"დაბრმავებული" ქმრები და "სადისტი" ცოლები - გზაპრესი

"დაბრმავებული" ქმრები და "სადისტი" ცოლები

ფიქრობენ, რომ "ნამდვილ კაცს" ცოლი შიშით, კრძალვით უნდა ექცეოდეს, ძაღლივით ერთგული უნდა იყოს; რაც მთავარია, არცთუ ისე იშვიათად მიზანსაც აღწევენ: ქალები დამცირებას მორჩილად იტანენ, რადგანაც ამა თუ იმ მიზეზის გამო, ოჯახის დანგრევა არ სურთ. მაგრამ არსებობენ ისეთი ქალებიც, რომლებიც ძლიერი სქესის წარმომადგენლებს არ ემორჩილებიან, უფრო მეტიც - მამაკაცებზე თავად ძალადობენ; თუ რა ფორმით, ამაზე ჩემი რესპონდენტების გულახდილი ინტერვიუდან შეიტყობთ.

ნია, 19 წლის:

"მინდა, ჩემი მეზობლების შესახებ გიამბოთ. მათ ოჯახში ნამდვილი ჯოჯოხეთი ტრიალებს. ცოლს ქმარი ისე ჰყავს "დაჩმორებული", რომ მისი საცოდაობით ვიწვით. ეს კაცი თან მუშაობს და ნორმალური შემოსავალიც აქვს, თან - ვალდებულია, შინ მისულმა სადილი მოამზადოს, სარეცხი გარეცხოს და შვილებს გაკვეთილების მომზადებაშიც მიეხმაროს; ცოლი კი ამასობაში, სილამაზის სალონებს სტუმრობს, შოპინგზე დადის და შინ დატვირთული ბრუნდება. მართალია, ხშირად ქმრისთვისაც ყიდულობს სამოსს, სიურპრიზებსაც უმზადებს, მაგრამ საამისოდ ფულს, ცხადია, ქმარი აძლევს. მათზე ბევრი ჭორი დადის: ზოგი ამბობს, ის ქალი ქმარს ჯადოს უკეთებს და ასე იმორჩილებსო, სხვები კიდევ, - კაცს რაღაც ისეთი საიდუმლო აქვს, რომლის დაფარვისთვისაც ცოლს დიდ პატივს სცემს, ყველაფრის უფლებას აძლევსო. ცხადია, მათი ცხოვრების დეტალები ყოველთვის მაინტერესებდა და ვცდილობდი, სიმართლე გამეგო, მაგრამ... ვინაიდან საკუთარი ძალებით ვერაფერს გავხდი, ამას წინათ უბანში ყველაზე ჭორიკანა ქალბატონს მივაკითხე და ვთხოვე, ამ ოჯახის შესახებ რაიმე მოეყოლა. აი, რა მითხრა თამრო ბიცოლამ:

