ბარბარობას წართმეული პენსია და ქურქის შესაკერად მოშენებული კურდღლები
რთულად მოიძებნება ქართველი, ვისაც უპატიოსნესი ქეთო ყარაულაშვილი არ ახსოვს ფილმიდან - "სიყვარული ყველას უნდა". ქეთოს როლის შემსრულებელი, ქალბატონი ციალა გურგენიძე ახლახან სერიალში - "ჩემი ცოლის დაქალები" მსუბუქი ყოფაქცევის მქონე თამუნას ბებიად მოგვევლინა... ქალბატონი ციალასთვის მრავალფეროვანი როლების მორგება რთული არ გახლავთ - სპექტაკლებში მეძავ პერსონაჟებსაც ისე დამაჯერებლად ასახიერებდა, რომ თურმე, ჭიათურელები რესტორანში "გასართობად" ეპატიჟებოდნენ...
ციალა გურგენიძე ქუთაისში დაიბადა. დედა ადრე გარდაეცვალა და 4 შვილი მამამ გაზარდა. სკოლაში სწავლის პერიოდში დრამატულ წრეზეც დადიოდა, მღეროდა, "ტენისის" მოედანსაც ხშირად სტუმრობდა. სპორტის ამ სახებაში მისი პედაგოგი იან გომერ გომეროვიჩი გახლდათ. სტუდენტობისას ქალბატონმა ციალამ შეჯიბრებაში წარმატებასაც მიაღწია - სამხატვრო აკადემიის და კონსერვატორიის სტუდენტები დაამარცხა. მისი ფოტო თეატრალური ინსტიტუტის კედელს მთელი წლის განმავლობაში ამშვენებდა...
ციალა გურგენიძემ მუსიკალური კომედიის თეატრში დიდხანს იმუშავა, ახლა ლექსების წერით არის გატაცებული. ცოტა ხნის წინ, რუსთავის თეატრში მიიწვიეს და სპექტაკლ "ჭინჭრაქაში" ითამაშა - ტურა "გახლდათ". მსახიობს სწორედ თეატრის საგრიმიოროში ვესაუბრე...
"აწი ლიფონავა რავა "მიმასუნიებს" თავის ფილმში?!
- "ჩემი ცოლის დაქალებიდან" რომ დამირეკეს, გამიკვირდა, - ვის გავახსენდი, ვის დავჭირდი-მეთქი?! ეკა მჟავანაძემ მითხრა, - მოხუცის როლი უნდა ითამაშო, ვიცი, კარგად გამოგივაო. რომ იცოდე, რეჟისორი - გიორგი ლიფონავა როგორ გავამწარე და გადავრიე... გადასაღებ მოედანზე "ცუდ ფეხზე" შევედი: პატარა ტექსტის გამო 10 დუბლის გადაღება დამჭირდა! აწი ლიფონავა რავა "მიმასუნინებს" თავის ფილმში?! მოკლედ, სერიალის გადაღებისას ერთხელ თქვეს, - "მატორ!" დავიწყეთ გადაღება და "გავიჭდე". მეორედაც ასე დამემართა, მესამედაც... მერე მითხრეს, - ქალბატონო ციალა, მოდი, აბა, ტექსტი "მატორის" გარეშე თქვიო. ყველაფერი სწორად ვთქვი. - აბა, ახლა "მატორთან" ერთადო, - მითხრეს, მაგრამ 2 სიტყვა ვთქვი და ისევ "გავიჭედე"! ასე გავამწარე ლიფონავა, მაგრამ ერთი "გლახა" სიტყვა არ უკადრებია, კარგი კაცია, დედიკო, ულამაზესი თვალები აქვს... მე კი მუშაობისას ასეთი რამ არასოდეს დამმართნია. ესპანელი რეჟისორი თავის ფილმში 3 თვე თოვლში, ყინვაში მიღებდა და მხოლოდ ერთადერთი შენიშვნა მომცა...
