"ნამდვილად არ მინდა, ჩემი ქვეყნის პრეზიდენტი პატიმრობაში დაიღუპოს!" - გზაპრესი

"ნამდვილად არ მინდა, ჩემი ქვეყნის პრეზიდენტი პატიმრობაში დაიღუპოს!"

"საშოვარს გადაყოლილი, გათითოკაცებული ერი ვართ", - ამ სიტყვებით ახასიათებდა ჭაბუა ამირეჯიბი თავისი ეპოქის საქართველოს... სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, დღესაც ანალოგიურ მდგომარეობაში ვიმყოფებით, 21-ე საუკუნის საქართველო ისეთი არ არის, როგორზეც ყველას გვიოცნებია. როგორია ჟურნალისტის თვალით დანახული 21-ე საუკუნის საქართველო და ქართული მედია? - ამის თაობაზე ტელეწამყვანი ვახო სანაია გვესაუბრება.

- 20 წელია, რაც ამ პროფესიაში ვარ, პირველი კურსიდან ჟურნალისტად ვმუშაობ. ამ 20 წლის განმავლობაში, საქართველოში ბევრი რამ მოხდა, ყველაფერმა ჩემ თვალწინ ჩაიარა და მეც ისევე განვიცდიდი, როგორც ნებისმიერი ქართველი. მომავლის იმედს მაინც არ ვკარგავდი და ახლაც არ ვკარგავ. შეიძლება დღეს მართლაც გათითოკაცებული ერი ვართ, მაგრამ სულ მგონია, საქართველო ამ სიტუაციიდანაც გამარჯვებული გამოვა!

- ვიდრე ჩვენი ქვეყნის სატკივარზე ვისაუბრებთ, თქვენ შესახებ უნდა გკითხოთ: როდის გადაწყვიტეთ, რომ ჟურნალისტი გახდებოდით?

- ბავშვობაში ყველას აქვს რაღაც ოცნება - ზოგი ექიმობაზე ოცნებობს, ზოგს ფეხბურთელობა სურს, ზოგს - პოლიციელობა. მეც ასე ვიყავი, მაგრამ როცა წამოვიზარდე, ბოლო კლასებში უკვე სერიოზულად გადავწყვიტე, რომ ჟურნალისტიკა მაინტერესებდა.

- თქვენი ძმა - გიორგი სანაიაც ცნობილი ჟურნალისტი იყო, ეს გადაწყვეტილება მისი გავლენით ხომ არ მიიღეთ?

- შეიძლება ჩემს ძმას რაღაც გავლენა ჰქონდა, მაგრამ მაშინ იმ ასაკში არ ვიყავი, რომ ჩემს მომავალზე სერიოზულად გვესაუბრა. როცა ის ამ ქვეყნიდან წავიდა, სკოლაში ვსწავლობდი. კარგად ვხედავდი, როგორ უყვარდა თავისი პროფესია და მისგან მხოლოდ მაგალითის აღება შემეძლო. ასეთ სერიოზულ გადაწყვეტილებას ადამიანი ყოველთვის თავად იღებს და ჩემს შემთხვევაშიც ასე მოხდა - ჩემი ძმის ფაქტორი მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ მთავარი მაინც მე ვიყავი. ოჯახს ჩემი არჩევანის მიმართ ცოტა გაორებული დამოკიდებულება ჰქონდა: მხარსაც მიჭერდნენ, მაგრამ კარგად იცოდნენ, რა რისკები ახლავს ამ პროფესიას. ყველაფრის მიუხედავად, ეს გადაწყვეტილება მაინც მივიღე.

262141948-971968153417179-7114187542140052725-n-1671522383.jpg

- 20 წელი ჟურნალისტიკაში ცოტა არ არის. ყველაზე მეტად რა გიზიდავთ ამ პროფესიაში?