- ზაზამ ნაირა რომ შეირთო, მაშინ შენხელა - სულ რაღაც 21 წლის ვიყავი. მართალია, ზაზას ბინა ჰქონდა, მაგრამ სხვა არაფერი გააჩნდა, სახლში მხოლოდ ერთი "კრაოტი" ედგა, კიდევ - 2 სკამი და მაგიდა. მიუხედავად ამისა, ფულიანი მამიკოს შვილი ცოლად მაინც გაჰყვა. მაშინ ზაზასი ყველა ბიჭს შურდა და ამბობდნენ, - ნეტავ, ამ საცოდავმა ბიჭმა ასეთ ქალს თვალი როგორ დაუბრმავა? რამ გადარია, ცოლად რომ მიჰყვება? უპატრონო მაინც იყოს, თავშესაფრის გამო რომ მისთხოვებოდაო; ზოგიც ოხრავდა, - რა შესძლებია სიყვარულს! ნეტავ, ასე ძალიან მეც შევუყვარდებოდე ვინმესო. მოკლედ, შეიქმნა ოჯახი და აივსო ზაზას სახლი ცოლის მზითვით. მალე სიძეკაცს სიმამრმა მუშაობა დააწყებინა, კაცად აქცია და სწორედ ამის შემდეგ დაიწყო ზაზას უბედურება. ნაირამ, რომელიც ამასობაში დაფეხმძიმდა, ქმარი შინამოსამსახურედ აქცია, კაცს ამოსუნთქვის საშუალებას არ აძლევდა, სამსახურიდან მოსულს საოჯახო საქმეების კეთებას ავალებდა, თავად კი ფეხმძიმობას იმიზეზებდა და თეფშსაც არ რეცხავდა... ბავშვი რომ გაჩნდა, ახლა ჩვილის მოვლა-პატრონობაც ქმარს დაავალა, თავად კი მხოლოდ ძუძუს აწოვებდა. რაღაც პერიოდის შემდეგ, ზაზას ცოლის ავი ზნე ყელში ამოუვიდა და სცადა, მეორე ნახევრისთვის თავისი ადგილი მიეჩინა: შინ მთვრალი მივიდა, ყველაფრის გაკეთებაზე უარი თქვა, ცოლს საჭმლის მომზადება უბრძანა; მაგრამ როცა უთხრეს, - კეთილი ინებე და კერძი თავად მოამზადეო, - ადგა და ჭურჭელი დაამტვრია, ცოლს ლანძღვა-გინება დაუწყო, რაც ცხადია, უკვე თავს გასულმა მისმა ცოლმა ვერ აიტანა, მშობლებს დაურეკა და მოახსენა, თუ როგორი უზნეო ქმარი ჰყავდა. ზაზას სიდედრ-სიმამრი სასწრაფოდ მოცვივდა და სიძეს ისეთი დღე დააწიეს, რომ მას შემდეგ ის ნასვამი აღარავის უნახავს. არ ვიცი, ამ კაცს რით აშინებენ, ასე როგორ ჰყავთ გამოჭერილი, მაგრამ მგონია, რომ ჯადო გაუკეთეს... თან, ხალხი იმასაც ამბობს, ბოლო დროს ნაირამ საყვარელი გაიჩინაო - ზაზას თანამშრომელი, ზეზვა, რომელიც მართლაც უნაკლო გარეგნობის კაცია. ეს ზაზასაც სცოდნია, მაგრამ თვალს ხუჭავს, რადგან ოჯახის დანგრევა არ უნდა: ჯერ ერთი იმიტომ, რომ ჯადო "იჭერს" და მეორეც - ნაირას მშობლების ეშინიაო... ისე, ცოდვა გამხელილი ჯობს და ზუსტად ვიცი, რომ ამ კაცს ვირის ტვინი აქვს ნაჭამი, მაგრამ ეს საიდუმლო არავის უთხრა...

- იქნებ, ეს ყველაფერი ჭორია?

- არსად გაამხილო, ამას რომ გეუბნები, მაგრამ ის ქალი, ვინც ნაირას ქმრის მორჯულებაში ეხმარება, ჩემი ბიძაშვილია. თუ გინდა, მასთან შენც მიგიყვან; თუ საყვარელი ადამიანის ფოტოსურათს მიუტან, ის კაცი მთელი ცხოვრება შენი ყმა იქნება, - მითხრა ჩურჩულით თამრომ.

- თუ ასეთი მაგარი ვინმეა, შენ რატომ ვერავინ მოგათვინიერებინა?

- ჯერ ისეთი კაცი არ დაბადებულა, რომლის გამოც მსგავს რამეს ვიკადრებ: ეს დიდი ცოდვაა, მე კი მორწმუნე ვარ, - აი, ეს სიტყვები მითხრა ქალმა, რომელსაც უბანში გაულანძღავი არავინ დაუტოვებია. ამით იმის თქმა მინდა, რომ არ მჯერა, ნაირამ ზაზა მართლა რომ მოაჯადოვა, მაგრამ ჩემი მეზობლების ამბავი მართლა მაკვირვებს.

