"სამშობლოდან არ გამოვქცეულვარ, როგორც მოღალატე" - გზაპრესი

"სამშობლოდან არ გამოვქცეულვარ, როგორც მოღალატე"

ანა კელაპტრიშვილი-პაპაკანელუს ცხოვრება და საქმიანობა მრავალფეროვნებითაა სავსე. ქალბატონ ანას მიაჩნია, რომ "ვნების სიმძაფრე შენებაშია და არა - აშენებულით ტკბობაში". ამიტომ საქართველოდან საბერძნეთში ჩასული პრობლემებს არ უფრთხის. მის ცხოვრებაში არის დეტალები, რომელთა გამხელაც არ სურდა - მკითხველები მაინც არ დაიჯერებენო, - მაგრამ ძალიან ვთხოვეთ და გვიამბო...

- საქართველოდან საბერძნეთში 1993 წელს გამოვემგზავრე. საერთოდ, ძალიან დამოუკიდებელი და თავისუფალი ადამიანი ვარ. არ მინდოდა, ვინმეზე დამოკიდებული ვყოფილიყავი... საბერძნეთში ბევრ სიძნელეს წავაწყდი. მაშინ ამ ქვეყანაში ქართველი სანთლით საძებარი იყო. საქართველოში საბერძნეთის საელჩო, საკონსულო არ არსებობდა. სალონიკში მოსკოვიდან იუგოსლავიის გავლით გავემგზავრე, იქიდან კი ათენში ჩამოვედი. სამშობლოდან არ გამოვქცეულვარ, როგორც მოღალატე. 1993 წელს, როცა მატარებლით მოვემგზავრებოდი, დღიურს ვწერდი, - ჩემს საქართველოს ბოდიშს ვუხდი, რომ გავიქეცი-მეთქი. თავს მაინც გაქცეულად, მოღალატედ მივიჩნევდი, რადგან ვიცი, მაშინ ჩემს სამშობლოს ძალიან უჭირდა. მართალია, დიდი პოლიტიკური მოღვაწე და მებრძოლი არ ვყოფილვარ, მაგრამ თავს დამნაშავედ ვგრძნობდი: საქართველოს დატოვებით თითქოს ლაჩრულად მოვიქეცი. საკუთარი თავით კმაყოფილი არ ვიყავი...

1669127374861-copy-1672034631.jpg

- საბერძნეთში ცხოვრება, მუშაობა როგორ დაიწყეთ?

- მაშინ ბერძნულად სიტყვაც არ ვიცოდი, ახლა კი უკვე საკუთარ წიგნებს ბერძნულ ენაზე გამოვცემ. მთავარი მონდომებაა... საბერძნეთში ჩამოსვლიდან თვე-ნახევრის განმავლობაში ცხოვრება ძალიან გამიჭირდა. ჩემი უმცროსი ქალიშვილი 14 თვის იყო, როცა დავტოვე. ოჯახის წევრები სასტიკი წინააღმდეგი იყვნენ, რომ საბერძნეთში წამოვსულიყავი. მიაჩნდათ, ისე არ მიჭირდა, რომ ეს გადაწყვეტილება მიმეღო. თავად მინდოდა, შემდგარი ადამიანი ვყოფილიყავი. უმოძრაობა არ მიყვარს. მსურდა, ცხოვრებაში რამისთვის მიმეღწია და თუნდაც, ჩემი პიროვნული შეუმდგარობის პრობლემა სხვისთვის თავს არ მომეხვია. ამიტომ გავრისკე... რა თქმა უნდა, შეგუებული ვიყავი იმას, რომ აქ წითელ ხალიჩას არავინ დამიგებდა. ჩემი განათლება (ისტორიკოსი ვარ) საბერძნეთში ყველასთვის გამოუსადეგარი იყო. ამიტომ არანაირ სამსახურზე არ მითქვამს უარი. ერთია, საკუთარი თავი ფსიქოლოგიურად მოამზადო, მეორე - ფაქტის წინაშე დამდგარი, რეალურად რას იზამ... პირველ ოჯახში სამუშაოდ შევედი: 3 ბავშვს ვუვლიდი, 3-სართულიან ვილას ვალაგებდი. ძალიან ცუდ პირობებში ვიყავი. საკვები, ძილი და მოსვენება არ მქონდა. დისკომფორტს შეეგუები ადამიანი, მაგრამ არაადამიანური მოპყრობის ატანა რთულია. ამას შვილის მონატრება ემატებოდა. უქმე დღის გარეშე ვმუშაობდი, რაც იმას ნიშნავს, რომ ქალაქის ცენტრში ვერ ჩავიდოდი (ქალაქგარეთ ვმუშაობდი) და ტელეფონით ვერ დავრეკავდი, შვილის ხმა რომ გამეგონა. რაკი "ვნების სიმძაფრე შენებაშია და არა - აშენებულით ტკბობაში", საკუთარი თავის გარდა, არავის ვემდუროდი და ვეწუწუნებოდი. ერთადერთი მიზანი დავისახე: ბერძნული ენა მესწავლა, რომ მეუღლე და შვილი საბერძნეთში ჩამომეყვანა. თვე-ნახევრის შემდეგ გადავწყვიტე, ჯოჯოხეთური სამსახური შემეცვალა. ბერძნულად უკვე აბსოლუტურად ყველაფერი მესმოდა და პასუხის გაცემაც შემეძლო. შანსს არ ვუშვებდი, ენა მესწავლა დიალოგებიდან, ტელევიზორიდან... სამსახურიდან წამოსვლისთანავე მეუღლეს დავურეკე და ვუთხარი: 1-2 "კაპიკი" მოვაგროვე, ენა მეტ-ნაკლებად უკვე ვიცი, ამიტომ ჩვენი იზაბელა (შვილი) ჩამოიყვანე და ერთად ვიყოთ, შენც დაგასაქმებ და მეც უკეთეს სამსახურში გადავალ-მეთქი. პასუხი ასეთი იყო: მოდი, შენს თავს მიხედე, შენს მომავალზე იზრუნე; დედაჩემი წინააღმდეგია, რომ მანდ ჩამოვიდეო. რა თქმა უნდა, ცა თავზე ჩამომემხო... რაც არ გვკლავს, გვაძლიერებსო, - ბევრს ეს სიტყვები ბანალურად ეჩვენება, მაგრამ ვერ წარმოიდგენთ, რამხელა სიბრძნეა. მაშინ მეგონა, მოვკვდებოდი, ახლა კი მჯერა, ათენში ჩემზე ძლიერი ადამიანი არ დადის. საკუთარ თავს ვუთხარი, - ყველაფერს გავაკეთებ, რომ მინიმალურ დროში ჩემი შვილი ჩამოვიყვანო და გვერდით მყავდეს-მეთქი. შვილის გარეშე ჩემთვის აზრი არაფერს ექნებოდა. ყველაფერს თავიდან დავიწყებდი, მაგრამ ჩემს ცხოვრებაში ახალი ბედი, ახალი მამაკაცი არ მოიაზრებოდა. ალბათ ბედისწერამ "იმუშავა"...

