფელ ვლადიმეროვკაში ცხოვრობდა. რა თქმა უნდა, ომი როგორც კი დაიწყო, იარაღი აიღო ხელში. მაშინ 33 წლის გახლდათ. ერთ წყეულ დღეს მთელი ოჯახი ალყაში მოვხვდით. ტყვიები დაგვიშინეს და სიმინდის ყანაში გავიფანტეთ. ამის შემდეგ ჩემი ძმა აღარ მინახავს... მოგვიანებით გავიგეთ, რომ სოფელ ფშაფში დაღუპულა. ნახევარი წლის შემდეგ ვიპოვეთ საფლავი და ჩვენს სოფელში დავმარხეთ. ადგილი, რა თქმა უნდა, გვახსოვდა. ახლა კი, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დახმარებით, თბილისში გადმოვასვენეთ. თუკი ყველაფერი პირობითია ამქვეყნად, მაინც ბედნიერები ვართ, რადგან მის საფლავზე ასვლა და სანთლის დანთება შეგვიძლია. აქამდე მხოლოდ ვლოცულობდით მასზე...

მეომრები, რომლებმაც ტამიშის ბრძოლა გამოიარეს, ამბობენ, რომ ტამიში აფხაზეთის ომის ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულია თავისი შეცდომებით, სირთულეებით, გმირობის ეპიზოდებითა თუ თავდადების მაგალითებით. 1993 წლის 2-11 ივლისის პერიოდში, მოწინააღმდეგის მოულოდნელად გადმოსხმული 500-კაციანი დესანტის გამო, ტამიშის ბრძოლაში ქართულმა მხარემ 250-მდე მებრძოლი დაკარგა.

ვიცე-პოლკოვნიკი მურთაზ გაბიტაშვილი იხსენებს, რომ მაშინ, სოფელ კინდღში ერთ-ერთი დანაყოფი ებარა. მოულოდნელად შემოვიდა ინფორმაცია, რომ სოფელ ლაბრაში ქართულ დანაყოფს დახმარება სჭირდებოდა და ისინიც დაუფიქრებლად წავიდნენ.

murtazi-1671521587.jpg

მურთაზ გაბიტაშვილი:

- გოჩა ყარყარაშვილის სახელობის ცალკეული სადაზვერვო ასეულის მეთაური ვიყავი. მოქანდაკე ვარ, მაგრამ აფხაზეთის ომი რომ დაიწყო, ყველაფერს თავი დავანებე და წავედი. არის დრო, როდესაც შენი ქვეყნისთვის ყველაფერი უნდა გააკეთო.

...1993 წლის ივლისის დამდეგი იყო. სოფელ ახალ კინდღში კოტეჯებში გვეძინა, ზღვის პირას. დილის 4-5 საათი იქნებოდა, ყვირილი რომ გავიგონე. მეორე სართულზე ვიყავი, ხმა ქვემოდან ამოდიოდა - დავით თევზაძის ხმა იყო. მაშინ ის ჩვენი ბრიგადის მეთაური გახლდათ. სოფელ ლაბრაში დესანტი შემოსულა, ჩვენებს მოუსწრიათ და მალევე შეგვატყობინეს იმავე რაციით. "გატეხილი" ქართულით ვიღაცას გადმოუცია, თქვენი აღსასრულის დღეც დადგაო!.. ადგილზე 25-მდე მებრძოლი მყავდა. საბრძოლო მასალა ავიღეთ და "შავნაბადას" ჯავშანტრანსპორტიორით სოფელ ლაბრისკენ წავედით. უკან "შავნაბადას" მებრძოლებით სავსე სამი "ურალი" გამოგვყვა.

ტამიშის ავტოინსპექციის ტეკს რომ მივუახლოვდით, ორი "ურალი" გამოგვეყო და სოფელ ანუარხუსკენ აუხვიეს, რომელიც მთელ ტამიშს გადმოჰყურებს და იქიდან ლაბრაც ჩანს. სროლის ხმამ და დაბომბვამ იმატა. ჩვენები გაჩერებას მანიშნებდნენ, მაგრამ ჯავშანტრანსპორტიორის ძრავას დიდი ხმა აქვს და კარგად ვერ აღვიქვი, გარშემო რა ხდებოდა, თან ბრძანება მქონდა, ლაბრაში ჩვენებს უნდა დავხმარებოდით. მძღოლს ვუთხარი, რაც უნდა მოხდეს, არ გაჩერდე-მეთქი. მივქროდით და სოფლის ტერიტორიაზე ასევე დიდი სისწრაფით შევვარდით. 22-23 წლის ვიყავი, ყველაფერს პატრიოტული სულისკვეთებით აღვიქვამდი და თითოეულ დასმულ ბრძანებასა თუ ამოცანას დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდებოდი. მტერს იქ მყოფი ჩვენი სხვადასხვა დანაყოფი ალყაში ჰყავდა მოქცეული და ჩვენი ჯავშანტრანსპორტიორისა და "ურალით" სავსე მებრძოლების დანახვამ დააბნია. ჩაცმულობა ლამის ერთნაირი გვქონდა... ლაბრამდე არც ჩვენ ველოდით მტერს. დაახლოებით ერთ კილომეტრამდე გზის გავლისას რამდენჯერმე ყუმბარსატყორცნიდან გვესროლეს, მაგრამ ყველა ჭურვი აგვცდა. საპასუხო ცეცხლი გავუხსენით... იმ მომენტში ცენტრალური გზით გადაადგილების შესაძლებლობაში იმდენად დარწმუნებული ვიყავით, რომ მძღოლს ლიუკი დახურული ჰქონდა და რომ გაეჩერებინა, კონდახი დავუბრახუნე, "ურალმა" კი მოძრაობა გააგრძელა. ჩვენ წინ, 2-3 მეტრში, სამკაციანი ჯგუფი აღმოჩნდა, მაგრამ უცებ ცეცხლი გავუხსენით და გავანეიტრალეთ, იქვე პოზიციები გავამაგრეთ. ჯავშანტრანსპორტიორმა 2-3-ჯერ მოასწრო გასროლა და აგვიფეთქეს... ბრძოლამ 3-4 საათი გასტანა... იქიდან წამოსვლამდე ბრიგადის მეთაურმა მითხრა, დახმარებას არ ელოდო, ბევრი საბრძოლო მასალა წაიღეთო... მოგვიანებით გავიგეთ, რომ მტერი უკვე ზღვიდან იყო შემოსული.

