მუხრანისეული ახალი წელი მაჭავარიანების ოჯახში - გზაპრესი

მუხრანისეული ახალი წელი მაჭავარიანების ოჯახში

- მაჭავარიანების სამი თაობა 2015 წლის შესახვედრად გაწყობილ ნაძვის ხესთან შეიკრიბა და არცთუ დიდი ხნის წინ გარდაცვლილი სახელოვანი წინაპარი გაიხსენეს.

ანიკა ახმეტელი, შვილიშვილი:

- ბაბუას ძალიან უყვარდა პირველი იანვარი, რადგან მთელი ნათესაობა მის სახლში ვიკრიბებოდით. თუმცა, ამ შეკრებას წინ დიდი სამზადისი უძღოდა. ყველას საკუთარი მისია უნდა შეგვესრულებინა: კერძები მოგვემზადებინა, მაგრამ ვისი გაკეთებული რა კერძიც უყვარდა მუხრანს, იმას გვავალებდა. მაგალითად, საცივს ბებია აკეთებდა, მუხრანის მძახალი; ლამარა (მუხრან მაჭავარიანის მეუღლე, - ავტ.) - ლობიოს, დედაჩემი ნანა - ხაჭაპურს და ა.შ. განსაკუთრებით საშობაო ღვეზელი უყვარდა და ამასაც, ტრადიციულად, ბებია, ლილი ღლონტი აცხობდა.

სოფო ახმეტელი, შვილიშვილი:

- ახალი წლის ღამესაც ვსტუმრობდით მუხრანს, მეკვლეები ჩვენ ვიყავით, ამიტომ საჩუქრებსაც გვახვედრებდა ხოლმე. თუმცა, პირველად მაინც მამაჩემი შედიოდა - GzaPressლერი ახმეტელი, რადგან კარგი ფეხის მეკვლედ მიიჩნეოდა. "კარგი ფეხი" აღმოაჩნდა ანიკას უფროს ვაჟსაც - ლევანოს და ხანდახან ის ცვლიდა მამას (იცინის). იმ ღამეს მეორე ბებია-ბაბუასაც ვსტუმრობდით და მერე შინ ვბრუნდებოდით, მეორე დღეს, 2 საათზე კი კვლავ მუხრანთან ვიკრიბებოდით, ამჯერად - სანათესაო შეკრებაზე.

- ასე მგონია, ძალიან პუნქტუალური იქნებოდა ბატონი მუხრანი და თქვენგანაც ზუსტად 2 საათზე მისვლას მოითხოვდა...

ანიკა:

- კი, ძალიან პუნქტუალური იყო, ჩვენ კი ხანდახან ვაგვიანებდით და მისვლისთანავე აუცილებლად უკმაყოფილოდ გვეტყოდა, - რა გეჩქარებოდათო? საახალწლო სუფრას ყოველთვის ბაბუა თამადობდა. ლევანოს თავის ლექსებსაც ათქმევინებდა ხოლმე და გრძელი ლექსების წაკითხვის შემდეგ ყოველთვის 100-დოლარიანით ასაჩუქრებდა. თამარომ იფიქრა, ერთ ლექსს მეც ვისწავლი და ეგებ, დამასაჩუქროსო. ჰოდა, ერთხელაც ბაბუას მისი პატარა ლექსი წაუკითხა. რომ ვკითხეთ, რა საჩუქარი შეგხვდაო, უკმაყოფილოდ გვიპასუხა: მხოლოდ ტაშიო.

- საახალწლოდ აუცილებლად მისი ლექსები უნდა წაგეკითხათ?

- არა, არა. საოცარია, მაგრან 40 წლის ასაკში გავათვითცნობიერე, რომ საზოგადოების წინაშე ხმამაღლა არასდროს წამიკითხავს მუხრანის ლექსი, არადა, სკოლაში ბავშვებს რომ ვასწავლი, ისე კარგად ვამბობ, თვითონაც მიკვირს.

ნანა მაჭავარიანი:

- მამა ლექსებს ხმამაღლა წერდა, ამიტომ ჩვენ თვალწინ იმდენი ლექსი დაიწერა, ბუნებრივია, იოლად ვიმახსოვრებდით.

- ნანა, შენს ბავშვობაში როგორ ხვდებოდით ახალ წელს?

- მახსოვს, პირველ იანვარს დედას მშობლებთან მივდიოდით, ოღონდ - თითოეულთან ცალ-ცალკე, რადგან დაშორებულები იყვნენ. სწორედ ამიტომ, მამას დიდად არ უყვარდა ეს პროცესი, მაგრამ დედას ხათრს არ უტეხდა. მამას დედა - თამარი კი საახალწლოდ ყოველთვის ჩვენთან იყო. შემოდგომაზე ჩამოგვყავდა არგვეთიდან და გაზაფხულამდე თბილისში რჩებოდა.