დასაქმების ოფისში წავედი, ჩემი პრეტენზიის შესახებ ვთქვი, რომ გაუსაძლის პირობებში მიზერულ ხელფასზე ვმუშაობდი და ნორმალური სამსახური ვითხოვე. სანამ სხვა ოჯახში გამგზავნიდნენ, კაფეტერიაში გამამწესეს. ჩემთვის ვიჯექი, კრუასანს და ჩაის მივირთმევდი (ჩემი პირველი დამსაქმებელი ისეთი ძუნწი იყო, ნაყიდი საკვები პროდუქტების ქვითრებს ამოწმებდა, რომ მაცივრიდან რამე არ ამეღო და არ შემეჭამა. ამიტომ მინიმარკეტში, 7 კრუასანს ვყიდულობდი და კვირის განმავლობაში ვიზოგავდი - ყოველდღე თითოს ვჭამდი. თვე-ნახევრის განმავლობაში, ჩემთვის სხვა საჭმელი არ არსებობდა.). ვიღაც მაღალი, სიმპათიური მამაკაცი მომიახლოვდა. შემატყო, რომ უცხოელი ვიყავი. - თუ შეიძლება, გაგესაუბრებით, რა გქვიათ, საიდან ხართო? დელიკატურად ვუთხარი, რომ მისი გაცნობის სურვილი არ მქონდა და კულტურულად დავემშვიდობე. წავიდა... ეს ამბავი ათენის ცენტრში მოხდა... დასაქმების ოფისიდან ათენის ბოლოში გამიშვეს: დამსაქმებელი ახალგაზრდა ქალი გახლდათ, რომელსაც 9 წლის შვილი ჰყავდა. ქალი მთელი დღე სახლიდან გასული იყო - მუშაობდა. ჩემი საქმე სახლის დალაგება, ბავშვის სკოლაში წაყვანა, სადილის მომზადება გახლდათ. ხელფასი 3-ჯერ მეტი მქონდა, ვიდრე წინა სამსახურში. შემოთავაზებას სიხარულით დავთანხმდი, გასაუბრებაზე მივედი და მეორე დღეს, ჩემოდნებით ხელში, სამსახურში გამოვცხადდი. დამსაქმებელთან არაჩვეულებრივი ურთიერთობა ჩამომიყალიბდა... დაახლოებით ერთი კვირის შემდეგ, ბავშვი სკოლაში იყო, დამსაქმებელი - სამსახურში, მე კი შინ ვფუსფუსებდი, როცა კარზე ზარის ხმა გაისმა. გავაღე და ზღურბლთან ის კაცი იდგა, ვინც კაფეტერიაში გამომელაპარაკა. საერთოდ, აგრესიული არა ვარ, მაგრამ ვიფიქრე, პოლიციელი იყო, რომელმაც შეიტყო, რომ ჩემს ვიზას ვადა გაუვიდა, ჩემი მისამართი გაიგო, ახლა ბორკილებს დამადებდა და დეპორტაციას გამიკეთებდა. დაბნეულობისგან კარი მთელი ძალით მივხურე, რომელიც კაცს ცხვირში მოხვდა (იცინის). მიყვიროდა: კარი გამიღეთ, თუ შეიძლებაო! - არა-მეთქი!.. რომ დაიჟინა, ვიფიქრე, თუ არ გავაღებ, უარესი იქნება, ალბათ, სპეცრაზმს მოიყვანს-მეთქი. გადავწყვიტე, გამეღო და ადამიანურად დავლაპარაკებოდი, რომ ჩემთვის დეპორტაცია არ გაეკეთებინა. - აქ რა გინდათ, რატომ მომძებნეთ-მეთქი? - ვკითხე. - აქ თქვენ რა გინდათო? - მე ვმუშაობ. მერე რა, რომ აქ ცხოვრების უფლება არ მაქვს-მეთქი? - მე კიდევ ჩემი დის ოჯახში მოვედიო!.. ჩემთვის ეს მართლა შოკი იყო (იცინის). სახლში მაინც არ შემოვუშვი, არ დავუჯერე. ვუთხარი, - თქვენი და რომ მობრძანდება, თქვენც მერე მობრძანდით-მეთქი და ეს ცხვირდასივებული კაცი გავისტუმრე... საღამოს, შინ დაბრუნებულ ჩემს დამსაქმებელს ყველაფერი ვუამბე. სიცილი აუტყდა. ჩემი უმცროსი ძმა - ვასილი იქნებოდაო... ბევრი რომ არ გავაგრძელო, ვასილი დღეს ჩემი მეუღლე, სული და გული, არაჩვეულებრივი ადამიანია.

