ფერეიდნელი ქართველების საახალწლო ტრადიციები... - გზაპრესი

ფერეიდნელი ქართველების საახალწლო ტრადიციები...

ჩვენ, ჟურნალისტები ზოგჯერ ჩავწერთ ინტერვიუს და შემდეგ ქაღალდზე გადატანა გვიძნელდება, ზოგჯერ კი ერთი სული გვაქვს, მუშაობას როდის დავიწყებთ. ეს ინტერვიუ ისეთია, ერთი ამოსუნთქვით რომ იწერება. თბილისში მცხოვრებ ფერეიდნელ ქართველებზე მინდა გიამბოთ - ადამიანებზე, რომლებსაც ოთხსაუკუნოვანმა განშორებამ ვერ დაავიწყა მშობლიური ენა, ვერ ჩაკლა სამშობლოს სიყვარული, ფიქრი, მონატრება... ოცნება შორეულ გურჯისტანზე ბევრს აუხდა. 10 წლის წინ, თბილისში საპატრიარქომ სასტუმროს ტიპის სახლი შეიძინა, რომ სამშობლოში დაბრუნებულ ქართველებს ღამის გასათევი ჰქონოდათ. ამ სახლმა დღემდე რამდენ ქართველს უმასპინძლა, ძნელი სათქმელია, დღეს იქ 30-მდე ადამიანი ცხოვრობს. მაშინ, როცა საქართველოდან ყველა გაქცევას ფიქრობს, ფერეიდნელი ქართველები სამშობლოში ბრუნდებიან და ეს დასაფასებელია, მით უმეტეს, ჩვენი მცირერიცხოვანობის ფონზე. ამ ადამიანებს დაბრუნებაში ხელს უწობს ეკლესია, მისი უწმინდესობის მეთაურობით. მათ გვერდითაა მამა ილია (კავსაძე).

GzaPressჩვენს თანამემამულეებს ახალი წლის დადგომამდე რამდენიმე დღით ადრე ვესტუმრე. რას მოგვითხრობს ლეგენდა ორად გახლეჩილი ქვის შესახებ, რას ნატრობდნენ ფერეიდნელები "ამაღლობის ქვასთან" და როგორი იყო მათი საახალწლო ტრადიციები? - ამ ყველაფერზე თავად გვიამბობენ.

"ფერეიდანში ახლა ქართველების მე-17 თაობა იბადება. მშობლიური ენა და საქართველოს სიყვარული შევინარჩუნეთ", - ამბობს არსენ ონიკაშვილი. ის 33 წლის გახლავთ. 8 წელია, საქართველოში ცხოვრობს. უმაღლესი განათლება თსუ-ში მიიღო, იურისტის პროფესიას დაეუფლა. კარგად ხატავს და ორჯერ კალიგრაფისტთა კონკურსშიც გაიმარჯვა. დიდი გეგმები აქვს. მაგალითად, სურს, "ვეფხისტყაოსანი" საკუთარი ხელით გადაწეროს. ამჟამად ქართულ ანბანზე, თითოეული ასოს მოყვანილობაზე მუშაობს.

- ფერეიდნული ახალი წელი ირანულს უფრო ჰგავდა, ვიდრე - ქართულს. მე ქალაქ მარტყოფში ვცხოვრობდი. ამ ქალაქში ერთი დიდი ლოდი იყო, რომელსაც ქართველები "ამაღლობის ქვას" ვეძახდით. იქ ვიკრიბებოდით და ქვაზე სანთლებს ვანთებდით. პატარა ქვებს ლოდზე ვაკრავდით და თუ არ ჩამოვარდებოდა, ეს იმის ნიშანი იყო, რომ რასაც ჩავიფიქრებდით, აგვისრულდებოდა. ზოგი სამშობლოში დაბრუნებას ნატრობდა, ზოგი - სიყვარულს, ზოგი - ბიზნესის აწყობას. ამ დღეს ირანულ "შაჭამანდს" აკეთებდნენ.

- "შაჭამანდს" რისგან ამზადებდით?

- მუხუდოს მარცვლებისგან. ირანელებმა იმ ადგილზე მშენებლობა დაიწყეს და ეს ქვა დაიკარგა. ამავე ქალაქშია ორად გახლეჩილი ქვა, რომელსაც "თავმზიანს" ვეძახით. გადმოცემის თანახმად, როცა ავღანეთის ჯარმა ირანი დაიპყრო და მეომრები მარტყოფში შემოვიდნენ, ქვა გაიხლიჩა, ქვიდან თეთრ ცხენზე ამხედრებული მეომარი ამოვიდა, ავღანელები დახოცა და ქართველები გადაარჩინა. ეს გახლეჩილი ქვა დღემდეა ფერეიდანში, მაგრამ ერთ დღეს შესაძლოა, მშენებლები მიადგნენ და გაანადგურონ.