- მაშინ ნაძვის ხესთან ლექსების თქმა არ იყო მოდური?

- არა, მაშინ მსგავსი არაფერი ხდებოდა. ისიც კი არ მახსენდება, მე და ჩემს ძმას მამის თანდასწრებით რაიმე ლექსი გვეთქვას. როგორც ჩანს, შვილიშვილები რომ შემოგვემატნენ, მერე უფრო დააფასა ოჯახური სიმყუდროვე. არადა, მე რომ გავჩნდი, მამა უმუშევარი ყოფილა, მხოლოდ დედა მუშაობდა - ჟურნალისტი იყო და მიკროფონით სირბილი ხშირად უწევდა, ამიტომ თურმე, მამა მივლიდა, საფენებსაც მიცვლიდა და მაძინებდა კიდეც. ალბათ ჩვენი განსაკუთრებული სულიერი სიახლოვეც ნაწილობრივ ამის შედეგია.

- შენთვის რომ ეთხოვა ბატონ მუხრანს, ნაძვის ხესთან ჩემი საახალწლო ლექსებიდან რომელიმე წაიკითხეო, რას შეარჩევდი?

- უფრო, ლირიკულს წავიკითხავდი:

"თოვს...

ციდან

თოვლის

თეთრი,

ფართო

ფანტელი

ცვივა

(თან გრაფიკულადაც ისე აქვს დაწერილი, გეგონება, მართლაც თეთრი ფანტელები მოდის ციდანო)...

ვიგონებ თოვლის სიყმაწვილეს -

შხაპუნა წვიმას...

ვხედავ:

სახლებში შერბის ხალხი -

ხარხარებს წვიმა...

თოვს...

ციდან

თოვლის

თეთრი,

ფართო

ფანტელი

ცვივა..."

საერთოდაც, მამა ლექსების გრაფიკას დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა.

სოფო:

GzaPress- ტრადიციულად, ნაძვის ხესაც მე და ანიკა ვუწყობდით მუხრანს. წინასწარ, 28-29-ში გავდიოდით და ვკაზმავდით. სხვათა შორის, ეს ტრადიცია დღესაც გრძელდება, ახლა ლამარას ვუწყობთ ნაძვის ხეს და პატარები - ანიკას მუხანო და ჩემი გიორგიც გვეხმარებიან. მუხანო სიდინჯითაც ჰგავს "დიდ მუხრანს". თან იცი, პატარებს როგორი მოწიწება აქვთ მისი? ამას წინათ, გიორგის მუხრანის წიგნი გადმოუვარდა თაროდან და შევნიშნე, სასწრაფოდ აკოცა და უკან დადო.

- ანიკა, შენ რომელ ლექსს წაიკითხავდი საახალწლო ნაძვის ხესთან?

- საახალწლო თემატიკისას - არა. რაც გამორჩეულად მიყვარს, იმას წავიკითხავდი: "კაცმა არ იცის, იცის ჭადარმა,/ ხემ და პოეტმა იციან მარტო,/ ქალი ქუჩაზე როცა გადარბის,/ რატომ იცინის უმისამართოდ..." ამას წინათ მეგობარმა მომწერა, მუხრანის საახალწლო ლექსი - "გილოცავ, გილოცავ" ჩემს შვილს ვასწავლე და სახელების ჩამოთვლაზე რომ მივა, სულ თავისი მეგობრების სახელებს ამბობსო... ანუ ბავშვები ისე ითავისებენ ამ ლექსს, საკუთარი ჰგონიათ. ერთხელ მუხანოს ვუკითხავდი "მზე ამოდიოდა, მთვარე ჩადიოდას" (იქაც ხომ სახელების ჩამონათვალია) და მკითხა: ანიკა, ვის ლექსს მიკითხავო? - მუხანოს ლექსს-მეთქი. - დიდი მუხანოსიო? - კი-მეთქი. - მეგონა, ჩემი ლექსი იყოო (იცინის)...

- საახალწლო სუფრის თამადობისას ბატონი მუხრანი თავის ლექსებს კითხულობდა?

ნანა:

- არა, ნაკლებად... მხოლოდ მაშინ, თუკი ვინმე სთხოვდა.

- ბატონო ლერი, თქვენ და ბატონი მუხრანი ძალიან მეგობრობდით. მასთან საახალწლო შეხვედრებიდან რას გაიხსენებთ?

