2014 წლის საუკეთესო რესპონდენტები - გზაპრესი

2014 წლის საუკეთესო რესპონდენტები

ეს-ესაა, "გზამ" თავისი არსებობის მე-15 წელიწადში შედგა ფეხი. ჰოდა, ამ საბაბით "გზის" ჟურნალისტების დახმარებით, წლის საუკეთესო რესპონდენტების გამოვლენა გადავწყვიტე: თავად, კვლავ ჟურნალისტის ამპლუაში დავრჩი, კოლეგებს კი მეტისმეტად საპასუხისმგებლო საქმე დავაკისრე - ვთხოვე, საუკეთესო რესპონდენტები დაესახელებინათ...

თამუნა კვინიკაძე:

GzaPress- სრულიად უცნობ ადამიანებთან ერთად მოგზაურობა მიყვარს. ასეთი ტურები თავგადასავლებით სავსეა. ერთ-ერთი მოგზაურობისას ფერეიდნელი ქართველი - სანდრო ონიკაშვილი გავიცანი. სანდრომ ჩემი ყურადღება უშუალობით, გულწრფელობით, ქართული ტაძრებისადმი მოწიწებითა და ქვეყნისადმი სიყვარულით მიიპყრო. ამა თუ იმ ძეგლის მონახულებისას, მისი ემოცია დაუკვირვებელი თვალისთვისაც კი ადვილად შესამჩნევი იყო. დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსის ნახვისას და ერთ დროს დიდებული, დღეს კი ნანგრევებად ქცეული უჯარმის ციხის დათვალიერებისას სანდრომ აღფრთოვანება ვერ დაფარა. არც მისი გულის ამოძახილი (ოდნავ "დამტვრეული" ქართულით) გამომპარვია: "ეს რა საოცარი ქვეყანაა", "შენ გენაცვალე, საქართველო!.." ახლახან კი მან სხვა ფერეიდნელებიც გამაცნო, რომელთა ოცნებაც შორეულ გურჯისტანზე ახდა და დღეს ყველანი ერთად, საპატრიარქოს მიერ გამოყოფილ სახლში ცხოვრობენ. თითოეული მათგანი თავისებურად საინტერესოა. საერთოდ ვფიქრობ, რომ ისინი ყველაზე დიდი ქართველები არიან: იოლი არ არის, მშობლიური ენა 4 საუკუნის განმავლობაში შემოინახო და მე-17 თაობას სამშობლოს გაუნელებელი სიყვარული გადასცე. მაშინ, როცა საქართველოდან ჩვენი ბევრი თანამემამულეა წასული, ფერეიდანში გაზრდილი ქართველები ბრუნდებიან...

არასდროს დამავიწყდება ჩემი რესპონდენტები ქედიდან. ამ მუნიციპალიტეტს "სიდას" მიერ ორგანიზებული მედიატურის დროს ვესტუმრე. სოფელი გოგინიძეები მეწყერსაშიშ ზონაში მდებარეობს. მანქანით ბოლომდე ვერ ავედით, ამიტომ გზა ფეხით განვაგრძეთ. სოფლის თავში მეწყრისგან დანგრეული სახლი და ნანგრევებში მოყოლილი აკვანი ვნახეთ. ეს კადრი ჩემი მეხსიერებიდან არ ამოდის. საბედნიეროდ, სახლის ნგრევისას არავინ დაღუპულა. ზემო აჭარელებმა გვითხრეს, - აქედან ისე არ გაგიშვებთ, რომ არ დაგვლოცოთ, ლოცვას დიდი ძალა აქვსო, - და ერთ-ერთ ეზოში სახელდახელოდ სუფრა გაგვიშალეს. პრობლემებით დამძიმებულ, მაგრამ მაინც სტუმართმოყვარე და ღიმილიან აჭარელებთან ურთიერთობამ რაღაცნაირად "გამათბო". ეს კუთხე ბუნების სილამაზითაც გამორჩეულად დამამახსოვრდა...

