მზეო გოგოჭური ბავშვობაზე, სულიერ საზრდოსა და ვახუშტი კოტეტიშვილზე - გზაპრესი

მზეო გოგოჭური ბავშვობაზე, სულიერ საზრდოსა და ვახუშტი კოტეტიშვილზე

უზომოდ უყვარს პოეზია, მისთვის ლოცვასავით არის. უყვარს ლიტერატურა, მხატვრობა, ვახუშტი კოტეტიშვილის ლექსები და მისი თარგმანები... კიდევ მუსიკა, მოგზაურობა, ახლობელი ადამიანები და რა თქმა უნდა, ისევ და ისევ ვახუშტი... მზეო გოგოჭურს არა მარტო როგორც ბატონი ვახუშტის მეუღლეს, არამედ სხვა საინტერესო და მრავალმხრივი კუთხითაც გაიცნობთ.

სახლში დადგმული სპექტაკლები

- ბავშვობაში უფრო დეკლამატორობა მხიბლავდა, თუმცა თითქმის ყველა წრეზე დავდიოდი. სამსახიობო მოთხოვნილებებიც მქონდა, სახლში ყოველთვის ვდგამდი სპექტაკლებს იმ ნაწარმოებების მიხედვით, რასაც სკოლაში ვსწავლობდით და რომელიმე როლს თავადაც ვასრულებდი. ჩემზე უფროს ბავშვებს ვავალებდი, ვის რა როლი უნდა შეესრულებინა, ბილეთებსაც მე ვარიგებდი. საოცარი თავდავიწყებით ვეძლეოდი ამ საქმეს... მახსოვს, "კაცია-ადამიანს?!" რომ გავდიოდით, გადავწყვიტე, ლუარსაბისა და დარეჯანის დიალოგი - "ჩიხირთმა თუ ბოზბაში" დამედგა. ჩემმა უფროსმა დამ, მაიამ მითხრა: მოთხრობის დეტალები აღარ მახსოვს და ახლა მთელ თავს თავიდან ვერ ვისწავლიო (არადა, ნიჭიერი გოგოა, ფილოლოგი გახდა). ბევრი ვეხვეწე და ვთხოვე, შენს მაგივრადაც მე ვილაპარაკებ, ოღონდ ტახტზე გვერდით დამიწექი-მეთქი და დავითანხმე. უბრალოდ კი არა, სათანადოდ ჩავაცვი, ტანსაცმელში ბალიშები ჩავტენე და წამოვკოტრიალდით. ჩვენი მაყურებელია: დეიდები, დედა, ნათესავები, მეზობელი ქალი, დიდებიც არიან და პატარებიც. ჩემი და ხმას არ იღებს და ორივეს ტექსტს მე ვამბობ განსხვავებული ხმის ტემბრით... მგონია, დამსწრე საზოგადოება ლუარსაბსა და დარეჯანზე იცინის, თურმე ამაზე ეცინებათ, მაიაც სიცილით კვდებოდა...

ერთხელაც, სკოლის ღონისძიებაზე, ზოია კოსმოდემიანსკაიას გმირობის შესახებ ლექსი ისეთი გრძნობით წავიკითხე, ჩვენმა ბიბლიოთეკარმა მარგომ ტირილი დაიწყო. გახარებული ვიყავი, მარგოს ცრემლები ჩემთვის დიდი არგუმენტი გახლდათ და სახლში რომ მივედი, მოვყევი. დედ-მამა პედაგოგები იყვნენ (დედა - ფიზიკოსი, მამა - ფილოლოგი), ოჯახში ყოველთვის ხმამაღლა იკითხებოდა მნიშვნელოვანი ნაწარმოებები. როცა მამა მოსწავლეებს ამეცადინებდა, შვილები (და-ძმა მყავს) გასუსულები ვუსმენდით, ყველაფერი ილექებოდა და მამახსოვრდებოდა. მამა ძალიან მკაცრი იყო, ხანდახან ისეთ რისხვას დაგვაწევდა ხოლმე, მაგრამ ამავე დროს, საოცარი იუმორის გრძნობა ჰქონდა და სიცილიც უყვარდა. როცა რამეს ხსნიდა, ამაღლებული და მეტისმეტად არტისტული ხდებოდა. ჩვენც ამ არტისტიზმის "მსხვერპლი" ვიყავით. ეს იყო ჩემი ბავშვობა...