იმ ყველაფერთან ერთად, რაც უკვე გიამბეთ, კიდევ იცით, რა მაოცებს? როგორ შეუძლია თითისტოლა, ტანმორჩილ ქალს ახმახი კაცის ცემა?! ბევრჯერ მინახავს, როგორ იწევს ნაირა ქმრის საცემრად. ჰო, როცა საქეიფოდ მიდიან, ცოლი სვამს, კაცს კი 3 ჭიქა ღვინოზე მეტის დალევის უფლება არა აქვს; ოჯახი ჰყავს მისახედი და რა ქნას?!. ნეტავ, სინამდვილეში ასე რამ გამოაშტერა?! არა, რა, ასეთი კაცების არ მესმის და ნამდვილად არ მინდა, ზაზასნაირი "ჩმორი" ქმარი მყავდეს".

ბერდია, 54 წლის:

"ყოველთვის კაცური კაცის სახელი მქონდა, მაგრამ მას მერე, რაც ცოლი ტილივით თავზე ამახოხდა, მეგობრების დაცინვის ობიექტად ვიქეცი. მართალია, უკვე ცოლს გაშორებული ვარ, მაგრამ მათი ყბიდან მაინც ვერ ამოვედი... იზო რომ გავიცანი, 18 წლის გახლდით, ის კი 16-ის იყო. სიფრიფანა, ნაზმა არსებამ დანახვისთანავე მომხიბლა და მას მერე თითქმის ყოველდღე, სატრფოს სანახავად მეზობელ სოფელში დავდიოდი. ბოლოს იმდენი ვქენი, რომ თავი შევაყვარე, მაგრამ მისი მშობლები გვარს, ოჯახს მიწუნებდნენ და ამბობდნენ, - ჩვენი ქალიშვილი სულ მცირე, თავადური გვარის მქონეს უნდა მივათხოვოთ, ეს გლახაკი კი გლეხადაც არ ივარგებს და ჩვენს შვილს ქმრობას როგორ გაუწევსო?! მათზე გაბრაზებულმა, ჟინი გამოვიჩინე, ჯერ უნივერსიტეტში ჩავაბარე, მერე კი იზო მოვიტაცე და ცოლად დავისვი. მართალია, მისმა მშობლებმა მილიციაც მომისიეს და მთელი სანათესავოც, მაგრამ ქალი არ დავთმე, თან - არც იზომ მოინდომა ჩემგან წასვლა და სიდედრ-სიმამრიც ბედს შეეგუა. თუმცა დამემუქრნენ: თუ ჩვენს ქალიშვილს დედოფალივით არ აცხოვრებ, რაიმეს მოაკლებ, იცოდე, საქმე ჩვენთან გექნებაო. მათი მუქარა ერთ ყურში შევუშვი და მეორიდან გამოვუშვი, მაგრამ იზო ისე მიყვარდა, რომ მას მართლაც, ხელისგულზე ვატარებდი; მთელი დღე ვიშიმშილებდი, ოღონდ მას არ მოჰკლებოდა რამე. უნივერსიტეტში სწავლის პარალელურად, ვმუშაობდი კიდეც. მაშინ ცხოვრება არ ჭირდა და საკუთარ ოჯახს თავად ვარჩენდი. ვინაიდან ცოლი მალევე არ დაფეხმძიმდა, მასაც მივეცი საშუალება, ესწავლა. ნიჭიერ გოგოს სამედიცინოზე ჩაბარება არ გასჭირვებია. ჰოდა, თავშიც აუვარდა: აქაოდა, მომავალი ექიმი ვარ, ყველამ პატივი მეცითო, ჩემს მშობლებს უკვე ზემოდან დაჰყურებდა, მეც ქედმაღლურად მექცეოდა, მაგრამ ამას მაშინ ვერც ვამჩნევდი, უფრო სწორად - ამ დასამიწებელ თვალებს ვხუჭავდი, არ მინდოდა, მასში რაიმე ისეთი დამენახა, რაც გულს ამიცრუებდა. სამწუხაროდ, მალე მომიხდა თვალების ფართოდ გახელა... იზომ იმდენი ქნა, რომ სოფელში სახლ-კარი გაგვაყიდვინა და საცხოვრებლად თბილისში გადმოვბარგდით. მართალია, ჩემს მშობლებს საკუთარი შრომით შეძენილი ქონების გაყიდვა ეძნელებოდათ, მაგრამ დედისერთა ბიჭის სურვილს წინ ვერ აღუდგნენ...