GzaPressჩემი რესპონდენტები უმეტეს შემთხვევაში, ცნობილი ადამიანები არიან. ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე ყოველთვის გამორჩეულად საინტერესოა. ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ცენტრ "კამარაში" (სადაც ნარკოტიკზე დამოკიდებულმა არაერთმა ადამიანმა გაიარა რეაბილიტაცია) ვინც ერთხელ მაინც ყოფილა ან "კამარელებს" და მათ შემოქმედებას იცნობს, ყველა დამეთანხმება, ნათია რა დიდ და მნიშვნელოვან საქმეს არის შეჭიდებული. ძალზე რთულია, ამ დიდ საქმეზე ისე ილაპარაკო, რომ სრულად გადმოსცე ემოცია, რომელსაც ადამიანის ხელახლა დაბადების სიხარული ჰქვია. არაერთ "კამარელს" ვიცნობ. მათ პირადად უსაუბრიათ ჩემთან (ნათიას დახმარებით) - როგორ მოიგეს ომი საკუთარ თავთან, როგორ იზეიმეს იმ სინათლის დაბადება, რომელიც მათ არა მხოლოდ აწმყოს, არამედ მომავალსაც აუცილებლად გაუნათებს... ვიცი, რომ გაზაფხულზე ნათია და მისი პაციენტები საზოგადოებას კიდევ ერთ "დაუჯერებელ გამოფენაზე" მიგვიპატიჟებს და ჩვენ ერთმანეთისთვის დღესასწაულს შევქმნით...

შორენა ლაბაძე:

- შეიძლება, ვინმე გამომრჩა, მაგრამ წლის საუკეთესო რესპონდენტებად 3 ადამიანს დავასახელებ: დიმიტრი ტატიშვილს, გრიშა წიტაიშვილსა და ნინო ზამბახიძეს. მიუხედავად იმისა, რომ რუბრიკა არ დარჩა, რომელშიც ქართულ ჟურნალ-გაზეთებს დიმიტრი ტატიშვილი არ მიუწვევიათ და მგონი, ამის გამო მსახიობი უკვე შეწუხებულიც კია, მაინც უარს არასოდეს ამბობს ინტერვიუზე, აბსოლუტურად ყველა შეკითხვაზე პასუხისას ბოლომდე იხარჯება და ისეთი უნიადაგო ამბიციები არ გააჩნია, როგორიც ჩვენი "ბომონდის" ბევრ წარმომადგენელს. მასთან შეხვედრისას იმედი არ გაგიცრუვდება.

GzaPressგრიშა წიტაიშვილი ძველი თაობის მსახიობი გახლავთ. მასთან ინტერვიუ რუბრიკისთვის - "ჩემი ცხოვრების გზა" ჩავწერე. ბატონ გრიშას საუბარი მძიმე თემებზე მოუხდა - დედ-მამა რეპრესირებული ჰყავს... ამ ადამიანს ცხოვრების ძალზე რთული გზა აქვს გამოვლილი. ორსაათიანი ინტერვიუ ჩავწერე, ყველაფერი დეტალურად მიამბო, საუბრისას ცუდად ხდებოდა... ვფიქრობ, ჟურნალისთვის ერთ-ერთი საუკეთესო მასალა გამოვიდა.

ნინო ზამბახიძე "ფერმერთა ასოციაციის" თავმჯდომარე გახლავთ. ის მისაბაძი ადამიანია: გოგონა ვერაზე დაიბადა და გაიზარდა, ჩაის და ყავის ბიზნესი ჰქონდა, მაგრამ ფერმერობა არჩია. დღეს ახალციხეში, დიდი მეურნეობის მესაკუთრე გახლავთ, რომელსაც ამიერკავკასიაში ანალოგი არ გააჩნია. მისაბაძი ადამიანი იმიტომ არის, რომ შეეძლო, ოფისში დამჯდარიყო და მთელი ცხოვრება უზრუნველად გაეტარებინა, მაგრამ საზღვარგარეთ მიღებული განათლებით, წავიდა და რეზინის ჩექმები ჩაიცვა... უმნიშვნელოვანეს საქმეს აკეთებს.

ამ ადამიანებს კიდევ იმიტომ გამოვარჩევ, რომ მათთან ინტერვიუს გამოქვეყნების შემდეგ, სამივემ ჟურნალისტისთვის მადლობის თქმა შეძლო. სამწუხაროდ, ეს იშვიათად ხდება...

ლალი პაპასკირი:

