სულელი ცხვრები და გამჭრიახი თხები - გზაპრესი

სულელი ცხვრები და გამჭრიახი თხები

ამჯერად, განსაკუთრებული ყურადღება ცისფერი ცხვრისკენ (თხისკენ) არის მიპყრობილი...

ცისფერი ცხვრებისა თუ თხების რა მოგახსენოთ, მაგრამ 23 წლის ქართველ მეცხვარეს კი მივაგენი, რომელსაც თავისი ცხვრები სოფელ გრაკალში ჰყავს...

შმაგი აფციაური, 23 წლის:

- პაპისგან გადმოცემული 30 ცხვარი მყავს. დიდ მეცხვარეობას არ ვეწევი. ამჟამად პირუტყვი მიბარებული მყავს კაცთან, რომელსაც 600 ცხვარი ჰყავს. გორის პროფესიულ სასწავლებელში ვეტერინარიას ვსწავლობ. შაბათ-კვირას და სხვა თავისუფალ დროს, 600-სულიან ფარაში მეც ვმორიგეობ.

- რამდენი ხანია, რაც პაპამ ცხვრები მოგაბარათ?

- დაახლოებით 10 წლის ვიყავი. პაპა რომ მოხუცდა და ცხვრების მოვლა აღარ შეეძლო, საკითხი დამისვა: ან გავყიდოთ, ან მოუარეთო. გადავწყვიტეთ, სულ არ გაგვეყიდა, რადგან ცხვრები შემოსავლის წყარო იყო. ჰოდა, ამ გზას გავყევი, რადგან სხვა შემოსავალი არ გვქონდა, თან - ეს საქმე მაინტერესებს.

- 10 წლის ბავშვი ცხვრებს როგორ უვლიდით? რთული არ არის?

- ნამდვილად რთული საქმეა: ცხვრის დაბმა, დამწყვდევა და მისი ადგილზე კვება არ გამოვა; ზამთარ-ზაფხულ უნდა იაროს და საკვები თავად მოიპოვოს. მომთაბარე პირუტყვია: ზაფხულში ბარში ვერ ძლებს, ზამთარში - მთაში. ამიტომ ყველა შინაური ცხოველისგან განსხვავებული, სპეციფიკური მოვლა სჭირდება. თან, ცხვარი უფრო შემოსავლიანია, ვიდრე - სხვა შინაური ცხოველი.

- ძირითადად, მოთხოვნა რაზეა - ცხვრის ხორცზე, მატყლზე, რძეზე?..

- ხორცი უფრო მოთხოვნადია, რადგან მართლმადიდებლური ეკლესიისთვის შესაწირად უმეტესად ცხვარს იყენებენ. წინათ მოსახლეობაში მატყლზეც იყო მოთხოვნა, ახლა კი - ძირითადად, თექის მწარმოებელი ორგანიზაციები ინტერესდებიან. მატყლის საბანს და ლეიბს აღარავინ კერავს... ცხვრის ტყავს თითქმის არავინ ითხოვს.

- ცხვრის რძეზე, რძის პროდუქტებზე მოთხოვნა არის?

GzaPress- კი, ყველაზე დიდი მოთხოვნაა, მაგრამ ჩვენ ცხვარს არ ვწველით, რადგან ეს შრომატევადი საქმეა, დიდი გამოცდილება სჭირდება. ვინც ძროხის მოწველა იცის, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ცხვრის მოწველასაც შეძლებს. თხას ვწველით. მისი რძე ძალიან სასარგებლოა.

- ცხვრებს როგორ ჰბანთ?

- მათი დაბანა ადრე გაზაფხულზეა აუცილებელი, სანამ მთაში წავალთ, ასევე - მთიდან ჩამოსვლის შემდეგ. ნებისმიერ შემთხვევაში, ბარში ვბანთ. სპეციალურ წამალს ვიყენებთ, რომ ცხვარი პარაზიტებმა არ შეაწუხოს. ეს პრეპარატი 6 თვის განმავლობაში მოქმედებს. მაგალითად, ცხვრებს მაისში რომ დავბანთ, სექტემბრამდე დაცულები არიან. სპეციალური, კიბის მსგავსი აბაზანები გვაქვს. დაბანის შემდეგ ცხვარი ე.წ. "აივანზე" "იწურება" - მოგეხსენებათ, ბეწვიანი ცხოველია და სითხეს დიდი რაოდენობით იწოვს. ბოლომდე "დაწურული", შემსუბუქებული ცხოველი მატყლის გაშრობის შემდეგ უკვე საძოვარზე გადის.

- ფარაში თხების აუცილებლობის მიზეზებზე გვიამბეთ.