- ალბათ ბევრი იმ თეთრ ცხენზე ამხედრებულ მეომარში წმინდა გიორგის ამოიცნობს. თქვენი მშობლები მარტყოფში ცხოვრობენ?

- დიახ. 2 და და 3 ძმა მყავს. მე უფროსი ვარ. ფერეიდანში მცხოვრებ ბევრ ახალგაზრდას უნდა სამშობლოში დაბრუნება.

- როგორი იყო სამშობლო თქვენს წარმოსახვაში?

- აქაურობაზე წარმოდგენა მხოლოდ ფოტოებით, ფილმებიდან მქონდა შექმნილი. როცა ჩამოვედი, უფრო კარგი აღმოჩნდა, ვიდრე ველოდი. პირველ დღეს საზღვრიდან რომ შემოვედი, იმდენად მიხაროდა, არ ვიცი, ის ემოცია როგორ გადმოგცე. იმ დღიდან 8 წელი გავიდა და ახლაც მეტირება. ქართველების სითბომ მომხიბლა. ეს მთავარია, მე ეს სითბო ირანში არ მიგრძნია. გენეტიკა და სისხლი თავისას არ იშლის. აქ ახალ წელს ქართულად აღვნიშნავთ.

ლევან ხუციშვილი:

- სამშობლო ბავშვობიდან მიყვარდა. ფერეიდანში იმ განცდით გავიზარდე, რომ ოდესმე ჩემი წინაპრების ოცნება ამისრულდებოდა და სამშობლოში დავბრუნდებოდი. ეს ბედნიერი დღე 10 წლის წინ დადგა. თავდაპირველად 10 დღით ჩამოვედი. უკან რომ დავბრუნდი, მალევე გადავწყვიტე, საქართველოში ჩამოვსულიყავი და სამუდამოდ აქ დავრჩენილიყავი.

- თქვენი ქართული თავგადასავალი როგორ დაიწყო?

GzaPress- საპატრიარქოსთან არსებულ სკოლაში მებაღეობისა და დეკორატიული ხელოვნების შესწავლა დავიწყე. 3 წელი დავყავი, თან - რუსთავში მეტალურგიის დაცვაში ვმუშაობდი, შემდეგ - ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში. 4 თვეა, უმუშევარი ვარ. ჩემი მეუღლე თქვენი კოლეგაა. როცა დავქორწინდით, ამ სახლიდან წავედი და ახლა ნაქირავებში ვცხოვრობთ. ამ სახლის არსებობამ ბევრ ქართველს დაბრუნებში შეუწყო ხელი. ფერეიდნელების სახელით, უწმინდესს უღრმეს მადლობას გადავუხდი.

- მითხარი, უმუშევარი ვარო. ამის გამო ირანში დაბრუნებას ხომ არ ფიქრობ?

- საქართველოდან წასვლა არ მინდა.

- ბავშვობაში საქართველოზე რას გიამბობდნენ? ეს ქვეყანა ასე ძალიან რამ შეგაყვარათ?

- ფერეიდანს რთული გეოგრაფიული მდებარეობა აქვს. მთიანი ადგილია, უცხო ტომებისგან მოშორებული. ჩვენ იქ სულ ქართულად ვლაპარაკობდით. ვიდრე სკოლაში შევიდოდი, სპარსული არც კი ვიცოდი. უფროსები გვიამბობდნენ: საუკუნეების წინ ქართველები ირანში იძულებით გადმოგვასახლეს. ვინც ცისარტყელაში გაძვრება, ის სამშობლოში დაბრუნდებაო. ცისარტყელაში როგორ უნდა გაძვრე? ეს ხომ ოცნებაა, შეუძლებელია... ფერეიდანში რომ ჩავდივარ, ყველას ვურჩევ, დაბრუნდნენ სამშობლოში, აქაურობაზე კარგს ველაპარაკები, მაგრამ ხედავენ, რომ 10 წელი აქ ვარ და ცხოვრება ჯერ კიდევ ვერ ავაწყვე, ამიტომ ფრთხილობენ.

- ფერეიდანში ქართველებმა გააშენეს სოფლები, რომლებსაც ქართული სახელები უწოდეს.

- დიახ. მე ქალაქ მარტყოფში ვცხოვრობდი. ქართული სოფლებია: ვაშლოვანი, ჩუღურეთი, ნინოწმინდა, ახჩა....

- ფერეიდანში ქართველები ახალ წელს როგორ ხვდებოდით?

- იქ ახალი წელი 21 მარტს დგება. ახალი წლის ღამეს, ახალგაზრდა ბიჭები სახლების სახურავებზე ავდიოდით, აგვქონდა საჩუქარი, რომელსაც თოკს მოვაბამდით და სახლის აივანზე ან ფანჯარასთან ჩავუშვებდით. ასე ირანში არსად აკეთებდნენ, მხოლოდ ფერეიდნელი ქართველების ჩვეულება იყო.