- ბევრი რამ... ტელევიზია, ნიუსრუმი, სამონტაჟო სტუდია თანდათან შენი სახლი ხდება და ცხოვრება ამის გარეშე წარმოუდგენელია. ამიტომ, ჟურნალისტიკიდან წამოსვლა და ამ პროფესიასთან საბოლოოდ დამშვიდობება რთულია. ზოგჯერ თავს ანებებენ, სხვა სფეროში გადადიან, მაგრამ მერე მაინც ტელევიზიისკენ მოუწევთ გული. მართალია, ეს დამღლელი და სტრესული სამუშაოა, მაგრამ რას ვიზამთ - ჩვენი პროფესიაა. ჩვენი მაყურებელი ვერც კი გრძნობს, რამხელა შრომა იმალება თუნდაც 3-წუთიანი სიუჟეტის მიღმა, მაგრამ ეს იმდენად "მომწამვლელი" გარემოა, რომ რთულია, პროფესია შეიცვალო. ჩემთვის ტელევიზია ის ადგილია, სადაც თავს ისე ვგრძნობ, როგორც თევზი წყალში. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში ეს რისკიანი პროფესია გახდა: თუნდაც, 5 ივლისი რომ გავიხსენოთ, ესეც საკმარისია რომ საზოგადოება მიხვდეს, რამხელა რისკთან არის დაკავშირებული ჟურნალისტის საქმიანობა. ეს მთელ მსოფლიოში რთული პროფესიაა, მით უმეტეს, საქართველოში.

- როგორი რეაქცია გაქვთ უარყოფით შეფასებაზე ან უსიამოვნო კომენტარზე, რომელსაც თქვენ შესახებ კითხულობთ? ახერხებთ, ეს ყველაფერი აისხლიტოთ?

- უკვე ვთქვი, რომ ლამის ბავშვობიდან ვარ ამ საქმეში და უარყოფითი შეფასებები ჩემზე არანაირ გავლენას არ ახდენს. მით უმეტეს, უკვე შემიძლია გავარჩიო, რის უკან რა დგას. ვიცი, ხელისუფლება დიდ ფულს ხარჯავს, რომ ვიღაცებზე სწორედ ასეთი კომენტარები იწერებოდეს. დღეს მთელი სახელისუფლებო პროპაგანდა მუშაობს იმაზე, რომ კრიტიკულ არხებზე მუდმივი ზეწოლა იყოს. ამიტომაც არის ეს ურთულესი პროფესია: ჟურნალისტმა წონასწორობა უნდა შეინარჩუნოს ყველგან, განურჩევლად იმისა, რესპონდენტები როგორ იქცევიან. მირჩევნია, მე მოვითმინო და რაღაც "გავატარო", ვიდრე სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება შეიზღუდოს, რადგან სიტყვის თავისუფლება ყველაზე მნიშვნელოვანია. არავის აზრი არ უნდა შეიზღუდოს, მაგრამ აუცილებლად უნდა გამოაშკარავდეს, როცა ეს აზრი ტროლ-ბოტებს ეკუთვნით. უნდა ითქვას, ვინ ვინ არის, რადგან ტროლები ამ კომენტარებს იმისთვის წერენ, რომ საზოგადოება დააბნიონ და ხალხი ერთმანეთს დაუპირისპირონ.

- როგორ ფიქრობთ, ე.წ. ტროლ-ბოტების არსებობა ქართული მოვლენაა?

- არა, რა თქმა უნდა! ის, რაც საქართველოში ხდება, პირდაპირ არის გადმოღებული რუსეთიდან. იქ ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პირი - ევგენი პრიგოჟინი ფლობს ტროლ-ბოტების უზარმაზარ "ფაბრიკებს", სადაც უამრავი ადამიანია დასაქმებული. ეს "ფაბრიკები" აშშ-ში ჩატარებულ არჩევნებზეც კი ახდენდა გავლენას: ბევრი ტროლი ჰყავდათ გაგზავნილი, რომ ამერიკელი საზოგადოება დაეყოთ და იქ შუღლი გაეღვივებინათ. ისინი დღესაც ცდილობენ, ყალბი ინფორმაციით საზოგადოება დააბნიონ. ამიტომ ის, რაც ჩვენს თავს ხდება, რუსული მოდელია: პირდაპირი კოპირება გააკეთეს და როგორც პრიგოჟინს ჰყავს რუსეთში უამრავი ტროლი და ბოტი, ზუსტად ასე იქცევა "ქართული ოცნების" ხელისუფლებაც. ეს პრორუსული ჯგუფები კოორდინირებულად მოქმედებენ: რუსეთის მხარდამჭერ პროპაგანდას ეწევიან და მთელ რესურსს პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ იყენებენ.

- თქვენი აზრით, რა არის თანამედროვე ქართული მედიის და ქართველი საზოგადოების მთავარი პრობლემა?