1669127374984-copy-1672034650.jpg

- შვილის ჩამოყვანის გამო მეუღლისგან პრობლემა არ შეგქმნიათ?

- არა, პირიქით... ვასილმა მითხრა, - რაკი შვილის ჩამოყვანა ასე ძალიან გინდა, ყველანაირად მხარში ამოგიდგები; ერთად გავზარდოთო. მას ჩემთან შეხვედრამდე ცოლ-შვილი არ ჰყოლია. სხვათა შორის, მითხრა: იზაბელას საკუთარი შვილივით გავზრდიო. თავისი სიტყვა შეასრულა. 1 თვეში ჩემმა დამ შვილი ჩამომიყვანა. მაშინ იზაბელა ჯერ გამართულადაც ვერ დადიოდა. ვასილმა ხელში პირველად რომ აიყვანა, გეფიცებით, გვერდიდან აღარ მოუშორებია. 9 წლის შემდეგ, გოგონა - ელენე შეგვეძინა. მანამდე მეუღლე მეუბნებოდა, - არ მეჩქარება, შვილი უკვე მყავს; როცა მეორე შვილისთვის მზად იქნები, მერე ვიყოლიოთ, ოღონდ - ისე, რომ პირველი არ დაგვეჩაგროსო. სხვათა შორის, იზაბელა და მისი გამზრდელი მამა ერთსა და იმავე დღეს - 12 მარტს არიან დაბადებულები.

- თქვენმა შვილებმა ქართული იციან?

- რა თქმა უნდა. ჩემთვის დიდი ტრაგედია იქნებოდა, ჰომეროსის შემოქმედება ესწავლათ და არ სცოდნოდათ, შოთა რუსთაველი ვინ იყო. საქართველოშიც იყვნენ. ქართული კულტურა უყვართ, ამაყობენ... თამამად ვიტყვი, უფროსი გოგონა საბერძნეთში ვარსკვლავია - მოცეკვავე გახლავთ, ასევე - პილატესის და იოგას ინსტრუქტორიც. სხვადასხვა სტუდიაში ასწავლის, ფესტივალებსა და შეჯიბრებებზე ჟიურის წევრია. ცეკვაში ორგზის მსოფლიოს და ექვსგზის ევროპის ჩემპიონი გახლავთ. ქართულ გვარს შეგნებულად არ იცვლის. ამჟამად, საბერძნეთის წამყვან თეატრში, ნიკოს კაზანძაკისის "ზორბაში" თამაშობს, რომელშიც კასტინგის შედეგად მოხვდა (თავისი ქორეოგრაფიით, კოსტიუმებით). სპექტაკლი ანშლაგით ტარდება. 8000-კაციანი დარბაზი ყოველთვის ხალხითაა გადაჭედილი... უმცროსმა ქალიშვილმა ტურისტული ურთიერთობების ფაკულტეტი დაამთავრა. ამჟამად წარმატებით მუშაობს. ძალიან მონდომებულია, რომ სხვადასხვა ენა შეისწავლოს...