"ფინალში"ვკვდები" და მგელი ტყეში მიმათრევს"
- "ჩემი ცოლის დაქალებში" რომ მოხუცის როლს ვასრულებ, იმაზე კიდევ უფრო მოხუცი ქალი მიგელ-ანხელ ხიმენესის ფილმში - "ჩაიკა" ვითამაშე. ფილმში კასტინგის მეშვეობით მოვხვდი. რეჟისორმა "ფეხები გააფიჩინა" - გადაღებისას ყინვა უნდა იყოს და თოვდესო! ჩემი გმირი გაჭირვებული ქალია, მისი ერთ-ერთი შვილი საზღვარგარეთ წავიდა, იქიდან კი მთელი გემის "ნათრევი" ქალი ჩამოიყვანა და ცოლად შეირთო... ფინალშიA"ვკვდები", მგელი კი ტყეში მიმათრევს. თვალებგახელილი უნდა "მოვმკვდარიყავი". არადა, ციდან ფიფქები კი არა, თითქოს პატარა გუნდები ცვიოდა და თვალებში მეყრებოდა! ჰოდა, რამდენჯერაც თვალში თოვლი ჩამივიდა, იმდენჯერ დავხუჭე. ვერ ვახელდი, რეჟისორს კი უნდოდა, თვალებგახელილი "მოვმკვდარიყავი". ბოლოს მითხრა, - როლზე თვალის გამო "აგიყვანეო". იქვე დამამშვიდეს, - რამ გადაგრია, შე ქალო? ზოგი თვალის გამო "აგიყვანს", ზოგი - ფეხისა თუ თავისო...
- თქვენს გმირს მგელი ტყეში რომ მიათრევს, ის სცენა როგორ გადაიღეთ?
- ნამდვილი მგელი არ გამოგვიყენებია - ძაღლი გვყავდა, რომელიც მგელს ჰგავდა. "ნასკი" ჩამაცვეს, შიგნით სუპი ჩაასხეს. სიცივეში ცხელი სუპი კი მეამა, მაგრამ ძაღლი "ნასკს" რომ დაეტაკა, ლამის გული გამისკდა - ვიფიქრე, ფეხი არ მომაჭამოს-მეთქი... საბოლოო ჯამში, რეჟისორმა ფილმიდან ბევრი სცენა "ამოჭრა". კარგი გასამრჯელო მომცეს. სხვებს რომ ვუთხარი, მიპასუხეს, - ცოტა მოუციათ, ციალაო. მე საცოდავს ისე მიჭირდა, აღებული ჰონორარი "დიდ" ფულად მომეჩვენა... ეს ფილმი როგორი ცუდიც უნდა ყოფილიყო, ჩემთვის მთავარი ის არის, რომ გიორგი შენგელაიამ შემაქო!
კვერცხების გამყიდველიდან უპატიოსნეს ქეთომდე
- გიორგი შენგელაია ძალიან მიყვარს. ფილმში - "სიყვარული ყველას უნდა" როლი მან შემიცვალა და ქეთო ყარაულაშვილი მათამაშა: თავდაპირველად, ფილმში კვერცხების გამყიდველ ქალად "დამნიშნა". იმ ქალს ვგულისხმობ, ფილმში ვედრით კვერცხები გასაყიდად რომ მიაქვს და ხალხის სიცილს ასე პასუხობს: რა გინდათ, თქვენი კვერცხები მიმაქვსო? და იგინება... გადასაღებად სახეშეხვეული მივედი - ჰაიმორიტი მქონდა, თავს მაღლა ძლივს ვწევდი, "მკვდარი" ვიყავი... გიორგიმ შემომხედა, ტექსტი წამაკითხა და მითხრა, - "მუსკომედიას" რა კარგი გოგო ჰყოლიაო... შემდეგ თეატრიდან გასტროლებზე გავემგზავრე, უკან დაბრუნებული კი ფილმის გადასაღებ მოედანზე გამოპრანჭული - თმაგაშლილი და საყურეებიანი გამოვცხადდი... ფილმში ნამეტანი დაჯღანული ვარ, არადა, მაშინ კარგი გოგო ვიყავი. რეჟისორმა რომ დამინახა, მითხრა, - არა, შენ კვერცხების გამყიდველად ვერ ივარგებო და როლი შემიცვალა. თავდაპირველად "ვენები გადავიჭერი" - როგორ თუ როლი შემიცვალა-მეთქი?!. გადაღებებზე შვილთან ერთად დავდიოდი. ერთხელ რაღაც სცენების გადაღება ჩაიშალა. გიორგი შინ მსუბუქი ავტომობილით უნდა დაბრუნებულიყო, შემოქმედებითი ჯგუფის სხვა წევრები - ავტობუსით, მაგრამ თავად ავტობუსში ჯდებოდა, მე კი მანქანაში მსვამდა, რადგან ბავშვთან ერთად ვიყავი. რა უნდა მექნა? მე და ჩემი შვილი "მივსრიალებდით", ის - ავტობუსით "მოჩოჩიალობდა"... ახლა გიორგი შენგელაიას მუხლების ტკივილი აწუხებს. ჰოდა, ხანდახან მითქვამს, - ნეტავ, მე მტკიოდეს-მეთქი...
