ნაძვის ხესთან "დასახლებული" სხვადასხვა პროფესიის გნომები - გზაპრესი

ნაძვის ხესთან "დასახლებული" სხვადასხვა პროფესიის გნომები

მითები მომცრო ტანის კაცუნებზე მრავლად გვხვდება ევროპულ მითოლოგიაში. ფოლკლორი მდიდარია ამბებით: ჯუჯებზე, გნომებზე, ქონდრისკაცებზე და ა.შ. ეს გამოგონილი არსებები სხვადასხვა პროფესიის მიმდევრები არიან, ახასიათებთ განსაკუთრებული შრომისმოყვარეობა და ზოგჯერ მაგიურ ძალებსაც ფლობენ. ცხოვრობენ კენტად ან ერთად, გამოგონილ სამყაროში, ტყეში, გამოქვაბულებსა და ხალხისგან მიუდგომელ ადგილებში. წინასაახალწლო პერიოდში კი თავს "ერთად იყრიან", ერთ ჭერქვეშ და სანამ ახალ გარემოში გადაინაცვლებენ, მათზე მაკო ქემერტელიძე - ხელნაკეთი გნომების ავტორი ზრუნავს.

- ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტი დავამთავრე, მაგრამ პროფესიით არ მიმუშავია. უმაღლესი სასწავლებელი ჯერ დამთავრებული არ მქონდა, როცა დავოჯახდი, გაჩნდნენ ბავშვები და დრო მათ გაზრდა-აღზრდას დავუთმე. ორი ბიჭი მყავს - 9 და 6 წლის. წარმოშობით იმერეთიდან, კერძოდ საჩხერიდან ვარ, მაგრამ წლებია, ოჯახი თბილისში ვცხოვრობთ. ბავშვობიდან მიყვარდა თოჯინებისთვის ტანსაცმლის მორგება, მათ ათასნაირ კაბას ვუკერავდი და ალბათ იმ დროიდან მომყვება კერვისა და ქსოვის სიყვარული. სკოლისა და უნივერსიტეტის პერიოდში ეს საქმე მივიწყებული მქონდა, მაგრამ ხელნაკეთ ნივთებზე მუშაობა 3 წლის წინ, პანდემიის პერიოდში დავიწყე. ერთხელ ინტერნეტში გნომის ფოტო ვნახე, ძალიან მომეწონა ეს უცნაური და საყვარელი პერსონაჟი. ვცადე და გავაკეთე. ფიგურამ შინაურებში დიდი მოწონება დაიმსახურა და მირჩიეს, ფოტო ინტერნეტში დამედო. იქაც იგივე რეაქციები რომ მოჰყვა, გნომების კეთება დავიწყე, ასევე სახლების, ნაძვის ხის სათამაშოების და სხვა საახალწლო აქსესუარების, მაგრამ ვინაიდან მარტო ვმუშაობ და ძირითადი ინტერესი მაინც გნომებზეა, ვაკეთებ იმას, რაც ხალხს მოსწონს. გამოფენებში მონაწილეობას მთავაზობენ, მაგრამ ამას ვერ ვახერხებ. სამომავლოდ მაღაზიას თუ გავხსნი, დამხმარედ რამდენიმე გოგონას ავიყვან, სარეალიზაციოდ უფრო მეტ ნივთს შევქმნით და მერე ეს უკვე შესაძლებელი იქნება, ამ ეტაპზე კი რთულია. თან, გნომებზე მოთხოვნილება ძირითადად, წინასაახალწლო პერიოდშია და უფრო სეზონური სამუშაოა, ამიტომ მინდა სხვა ფიგურებისა და დეკორაციების შექმნაც, რომელზე დაინტერესებაც წლის ყველა სეზონზე იქნება.

4-1672035329.jpg

- გეთანხმებით, თუმცა 5 წელია, მეც "მყავს" ერთი გნომი, რომელიც სულ დგას ოთახში. ის ჩემთვის მხოლოდ ახალ წელთან არ ასოცირდება და შეიძლება, სხვაც ასევე ფიქრობდეს...

- დიახ, ბევრს თქვენსავით ინტერიერში უდევს როგორც თოჯინა და მნიშვნელობას არ ანიჭებენ, წელიწადის რომელი დროა. სამომავლოდ ფიგურებს თუ დავამატებ, ალბათ უფრო საბავშვო სათამაშოებზე გავაკეთებ აქცენტს. სხვათა შორის, მომხმარებლების სურვილია და ხშირად მირჩევენ, გნომებს სახის ნაკვთები შევძინო: თვალები, ცხვირი, ტუჩები...

- სხვადასხვა ზომის გნომები "გყავთ", სამოსიც სხვადასხვაგვარი აქვთ. ყველაზე დიდი დაინტერესება რომლებზეა?

- ზოგს ნაძვის ხესთან დასადგმელად მოსწონს წითელ, თეთრსა და მწვანე ფერებში შექმნილი გნომი. აქტუალურია ის ფიგურებიც, რომელზეც ბუნებრივ მასალებს ვუმატებ, ანუ როცა გნომი ქვაზე ან ხის მორზეა ჩამომჯდარი. წელს მრავალფეროვნებისთვის სახასიათო ტიპაჟები შევქმენი: მეთევზე, მეპურე, მზარეული, მხატვარი, ექიმი, ანიმაციური ფილმების გმირები. ყველაზე მაღალი 1.20 სმ-იანი თოვლის კაცი გამიკეთებია, ყველაზე დაბალი გნომი ჩამომჯდარ მდგომარეობაში დაახლოებით 30 სანტიმეტრი ყოფილა. საკმაოდ მრავალფეროვანი არჩევანია, შესაბამისად მოთხოვნაც სხვადასხვაგვარია. მიხარია, რომ ამ სამი წლის განმავლობაში არც ერთი უკმაყოფილო მომხმარებელი არ მყოლია და იმედი მაქვს, მომავალშიც ასე გაგრძელდება.

ანა კალანდაძე