- თხა ფარის მმართველი გახლავთ. უხეშად რომ ვთქვათ, ცხვარი სულელი ცხოველია. მაგალითად, თუ ფარა, რომელშიც თხა არ არის, ხევთან მივიდა, ცხვრები ხევში გადაიჩეხებიან. თხა ეშმაკი და ცხვართან შედარებით, უფრო დინჯი ცხოველია, მეტი გამჭრიახობა ახასიათებს.

- თქვენ რამდენი თხა გყავთ?

- ფარაში 40-მდე თხა არის, მათგან ჩემი - ერთია (დედალი). იმიტომ ვიყიდე, რომ ყოველ წელიწადს 3 ტყუპ ციკანს აჩენს. ცხვრებთან ერთად, თხის პატრონობა რთულია, რადგან ცხვარს ბალახი უყვარს, თხას - ნეკერი. სამაგიეროდ, 1 თხა 3 მწყემსს უდრის.

- თხები ხშირად ჩხუბობენ?

- ჩვენს ფარაში - არა, რადგან უმეტესად დაკოდილი მამალი თხები გვყავს, განაყოფიერება მხოლოდ ერთს შეუძლია. ასეთ თხას ბოტი ჰქვია. საერთოდ, თხები განერბვის (შეჯვარების) პერიოდში ჩხუბობენ, მათ შორის შუღლი ამ დროს ისადგურებს. რომელიც უფრო ყოჩაღია, ის წინაურდება და სხვა ვაცს უფლებას არ აძლევს, რომ "მანდილოსანს" გაეკაროს.

- ცხვრები როდის ცხარდებიან?

- ზამთარში. ცხვარს სიცხე ძალიან ეჯავრება. ზაფხულში თვინიერია - ალბათ ეს ტემპერატურის ბრალიც არის და ბევრი საკვებისაც, მაგრამ ზამთარში, როცა ცივა და საკვებიც ნაკლებია, ცხვრის გაჩერება შეუძლებელია - მიდის და მიდის... ამბობენ, - მეცხვარეს მგლის მუხლი უნდა ჰქონდეს, ცხვარს რომ სდიოსო.

- გაცხარებულმა ცხვარმა ადამიანს რა შეიძლება დაუშავოს?

- თუ მწყემსმა ყურადღება მოადუნა, შეიძლება, ერთი ცხვარი საწინააღმდეგო მიმართულებით წავიდეს და რამდენიმეც გაიყოლოს. ამას მეცხვარეები "ასხლეტვას" უწოდებენ. მწყემსმა ცხვარს თავის ნებაზე წასვლის საშუალება არ უნდა მისცეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, 100 სულიდან ორმოცსაც ვერ მოაგროვებს.

- ბატკანი ან ციკანი შინ გაგიზრდიათ?

- ბატკანი - ბევრჯერ. დედა ცხვარი მშობიარობას გადაჰყოლია და ნაყოფი დარჩენია ან 2-3 გაუჩენია და ბატკანს რძე არ ჰყოფნიდა; ვერც ისეთი ადამიანი მიპოვია, ვისაც ბატკანს ვაჩუქებდი. ამიტომ თავად გამიზრდია. აბა, ხომ არ მოვკლავდი!

- ბატკნის ხორცს ჭამენ, ხომ?

- კი, ჭამენ, მაგრამ ახალდაბადებულისას - არა.

- თქვენი გაზრდილი ბატკანი დასაკლავად არ გებრალებათ?

- გულახდილად გეტყვით: ჩემი გაზრდილი არასოდეს დამიკლავს.

- აბა, რა ბედი ეწიათ?

- გავყიდე. ასეთ ბატკანს ვერ შევჭამ და ვერც ვუყურებ, როგორ კლავენ. ადამიანს ბავშვივით ეჩვევა. მერწმუნეთ, როცა ელაპარაკებით, დაგიჯერებთ. დასაკლავად, შესაჭმელად, თქვენი სიამოვნებისთვის ვეღარ გაიმეტებთ. სხვა გზა არ მაქვს, უნდა გავყიდო ხოლმე, რომ მეც შრომა დამიფასდეს და ისიც თავის ბედს ეწიოს. აბა, მინდორში ვერ დავტოვებ, რომ მგელმა შეჭამოს და არც იმის ფუფუნება მაქვს, რომ ასე გაზრდილი ბატკანი ვინმეს ვაჩუქო...

- საერთოდ, ცხვრის ხორცისგან მომზადებულ კერძებს მიირთმევთ?

- კი, უმეტესად - ზაფხულში, როცა მთაში ვართ. იქ მანდილოსნები არ არიან. კერძის მომზადება კაცებს გვიწევს. სუფრის გაშლას, ნაკვერჩხალზე ხორცის დაგდებას და შეწვას ვამჯობინებთ.