"კუჩხი ბედინერი" და მეგრელი გულშემატკივრები
- მართალია, ქეთოს როლთან ვასოცირდები, მაგრამ პირველად გურამ პატარაიამ "კუჩხი ბედინერში" რომ გადამიღო, მთელი სამეგრელო ჩემი გულშემატკივარი იყო! ყველა ფიქრობდა, რომ მეგრელი ვიყავი. დღესაც, ბაზარში რომ შევალ, არ იფიქრო, ვინმემ წონაში მომატყუოს ან ცუდი პროდუქტი შემირჩიოს. ზედმეტს როცა მაძლევენ, არ მიყვარს - ისინი წვალობენ, გაჭირვებული ხალხია, 1-2 "კაპიკის" აღება უნდათ... მეგრელები დღესაც დიდ პატივს მცემენ, მაგრამ - ქეთო ყარაულაშვილი სხვა საკითხია! თან, როგორი "უბედური" გვარ-სახელია? "ყარაულაშვილი" არ მომწონს!
"უნდოდათ, შეემოწმებინათ, გოგო ვიყავი თუ არა"
- ქეთო უპატიოსნესი ქალი იყო, მაგრამ თეატრში, სპექტაკლებში მსუბუქი ყოფაქცევის ქალების როლებს ხშირად ვთამაშობდი. ერთხელ ჭიათურაში გასტროლებზე წავედით. რომელი სპექტაკლი იყო, არ მახსოვს - თითქმის ყველაში ბოზს მე ვთამაშობდი. ჰოდა, სპექტაკლის მეორე დღეს ხალხი გარეთ არ მიშვებდა - რაღაცები მომაძახეს, გადმომილაპარაკეს... ერთ-ერთი მსახიობის ცოლს - პიანისტ ჟანა პიპინაშვილს (იქაური გოგო იყო) ვუთხარი, - გარეთ ვერ გავდივარ, მომაშორე ეს ხალხი, არ ვიცი, რა გავაკეთო-მეთქი! თურმე, იქაურები ჩვენს ბიჭებს იცი, რას ეუბნებოდნენ? წამოიყვანე ჩვენთან, რესტორანში მა ბოზი და ვიქეიფოთო! ჩვენი შემოქმედებითი ჯგუფის წევრები პასუხობდნენ, - არაა, ბიჭო, ბოზი, პატიოსანიაო! - პატიოსანი თუა, ასე რაფერ თამაშობს ბოზებსო?! - არ უჯერებდნენ... ჩემთვის ყველა როლი კომფორტულია. არ მახსოვს, როლი "ჩამვარდნოდეს". თეატრში 8 წელი ბიჭის როლებს ვთამშობდი. სკოლებში მივდიოდი, ბავშვებს ვაკვირდებოდი - ზოგი ცხვირს როგორ იფხანდა, როგორ "იქექებოდა", ჭორფლი სად ჰქონდა... ყველას უკვირდა, ქალი ბიჭის როლს როგორ ვთამაშობდი. გარეთ მდარაჯობდნენ - უნდოდათ შეემოწმებინათ, მართლა გოგო ვიყავი თუ არა?! გაოცებულები სვამდნენ კითხვას, - კი, მაგრამ ამხელა გოგო მკერდს და სიმაღლეს როგორ იპატარავებსო?! როგორ და - სცენაზე გაჭიმული არასოდეს ვდგებოდი...
