სამი მცირეწლოვანი შვილის დედა, რომელმაც ბიზნესი წამოიწყო და ძიძაზეც უარი თქვა - გზაპრესი

სამი მცირეწლოვანი შვილის დედა, რომელმაც ბიზნესი წამოიწყო და ძიძაზეც უარი თქვა

მერე დაღლილები სამზარეულოში იკეტებიან და ნაირ-ნაირ სადილს ამზადებენ, ნამცხვრებს აცხობენ და რა თქმა უნდა, საახალწლოდ აუცილებელ ნუგბარს, გოზინაყსაც დიდი გულმოდგინებით ამზადებენ. ასე იყო წლების განმავლობაში და ასე დღესაც, მაგრამ ცხადია, არსებობენ გამონაკლისებიც, რომლებიც ამ ყველაფრით თავს არ იტვირთავენ: ეს ის მანდილოსნები არიან, რომლებიც საკუთარ დროს ან სულაც, ლამაზ თითებს უფრთხილდებიან, ან სამსახურის გამო ვერ ახერხებენ საოჯახო საქმეებზე ზრუნვას და იმის ნაცვლად, რომ დიასახლისის ამპლუა მოირგონ და სხვების მსგავსად, დაღლილები, ცომიანი ხელებით შეეგებონ დამდეგს, ამ ზოგისთვის მძიმე, ზოგისთვის კი იოლი სამუშაოს მოსაგვარებლად დამხმარე დიასახლისებს ქირაობენ. საქართველოში მომსახურების ასეთი სერვისი თითქოს, "ახალი ხილია", მაგრამ უკვე ძალიან პოპულარული.

ჩემი რესპონდენტი - ეკა ყურაშვილი სამი ვაჟის დედა გახლავთ: უფროსი ტყუპი პირველ კლასშია, უმცროსი ბიჭუნა ჯერ კიდევ ბაღში დადის. მიუხედავად ამისა, ეკა მხოლოდ დიასახლისობას არ დასჯერდა. მან გადაწყვიტა, საქმიანი ქალის ამპლუა მოერგო და როგორც ახლა თავად ამბობს, მცირე ბიზნესი აქვს. კომპანია, რომელსაც სათავეში უდგას, ქალებს მძიმე საქმეების იოლად მოგვარებაში ეხმარება. სამსახურს გარკვეული დრო მიაქვს, მაგრამ ცდილობს, პარალელურად, შვილებსაც არ მოაკლოს ყურადღება და როგორც უნდა გაგიკვირდეთ, ძიძის ან სხვა დამხმარე ქალის გარეშე ახერხებს შვილებზე ზრუნვასაც, საოჯახო საქმეების კეთებასაც და სამსახურის საქმეების მოგვარებასაც.

ეკა:

- ზუსტად ერთი წელია, ჩემი საქმე მაქვს. ვმართავ კომპანიას, სადაც დაახლოებით 40 ადამიანი მუშაობს. ჩვენ საკუთარ თავზე ვიღებთ სახლების ყოველდღიურ, გენერალურ ან რემონტის შემდგომ დასუფთავებას. ასევე, ვთანამშრომლობთ რამდენიმე კომპანიასთან, რომლებსაც გარდა იმისა, რომ ვასუფთავებთ, ჰიგიენური საშუალებებითაც ვამარაგებთ.

- ყველაზე ხშირად, დიასახლისები რა თხოვნით მოგმართავენ?

- არის შემთხვევა, როცა მხოლოდ მინის გასაწმენდად გვეძახიან ან მხოლოდ იატაკის მოსახეხად. ხშირად გვთხოვენ აგარაკების დასუფთავებას (განსაკუთრებით ბევრ შეკვეთას გვაძლევენ წყნეთში მდებარე აგარაკების მფლობელები). არის დღეები, როცა ბიზნესის თვალსაზრისით ჩავარდნა გვაქვს, მაგრამ ასეთი რამ უკვე იშვიათად ხდება. ხალხი შეეჩვია ჩვენს მომსახურებას. იციან, რომ ყველაფერს ხარისხიანად გავაკეთებთ და გვენდობიან.

- ანუ ჩვენში მომსახურების ეს სფერო უკვე დამკვიდრდა?

- კი, საკმაოდ ბევრი გამოძახება გვაქვს, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მსგავსი უკვე ძალიან ბევრი კომპანიაა საქართველოში.

- ყოფილა თუ არა თქვენს პრაქტიკაში ისეთი შემთხვევა, როცა დიასახლისმა, რომელიც არსად მუშაობს და ბევრი თავისუფალი დრო აქვს, თქვენი თანამშრომლები მხოლოდ იმიტომ გამოიძახა, რომ დაეზარა სახლის დალაგება?

