ჯარისკაცური ახალი წელი - გზაპრესი

ჯარისკაცური ახალი წელი

შევეცადეთ გაგვერკვია, როგორ ხვდებიან ისინი ახალ წელსა და შობას.

გიგა, ბატალიონის მეთაური:

- ჩვენ დასვენებისა და გართობის უფლება დღესასწაულებზე როდი გვაქვს... როდესაც სამხედრო ნაწილში ვხვდებოდით, ზემდგომი პირების კეთილი სურვილით, მცირე რაოდენობით ალკოჰოლურ სასმელსაც ვიღებდით. მანამდე, ახალი წლის შემობრძანებამდე, ნაძვის ხესაც ვრთავდით. ეს ჯარისკაცებისთვის განსაკუთრებით სახალისოა და 100 სხვადასხვა პროფესიის ადამიანის მიერ მორთული ნაძვის ხე რომ დამიდგათ წინ, დაუფიქრებლად მიხვდებით, რომელია ჯარისკაცების ნახელავი.

- სამხედრო ატრიბუტიკით რთავთ ნაძვის ხეს?

- კი, უკვე გამოუსადეგარ ატრიბუტიკას ვკიდებთ, განწყობისთვის, მაგრამ მის გარეშეც ადვილად გამოვიცნობ. რაღაცნაირი, "სპეციფიკური" ხელწერა აქვთ. ამ დროს ძალიან ბევრს ხალისობენ, თუ სად უნდა დაჰკიდონ ესა თუ ის საჩუქარი... რაც შეეხება საკვებს, ამ დროს არმიის სასადილოში ყოველთვის მზადდება განსაკუთრებული კერძები: საცივი, ხაჭაპური, სალათები, ნამცხვრები, ტორტი და სასმელი ისეა გათვლილი, რომ სამ-სამი ჭიქა, ცოტა ღვინო და ცოტა შამპანური, თითოეულ ჯარისკაცს შეხვდეს... უკვე გასული წლის ახალ წელს, ყოფილი მინისტრი ირაკლი ასალანიაც იყო მოსული ჩვენს ბატალიონში. ვიცი, რომ სადაც კი მოასწრო, ყველგან მივიდა და ახალ წელს ჯარისკაცებთან ერთად შეხვდა. მასთან ერთად იყვნენ ბატალიონის მეთაურებიც. ეს ბიჭებისთვის დიდი სტიმულია.

- მისი წინამორბედი მინისტრებიც ასე იქცეოდნენ?

GzaPress- დამოუკიდებელი საქართველოს თითქმის ყველა თავდაცვის მინისტრის დროს მიმსახურია. წელიწადის ამ დროს, გარკვეულწილად, ყველა მათგანი ყურადღებიანი იყო, მაგრამ ირაკლიმდე, ბაჩო ახალაიაც დაგვამახსოვრდა თავისი ყურადღებით: ის თითქმის ყველა დღესასწაულს სამხედრო ნაწილში ხვდებოდა. რამდენიმე წლის წინ ამას თითქმის ვერავინ წარმოიდგენდა, მაგრამ ახლა ბევრისგან მოისმენთ, რამდენადაც მკაცრი იყო ახალაია სამხედროების მიმართ, იმდენად ყურადღებიანიც გახლდათ.

დათო, შეიარაღებული ძალების მაიორი:

- ყველაზე უცნაური ახალი წელი ავღანეთში მქონდა. რამდენიმე ქართველი, განსაკუთრებული მისიით, ჯალალაბადში ვიმყოფებოდით. ჩვენ ფრანგების კონტინგენტში ვიყავით. მათაც ისევე არანორმალურად უყვართ ახალი წელი, როგორც ჩვენ. შიდა წესდების მიხედვით, ფრანგული ნაწილი ერთადერთი იყო, სადაც ალკოჰოლური სასმელი დაშვებული გახლდათ, სხვები უალკოჰოლო ლუდსა და შამპანურს მივირთმევდით. ფრანგმა კოლეგებმა ჩვენც გადაგვიპატიჟეს. სუფრაზე საქართველოდან გამოგზავნილი ნუგბარით ხელდამშვენებულები მივედით. ფრანგები ჩურჩხელასა და გოზინაყზე ლამის გადაირივნენ. ასევე ძალიან მოეწონათ აჯიკა და შებოლილი სულგუნი, რომელიც ასევე საქართველოდან ჩამოგვივიდა. მოგვიანებით ამერიკელებიც შემოგვიერთდნენ, ტორტით ხელში. ფრანგებს ყველაზე მუსიკალური სამხედროები ჰყავთ, რომლებიც ისეთ ადგილებშიც კი, როგორიც ავღანეთის ერთ-ერთი ყველაზე საშიში რაიონი, ჯალალაბადია, თან ჰქონდათ მუსიკალური ინსტრუმენტები. რამდენიმე ბიჭი გიტარასა და დასარტყამ ინსტრუმენტზე უკრავდა და ძალიან კარგად მღეროდა.

- თქვენ არ გიმღერიათ?