- პრობლემა უამრავია, მაგრამ ამწუთას ქართულ მედიას სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი უდგას: ხელისუფლება თანდათან, ნაბიჯ-ნაბიჯ უქმნის პრობლემებს ყველა სატელევიზიო არხს, რომელიც მის დიქტატს არ ექვემდებარება. მათი მთავარი მიზანი კრიტიკული ტელევიზიების დახურვაა, რომ საქართველოში აღარ დარჩეს განსხვავებული აზრის მქონე არხები. თუ დააკვირდებით, ყველა კრიტიკული არხის მენეჯერის მიმართ საქმეა აღძრული და სერიოზული კამპანია მიმდინარეობს. ყველაფერს აკეთებენ, რომ ეს არხები დახურონ და გააჩუმონ: სამართლებრივად, ფინანსურად - ყველანაირად ზღუდავენ და დარტყმას აყენებენ... დღეს ქართულ მედიას სრულიად არანორმალურ ვითარებაში უწევს მუშაობა და მისი მთავარი პრობლემა - გადარჩენაა! რაც შეეხება ჩვენს საზოგადოებას: მიუხედავად ყველაფრისა, მე მაინც ვერ ვიტყოდი აუგს საზოგადოებაზე, რომლის წევრი თავადაც ვარ. საზოგადოება ყოველთვის ჭრელია, მაგრამ დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე, ქართველმა საზოგადოებამ უამრავი განსაცდელი გამოიარა, ბევრი მარცხიც გვქონდა და წარმატებაც, მაგრამ ბოლოს მაინც სწორ არჩევანს ვაკეთებდით, ამიტომ, ჩვენი საზოგადოება ჯანსაღი და ძლიერია, სხვაგვარად ის ვერ გადარჩებოდა.

- თუმცა, ბევრს მიაჩნია, რომ დღეს ქართველი საზოგადოება დაკნინებული და დაბეჩავებულია...

- ასე არ არის! მიუხედავად პრორუსული პოლიტიკისა, მიუხედავად ასეთი კამპანიისა, ჩვენი საზოგადოების 85 პროცენტი მაინც აცხადებს, რომ დასავლური ღირებულებების ერთგულია, ამიტომ მაქვს იმედი, რომ ის საქართველოს სამშვიდობოზე გაიყვანს. მართალია, ხელისუფლება ცდილობს, ყველა ფენა ერთმანეთს დაუპირისპიროს, მაგრამ გადამწყვეტ დროს ჩვენი საზოგადოება ერთიანდება და ეროვნულ იდეალებს იცავს. ამ ბოლო დროს, "ქართული ოცნების" ყველაზე "თვალსაჩინო" წევრებმა ახალი კამპანია დაიწყეს ჩვენი გმირი ჯარისკაცების წინააღმდეგ, რომლებიც უკრაინაში იბრძვიან. როგორც ჩანს, "ზემოდან" ბრძანება უკვე გაცემულია: ახლა მათი დისკრედიტაცია უნდა მოახერხონ და ფარული ფეიკ-გვერდებიდან ლანძღონ... ასე ცდილობენ, საზოგადოება დაზაფრონ, დაყონ და დააბნიონ, რაც რუსეთიდან პირდაპირ გადმოღებული მეთოდია. დარწმუნებული ვარ, მიზანს ვერ მიაღწევენ. რატომ?.. ალბათ გახსოვთ, უკრაინის მხარდამჭერი აქციები რომ გაიმართა - ხელისუფლება უკრაინას არ გულშემატკივრობდა, მაგრამ საზოგადოების დიდი ნაწილი ქუჩაში გამოვიდა; ევროკავშირის სტატუსის საკითხი რომ დადგა, ხელისუფლებამ თავისი მხარდამჭერებიც ვერ შეაკავა და რუსთაველზე უპრეცედენტო რაოდენობის ხალხი შეიკრიბა. ამიტომ, როგორც უნდა ეცადოს, ხელისუფლება ქართველ ხალხთან მაინც დამარცხდება. ჩვენს ხალხს არჩევანი უკვე გაკეთებული აქვს - მას არ უნდა რუსეთი! იმ ჯარიკაცებს, რომლებიც ჩამოასვენეს, "ქოცი" მეზობლებიც ჰყავთ, "ნაციც" და "შუაშისტიც". მათთვის ეს ხალხი მაინც გმირი იქნება და ხელისუფლების პროპაგანდა ამას ვერ მოერევა, რადგან საზოგადოება ყველაფერს კარგად ხედავს! ხელისუფლების ერთადერთი შანსი ხალხის დაყოფა და გახლეჩაა, მაგრამ არაფერი გამოუვათ, რადგან ჩვენ ერთი ვართ და ბოლოს ყველა ერთიანობის სასარგებლოდ გააკეთებს არჩევანს. "ქოცი" იქნება, "ნაცი" თუ ვინმე სხვა, ყველას სჯერა, რომ საქართველოს ადგილი ევროპაშია. ასე იყო ყოველთვის და მომავალშიც ასე იქნება.

mikheil-saakashvili-w-h-1671522397.jpeg

- ყველაზე სერიოზული თემა, რომლის გამოც საზოგადოება მსჯელობს და კამათობს, მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადება და მისი სამკურნალოდ გაშვებაა. ქვეყანაში არის ხალხი, ვინც მისი მმართველობის დროს დაზარალდა და შურისძიება ამოძრავებს. თქვენ რას ფიქრობთ ამ საკითხზე?