ლერი ახმეტელი, მუხრან მაჭავარიანის სიძე:

- პირველ იანვარს მარტო ოჯახის წევრები და ნათესავები კი არ ვიკრიბებოდით მუხრანთან, არამედ მთელი მისი საძმაკაცო იყრიდა თავს, ხოლო 2 იანვარს კიდევ ერთი ტრადიცია ჰქონდათ: ყველა მეგობარი, მათ შორის - ლამარა, მე და ნანაც მის უახლოეს მეგობართან, კოლორიტულ კაცთან, ბაკურ ბახტურიძესთან ხაშზე მივდიოდით. გადასარევ დროს ვატარებდით. კაცები ბევრს კი ვსვამდით, მაგრამ გადამთვრალს იქ ვერავის ნახავდით. უნდა გენახათ, რა კურიოზები ხდებოდა ბახტურიძეებთან! ერთხელ მახსოვს, ახალი დაწყებული გვქონდა ქეიფი, სახელგანთქმული ქუთაისური ავეჯის მაგიდა შუაში რომ ჩატყდა და კერძები ძირს დაიყარა; მერე კიდევ... მუხრანს ძალიან უყვარდა ხაში, ამიტომ პირველი პორცია ყოველთვის მისთვის მოჰქონდათ. ერთ-ერთ 2 იანვარს, როდესაც ტრადიციულად, პირველს მას მიართვეს კერძი, მუხრანი ჯამით წამოდგა, - საერთოდ, ბავშვობიდან არ მიყვარს ხაშიო, - თქვა და გვერდით მჯდომს გადაუდო. ბაკურს არ გამოჰპარვია ეს ამბავი, მხოლოდ წამიერად გაირინდა და უცებ, დიასახლისებს გასძახა: რა ქენით, ამიყროლეთ ხომ ხაშიო?! მიხვდა, რომ მუხრანს მისი სუნი არ მოეწონა (იცინის)...

საახალწლო ნაძვის ხესთან უფროსებმა უფრო მეტად იაქტიურეს და ლექსებიც წაგვიკითხეს, ლევანომ, თამარომ და მუხანომ კი დაიმორცხვეს, თუმცა... შეხვედრის მიწურულს პატარა მუხანომ შემოგვაკითხა, - გადავწყვიტე, ლექსები წაგიკითხოთო და თავისთან, ოთახში მიგვიპატიჟა. ჰოდა, დაიწყო და არ გაჩერდა - "დიდი მუხანოს" იმდენი ლექსი, მათ შორის - "არაყი? - ლუდიც" კი გვითხრა სხაპასხუპით, რომ ერთ სტატიაში ვერაფრით ჩავატევდი. თუმცა, ყველაზე ემოციურად, გულიანად და მუხრანისეულად წაკითხულს ნამდვილად ვერ გამოვტოვებდი:

" ვისაც უყვარს საკუთარი სამშობლო და მინდორ-ველი,

ვინც არ უნდა იყოს იგი - ჩინელი თუ ინდოელი,

ვინც გლეხია,

ვინც მუშაა,

ვინც სიმართლის მძებნელია -

საქართველო არ უყვარდეს -

ყოვლად შეუძლებელია!

კიდევ უფრო, კიდევ უფრო იღორძინე, საქართველო,

კიდევ უფრო ბევრი შვილი გამოზარდე სასახელო.

კიდევ ერთი რუსთაველი,

კიდევ ერთხელ აამღერო,

შენც იხარო -

ჩვენც გვახარო, -

გამხნევდე და გაგვამხნევო,

გევალება,

საქართველოვ!

შეგიძლია,

საქართველოვ!

გაგიმარჯოს,

საქართველოვ!"

GzaPressპატარა მუხანოს "პოეზიის 5 წუთის" შემდეგ მისი დედიკოს, ანიკას თექის ნამუშევრებიც დავათვალიერე - ძალიან საინტერესო სახეები შეუქმნია და არც 2015 წლის ერთ-ერთი სიმბოლო - ცხვარი დაუტოვებია უყურადღებოდ. - თექაზე მუშაობის შესასწავლად საკმაოდ დიდ გადასახადს სწორედ მუხრანი მიხდიდა, რადგან მნიშვნელოვან და სასარგებლო საქმიანობად მიაჩნდაო, - მითხრა ანიკამ... - მისმა მხარდაჭერამ კარგი ნაყოფი გამოიღო, ძალიან ბევრი ნამუშევარი შევქმენი და ალბათ როგორ გაიხარებდა, ბოლო პერიოდის შემოქმედება რომ ენახა. ასე მგონია, ძალიან იამაყებდაო...

მე კი ჩემი და კიდევ ბევრის ბავშვობის უსაყვარლესი "დიდი მუხანოს" (როგორც მაჭავარიანებთან მოიხსენიებენ ბატონ მუხრანს) ცნობილი საახალწლო ლექსით ვულოცავ დამდეგ ახალ წელს მის ოჯახს:

"გილოცავ!

გილოცავ!

ახალ წელს გილოცავ.

შენ -

ვისაც

სამშობლო გიყვარს...

გელა ხარ!

თინა ხარ

შოთა ხარ!

ცირა ხარ!

ეს სულერთია -

ვინ ხარ..."

ირმა ხარშილაძე