- საახალწლო სუფრა როგორი იყო?

- მხოლოდ ხილითა და ტკბილეულით ვაწყობდით. ყველა მოდის, გილოცავს, ტკბილეულს მიირთმევს და გადის. ალკოჰოლური სასმელიც არ იციან. ალკოჰოლს მხოლოდ ქორწილებში სვამენ.

- საჩუქრებს თოკებით რომ ჩაუშვებდით, მერე რას აკეთებდით?

- ოჯახში არ შევდიოდით. მასპინძლებს ჩვენი სახე არ უნდა დაენახათ. საჩუქარს ჩავკიდებდით და ეგ იყო. ვიდრე დაღამდებოდა, პატარა ბიჭები სახლებში დავდიოდით ნაცნობებთან, უცნობებთან და ტკბილეულს გვჩუქნიდნენ.

- საჩუქარი ვისთან უნდა ჩაგეკიდათ, ოჯახებს წინასწარ არჩევდით?

- შეიძლებოდა მისულიყავი სახლში, რომელშიც გოგო ცხოვრობდა და რომელიც მოგწონდა, გიყვარდა. ზოგიერთ ოჯახში საჩუქარს საკვამურიდან ვუშვებდით.

- რეალური თოვლის ბაბუები ყოფილხართ.

- ასე გამოდის. ნაძვის ხე არ გვქონდა. გაზაფხულზე ბუნება ხომ იღვიძებს, ირანში ახალი წლის ათვლასაც აქედან იწყებენ. მე ქართული სუფრა, სადღეგრძელოები ძალიან მომწონს. დიდი სკოლაა, ბევრი რამ შეიძლება ისწავლო.

გიორგი ბათუაშვილის მამა ერთ-ერთი პირველი ფერეიდნელი იყო, რომელიც სამშობლოში დაბრუნდა.

გიორგი:

- მამას დიმიტრი ერქვა. ერთი წელია, რაც გარდაიცვალა. მუდმივად იგებდა სიახლეებს საქართველოდან. სამშობლოში 1993 წელს ჩამოვიდა. უნდოდა, აფხაზეთის ომში წასულიყო, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ებრძოლა, მაგრამ ირანიდან ჩამოსული რადგან იყო, ამის უფლება არ ჰქონდა. უწმინდესმა გარდაცვალების შემდეგ მამა მარტყოფის მონასტერში დააკრძალვინა. მე სპარსულ-ქართულ ლექსიკონზე ვმუშაობ. საკმაოდ მოცულობითი სამუშაოა. დიდი ნაწილი გაკეთებული მაქვს.

GzaPressგიორგი გოგოჩაშვილი სოფელ ახჩიდანაა. ფერეიდანში ეს სოფელი იმით ყოფილა გამორჩეული, რომ ქართული ენა ყველაზე კარგად შთამომავლობისთვის აქ შემოუნახავთ. დღეს იქ 500-მდე ქართული ოჯახი ცხოვრობს. გიორგი ფეხბურთელია, ახლა ბავშვების მწვრთნელად მუშაობს.

- პაპა მიყვებოდა: ჩვენ ვართ გურჯები, აქაურები არა ვართო. ფერეიდანში უწმინდესი რომ ჩამობრძანდა, მას შემდეგ უფრო მეტად გამიჩნდა ინტერესი, სამშობლოში დავბრუნებულიყავი. ბედნიერი ვარ, რომ დღეს აქ გახლავართ. პირველად თავი სიზმარში მეგონა. მირჩევნია, საქართველოში ვცხოვრობდე და ნაკლები შემოსავალი მქონდეს, ვიდრე ირანში - უზრუნველი ცხოვრება. თითქმის მთელი საქართველო შემოვიარე, უნახავი მხოლოდ აფხაზეთი და სამაჩაბლო დამრჩა. საოცარი სამშობლო გვაქვს. აქ ბედნიერების ისეთი განცდა მაქვს, როგორიც არსად არასდროს მქონია.

ფერეიდნელ ქართველებზე მამა ილია (კავსაძე) ზრუნავს. ის მათ ხშირად აკითხავს და სხვადასხვა საკითხის მოგვარებაში ეხმარება. მამა ილია ამბობს, რომ ამ ადამიანებისთვის ისევე, როგორც დანარჩენი ქართველებისთვის პირველი პრობლემა უმუშევრობაა. ჩამოდიან სამშობლოში და ისევ ირანელებზე არიან დამოკიდებული, რადგან უმეტესობა მათთან მუშაობს. კარგი იქნება, ორგანიზაციები, ბიზნესმენები ამ ადამიანებს თუ დაასაქმებენ. ბევრი მათგანი სოფლის მეურნეობის სფეროშია კომპეტენტური. მათთვის შრომითი მოწყობის საკითხში დახმარება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.