- ჩემს აზრს მოკლედ გაგიზიარებთ: მიშას მმართველობას ჰქონდა როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი მხარეები, მაგრამ ახლა ლაპარაკია სულ სხვა საკითხზე - იმაზე, რომ არ შეიძლება, პატიმარი საავადმყოფოში მოკვდეს. ალბათ გახსოვთ, რომ პატიმრების მდგომარეობა წინა ხელისუფლების ყველაზე დიდი პრობლემა იყო. მაშინაც ვამბობდით, რომ პატიმარი ციხეში არ უნდა დაიღუპოს, ის უნდა გადარჩეს. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, ეს ხელისუფლება ძველ შეცდომებს იმეორებს: ვინმეს კიდევ სჯერა, რომ "ოცნებას" პატიმრები ადარდებს?.. არა მგონია! არ ადარდებს, რადგან ყველა ვხედავთ, რა ცინიკურია ხელისუფლების დამოკიდებულება პატიმრის მიმართ, რომელსაც ჯანმრთელობა შერყეული აქვს. რატომ ხდება ეს?.. იქნებ იმიტომ, რომ პუტინი სააკაშვილს პირდაპირ ეთერში დაჰპირდა, რომ მოკლავდა?! ჩვენი ქვეყნისთვის ყველაზე დამანგრეველი იქნება, თუ რუსეთი ამას ქართველის ხელით ჩაიდენს. ამით ისევ ჩვენი სახელმწიფო დაზიანდება! შეიძლება პოლიტიკური ლიდერი არ გიყვარდეს, შეიძლება მის მიმართ კრიტიკულად იყო განწყობილი, მაგრამ როცა საქმე ქართულ სახელმწიფოს ეხება, შენი სიმპათია და ანტიპათია გვერდზე უნდა გადადო. ბევრი თქვენგანის განწყობას გავიმეორებ, თუ ვიტყვი: მე არ მინდა, რომ მესამე პრეზიდენტი პატიმრობაში დაიღუპოს! ნებისმიერ ადამიანზე ამას ვიტყოდი; დღეს ივანიშვილი რომ იჯდეს ციხეში, ამ სიტყვებს გავიმეორებდი, რადგან ამას საქართველოს ინტერესები მოითხოვს.

- ნუთუ ამას ხელისუფლების მესვეურები ვერ ხვდებიან?

- რასაკვირველია, ხვდებიან, მაგრამ ამას რა აზრი აქვს?! რა უნდა ვთქვათ იმის შემდეგ, რაც პარლამენტის დეპუტატი უკრაინაში დაღუპულ გმირებზე ავს იტყვის?!. მსგავსი რამ საქართველოს კი არა, მსოფლიოს ისტორიაშიც არ მახსოვს. რატომ იქცევა ასე?.. უბრალოდ, ისიც ერთ-ერთი ტროლია და აკეთებს იმას, რასაც დაავალებენ. მათი "მესიჯ-ბოქსი" კარგად არის მოფიქრებული: არავის ეგონოს, რომ ალუდა ღუდუშაურს რაიმე შეეშალა - როგორც კი გაჩნდა თემა, რომლის გამო შეიძლება ქართველები გაერთიანდნენ, იმ წუთშივე ქართველი სამხედროების დისკრედიტაცია დაიწყეს! რატომ?.. ასეთია რუსეთის დაკვეთა. რუსულ არხებს თუ მოუსმენთ, დღე არ გავა, რომ უკრაინაში მებრძოლ ქართველ სამხედროებზე უარყოფითი სიუჟეტი არ გავიდეს.

- დაბოლოს, მიუხედავად ყველაფრისა, მაინც ოპტიმისტურად ხართ განწყობილი?

- დიახ, საქართველო დაუმარცხებელია და ამ სიტუაციიდანაც გამარჯვებული გამოვა - აი, ასეთი, გამოუსწორებელი ოპტიმისტი ვარ.

ხათუნა ჩიგოგიძე