რატომ ქორწინდებიან პოლიტიკოსები ღამით
ლას-ვეგასი და სიღნაღი. დაქორწინების მსურველ წყვილებს 24 საათის განმავლობაში მხოლოდ ამ 2 ქალაქში არსებული ქორწინების სახლები ემსახურება. საქართველოში ბევრი უცხოელი იმიტომ მოემგზავრება, რომ ხელი სიღნაღში მოაწეროს. ქალბატონი რუსუდან ოტიაშვილი ღამის 3-4 საათზეც კი მზადაა, სიღნაღის ქორწინების სახლში მისულ წყვილებს ღიმილით შეხვდეს და მათ ქორწინების მოწმობა საზეიმო ვითარებაში გადასცეს.
- ჩემი სამუშაო რამდენადაც დამღლელია, იმდენად საინტერესოცაა: ბევრი წყვილი მოდის, ყველას სხვადასხვა შეკითხვა აქვს. თუ ღამით გამომიძახებენ, ნამძინარევი, დაღვრემილი სახით ვერ შევხვდები. ყველას უნდა გავუღიმო - სამსახური ასე მოითხოვს.
- სიღნაღში ქორწინების მსურველი ბევრია?
- ხელმოწერა თითქმის ყოველდღე ხდება. მაგალითად, რეგისტრაციისთვის დღეს 2 წყვილი მყავდა ჩაწერილი. შეიძლება, უცებ კიდევ მოვიდნენ ან რამდენიმე საათით ადრე დარეკონ.
- ქართველები უფრო ხშირად მოდიან, თუ უცხოელები?
- თითქმის ერთნაირად. მაგალითად, შაბათს 4 უცხოელი დავარეგისტრირე, 7 კი - საქართველოს მოქალაქე.
- დღის განმავლობაში, ქორწინების რეგისტრაციაში მაქსიმუმ, რამდენი წყვილი გაგიტარებიათ?
- 16-17.
- ღამის ქორწინებებსაც თქვენ აგვარებთ?
- დიახ.
- როდის ისვენებთ ხოლმე?
- ამას დასვენება არ ჰქვია (იცინის). შეიძლება, სახლშის საღამოს შვიდის ნახევარზე წავიდე, მაგრამ 8 საათზე ისევ სამსახურში მოსვლა მომიხდეს. ქორწინების რეგისტრაციისთვის ზოგი წინასწარ გვირეკავს, ზოგი კი პირდაპირ ქორწინების სახლში მიდის, იქიდან მირეკავს და მისვლას მთხოვს.
- პრეტენზიებს ხშირად გამოთქვამენ?
- ყოველდღე, 24 საათის განმავლობაში ვმუშაობთ. წყვილებს დარეგისტრირება ნებისმიერ დროს შეუძლიათ, მაგრამ თუ ადგილი "დაჯავშნულია", უცებ მოსული წყვილისთვის დროს ვერ გამოვნახავ - ცოტა ხნით ლოდინი მოუწევთ. აბა, წინასწარ ჩაწერილ წყვილს უკან ხომ არ გავაბრუნებ?
- ქორწინების რეგისტრაცია მარტივად ხდება?
- ამასთან დაკავშირებით ბევრი რაღაც გამარტივდა. მაგალითად - ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოების (ანუ ქორწინებაში იმყოფებოდა თუ არა) შესახებ ცნობა იყო საჭირო. ახლა ეს ცნობა აღარ სჭირდებათ. თან მხოლოდ პასპორტი უნდა იქონიონ. საბუთებთან დაკავშირებული სხვადასხვა პრობლემის მოგვარება ტელეფონითაც შეიძლება - საინფორმაციო ბაზა გვაქვს. საქართველოს მოქალაქეებს პირადობის მოწმობები და რა თქმა უნდა, 2 სრულწლოვანი მოწმე სჭირდებათ. თანხის (50 ლარი) გადახდა ადგილზევე შეუძლიათ.
- თქვენს მომსახურებაში რა შედის?
- განცხადებას ავსებენ, რის საფუძველზეც ქორწინების მოწმობას გავცემთ. როგორც ყველგან ხდება, ჩვენთანაც დარბაზში, საზეიმო ვითარებაში წყვილს ქორწინების მოწმობას გადავცემთ.
- მაგალითად, დარბაზის საკუთარი გემოვნებით გაფორმებისთვის წყვილმა დამატებითი თანხა უნდა გადაგიხადოთ?
- ჩვენთან ასეთი მომსახურება არაა. ჩვეულბრივი რიტუალი 50 ლარი ღირს, მაგრამ თუ წყვილს ხელის მოწერა მაგალითად, "ცოცხალი" მუსიკის თანხლებით სურს, ამ სურვილს წინ ვერ აღვუდგებით. ასეთი რაღაცები ჩვენს მომსახურებაში არ შედის. შესაბამისად, ჩვენთვის არც დამატებითი თანხის გადახდა მოუწევთ.
- ღამით ხშირად ქორწინდებიან?
- დაახლოებით, თვის განმავლობაში 6 წყვილი (საღამოს 9 საათს ღამედ არ მივიჩნევ). გუშინ, ღამის 10 საათზე საბერძნეთის მოქალაქემ საქართველოს მოქალაქე ცოლად შეირთო.
- ქორწინების რეგისტრაციისთვის სიღნაღში ბევრი ცნობილი სახე მოდის?
- საკმაოდ. პოლიტიკოსები, ყოფილი პოლიტიკოსები, მსახიობები, მოცეკვავეები, რადიოწამყვანები...
- შეგიძლიათ, გვითხრათ, ღამით რატომ ქორწინდებიან?
- ღამით სიღნაღი ძალიან ლამაზია! ზოგს ბილეთები "დაჯავშნული" აქვს და ქორწინების რეგისტრაციის შემდეგ, პირდაპირ უცხოეთში მიფრინავს თაფლობის თვის გასატარებლად. ზოგი პოლიტიკოსი ღამით იმიტომ აწერს ხელს, რომ არ "გამოჩნდეს" ანუ ქორწინების გახმაურება არ სურს.
- ყველაზე მეტად რომელი წყვილი დაგამახსოვრდათ?
- წინა კვირას ინდოეთის 2 მოქალაქე მოვიდა, მაინცდამაინც, სიღნაღში უნდა მოვაწეროთ ხელიო! ინგლისურად საუბრობდნენ.
- ინდოეთიდან საქართველოში იმიტომ გამოეგზავრნენ, რომ სიღნაღში დაქორწინებულიყვნენ?
- კი (იცინის). მითხრეს, ინდოეთში რომ დავბრუნდებით, ჩვენს მეგობრებსაც გამოგიგზავნითო. ყოფილა შემთხვევები, როცა წყვილები ფაეტონით, ფრაკებში, ორიგინალურ კაბებში გამოწყობილები მოსულან...
- თქვენ დაოჯახებული ხართ?
- კი. სიღნაღში დავიბადე, გავიზარდე და ქორწინების რეგისტრაციაც აქ, ამჟამინდელ ქორწინების სახლში გავიარე. მაშინ ჩვეულებრივი მმაჩის ბიურო იყო. დღესდღეობით სიღნაღში ხელის მოწერის სურვილი ბევრს აქვს, ეს ძველი ქალაქი ყველას იზიდავს: ბერძნებს, ყაზახებს, ინდოელებს... განახლებულ სიღნაღს უფრო და უფრო მეტი წყვილი სტუმრობს.
ეთო ყორღანაშვილი