ახალი წლის რეჟისორები

- ჩვენთვის ახალი წელი - ნაძვის ხე და ზეიმი ბებიასთან (დედის დედა მარიამ თურმანაული) დგებოდა. დეიდები ბებიასთან ცხოვრობდნენ, ისინი აბსოლუტურად განსხვავდებოდნენ დედაჩემისგან, სრული ანტიპოდები იყვნენ. დეიდა ესმა ოჯახის მეციხოვნედ ითვლებოდა, ხოლო ზიზი დეიდა წიგნებმა გაიტაცა; თეატრი, ლიტერატურა, ხელოვნება უყვარდა. დედასთვის ახალი წელი იყო მეათეხარისხოვანი მოვლენა, ნაძვის ხე და სათამაშოები - ეფემერული სამყარო. ის იყო საშინლად გადაგებული ფიზიკაზე... ვიცოდით, რომ ის, რაც არ ხდებოდა ჩვენს ოჯახში, აუცილებლად მოხდებოდა ესმა დეიდასთან - მეოჯახე, ტრადიციების დამცველი და დიასახლისის თვისებებით შემკული ადამიანი აუცილებლად მორთავდა ნაძვის ხეს, სადღესასწაულო სუფრასაც გააწყობდა. მისი შვილი ნათელაც (ჩემი დეიდაშვილი) აცხობდა ნამცხვრებს და კერძებსაც ამზადებდა. მოკლედ, ესმა და ნათელა იყვნენ, ასე ვთქვათ, ახალი წლის რეჟისორებიც და დირიჟორებიც. ყველაზე პატარებს ესმა დეიდა ხელს ჩაგვჭიდებდა და ნაძვის ხეს გარშემო ვუვლიდით, თან გვამღერებდა. მერე სათითაოდ გამოგვაცხადებდა და ლექსების თქმაში ერთმანეთს ვეჯიბრებოდით. სხვათა შორის, მსახიობობასაც არ ვივიწყებდით და მეზობლის ქალებს ვასახიერებდით. ფაქტობრივად, ჩვენთვის პატარა სპექტაკლები იდგმებოდა და ასე გრძელდებოდა წლიდან წლამდე.

ინტერესი რამდენიმე სფეროსადმი

- როცა დედაჩემი რადიოში დიქტორად მუშაობდა, მეც მივყავდი და საბავშვო გადაცემაში გამოაცხადებდა ხოლმე: აი, პატარა მზექალა ზღაპარს წაგიკითხავთო. ზიზი დეიდას ზღაპრების უამრავი ტომი ჰქონდა, რომლებსაც ბავშვობიდან ვეცნობოდი და რადიოეთერში იმ ზღაპრებს ვკითხულობდი. თელავში სამი წლის მანძილზე, კახეთის ზონის ტელევიზიაში "თანამგზავრი" პირველი დიქტორი ვიყავი. ინტერვიუებს ვიღებდი, მაგრამ ეს არ იყო შემოქმედებითი და მაღალკვალიფიციური ჟურნალისტობა. უმეტესად ადმინისტრაციულ პერსონებთან მიწევდა ურთიერთობა და გეგმური მიმოხილვა მიდიოდა რაიონში სხვადასხვა სფეროს მუშაობასთან დაკავშირებით. იყო შემთხვევა, როცა საახალწლო გადაცემა გავაკეთე. მერე თბილისში დიქტორთა კონკურსში ვმონაწილეობდი, გავიმარჯვე და თბილისში გადმოვედი. ტელევიზიაში მუშაობის პარალელურად, თეატრალურ ინსტიტუტში სარეჟისოროზე დავიწყე სწავლა. მაგ პერიოდში ვახუშტი გავიცანი და რამდენიმე თვეში ოჯახი შევქმენით. მას რატომღაც აღარ მოუნდა, დიქტორი ვყოფილიყავი, ჩათვალა, რომ დროს ვკარგავდი.

