"შემოქმედებითობა ის სულიერი სხივია, რომელიც დაბადებიდანვე გაქვს" - აშშ-ში მცხოვრები ქართველი კომპოზიტორისა და მევიოლინის საინტერესო კარიერა
ქართველი კომპოზიტორი და მევიოლინე - ნათია მაღლაკელიძე ნიუ-იორკში ცხოვრობს, იქ , სადაც დღეს მსოფლიო ხელოვნების ცენტრია... ნათია ჯგუფთან - "Four Lines" ერთად წერს მუსიკას ფილმებისთვის, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა საერთაშორისო ფესტივალზე წარმატებით მონაწილეობენ... მიუხედავად გადატვირთული გრაფიკისა, ნათია მაღლაკელიძემ ჩვენს შეკითხვებს ამერიკიდან უპასუხა და მისი საქმიანობის შესახებ გვიამბო...
- ნათია, გვიამბეთ თქვენ შესახებ, ადრეული პერიოდით - ბავშვობიდან დავიწყოთ, როგორ გარემოში აღიზარდეთ, ხელოვნებას როდის ეზიარეთ?
- მუსიკის დიდი სიყვარული ჩემი ოჯახიდან და იმ გარემოდან იწყება, სადაც დავიბადე და გავიზარდე - ქუთაისიდან, მუსიკალური ტრადიციების მხრივ, ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ქალაქიდან და ახლა კი ეს სიყვარული მსოფლიოს უამრავ ქალაქში გრძელდება. პირველი მუსიკალური ჯგუფი, რომლის წევრი გავხდი მაშინ, როცა ასაკით საკმაოდ პატარა ვიყავი, "Outsider" და რობი კუხიანიძე გახლავთ. ძალიან ბევრ მუსიკოსთან ვუკრავდი, სხვადასხვა ჟანრში, საკუთარ თავს გამოწვევების წინაშე ვაყენებდი, უამრავ კონცერტში და ფესტივალში ვმონაწილეობდი, საქველმოქმედო საღამოებზე გამოვდიოდი. ამ დატვირთულმა პერიოდმა ძალიან დიდი როლი შეასრულა ჩემი მუსიკალური ცხოვრების შემდეგი ეტაპების განვითარებაში.
- ძალიან შთამბეჭდავია თქვენი შემდგომი პერიოდის მიღწევები...
- ჩემი ცხოვრების ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდი ჯგუფის "Four Lines" შექმნას უკავშირდება, რომელიც ჩემი ოჯახია, ჩემი ორი და, ხატია და თამარი და მეგობარი - ნანა ყურაშვილი; აკუსტიკური ინსტრუმენტები - ვიოლინო, ფლეიტა, ფორტეპიანო და ელექტრო ინსტრუმენტი - Seaboard Rise.
- როგორ შეიქმნა თქვენი საავტორო კომპოზიციები?
- ისინი ბუნების ინსპირაციით შეიქმნა და მის იმიტაციად იქცა, მალე კი პირველ CD ალბომად გამოიცა - ,,Sound of Wind”. ალბომის პრეზენტაცია საერთაშორისო ფესტივალზე - Tallinn Music Week-ზე შედგა.
შემდეგ იყო ძალიან საინტერესო პროექტები, საქალაქო და საერთაშორისო კონცერტები. საკუთარი მუსიკით მიწვეული ვიყავით ევროპის სხვადასხვა სცენასა და თეატრებში.
ჯგუფთან - "Four Lines" ერთად ვწერ მუსიკას იმ ფილმებისთვის, რომლებიც წარმატებით მონაწილეობენ მსოფლიოს საერთაშორისო ფესტივალებზე. შექმნილი მაქვს მუსიკა ფილმისთვის "აპოლო ჯავახეთი", რომლის მსოფლიო პრემიერა ამსტერდამის IDFA დოკუმენტური ფილმების ფესტივალზე შედგა. სანდრო სულაძის ფილმი "გუშაგები" კი მარსელის მუსიკისა და კინოს ფესტივალმა საკონკურსო სექციაში ორიგინალური მუსიკით აირჩია. ამ ფესტივალზე მიწვეული კომპოზიტორი ვიყავი, სადაც საკუთარი კომპოზიციები, ჯგუფ "Four Lines"-თან ერთად, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან მოწვეულ კომპოზიტორებს და მსმენელებს წარვუდგინეთ.
- რატომ გადაწყვიტეთ ამერიკაში წასვლა? წარმატებული კარიერის აწყობა და უზარმაზარ ქვეყანაში თავის დამკვიდრება, ალბათ, რთული იყო...
- დღეს ნიუ-იორკში ვარ და ჩემი სამომავლო გეგმები ამ ქალაქს უკავშირდება.