- 12-13 წელია, რაც ჟურნალისტად ვმუშაობ. ამ ხნის განმავლობაში ბევრ განსხვავებულ სიტუაციაში აღმოვჩენილვარ, ბევრნაირ ადამიანს შევხვედრივარ. სულ ვფიქრობ, - აი, ამის მერე, რამ უნდა გამაკვირვოს-მეთქი? მაგრამ თიკო მახათაძესთან საუბრისას მიღებული დადებითი ემოცია მთელი ცხოვრება გამყვება. ეს ადამიანი იმის მაგალითი გახლავთ, თუ როგორი უნდა იყოს ძლიერი ხასიათის გოგონა, ყველა პრობლემას სწორად როგორ უნდა შეხედოს და წინ იაროს... თიკო უნივერსიტეტში სწავლობს. სწავლის დაფინანსება საკუთარ თავზე აიღო - პრობლემებს არ შეუშინდა. ხელფასი 275 ლარი აქვს - მეეზოვედ მუშაობს. ღამით, როცა თითქმის ყველა გვძინავს, ეს გოგო ზამთარ-ზაფხულ შრომობს. დილით შინ ბრუნდება, 3 საათით იძინებს, შემდეგ კი ლექციებზე მიდის. გამოცდების პერიოდში, ზოგჯერ 2-3 საათსაც ვერ იძინებს, რადგან ამ დროს გამოცდებისთვის ემზადება. ახლა მეოთხე კურსის სტუდენტია. პარალელურად, ილიას უნივერსიტეტშიც ჩააბარა... არასამთავრობო ორგანიზაცია "ქართლოსში" მუშაობს. პირადი საუბრისას მიამბო, რომ ერთი პერიოდი, კაფეშიც მუშაობდა, რადგან არასამთავრობო ორგანიზაციის ეგიდით, თურქეთში უნდა გამგზავრებულიყო და გზის ფული არ ჰქონდა. კაფეში ამიტომაც იმუშავა. მკითხველს წარმოდგენა რომ შეექმნას, დაახლოებით ასეთი გრაფიკი ჰქონდა: ღამით ეზოების დასასუფთავებლად გადიოდა, შინ დაბრუნებულს სწავლისთვის 2 საათი ჰქონდა გამოყოფილი - ემზადებოდა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციის პროექტის დეტალებში გარკვეულიყო, შემდეგ ლექციებზე მიდიოდა, იქიდან - კაფეში, სადაც საღამოს 11 საათამდე მუშაობდა, სახლში დაბრუნებული, უნიფორმას იცვამდა და ისევ ეზოში სამუშაოდ გადიოდა... რამდენიმე თვე ასე გრძელდებოდა. თიკომ მითხრა, რომ პარალელურად, კიდევ რაღაცებს აკეთებდა, მაგრამ ინტერვიუში ამის აღნიშვნა არ ისურვა, - ხალხს საკუთარი პრობლემებიც ეყოფაო. ჩემი გონება ვერ სწვდება - 24 საათში ამდენ რამეს როგორ ასწრებდა?! ამ გოგონას შესახებ ყოველთვის აღფრთოვანებული ვლაპარაკობ, სხვაგვარად არ შემიძლია, რადგან მართლაც არაჩვეულებრივი, უკიდეგანოდ განათლებული და აქტიური ადამიანია. ინგლისურადაც ბრწყინვალედ საუბრობს... მინდა, ყველა ახალგაზრდას, ვინც უნივერსიტეტში სწავლობს და გამოცდებისთვის მომზადება ეზარება, ვინც თიკოს არ იცნობს და არც მასთან ინტერვიუ წაუკითხავს, ვუთხრა: ამ გოგონას ცხოვრების გრაფიკს გადახედეთ და შემდეგ, საკუთარი ცხოვრების წესი გააანალიზეთ...

GzaPressკიდევ ერთ რესპონდენტს დაგისახელებ: აგვისტოს დასაწყისში მე და ჩემი მეგობარი - ჟურნალისტი თორნიკე ყაჯრიშვილი ერთად გავემგზავრეთ ხურვალეთისკენ. დათა ვანიშვილი ზემო ხურვალეთში ცხოვრობს. ეს სოფელი რუსულმა მავთულხლართმა შუაზე გაყო. დათა პაპას სახლ-კარი ოსეთის მხარეს მოხვდა. ის ერთადერთი ქართველია, რომელიც სახლ-კარს არ ტოვებს, თავის ავადმყოფ მეუღლესთან ერთად ცხოვრობს. ამბობს, - აქედან რომ წავიდე, სოფელი დაიცლება და გაპარტახდებაო. აღდგომის თუ სხვა საეკლესიო დღესასწაულების დროს, საფლავებს უვლის (სასაფლაოც მავთულხლართს მიღმა მოჰყვა)... ჩემთვის ნამდვილი ქართველი და სამშობლოს დამცველი ეს კაცი გახლავთ და არა - "ბრტყელ-ბრტყელი სიტყვებით" პათეტიკურად მოსაუბრე პოლიტიკოსები.