1669127374851-copy-1672034614.jpg

- თქვენს ამჟამინდელ საქმიანობაზე რას გვეტყვით?

- როცა საბერძნეთში უფროსი ქალიშვილის ჩამოყვანის პრობლემა მოვაგვარე და პირადი ცხოვრება თავიდან დავიწყე, გადავწყვიტე, გონებრივი სამუშაოთი დავკავებულიყავი, რაც ჩემთვის ფიზიკურ სამუშაოზე უფრო კომფორტულია. ერთი პერიოდი დასაქმების ოფისი მქონდა. როცა ბერძნული ენა უკეთ შევისწავლე, თარჯიმნად მუშაობა დავიწყე. მერე მთელი 16 წელი საბანკო სისტემაში ვმუშაობდი. ეს ჩემი პროფესია საერთოდ არ ყოფილა, მაგრამ შევისწავლე. "ვესტერნ იუნიონის" ცენტრალურ ოფისში დავსაქმდი, მეც კმაყოფილი ვიყავი და ჩემი დამსაქმებელიც, მაგრამ შემდეგ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პატარა პრობლემები შემექმნა - ფეხზე 5 ოპერაცია გავიკეთე. მუშაობა დროებით შევწყვიტე. ამას პანდემიის პერიოდიც დაერთო... უმოქმედობა არ შემიძლია, ამიტომ გამოსავალი ვიპოვე. ბავშვობიდან ვწერ. გადავწყვიტე, ნაწერებისთვის თავი მომეყარა და პირველი წიგნი - "სევდისფერი მაგნოლია" გამოვუშვი. მასში ლექსები, ნოველები, ჩანახატები და მოთხრობა შევიდა. ქართულად დავწერე. ბერძნულად თავადვე ვთარგმნე. ლექსებსა და ჩანახატებში უმეტესად, ჩემი პირველი ემოციებია გადმოცემული, როცა საქართველო დავტოვე და საბერძნეთში ჩამოვედი... ამავე წიგნში შესული მოთხრობის - "გაზაფხული ემიგრანტის ქუჩაზე" მიხედვით, სპექტაკლის სცენარი დავწერე. პრემიერა შარშან ზაფხულს, ქართული თეატრის - "დიონისე" (რომელსაც თაკო სამხარაძე ხელმძღვანელობს) სცენაზე gaimarTa. დიდი მოწონება ხვდა წილად... მეშვიდე წელია, რაც ქართული თეატრის დასში ვარ. ისეთი აქტივობებით გახლავართ დაკავებული, რაც სულიერ საზრდოს აძლევს ადამიანს. ჩემთვის ერთადერთი ნუგეში ეს არის, რომ არ ვიფიქრო - უკვე სამუდამოდ საბერძნეთში დავრჩი. ვცდილობ, სამშობლოსთან კავშირი არ გავწყვიტო... ცხოვრების ნახევარზე მეტი საბერძნეთში გავატარე, მაგრამ საქართველო მაინც პირველია. ჩემი გული სამშობლოშია... შემდეგ მეორე წიგნი - "იავნანა გისოსებს მიღმა" გამოვუშვი და ბესტსელერი გახდა, დაბეჭდვისთანავე გაიყიდა. ეს ჩემი ერთგვარი შურისძიება იყო კომუნისტების წინააღმდეგ. წიგნში სიყვარულის ერთი სევდიანი ამბავია განხილული, რომელიც ჩერნობილიდან იწყება და თბილისში სრულდება... რომანის წერისას ბევრი ამოუხსნელი, მისტიკური კურიოზი მოხდა... ჩემი ნაწარმოებების 80% სამშობლოსა და ნოსტალგიაზეა, მაგრამ კიდევ ერთი თემა შევარჩიე, რომელიც საზოგადოებას არანაკლებ აწუხებს: "თვალებახელილი თემიდა" ჩემი ყველაზე სკანდალური წიგნია, რომელიც განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის ადამიანების შესახებაა. ამ ნაწარმოების მთავარი მესიჯი ისაა, რომ გამოსავალი ძალისხმევაშია და არა - ძალადობაში... სამომავლო გეგმებს რაც შეეხება, ერთი რამ ზუსტად ვიცი: რაც უნდა ვაკეთო, წერას მაინც არ შევწყვეტ, რადგან კიდევ ბევრი სათქმელი მაქვს. მჯერა, რასაც ვწერ, უბრალოდ, წიგნის ფურცლებზე არ რჩება...

ეთო ყორღანაშვილი