მუსიკალური კომედიის თეატრი
- როგორც კი ხელისუფლებაში სააკაშვილი, "მუსკომედიაში" კი ახალი ხელმძღვანელობა მოვიდა, მუსიკალური თეატრი დაანგრიეს! დღევანდელ "მუსკომედიას" კომედიის აღარაფერი აქვს! იქიდან წამოვედი და აღარც მივსულვარ... სულ სხვა თეატრი შექმნეს - მუსიკისა და დრამის... ბევრი დრამატული თეატრი ვის რად უნდა?! კომედიის ჟანრი მიყვარდა, რომელიც მიხეილ ჭიაურელმა დააარსა. 80 წლის თეატრი ისე მოსპეს, გაანადგურეს და კაცი არ გამოჩნდა, ვინც "მუსკომედიას" დაეხმარებოდა. 500-კაციანი კოლექტივი დაშალეს და მოსპეს! მათი წინააღმდეგი კი არ ვარ, ვინც ახლა განახლებულ თეატრში მუშაობს, უბრალოდ, ამ თეატრს ძველთან საერთო არაფერი აქვს...
"ის მსახიობი შიმშილმა მოკლა..."
- შარშან ლექსების წერა დავიწყე. ძირითადად, სიყვარულზე ვწერ, მაგრამ ნეტავ, ზოგს არ ეშინია, მათ შესახებ ამ ლექსებში რომ დავწერ და "დავასაფლავებ"?!.
- შეგიძლიათ, რომელიმე ლექსიდან მცირე ამონარიდი წაგვიკითხოთ?
- ეს ლექსი შვილს მივუძღვენი:
"რა ციმციმა თვალები გაქვს, რა ლამაზი ხარო,
გამიღიმე, გენაცვალე, ჩემო ნატვრის თვალო,
მე არ ვიცი ლექსის წერა, რომ მოგიძღვნა კარგო,
ჩემი თვალის ჩინი შენ ხარ, ცისფერთვალა ქალო..."
- თქვენი შვილის შესახებ გვიამბეთ...
- ექიმი გახლავთ. უკვე ბებიაც ვარ - წლინახევრის შვილიშვილი მყავს. ჩემი შვილის ოჯახი ჩემთან არ ცხოვრობს - გერმანიაში არიან. მინდა, ქალიშვილი ჩამოვიდეს და ჩემთან იყოს, მაგრამ აქ რა დავახვედრო?! ძალიან კარგად ვცხოვრობ: შვილი ვინმეს "ხახაში არ ჩამაგდებს". მას დედა უყვარს და საჭმელ-სასმელი არ მაკლია. მუსიკისა და დრამის თეატრი თვეში 200 ლარს მაძლევს. სახელმწიფომ სიბერის პენსია - 150 ლარი დამინიშნა, მაგრამ შარშან, ბარბარობა დღეს წამართვა - რადგან "მუსკომედიიდან" 200 ლარს იღებ, პენსია აღარ გეკუთვნისო! 200 ლარით ვცხოვრობ. ვინ მეხმარება და რას მჩუქნის, წავიდე და ანგარიში მთავრობას ჩავაბარო? იქნებ, საყვარელი მყავს და ის მარჩენს, ვისი რა საქმეა?! რაც მეკუთვნის, ის უნდა მომცენ. რა ვიცი, რუსები არ გვიყვარსო და რაღა მათი კანონებით ხელმძღვანელობენ?!. ბიძინა ივანიშვილმა ბევრი მსახიობი შიმშილით სიკვდილს გადაარჩინა! მე თუ 100 ლარი მომცა, სხვას - 1000 მისცა. გული არ დამწყდებოდა? მაგრამ ამის გამო ერთი ამბავი როგორ ავტეხო? კაცმა მაჩუქა, ხომ არ წამართვა?.. სამაგიეროდ, მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი - ბონდო გოგინავა ჩემს მეზობლად ცხოვრობდა. თავად არაფერს ჭამდა - რაც ჰქონდა, ბავშვებს აჭმევდა, რომ შიმშილით არ დახოცილიყვნენ. ჰოდა, კაცი შიმშილმა მოკლა...