მალე იზოსა და დედაჩემს შორის ურთიერთობა საშინლად დაიძაბა. დედა მირჩევდა: ცოლს ხელი კარგად მოჰკიდე, თორემ იცოდე, ეგ ჩიტი გაგიფრინდებაო. დედაზე ვბრაზობდი, - რა ეჭვიანი გახდა-მეთქი და იზოს სრულ თავისუფლებას ვაძლევდი. როცა რძალ-დედამთილის ჩხუბი ყელში ამომივიდა, გადავწყვიტე, ცოლთან ერთად, საცხოვრებლად ცალკე გადავსულიყავი და ასეც მოვიქეცი. ბინა ვიქირავეთ. თავიდან იზო საოჯახო საქმეებს ხალისით აკეთებდა, მაგრამ მერე სიზარმაცის სენი შეეყარა და შინ დაბრუნებულს ხშირად ქვეშაგებიც კი აულაგებელი მხვდებოდა. მართალია, მასზე ვბრაზობდი, მაგრამ საყვედურის თქმას ვერ ვბედავდი - ის ხომ ჩემი ქალღმერთი იყო და მეგონა, წიგნების გადამკიდეს, საოჯახო საქმეების მოსაგვარებლად დრო არ რჩებოდა. ჰოდა, შინ დაბრუნებული, არა მარტო სახლს ვალაგებდი, არამედ კერძებსაც ვამზადებდი, ის კი უკვე გაშლილ სუფრას მართლაც დედოფალივით მიუჯდებოდა ხოლმე და თან, ნახელავს მიწუნებდა. თურმე მაშინ რა იდიოტი ვიყავი!..