აქ ყველგან მუსიკაა, ყველგან თავისებური, განსხვავებული ხმებით და ემოციებით. ნიუ-იორკი ძალიან მრავალფეროვანია, ძალიან ხალხმრავალია, ეს გარემო უდიდესი შთაგონების წყაროა. ეს ჩემს ახალ მუსიკალურ ალბომში აისახება, რომელზეც ვმუშაობ და რომლის პრეზენტაციაც ამ ქალაქში გაიმართება.
- პანდემიის რთულ დროს, ბევრ შემოქმედს ჩავარდნის პერიოდი ჰქონდა, ზოგს კი - პირიქით, გაცილებით ნაყოფიერი, ვიდრე - მანამდე, რადგან ბევრი დრო ჰქონდათ თვითგანვითარებისთვის. თქვენს შემთხვევაში როგორ იყო?
- პანდემიის ურთულესი პერიოდი ყველას, მთელ მსოფლიოს მტკივნეულად შეეხო. ყველაფერი ბურუსით მოიცვა, გააჩერა, გააქვავა. თავდაპირველად, მეც ამ გაურკვეველმა შეგრძნებებმა მომიცვა, მაგრამ გამოსავალი ისევ ხელოვნებაში ვიპოვე. არ გავჩერებულვარ არცერთ რთულ პერიოდში. მუსიკის ხმას მივყვებოდი, ვწერდი, ფილმისთვის, თეატრალური წარმოდგენისთვის...
- როგორია დღეს გარემო მუსიკოსისთვის?
- ცვლილებები არის და ეს გარდაუვალიც იყო, რთულია თქმა ცალსახად კარგის თუ ცუდის მხრივ, ცვლილებები ყოველთვის მტკივნეული პროცესია და ისინი გარკვეული პერიოდის შემდეგ უფრო დაწმენდილად, უფრო ნათლად ჩანს. ალბათ, რამდენიმე წელი უნდა გავიდეს, რომ ეს დავინახოთ.
ჩვენ ტექნოლოგიების განვითარების პერიოდში ვცხოვრობთ და ეს მუსიკაზეც აისახება. ამის კარგი კუთხით გამოყენებაც შესაძლებელია და ცუდი კუთხითაც. მთავარი ის არის, რომ ონლაინ კონცერტების ნაცვლად, ისევ ცოცხალი, სცენაზე შესრულებული მუსიკა დაგვიბრუნდა. ვფიქრობ, რომ ცოცხალ კონტაქტს მუსიკოსსა და მსმენელს შორის ვერასოდეს ვერცერთი ტექნოლოგია ვერ ჩაანაცვლებს. ეს არის ის შეუცვლელი ძალა, რომელიც ჯადოსნურ კავშირს ამყარებს მუსიკოსსა და ხალხს შორის, აბედნიერებს, სასიცოცხლო ძალებს მატებს. მუსიკას ძალიან დიდი ძალა აქვს!
სცენაზე რომ ვარ, იქ ხალხის ნაწილი ვარ, ისინი მაძლევენ ძალას, ენერგიას და მეც ვუბრუნებ. ყოველთვის, როცა კულისებში ვბრუნდები, თავიდან გასვლის სურვილი მაქვს... ეს შეგრძნებაც უნიკალურია.
- რა რჩევებს მისცემდით დამწყებ არტისტებს?
- ვფიქრობ, დამწყები არტისტი არ არსებობს, არსებობს დაბადებული არტისტად, რადგან შემოქმედებითობა ის სულიერი სხივია, რომელიც თავიდანვე გაქვს, უბრალოდ, მას აღმოჩენისთანავე უნდა გაუფრთხილდე, ძალიან ბევრი იშრომო და ამით სიამოვნება მიანიჭო შენს თავს, შენს ხალხს. ამბობენ, ხელოვანი ადამიანები მარტოსულები და ეგოისტები არიანო, არადა, სწორედ ისინი გასცემენ ყველაზე მეტს და ყოველთვის იციან, რომ რასაც ქმნიან, ის მხოლოდ მათ არ ეკუთვნით, არამედ, ხალხს.
ვფიქრობ, თითოეული ადამიანი პასუხისმგებელია საკუთარ ნიჭზე, უნარზე, რომ გაუფრთხილდეს და აუცილებლად განავითაროს, ეს კი მხოლოდ სიყვარულით, რწმენით, შეუჩერებელი, დაუღალავი შრომით ხდება, ეს უწყვეტი პროცესია.
და კიდევ, იოცნებეთ, ხშირად, მკაფიოდ და მომავალი იმ ყველაფერთან შეგახვედრებთ, რაც უკვე წარმოსახვებში გინახავთ, ეს კი ახალი ოცნებებისთვის ფანტაზიასა და მოტივაციას შეგძენთ. ესეც უწყვეტი პროცესია.
მანანა გაბრიჭიძე (სპეციალურად "გზისთვის")