აფხაზებს სამოქალაქო სამოსი ეცვათ, მაგრამ აღკაზმულობა და იარაღი რუსებისგან არ აკლდათ: ჯავშანჟილეტები, ყუმბარსატყორცნები, დიდძალი საბრძოლო მასალა. ასეთ ძალასთან მოულოდნელობის ეფექტმა იმუშავა... როცა ბრძოლა ცოტათი შენელდა, მოვდუნდით, გავთამამდით და ამ დროს სნაიპერმაც თავში დამჭრა. მსუბუქად ვიყავი დაჭრილი და გონება არ დამიკარგავს. ჭრილობის გადასახვევად არც ბინტი გვქონდა და არც სადეზინფექციო ხსნარი. ვიღაცამ ცხვირსახოცი მომცა ჭრილობაზე დასადებად, ვიღაცამ - "ბენდენა". ტკივილგამაყუჩებლის გაკეთება შემომთავაზეს, მაგრამ უარი ვთქვი: მუცელში მძიმედ დაჭრილი ბიჭი ტკივილისგან შოკში იყო, მას გაუკეთეთ-მეთქი.

- უკან დახევა შეუძლებელი იყო?

- უკან დახევა და გამოსვლა არც გვიფიქრია, ვაზნებიც გვითავდებოდა. ქართულ დანაყოფებს ერთმანეთთან რადიოკავშირი არ გვქონდა. ჩვენმა ჯავშანტრანსპორტიორმა რამდენიმე გასროლა მოასწრო, ვიდრე მოწინააღმდეგე ააფეთქებდა... 4 ივლისს ჩვენები შეტევაზე გადავიდნენ, მოგვიანებით მეც ჩავერთე. ბრიგადის მეთაური დავით თევზაძე პირადად მეთაურობდა იმ ბრძოლას. როგორც ყოველთვის, ყველაზე წინ მე და ჩემი ბიჭები აღმოვჩნდით. ჩემ წინ, მარჯვნივ, 6-7 მეტრში, დავით თევზაძე იწვა მიწაზე და ისროდა... ამას ბრძოლას ვერ დაარქმევ - ეს იყო ხორცსაკეპი. ყუმბარსატყორცნის ერთ-ერთი ჭურვი ჩემგან მარჯვნივ აფეთქდა, გარშემო ბუღი იდგა. დავინახე, დათომ თავი ასწია და დავარდა. მთელი სხეულიდან სისხლი სდიოდა, მივვარდი და ხევამდე წვალებით ჩავიყვანე.

...1993 წლის სექტემბერი იდგა. გია ყარყარაშვილს კოდორზე გადავყევით სოხუმამდე. ასე, 200-მდე ვიქნებოდით, მათ შორის 35 ჩემი მებრძოლი იყო. 27 სექტემბერს მთავრობის სახლთან უნდა მივსულიყავით ჩარჩენილი ჩვენიანების საშველად. კინოთეატრ "აფსნის" ვერ გავცდით. შემოსულები იყვნენ და ჩვენ შორის სულ რაღაც 20-30 მეტრი იქნებოდა. "დეშეკას" გვესროდნენ - თვითმფრინავს რომ აგდებს. ყველგან მტერი იყო, უკან არავინ გვედგა და ჩვენი იქ ყოფნაც უეჭველ სიკვდილს ნიშნავდა. ხალხიც შემოგვეცალა, 12 მებრძოლი დამეჭრა. 20-25 კაცით ვერაფერს შევცვლიდით. როგორც ყოველთვის, ბრიგადის მეთაური დავით თევზაძე ამ 20-25 კაცში იყო. ერთი ტანკი გვყავდა, რომელსაც ღამის ხედვის მოწყობილობა არ ჰქონდა, ვაზნებიც გვითავდებოდა. რამდენიმე დღის მშივრები ვიყავით, მაგრამ ბრძოლა მაინც გავაგრძელეთ და დაჭრილებიც სამშვიდობოს გამოვიყვანეთ.

ღამე დათომ მითხრა, - ჯიბეში ხატი მიდევს და თუ რამე მომივა, ეკლესიაში (აღარ მახსოვს, რომელში) მიიტანეო. ვუპასუხე, - შენ ცუდად დაეჩვიე ჩემი ზურგით "სიარულს", შენი ფეხით მიიტან-მეთქი... მაინც მოგვიწია იქაურობის დატოვებამ. ჭუბერზე გადმოვედით ჩვენი იარაღით და 10 დღის მშივრები. ჩვენთან ერთად, ცხონებული ნოდარ ნათაძეც იყო. კოდორის ხეობა გამოვიარეთ. ჭუბერში "ჩოლოყაშვილის პოლკის" ბიჭები დაგვხვდნენ, იმათ დაგვაპურეს და სკოლის ერთი ოთახი დაგვითმეს. ოდესღაც უნდა ითქვას, ვინ და როდის რა გააკეთა...

ლალი პაპასკირი