ერთ დღეს, შინ დაბრუნებულს ასეთი შინაარსის წერილი დამხვდა: ჩემზე ნუ ინერვიულებ, კურსელებთან ერთად საქეიფოდ მივდივარ და დამაგვიანდებაო. გავბრაზდი, მაგრამ ცხადია, ღამის 2 საათზე შინ მობრძანებული ცოლისთვის ზედმეტი არაფერი მითქვამს. უფრო მეტიც - ყურმოჭრილი მონასავით მივეგებე და, - ნასვამი ხომ არ ხარ, რაიმე ხომ არ გესიამოვნება-მეთქი? - ვკითხე. - შენს მჟავე სახეს თუ არ დამანახვებ, ბედნიერი ვიქნებიო. ვიფიქრე, ალბათ, ზომაზე მეტი დალია-მეთქი და პასუხი არ დავუბრუნე, ტანთ გავხადე და ლოგინი გავუშალე. მეორე დღეს მხოლოდ ის ვკითხე, - როგორი დრო ატარე-მეთქი? მიპასუხა: ისეთი, როგორსაც დედოფლები იმსახურებენ, მაგრამ შენ დროს ტარების რა გაგეგებაო?!. იმ დღის შემდეგ ხშირ-ხშირად მიდიოდა "საქეიფოდ". თავიდან მაგიდაზე წერილს მაინც მიტოვებდა, მერე კი ამის ღირსადაც აღარ მხდიდა, მასხრად მიგდებდა. როცა მოთმინების ფიალა ამევსო და ვუთხარი, - იქნებ, რაიმედ ჩამაგდო და ის მაინც გამაგებინო ხოლმე, ვისთან ერთად და სად მიდიხარ-მეთქი, - მიპასუხა: ახლა გამოფხიზლდი? ჩემო კარგო, უკვე გვიანია, რქები გადგას და ვერ ხედავო. იმდენად სულელი ვიყავი, რომ ვერ მივხვდი, რა რქებზე იყო ლაპარაკი და ვთხოვე, - იქნებ, აწი მაინც მოხვიდე აზრზე: როცა სადმე წახვალ, გამაფრთხილე-მეთქი! დამცინავად შემომხედა, მერე ჯიბიდან სიგარეტი ამოიღო და გააბოლა. ხელებში ვეცი, - რას აკეთებ-მეთქი?! - იმას, რასაც ახლა ბევრი გოგო აკეთებს, მაგრამ შენ დროს ჩამორჩი, საკუთარი ცხვირის იქით ვეღარაფერს ხედავო. - ეგ შენი ჯანმრთელობისთვის მავნეა, ბოლოს და ბოლოს, მომავალი დედა ხარ-მეთქი. - ექიმს რას მასწავლი, რაა ჩემთვის სასარგებლო და რა - არა? შენ ჯობია, სამსახურში წახვიდე და შინ დაბრუნებულმა სიგარეტი წამომიღოო... სახლიდან გიჟივით გავვარდი. ვხვდებოდი, რომ ჩემს თავს რაღაც ცუდი ხდებოდა, მაგრამ - რა, ამაზე ფიქრიც კი არ მინდოდა. მეგობრები მეუბნებოდნენ: ცოლს მიხედე, მისი საქციელი არ მოგვწონსო და ამის გამო ყველა ნაღდი ძმაკაცი დავკარგე... იმ დღეს 25 წელი მისრულდებოდა. ჩემმა მშობლებმა გადაწყვიტეს, ჩემთვის დაბადების დღე გადაეხადათ და სიდედრ-სიმამრიც კი დამიპატიჟეს. იზო მზრუნველი ცოლივით, თავს მევლებოდა, აღარ იცოდა, სტუმრების თანდასწრებით ჩემთვის პატივი როგორ ეცა, მაგრამ მას მერე, რაც ჩემი ბავშვობის დროინდელი დაქალები შეუჩნდნენ, - ცოტა ჩვენთან ერთად დალიეო, - და მათი წინადადება მიიღო, "გააფრინა": სამი ჭიქა ღვინო საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ გულახდილობის ხასიათზე დამდგარიყო და ჩემზე თქვა, რომ "ჩმორი" ვარ, საოჯახო საქმეებსაც ვაკეთებ, ტანსაცმელსაც ვურეცხავ, რომ წლებია, საკუთარი საცვლებიც კი არ გაურეცხავს და ა.