თეატრალური დავამთავრე და ფილმს ვიღებ მხატვრებზე. ამავე დროს ასპირანტურაში ვსწავლობ და ვმუშაობ დისერტაციაზე. აღმოჩნდა, რომ ერთდროულად ბევრ რამეს შევეჭიდე. ჩემში სურვილები უფრო ჭარბობდა და ყველაფერს თავს ვერ ვართმევდი. თენგიზ მირზაშვილზე ფილმს მოვრჩი და ახლა მინდა გადავიღო ფილმები მონტე კალანდაძესა და ზურა ნიჟარაძეზე. ამასობაში გადავერთე მხატვრობაზე, ვავლენდი რაღაც მონაცემებს...

ვერც ერთ საქმეს ვერ ვთმობდი. ბოლოს ვახუშტიმ გადამიწყვიტა, დამეთმო დისერტაცია. ამბობდა: სადოქტორო დავიცავი, მაგრამ ხომ ხედავ, მაინც პოეტი ვარო. მისთვის უფრო საინტერესო ვიქნებოდი მე - მხატვარი, და არა - დისერტაციაზე მომუშავე. თუმცა, სულ მეუბნებოდა, დაჯექი, დაწერეო. მიაჩნდა, რომ ადამიანს წერა ხარისხების გარეშეც შეეძლო.

2-1672035153.jpg

მხატვრის პროფესია

- ხატვას ვსწავლობდი ცნობილ, აწ გარდაცვლილ მხატვართან, ვახუშტის მეგობართან. ეს ამბავი კი ასე დაიწყო: მე და ოპერატორი, ჩემი მეგობარი, ნიჭიერი და საყვარელი პიროვნება გია-ხოსე ალავიძე (რომელმაც ჩუბჩიკას ფილმი სრულიად უანგაროდ გადაიღო და დღესაც ვალში ვარ მასთან), მივედით ამ მხატვართან. სანამ გია კადრებს იღებდა, მაგიდასთან დავჯექი და ჩემთვის ხატვა დავიწყე. დამავიწყდა, რომ რეჟისორი ვარ, ის ფურცელი მაგიდაზე დამრჩა... დამთავრდა დღე და, საღამოს მხატვარმა დაურეკა ვახუშტის: ვახო, მზეო ხომ არ ხატავს? მაგიდაზე ნახატი ვნახე და ძალიან მაინტერესებს, ვინ დახატა, მაგრამ ვერ დავადგინეო. - რა ხატია-მეთქი? - ვიკითხე და ჩემი მონახაზი აღმოჩნდა. მეგობარმა ვახუშტის უთხრა, რომ მე ხატვა შემიძლია და აუცილებლად უნდა ვხატო. ვახუშტიმაც აიჩემა, გინდა თუ არა, ხატეო...

უკვე 20 წელია ვხატავ და ფაქტობრივად, ეს გახდა ჩემი შემოსავლის წყარო. მოგეხსენებათ ხელოვანის ბედი საქართველოში! პირველი ნამუშევრის გაყიდვა ძალიან მიჭირდა, მაგრამ მერე მივხვდი, რომ ამას სიკეთეც მოაქვს - შენი ნახატი დღის სინათლეს ნახავს. თუმცა, ყოფილი ფილოლოგი ხომ არ არსებობს? პოეტური კრებულების რედაქტორი ვარ. ეს ჩემი სულიერი მოთხოვნილება და ჩემი ცხოვრებაა.