კურდღლები და უცნაური მამლები
- თეატრში მსახიობებს აკვირდებიან, თუ ვის რა აცვია და არა - ვინ როგორი მსახიობია. თუ კარგად არ გაცვია, არც პიროვნებად მიგიჩნევენ და არც - მსახიობად. გაინტერესებს, კურდღლებირატომ მოვაშენე? კარგი სამოსი მენატრებოდა და ვიფიქრე, - ავდგები, კურდღლებს გავზრდი, მათი ბეწვისგან "შუბას" შევიკერავ-მეთქი. 2 კურდღელი ვიყიდე. თურმე, "ბაბოჩკის" ჯიშის ყოფილან. ქართული კურდღლები ორზე მეტ ბაჭიას არ აჩენენ - ყველაფერში უდღეურები არიან! ჩემმა კურდღელმა 15 შვილი გააჩინა. 2-3 თვეში უკვე 50 კურდღელი მყავდა. რაც მე ბაზარში დავეთრეოდი და შინ კომბოსტოები მომქონდა, რომ კურდღლებს არ ეშიმშილათ... ხორცს არ ვჭამ. რა უნდა მექნა? მეგობრების დაბადების დღეები ჩამოვწერე და თითო კურდღელი იუბილართან მიმყავდა. ვეუბნებოდი: ხორცი - თქვენ, ტყავი - მე-მეთქი! კურდღლებს დისშვილი მიტყავებდა. ვაფრთხილებდი, - ბეწვი არ გაჰყვეს-მეთქი! ჩემი და "დიაბეტიკი" იყო და შვილი მე გავუზარდე...
- ქურქი შეიკერეთ?
- ვერა. ტყავს დამუშავება უნდოდა, მე კი საამისო ფული სად მქონდა?! შემდეგ შვილმა გერმანიიდან ბევრი ტანსაცმელი გამომიგზავნა და დღეს აღარც ვიცი, რომელი "შუბა" ჩავიცვა, მაგრამ ახლა ოქრო რომ გადამაყლაპო, ისიც არ შემერგება: როცა ახალგაზრდა ხარ, გულს მაშინ უხარია... სხვათა შორის, გერმანიაში ცხოველის ბეწვისგან დამზადებული ქურქი რომ ჩაიცვა, "მკვლელს" გიწოდებენ!
- როგორც ვიცი, შინ მამლებიც გყავდათ...
- მამლები? მამლები კი არა, "არწივები" იყვნენ! ფილმის - "თბილისი ჩემი სახლია" გადაღებაზე ფასანაურისკენ რომ ვიყავი, მაშინ ვიყიდე. მათ შორის, ერთი ძალიან პატარა, სამოვარის თავსახურისოდენა იყო! ჰოდა, ვიფიქრე, - დედალია-მეთქი... დილით მამლები რომ აყივლდებოდნენ ხოლმე, მთელი კორპუსი ფეხზე იდგა! პატარა ქათამს კურტუმს ყოველდღე ვუსინჯავდი - კვერცხის დადებას ხომ არ აპირებს-მეთქი? თურმე, ისიც მამალი არ ყოფილა? შობის დღესასწაულზე მომაყივლა. მოკლედ, ცხრავე "ბიჭი" აღმოჩნდა!
ეთო ყორღანაშვილი