შ. სტუმრებიდან ზოგიერთს შევეცოდე, ზოგმაც დამცინავად შემომხედა; სიდედრი კმაყოფილი ჩანდა, სიმამრი კი - ოდნავ დარცხვენილი, თუმცა შვილის "ვაჟკაცობით" კმაყოფილი იყო. იზო ოთახიდან გავიყვანე, - რაებს ამბობ? სირცხვილია, თავს ნუ მჭრი-მეთქი! - უკვე მოჭრილი გაქვს, მაგრამ გგონია, რომ მაინც მხრებზე გადგასო... იმ დღეს მაგრად ვიჩხუბეთ და ის სახლიდან წავიდა. სიდედრმა სახალხოდ გამომლანძღა: მესმოდა, ჩემს შვილს რომ ეჩხუბებოდი და ახლავე მითხარი, ასეთი რა უქენი, ყველანი რომ მიგვატოვაო?! მას დედაჩემი ეძგერა, - თქვენი დასაჩაგრი შვილი არ გამიზრდიაო, - მერე საქმეში კაცებიც ჩაერთვნენ და დაიწყო საქმის გარჩევა. ვისაც სინდისი ჰქონდა, სასწრაფოდ დატოვა ჩვენი სახლი, მაგრამ სეირის მოყვარულებს რა გამოლევს?! ზოგს ვითომ გული შესტკიოდა ჩვენზე და დარჩა. სულ რაღაც 1 საათში იზო ვიღაც კაცთან ერთად დაბრუნდა და თქვა, - ეს ჩემი მეგობარიაო, - მერე კი მშობლებს სთხოვა, ამ სახლიდან სასწრაფოდ წავიდეთ, ამ მხეცებთან არაფერი გვესაქმებაო. გაოგნებულმა ვერაფერი მოვიფიქრე, ვიდექი და ისე ვიყურებოდი, როგორც მარგალიტას ქმარი ფილმიდან - "შერეკილები" და ლამის, იმ უცხო კაცს ისიც ვუთხარი: თუ კარგ საქმეზე მიდიხართ, მეც წამიყვანეთ-მეთქი... მეორე დღეს "კეთილისმსურველმა" შემატყობინა: შენი ცოლი გათხოვილა! ეს რა გავიგე, ამისთანა კარგ ბიჭს ასე როგორ მოგექცაო?!. მოკლედ, სიმართლეს რომ მივხვდი, უკვე გვიანი იყო. მას შემდეგ გადავწყვიტე, - ყველა ქალი ერთნაირია, მათზე შური უნდა ვიძიო-მეთქი და ვაღიარებ, ათასი ქალის ცოდვა მაწევს კისერზე, რასაც დღეს ძალიან, ძალიან ვნანობ... მაინტერესებს - თქვენ, სუსტი სქესის წარმომადგენლებს, როგორ შეგიძლიათ, იყოთ ასეთი უგულოები?! კაცების სიყვარულით ბოროტად რატომ სარგებლობთ?! ახლა მჯერა, რომ ქალს კარგი მათრახი სჭირდება, რათა ხელიდან არ წავიდეს. არც ჩემი იზო გახლდათ ცუდი ადამიანი, მაგრამ მას მერე, რაც თავი დედოფლად ვაგრძნობინე, საკუთარ თავს ყველაფრის უფლება მისცა... არ გაინტერესებთ, ახლა როგორ ცხოვრობს? საოცრად ეჭვიანი ქმარი ჰყავს, რომელიც მის ოჯახს ჩაესიძა. იზო საბერძნეთშია გადახვეწილი, რათა ეჭვიანი და ლოთი ქმარი და შვილები არჩინოს. აქ რომ იყო, ყოველდღე ცემაში ხდიდნენ სულს მხოლოდ იმიტომ, რომ ექიმი ქალი პურის ფულს ვერ შოულობდა... მე კი, მართალია, 38 წლის ასაკში შევირთე ცოლი, მაგრამ ისე, რომ არ მყვარებია. ჰოდა, მან იცის, როგორ უნდა მოექცეს ქმარს. კაცებო, ქალს მათრახი მართლა სჭირდება, ეს დაიმახსოვრეთ! ნუ იქნებით ჩემსავით სუსტები, თორემ გადაგივლიან".