თორნიკე ყაჯრიშვილი:

- ჟურნალი "გზა" ჩემი პირველი სამსახურია - მუშაობა 7 წლის წინ დავიწყე, შემდეგ სხვაგან გადავედი. "პალიტრამედიაში" წელს დავბრუნდი. სამწუხაროდ, წელს "გზისთვის" მხოლოდ 10 სტატია დავწერე, მათგან ერთ-ერთი განსაკუთრებულად მახსოვს: ეს არის ზესტაფონელ კოლორიტ უშანგი გიორგაძესთან ინტერვიუ. ბატონი უშანგი 87 წლის გახდა. მის სახელს ზესტაფონში ბევრი მოსწავლის აღზრდა-დაკვალიანება, პროფესიული არჩევანი უკავშირდება. უშანგი გიორგაძეს ისტორიული ოჯახი აქვს: მისი მამა და ბიძა "წითელ წიგნში" არიან "შესულები", როგორც დასავლეთ საქართველოში ვაზის დამყნობის სპეციალისტები... ბატონი უშანგის ოჯახში 2 დაუვიწყარი დღე გავატარე - კამეჩისთავში (ზესტაფონის სოფელი) ვიყავი. 87 წლის კაცს ისეთი მეხსიერება და შემართება ჰქონდა, რომ ბევრ ახალგაზრდას შეშურდებოდა. თბილისში რომ ვბრუნდებოდი, ვფიქრობდი, - მისი ხნისას ნეტავ, როგორი მეხსიერება მექნება-მეთქი? თარიღები, უბანში ოდესღაც მცხოვრები ადამიანების გვარ-სახელები კარგად ახსოვს... მოკლედ, ძალიან საინტერესო ადამიანი გახლავთ.

ხათუნა ჩიგოგიძე:

GzaPress- უკვე ცხრა წელია, რაც ჟურნალისტიკის სფეროში ვმუშაობ. ამ ხნის განმავლობაში, არაერთი საინტერესო რესპონდენტი მყოლია. მათ შორის, ქალბატონ ნანა მამუკაშვილს გამოვარჩევ, რომელთან ინტერვიუც სულ რამდენიმე თვის წინ ჟურნალ "გზისთვის" ჩავწერე. ეს ქალბატონი საქართველოში ერთადერთი გახლავთ, რომელიც "სასწრაფო დახმარების" მანქანის საჭეს უზის. ძალიან აქტიური და გულისხმიერი ადამიანია. მიუხედავად იმისა, რომ იურისტის განათლება აქვს, ამჟამინდელი სამსახური ძალიან უყვარს, რადგან ამით საშუალება აქვს, ვიღაცებს დაეხმაროს... ქალბატონ ნანას კიდევ ერთი დიდი გატაცება აქვს: ის ბაიკერი გახლავთ. პროფესიონალივით ოსტატურად მართავს მოტოციკლს და ეს საქმეც ძალიან უყვარს. ნანა მამუკაშვილი 43 წლის არის, მაგრამ გარეგნულად 20-22 წლისას ჰგავს. ჰყავს მეუღლე და 23 წლის ქალიშვილი. ქალბატონი ნანა ჩემთვის წლის საუკეთესო რესპონდენტია.

ირმა ხარშილაძე:

- ბოლო წლების განმავლობაში, ფაქტობრივად, ერთი საუკეთესო რესპონდენტი - რეჟისორი გიორგი შალუტაშვილი მყავს. რეჟისორობასთან ერთად, ის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის სპიკერი და სრული პროფესორია. ჩემთვის გიორგი უნიკალური აღმოჩენა გახლავთ. მას "იდეების გენერატორი" ვუწოდე. უკიდეგანოდ განათლებული და საინტერესო ადამიანი გახლავთ. თითოეული ინტერვიუსთვის მორიგ იდეას გაწვდის - არ ვიცი, ამას უნებლიეთ აკეთებს თუ შეგნებულად, მაგრამ მართლაც საუკეთესო რესპონდენტია.

GzaPress2014 წელს კიდევ ერთი, ძალზე საინტერესო რესპონდენტი - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი, გეომორფოლოგი გიორგი დვალაშვილი აღმოვაჩინე, რომელთან ინტერვიუს "გზის" (და არა მარტო) ფურცლებზე ხშირად შეხვდებით. ის ყოველმხრივ განათლებული ადამიანია. რაც მის პროფესიას უკავშირდება, ყველაფერი საუკეთესოდ იცის. გარდა ამისა, კიდევ ბევრ საინტერესო ინფორმაციას ეცნობა, რათა მისი პასუხი ჩემს თუ ნებისმიერი ადამიანის შეკითხვაზე უფრო სრულყოფილი იყოს. ამიტომაც მეტსახელი - "იდეების გენერატორი" მასაც შევარქვი (იცინის)... აქვე შემთხვევით ვისარგებლებ და ჩვენს ყველა რესპონდენტს (მოსაბეზრებელია, უხეში, მოსიყვარულე თუ - კორექტული, მნიშვნელობა არ აქვს) ახალ წელს მივულოცავ! ვისურვებდი, რომ 2015 წლიდან ჟურნალისტისა და რესპონდენტის ტანდემი ღვარძლიანი და ბოღმიანი კი არ იყოს, არამედ - კორექტული და სიყვარულით აღსავსე.

ეთო ყორღანაშვილი