- ასეთი შემთხვევაც ყოფილა, მაგრამ უფრო ხშირად, დასაქმებული მანდილოსნები ცდილობენ საოჯახო საქმეების შემსუბუქებას. მათ უბრალოდ, არ აქვთ დრო გენერალური დასუფთავებისთვის და ამიტომაც სჭირდებათ დამხმარე დიასახლისი.

- შენც დაკავებული, საქმიანი ქალბატონი ხარ. ოდესმე საკუთარი თანამდებობით გისარგებლია და დამხმარე დიასახლისი შინ წაგიყვანია?

- არა, მსგავსი რამ არასდროს მომხდარა. მერწმუნეთ, თავადაც მშვენივრად ვალაგებ სახლს.

- სამი შვილის დედა ხარ, პარალელურად - მუშაობ და როგორც ვიცი, არც ძიძა გყავს. როგორ ახერხებ ამ ყველაფრის ერთმანეთთან შეთავსებას?

GzaPress- ალბათ ქალს ყველაფერი შეუძლია - ეს დასკვნა გამოვიტანე მას მერე, რაც საქმე წამოვიწყე და დასახული მიზანი განვახორციელე. მანდილოსანს ყველანაირი დაბრკოლების გადალახვა შეუძლია, მთავარია, დრო სწორად გადაანაწილოს. პირადად მე, ბავშვებს რომ დავაძინებ, მერე ვალაგებ სახლს, მეორე დღისთვის სადილს ვამზადებ და ა.შ. დილით, ვიდრე სამსახურში წავალ, უმცროსი შვილი მიმყავს ბაღში, შემდეგ უფროსები - სკოლაში...

- ცდილობ, მათ დედის ყურადღება არ მოაკლდეს, მაგრამ ეს გამოგდის კი?

- კი, გამომდის! ჩემს შვილებს ნამდვილად არ აკლიათ დედის ყურადღება. მათთვის ყველაფერს თავად ვაკეთებ, ბავშვების გამო სხვა არასდროს შემიწუხებია. ვფიქრობ, ქალმა, როგორი დაკავებულიც უნდა იყოს, საკუთარი შვილებისთვის დრო ყოველთვის უნდა გამონახოს.

- მაგრამ სურვილი ერთია და რეალობა - მეორე: სამსახურიდან ყოველთვის მაშინ ვერ გამოხვალ, როცა მოგინდება. ეტყობა, საკუთარი საქმე გაძლევს იმის უფლებას, რომ საჭირო დროს შვილებთან მიხვიდე.

- ვაღიარებ, ეს ფუფუნება მაქვს. სამსახურში არ ვარ ისეთი დატვირთული, რომ იქიდან წამოსვლა ვერ მოვახერხო... თუმცა, ვიმეორებ: იმისთვის, რომ ყველაფერი მოვასწრო, ცოტა ხანს მძინავს. გვიან ვიძინებ და დილით ძალიან ადრე ვდგები, რათა დროის სწორად გადანაწილება მოვახერხო.

- საინატერესოა, პროფესიით ვინ ხარ?

- ანგლისტიკი ანუ ფილოლოგი, ინგლისური ენის სპეციალისტი ვარ.

- ფილოლოგს დასუფთავების კომპანიის დაარსებისკენ რამ გიბიძგა?

- ოჯახური მდგომარეობიდან გამომდინარე, გაცნობიერებული მქონდა, რომ ისეთ ადგილას ვერ ვიმუშავებდი, სადაც განსაზღვრული საათების განმავლობაში მომიწვედა ყოფნა. მჭირდებოდა სამუშაო, სადაც თავისუფალი რეჟიმი მექნებოდა. ჰოდა, ასეთი საქმე რომ ვერ ვიპოვე, გადავწყვიტე, რაღაც სხვა გზა მომეძებნა იმისთვის, რომ საკუთარი თავის რეალიზება მომეხდინა, სახლში არ ჩავკეტილიყავი. ამ კომპანიის დაარსება ერთგვარი გამოსავალი იყო ჩემთვის, ჰოდა, გავრისკე.

- რატომ მაინცდამაინც დასუფთავების სამსახური და არა ვთქვათ, სილამაზის სალონი, ტანისამოსის მაღაზია?..

- იცით, ვიდრე საქმეს წამოვიწყებდი, ყველაფერზე კარგად დავფიქრდი. როცა კომპანიის დაარსების იდეა გაჩნდა, მსგავსი სამსახური საქართველოში სულ რამდენიმე იყო. მე რაღაც ისეთის გაკეთება მინდოდა, რაც ქართულ ბაზარზე ერთგვარი სიახლე იქნებოდა და არა - "გადაღეჭილი" ანუ ის, რაც ისედაც, ყოველ ფეხის ნაბიჯზე გახლდათ.