ვახუშტისთან ერთად

- უყვარდა ალერსიანი საუბარი, მოფერებით სახელებსაც მეძახდა. ნამდვილად არ ვიყავი კატის კნუტის ხასიათის, სპორტული, "ხახატუშკა" ვარ, მაგრამ მან "ფისო" დამარქვა. ჩვენ უზარმაზარ სახლში ვცხოვრობდით და ხალხმრავლობა გვიხაროდა, თვით სივრცე ითხოვდა ბევრ ადამიანს. გარშემო შემოვიკრიბეთ ჩემი და ვახუშტის მეგობრები, ახლობლები, ყოველთვის ერთად ვზეიმობდით დღესასწაულებს. ვახუშტისთან ერთად ახალი წელი და ყველა დღესასწაული ფანტასტიკური იყო. მე ნაძვის ხე და სათამაშოები დიდად არ მაინტერესებს... ერთხელ დადგა ახალი წელი და გამახსენდა, რომ ნაძვის ხე არა მაქვს, სამაგიეროდ, მაქვს მანქანის ბრელოკი - პატარა ვერცხლისფერ კოლოფზე იჯდა თოვლის პაპა. ავტომანქანიდან ავიღე ეს ბრელოკი და ოთახში კედელზე დავკიდე. ახლა, მისალოცი ბარათი მინდა... ბრელოკთან ახლოს მივამაგრე წარწერა "გილოცავთ ახალ წელს", რომელიც დამხვდა ქაღალდის პარკში, როცა იმ საღამოს პური ვიყიდე მარკეტში. მოვიდნენ გოგოები და მეკითხებიან: ნაძვის ხე სად გიდგასო? მივიყვანე თოვლის პაპასთან... შემდეგი შეკითხვა იყო: ეს წარწერა შენ გააკეთეო? გაირკვა, რომ ერთ-ერთმა იცოდა პურის პარკში ჩადებული ბარათის შესახებ და გაბრაზებულმა გამთქვა. დიდი მხიარულება გვქონდა.

3-1672035140.jpg

ვახუშტის გარეშე

- დამესიზმრა, რომ ვახუშტი ახალ თარგმანებს მიკითხავდა, ფანტასტიკური ლექსები იყო, მაგრამ ვერ დავიმახსოვრე. ღმერთო, გამაგებინე, რა ხდება? როგორ მიზიდავს ეს მოვლენები! უცნობი, მხოლოდ სიზმარში არსებული ლექსები წამიკითხა და მითხრა: ესენი ფრანგულიდან ვთარგმნეო... ვახუშტიმ ფრანგული არ იცოდა. აღფრთოვანებული ვუსმენდი, სიზმარში პარალელური ცხოვრება მიდიოდა. ჩემს დაქალს დაესიზმრა, ლექსი მზეოს მივუძღვენიო და ვახუშტიმ წაუკითხა, დაქალმა მხოლოდ ნაწილი გამოიტანა. ერთსტროფიანი ლექსი, რომელიც არ არსებობდა, ჩემს ყოფილ რძალს დაესიზმრა. შუაღამისას გამაღვიძა აღელვებულმა ნათიამ და მომიყვა სიზმარი: ამწუთას ვახუშტიმ ლექსი დაწერა ხელსახოცზე, მერე რამდენჯერმე გადაკეცა და მომცაო. ცხადშიც ასე იცოდა, მაგიდიდან "სალფეტკს" აიღებდა, სახელდახელოდ ლექსს დაწერდა, ეს გამოწვევა იყო და იტყოდა: აჰა, ეს მაგას (ანუ მე) მიეციო! ჰოდა, ნათიამ ვითომ იქვე წაიკითხა და აფორიაქებულს გაეღვიძა. საბედნიეროდ სიტყვები ახსოვდა.

ბოლო დროს ვახუშტის ირანული პოეზია, განსაკუთრებით ჰაფეზი ამოვიჩემე. ეს არის ძალიან, ძალიან, საშინლად ვახუშტი... "შენ ცისკარი ხარ, მე მიმქრალი სანთლის მუდარა,/ მაგრამ განთიადს სანთლისაგან არა უნდა-რა./ სული მხდება და მებინდება სიცოცხლის დღენი,/ შენმა ღიმილმა ჩემს სულს ვეღარ გამოუდარა./ სამარეს ია ამიყვავებს, რადგან ამ გულმა/ ზედ დაჭდეული ზილფის დაღი იას უდარა./ ჰაფეზ, შენს საფლავს სატრფომ სიოდ რომ ჩაუქროლოს,/ შემოგეხევა ვნებისაგან ტანზე სუდარა."

ნანული ზოტიკიშვილი