მარიანა, 26 წლის:

"მინდა, ჩემი ბებია-ბაბუის ამბავი მოგიყვეთ. მათ თურმე, ახალგაზრდობაში ძალიან უყვარდათ ერთმანეთი, მაგრამ მას მერე, რაც ხანში შევიდნენ, ბებო ბაბუს საოცრად "აჩმორებს", ხშირად ეჩხუბება და, დასჯის მიზნით, თქვენ წარმოიდგინეთ, თავს ჰპარსავს, ფრჩხილებს ისე ღრმად აჭრის, რომ საწყალ კაცს 2 კვირა სისხლი სდის ხოლმე... ალბათ მკითხავთ, - კი, მაგრამ ბაბუაშენი ისეთს რას აშავებს, ცოლი ასე რომ ექცევაო?! აბა, რა უნდა დააშავოს ბერიკაცმა, რომელიც თვალში ვეღარ იხედება და სახლიდან ვერ გადის?!. მაგრამ იცით, რაზე კამათობენ ხოლმე? დასხდებიან, ძველ ამბებს იგონებენ, მერე ბებოს ახსენდება, რომ ბაბუმ ოდესღაც ვიღაცასთან უღალატა და იწყება ერთი წივილ-კივილი: შე უნამუსო, მთელი ცხოვრება მღალატობდი, ახლა კი გინდა, მოგიაროო?! მერე კი უბრძანებს: მომეცი ხელებიო! ბაბუმ უკვე იცის, რომ ცოლმა ფრჩხილები უნდა დააჭრას და ცდილობს, ხელიდან დაუსხლტეს, მაგრამ ბებო ჯანზეა და ერევა... ამ ყველაფერს ჩვენ, შვილიშვილები შორიდან ვუყურებთ. გვინდა, ბაბუს დავეხმაროთ, მაგრამ ამას ვერ ვახერხებთ, რადგან ბებო თავის მოკვლით გვემუქრება და ვიცით, თუ რაიმეს დავუშლით, ყველაფერზე წამსვლელია. მოკლედ, ეს ქალი მოხუცებულობაში პატარა ბავშვივით ანჩხლი გახდა და თუ იმას არ გაუკეთებ, რაც სურს, შეიძლება, მერვე სართულიდან მართლა გადახტეს, ამიტომ ოჯახის წევრები არ ვეწინააღმდეგებით. ერთხელ, როცა ბაბუს თავს ერთჯერადი საპარსით ჰპარსავდა და კაცს სისხლი წამოუვიდა, ბებოს შეჩერება ვცადეთ, ის კი დაგვემუქრა: არ გიყვარვართ, თორემ ამ გათახსირებული კაცის დასჯაში ხელს არ შემიშლიდით; რადგანაც ეს გირჩევნიათ, თავს მოვიკლავო. მის ნათქვამზე გაგვეცინა, მაგრამ იმ საღამოს უამრავი წნევის წამალი დაულევია და ექიმებმა სიკვდილს ძლივს გამოსტაცეს ხელიდან. ჰოდა, რა გასაკვირია, რომ ახლა ცოლ-ქმრის საქმეში ჩარევას ვეღარ ვბედავთ?! ბაბუს მხოლოდ იმას ვურჩევთ, რომ წარსული არ გაიხსენოს, მაგრამ ისიც ვერ აჩერებს ენას და ისჯება კიდეც. აი, ასეთი სასაცილო მოხუცები მყავს შინ. საინტერესოა, თქვენ თუ იცნობთ ისეთ ქალებს, რომლებიც ქმრებზე ძალადობენ?.."

ქეთი მაღრაძე, ფსიქოლოგი:

- ხშირად მართლაც, ვხვდებით ისეთ ფაქტს, როცა ქალები მამაკაცებზე ძალადობენ. თუ ქმარი სისუსტეს იჩენს, ცოლი ცდილობს, უფრო ძლიერი იყოს და ოჯახი მართოს. ზოგჯერ ქალს ამისკენ შიშიც უბიძგებს.

- რისი შიში?

- შიში იმისა, რომ ქმარმა მასზე ძალა არ იხმაროს, მერე კი ქმარზე ბატონობას იმდენად ეჩვევა, რომ უკვე ისიც არ შეუძლია, კაცს რაიმე დაუთმოს, სთხოვოს. ჰოდა, ნელ-ნელა კაცური მანერები უყალიბდება და ხშირად, ქმრის ღალატზეც კი თანახმაა, რა თქმა უნდა, თუ სასურველი ობიექტი გამოჩნდება.

- თქვენი აზრით, ქალს მართლაც "მათრახი" სჭირდება?

- რა სისულელეა?! ოჯახი, სადაც ქმარი ან ცოლი - მოძალადეა, დასანგრევადაა განწირული. არ შეიძლება, ნორმალურმა ადამიანმა ძალადობას მთელი ცხოვრება გაუძლოს; ადრე თუ გვიან, ის თავის დაცვას შეეცდება, მაგრამ სულ სხვა საკითხია, ამას რამდენად შეძლებს.

ლიკა ქაჯაია

ჟურნალი "გზა", 2011 წელი