სპექტაკლი ადამიანის ტრანსფორმაციაზე და საშობაო ღამის სასწაული - გზაპრესი

სპექტაკლი ადამიანის ტრანსფორმაციაზე და საშობაო ღამის სასწაული

1843 წლის დეკემბრიდან დღემდე, 179 წელია გასული. ეს ის თარიღია, როცა 31 წლის ინგლისელი მწერალი ჩარლზ დიკენსი გამოსცემს წიგნს, რომლის მთავარი პერსონაჟი მდიდარი ბიზნესმენი ებენიზერ სკრუჯია, მარტოხელა, უხასიათო, ხანში შესული კაცი, რომლის მთავარი საზრუნავი რაც შეიძლება ბევრი ფულის მოხვეჭაა და სხვა არავინ და არაფერი ადარდებს. წლებია ეს წიგნი მთელ მსოფლიოში საბავშვო ლიტერატურის კლასიკად იქცა, გადაღებულია ფილმები, დადგმულია სპექტაკლები და აი, ახლა უკვე „საშობაო სიმღერა“, მიუზიკლის სახით, თბილისის ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრის სცენაზეა. ინსცენირების ავტორი, დამდგმელი რეჟისორი და მუსიკალური გამფორმებელი ლევან გვაზავაა, რომლისთვისაც ეს წარმოდგენა უკვე მეოთხე განხორციელებული პროექტია ამავე თეატრში.

მაშინ, როცა ლონდონში ყველა წინასაშობაო სამზადისშია, ებენიზერ სკრუჯს არ ესმის, თუ რა საჭიროა ეს ყველაფერი და უხეშად იშორებს ყველას, ვინც ქველმოქმედებას სთხოვს, მის სადღესასწაულო ვახშამზე მიპატიჟებას გადაწყვეტს და იმ ერთგულ თანამშრომელსაც სამსახურის გარეშე ტოვებს, რომელიც წლებია სკრუჯის გვერდით მუშაობს, შინ ცოლ-შვილი ელოდება და ბავშვებს შორის, ერთი პატარა ბიჭია - მტკივანი ფეხით. ექიმები ამბობენ, რომ ყველაფერი მოგვარებადია, თუმცა, საამისოდ ბევრი ფულია საჭირო, ძალიან ბევრი. ბობ კრატიჩი ჩვეულებრივი რიგითი მოხელეა, შვილის სამკურნალოდ შესაბამისი თანხა არ აქვს, სკრუჯი კი ქველმოქმედებას არ ეწევა, მეტიც, მას მიაჩნია, რომ ბავშვის გამოსაჯანმრთელებლად გაღებული ყოველი გროში ფუჭია, რადგან ის მაინც სიკვდილისთვისაა განწირული. ბუზღუნ-ბუზღუნით სამსახურიდან შინ დაბრუნებულ სკრუჯს სამი: წარსულის, აწმყოსა და მომავლის სული რიგრიგობით გამოეცხადება. ისინი შეეცდებიან კაცს წარსული გაახსენონ და მასში ადამიანური თვისებები გააცოცხლონ, როგორიც არის: სიყვარული, თანაგრძნობა, ურთიერთპატივისცემა, კეთილგანწყობა და სხვებისთვის სიხარულის მინიჭების უნარი.

2-copy-1672034934.jpg

ლევან გვაზავა:

- დიდი ხანია სურვილი მაქვს, ჩემი საშობაო სიმღერების ქავერები ჩამეწერა, მაგრამ ამას თავი ვერ მოვაბი. სპექტაკლის მეშვეობით კი შანსი გაჩნდა, დიკენსის ჩემი საყვარელი ნაწარმოები „საშობაო სიმღერა“ და ასევე ჩემი საყვარელი საშობაო სიმღერები გამეერთიანებინა. ბროდვეისა და სხვადასხვა ქვეყნის მიუზიკლებს რომ გადავხედე, მაშინ დავფიქრდი, ეპოქალური კოსტიუმებითა და მანერით გამეკეთებინა თანამედროვე არანჟირება და ქორეოგრაფია - ბროდვეისეული მიუზიკლის მანერით. სპექტაკლში პირველად გამოვიყენეთ ჰოლოგრამებიც. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ წარმოდგენაში მონაწილეობენ ბავშვები. შევქმენი გუნდი, რომელთან ერთადაც ხმის ჩამწერ სტუდიაში 3 თვე ვმუშაობდი, ისევე, როგორც ქორეოგრაფთან და თეატრის სცენაზე მოგვიწია რეპეტიციებმა. ისინი კასტინგის შედეგად შეირჩნენ. სპექტაკლში სულ 12 ბავშვია დაკავებული. მიუხედავად იმისა, რომ მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობებს ერთნაირად შეუძლიათ როგორც დრამის თამაში, ისე არაჩვეულებრივად მღერიან (ეს წინა წლებში დადგმულმა მიუზიკლებშიც დამტკიცდა და ამის გამო მე მათ მულტიფუნქციურ მსახიობებს ვეძახი), ჩემთვის მთავარი იყო სცენაზე ბავშვები ყოფილიყვნენ და ჩემი აზრით, ამ ჩანაფიქრმა გაამართლა.

როგორც აღინიშნა, სპექტაკლში პროფესიონალ მსახიობებთან ერთად, ბავშვებისგან დაკომპლექტებული ვოკალურ-ქორეოგრაფიული გუნდიც მონაწილეობს, რაც პატარა მაყურებლისთვის სპექტაკლებს კიდევ უფრო საინტერესოს ხდის. წარმოდგენა დატვირთულია მუსიკალური, ქორეოგრაფიული ნომრებით და ეს მსოფლიოს პოპულარულ სიმღერების მოტივებზე აგებული წარმოდგენა, 16 დეკემბრიდან უკვე თეატრის რეპერტუარშია. თუმცა, დეკემბრის თვეში ყველა ბილეთი უკვე გაყიდულია. დაინტერესებულ მაყურებლებს „საშობაო სიმღერაზე“ დასწრების შესაძლებლობა უკვე 2023 წლის იანვრიდან ექნებათ.

ფოტოების ავტორი: ბექა ცირეკიძე

ანა კალანდაძე