- ცხვარს რა შემთხვევაში ყიდით?

- მაგალითად, შემოდგომას ჩვენთან ფარაში ცხვრის მკაცრი "გამოწუნება" ხდება: ბებერი ცხვარი აუცილებლად უნდა გაიყიდოს.

- ასეთ ცხვარს ვინ და რა მიზნით ყიდულობს?

- ბებერ ცხვარს უმეტესად ხორცის მწარმოებლები ყიდულობენ.

- ანუ საკვებად ვარგისია?

- კი. კიდევ, ავზნიანი ცხვარი არსებობს, რომელიც ბატკანს არ ზრდის, ძუძუს არ აწოვებს. თუ ცხვარს კერტი დაზიანებული აქვს, ბატკანს ვეღარ გაზრდის. არის შემთხვევები, როცა ცხოველი მომთაბარეობისას დაშავდება, დაკოჭლდება ხოლმე. მოკლედ, ფარაში ისეთ ცხვრებს ვტოვებთ, რომლებიც 90%-ით ვიცით, რომ ზამთარს თავადაც გადაიტანენ და ნაშიერსაც ნორმალურად გამოზრდიან.

- დაწუნებული ცხვარი რა ღირს?

- ფასი 120-დან 150 ლარამდე მერყეობს.

- ჯანმრთელ ცხვრებს არ ყიდით?

- იშვიათად.

- ზამთრის გადატანა ბატკნებს უფრო უჭირთ თუ დედა ცხვრებს?

- დედებს. ზამთარში ბალახი ნაკლებია. ცხვარს პასუხისმგებლობის იმხელა გრძნობა აქვს, რომ მაგალითად, თუკი 1 კგ საჭმელი შეჭამა, მთლიანად რძეში "ამუშავებს", რომ შვილი დააკმაყოფილოს, თავისთვის კი - ცოტაღა რჩება. ამიტომ ცხვარს ქერს ვაჭმევთ, რომ მეტი რძე ჰქონდეს, ასევე - სიმინდს, რომ არ დაუძლურდეს...

- იშვიათი შეფერილობის ცხვარი არ გყავთ?

- შავი გვყავს, რომელსაც შუბლთან თეთრი შეფერილობა აქვს, ასევე - წითელი ბატკანიც. წითელს მატყლი რომ ეზრდება, უთეთრდება. ამას გარემო პირობებს ვაბრალებთ - ალბათ, მატყლი ხუნდება. როცა ბატკანი გავპარსეთ, ისევ წითელი მატყლი ამოუვიდა, მაგრამ როცა გაეზარდა, ისევ გაუთეთრდა... შავი ცხვარი უფრო არაბებს მოსწონთ. მათ რატომღაც ცხენიც შავი მოსწონთ, საქონელიც...

- ცხვრებსა და თხებს ძაღლებთან როგორი ურთიერთობა აქვთ?

- ძალიან კარგი. უძაღლოდ ფარა არ არსებობს. ერთი ბებერი ძაღლი 5 კარგ მწყემსს უდრის. როცა ცხვარი გზაზე მიდის, ტერიტორიას ჯერ ძაღლი ამოწმებს. თუ რამე საშიშროებაა, ძაღლი მოაგვარებს, მერე კი ცხვრებს გზას გაუხსნის. ფარაში რამდენიმე ძაღლი უნდა იყოს: ერთი ცხვრებს წინ მიუძღვის, ორი - ფარას გვერდებზე (თუკი ამის საშუალება არის), ერთი კი ფარას აუცილებლად უკან უნდა მისდევდეს, რადგან თუ მწყემსს დაღლილი ან ცუდად გამხდარი ცხვარი მხედველობიდან გამორჩა, ძაღლი ცხვარს არ მიატოვებს - გვერდით მიუწვება და მწყემსის გარდა, ახლოს არავის მიაკარებს. ბუნებრივია, მწყემსი 1 000 სულში ერთი ცხვრის დანაკლისს ვერ შენიშნავს. სამაგიეროდ, მიხვდება, რომ ერთი ძაღლი აკლია და მის საძებნელად უკან მიბრუნდება.

- წელს ცხვრის მოსავლელად როგორი ზამთარია?

- სხვა წლებთან შედარებით, კარგი ზამთარი გვიდგას. ცხვრის მოვლა უფრო იოლია. 3-4 წლის წინ, ზამთარში 3 ბატკანიც ვერ გავზარდეთ: ძლიერი ყინვები იყო, ცხვარს საჭმელი არ ჰქონდა, ბატკნების უმეტესობა დაგვეხოცა... ახლა ნამდვილად "უმაღლესი" ზამთარია!..

ეთო ყორღანაშვილი