- რაღაც საქმე რომ გქონოდა, ეს მატერიალურმა საჭიროებამ მოითხოვა თუ უბრალოდ, მხოლოდ მუშაობა, "სახლიდან გასვლა" გინდოდა?

- ჩემთვის აუცილებელი იყო, სამსახური მქონოდა, მაგრამ ცხადია, არც დამატებითი შემოსავალი აწყენდა ჩემს ოჯახს. ვფიქრობ, ყველა ქალს უნდა ჰქონდეს საკუთარი ჯიბის ფული.

- ბიზნესის წამოწყებას სითამამე სჭირდება. ბევრ ქალს აქვს სურვილი, საკუთარი ფული ჰქონდეს, მაგრამ უმრავლესობა გარისკვას ვერ ბედავს.

- აი, მე კი ყოველთვის მიყვარდა რისკი. ვფიქრობდი: თუ გამოვა, ხომ კარგი, თუ არ გამოვა, გული არ უნდა დამწყდეს-მეთქი. თუ თავიდანვე შიშით დაიწყებ საქმეს, არაფერი გამოგივა.

- ძნელია, არ გეშინოდეს, როდესაც საქმის გასაკეთებლად ვალის აღება გჭირდება. ალბათ გქონდა საწყისი თანხა, რითიც ბიზნესი უნდა წამოგეწყო. ასეა?

- კი, თანხა ნამდვილად მქონდა. საქმის წამოსაწყებად კრედიტის აღება არ დამჭირვებია. გეთანხმები, ვალი რომ ამეღო, შეიძლება, ასე ვერ გამერისკა.

- რას ნიშნავს ქალისთვის მატერიალური დამოუკიდებლობა?

- ასეთ დროს უფრო თავდაჯერებული ხარ. როცა სამსახური გაქვს და თავისთავად, შემოსავლის წყაროც, ეს ერთგვარი აზარტია. მას მერე, რაც ვმუშაობ, საკუთარი თავი სხვა კუთხით დავინახე. მივხვდი, რომ არც ისეთი სუსტი ვარ, როგორიც შესაძლოა, გარეგნულად, ერთი შეხედვით ვჩანვარ.

- რამდენად დაფასებულია შენი ხელქვეითების შრომა? როგორი უფროსი ხარ?

- მომსახურების საფასურს იმის მიხედვით ვადგენთ, თუ რისი გაკეთება მოუწევს დამხმარე დიასახლისს. ვფიქრობ და გულახდილად ვამბობ: წესით, თანამშრომლებს იმაზე მეტიც კი უნდა გადავუხადოთ, ვიდრე ვაძლევთ, რადგან ისინი საკმაოდ მძიმე საქმეებს აკეთებენ, მაგრამ ხელფასის მომატება არ გამოდის: კლიენტის მიერ გადახდილი თანხიდან მათ გარკვეულ პროცენტს ვაძლევთ, დამკვეთს კი ცხადია, ბევრი ფულის გადახდა არ სურს. ცდილობს, როგორმე იაფად გამოძვრეს. როგორი მიზერული თანხაც უნდა დაუსახელო, ზოგიერთი მაინც წუწუნებს: ბევრიაო. არ აინტერესებს, დამხმარე დიასახლისს რამდენი საათი და რა სიმძიმს სამუშაოს კეთება მოუწევს. ზოგიერთს ჰგონია, რადგან საქმე დასუფთავებას ეხება, დაქირავებულმა პერსონალმა მიზერულ თანხად უნდა შეასრულოს სამუშაო. ზოგს უნდა, უზარმაზარი სახლი მხოლოდ ერთმა ადამიანმა დაალაგოს, თანაც - რამდენიმე საათში და იმის გაგება უჭირს, რომ ეს ფიზიკურად შეუძლებელია. მეორე დამხმარე დიასახლისიც რომ წავიდეს, ცოტა მეტის გადახდა მოუწევს კლიენტს და ამიტომაც ამბობენ უარს ორი ადამიანის მომსახურებაზე.

- თანამშრომლის გამო კლიენტისგან შენიშვნა არასდროს მიგიღია? ამბობენ, - ხდება ხოლმე, როცა ზოგიერთი დამხმარე დიასახლისი სარგებლობს შემთხვევით და სხვისი სახლიდან ხელს რაიმე ნივთს გამოაყოლებსო.

- მერწმუნეთ, არასდროს ყოფილა შემთხვევა, ჩვენი თანამშრომლის მომსახურების პერიოდში კლიენტის სახლში რაიმე დაკარგულიყოს. იცით, ადამიანები კომპანიაში იმიტომ რეკავენ, რომ ფიქრობენ, ასეთ დროს ზარალისგან გაცილებით დაცულები არიან, ვიდრე კერძო დამლაგებელთან დარეკვის შემთხვევაში იქნებოდნენ. თუ მათ სახლში რაიმე დაიკარგება, პასუხისმგებლობას კომპანიას დააკისრებენ, ინტერნეტში ნაპოვნი ადამიანის შინ შეშვება კი თავისთავად, მეტი რისკია... როცა კლიენტი დაიჟინებს, მხოლოდ ერთი დამხმარე დიასახლისი გამოუშვითო, მის მოთხოვნას ვასრულებთ, მაგრამ როცა თავად ხედავენ, რომ ადამიანი თავდაუზოგავად შრომობს, მაგრამ ფიზიკურად ვერ მოასწრებს ყველაფრის დალაგებას, ისევ გვირეკავენ და კიდევ ერთი ადამიანის მისვლას ითხოვენ. ჩვენ უკვე ვიცით, რამდენი კვადრატულის დალაგებას რამდენი ადამიანი სჭირდება. მერწმუნეთ, ჩემი თანამშრომლები ფლობენ ყველა იმ უნარჩვევებს (და აქვთ შესაბამისი გამოცდილება), რაც მათ საქმიანობას უნაკლოს ხდის. ვიყენებთ ეკოლოგიურად სუფთა, მაღალხარისხიან პროდუქციას იმისთვის, რომ უზრუნველვყოთ სუფთა გარემო და ავეჯი თუ ტექნიკა დავიცვათ დაზიანებისგან. დიდი ფართის წრაფად დალაგებაში გვეხმარება ცნობილი ბრენდების ტექნოლოგიური მიღწევები.

- ეკა, მას მერე, რაც ეს საქმე წამოიწყე, ყოფილა თუ არა შემთხვევა, როცა საკუთარი სახლის დალაგება ვერ მოახერხე და სამსახურში წამოსულმა, შინ "აურზაური" დატოვე?

- არ მახსენდება, ოდესმე სახლი არეული დამეტოვებინოს.

- გამოდის, საქმიანი ქალის იმიჯი კარგად მოირგე. სავარაუდოდ, ალბათ მეუღლეც ხშირად გაქებს.

- თავშეკავებული ადამიანია, თუმცა, ზოგჯერ ჩემი ქებაც დასცდება ხოლმე (იცინის).

- დაბოლოს, რას ურჩევ დამწყებ "ბიზნეს-ვუმენებს", რომლებსაც ფული აქვთ, მაგრამ გარისკვა უჭირთ; არ იციან, თანხა სად და როგორ დააბანდონ?

- ვინმესთვის რჩევის მიცემა გამიჭირდება, მაგრამ გეტყვით, რომ მთავარი მონდომებაა. თუ ძალიან მოინდომებთ, ყველაფერი გამოგივათ. ბევრი ქალი ჩემს ადგილას, გარეთ გასვლასაც ვერ მოახერხებდა, არათუ მუშაობას, საქმის დაწყებას. სამი მცირეწლოვანი ვაჟის მოვლა ძალიან ძნელია, მით უმეტეს, რომ არც ძიძა მყავს და არც ვინმე მეხმარება. ოჯახში შვილებთან ერტად, მხოლოდ მე და ჩემი მეუღლე ვცხოვრობთ, ყველა პრობლემის გადაჭრას დამოუკიდებლად ვცდილობთ. ასე რომ, მერწმუნეთ, თუ ადამიანს აქვს მიზანი და აზარტულიც არის, შეძლებს გზის გაკვალვას. თუმცა, ალბათ იღბალიც უნდა გქონდეს, რომ შენი საქმე არ ჩაიძიროს.

P.S. "გზა" გაძლევთ შანსს, თქვენც გახდეთ ჩვენი რესპონდენტი! თუ ფიქრობთ, რომ სხვებისგან რაიმეთი გამოირჩევით ან საკუთარი საინტერესო თავგადასავლის მოყოლა გსურთ, თუ სურვილი გაქვთ ვინმეს სიყვარულში გამოუტყდეთ ან სულაც, სოციალურ პრობლემებზე საკუთარი აზრი დააფიქსიროთ, მაშინ მოგვწერეთ ტელეფონის ნომერზე: 5(58) 25.60.81 ან მეილზე: lika.qajaia@gmail.com

ლიკა ქაჯაია