- კი. ინსტრუმენტის გარეშე, რამდენიმე ქართული სიმღერა შევასრულეთ და უცხოელების აღფრთოვანება დავიმსახურეთ. ამერიკელები უფრო ახლოს გვიცნობდნენ, ფრანგებმა კი გულწრფელად გვითხრეს, რომ ასეთი მშვენიერი შესრულება მოულოდნელი იყო მათთვის. მაშინ ეშხში შესულმა ბიჭებმა ნოუტბუკები მოიტანეს და "ჩაკრულო", "მრავალჟამიერი", "ჰერიო, ბიჭებო" და კიდევ რამდენიმე უკვდავი სიმღერა მოასმენინეს, პროფესიული შესრულებით!.. ფრანგების გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა. რამდენიმემ მობილური ჩართო და ისე ჩაიწერა, ზოგმა, გადაწერა გვთხოვა. ამერიკელებმა, რომელთაც ჩვენი ქვეყნის შესახებ მეტი იცოდნენ, ირონიარევი იუმორით უთხრეს ფრანგებს, - არსებობს პატარა ქვეყნები დიდი კულტურითო... ერთი სიტყვით, ცოტა დავლიეთ და ძალიან კარგად გავერთეთ.

- ადგილობრივებიც შემოგიერთდნენ?

GzaPress- არა, ისინი სექტემბერში აღნიშნავენ ახალ წელს. გარდა ამისა, ფრანგები მათ მიმართ დიდი გახსნილობითა და ლოიალურობით როდი გამოირჩევიან... თუმცა, 1-ელ იანვარს ქართული ჯგუფი მაინც გადავედით ავღანელებთან და შოკოლადები და ქართული ტკბილეული მივართვით. არ ვიცი, შესაძლოა, მათაც ჰქონდათ თუ არა ინფორმაცია ჩვენი საერო დღესასწაულის შესახებ და "მომზადებული" დაგვხვდნენ. ტკბილეული მათაც უგემრიელესი აქვთ, მიწის თხილი, ავღანურად მომზადებული ჩირი და ფლავი...

გიორგი, ქუთაისის მე-3 ბრიგადის ჯარისკაცი:

- ახლა უკვე საქართველოს შეიარაღებული ძალების მეორეგზის კონტრაქტორი ვარ. მანამდე წვევამდელი ვიყავი და პირველ წელს პოსტზე მომიწია შეხვედრამ. ქუთაისში თოვდა და ტრადიციულად, ქარი ქროდა. ახალი წლის შემოსვლამდე რამდენიმე წუთით ადრე, ქალაქში ისეთი ბათქაბუთქი ატყდა, თავი შტურმში მოხვედრილი მეგონა. ვისაც ახლა უწევს პოსტზე დგომა, ისინი ამბობენ, - ახლა იმდენად უარესი მდგომარეობაა, რომ თავი ნამდვილ ომში გეგონებაო... რაც შეეხება ჯარისკაცურ, ტრადიციულ ახალ წელს, როგორც წესი, არ გვესმება ალკოჰოლიანი სასმელი, მაგრამ სამაგიეროდ, მივირთმევთ ეკოლოგიურად სუფთა ყურძნის წვენს, რომელიც 250-გრამიან შუშის ქილებშია და მხოლოდ ჯარისკაცებისთვის არის ჩამოსხმული. ერთი სიტყვით, ამ წვენით "ბრტყელ-ბრტყელ" სადღეგრძელოებსაც ვამბობთ.

- კონკრეტულად?

- ჯარისკაცის პირველი სადღეგრძელოა: ღმერთმა მშვიდობიანი წელი გაუთენოს ჩვენს სამშობლოს, - შემდეგ კი ჩვეულებრივად მიდის... წელსაც ნაწილში მომიხდა შეხვედრა. შემეძლო, გამეცვალა ან მეთაურობისთვის მეთხოვა და გამათავისუფლებდნენ, მაგრამ არ მინდოდა, რადგან ჩემი ძმაც კონტრაქტორია და წლევანდელ ახალ წელს ავღანეთში ხვდება. ამიტომ მერჩივნა, მეც ნაწილში შევხვედროდი. ის პირველად არის ცხელ წერტილში, თანაც - ახალ წელს. მე სამჯერ მომიწია იქ ყოფნამ და ყველა წელი განსაკუთრებული იყო, თუმცა, ერთი ახალი წელი დაუვიწყარი იყო, როდესაც პირველად ვნახე რამდენიმეკილომეტრიან სიმაღლეზე "დახვეული" ქვიშის ქარიშხალი და ჩემს ქვეყანაში ყოფნა ვინატრე. ვიცოდი, რომ როგორც სხვა დანარჩენს, ამასაც შევეჩვიეთ.

მამუკა 34 წლის, მესაზღვრე:

GzaPress- არ ვიცი, უბრალო დამთხვევა იყო თუ რა, მაგრამ წლების განმავლობაში ისე ხდებოდა, რომ ყოველ ახალ წელს საზღვარზე, მთაში ვხვდებოდი და ამაში უჩვეულოს ვერაფერს ვხედავდი, რადგან მთაში ყველაზე ლამაზად და მშვიდად მოდის ახალი წელი. ხან მწყემსები იყვნენ ჩვენი სტუმრები, ხანაც - უცხოელი ტურისტები. სადღაც შორს, ოჯახის გარეშე ყოფნას, თავის მინუსებთან ერთად, პლუსებიც აქვს: მთაში ძალიან ჯანსაღი გარემოა. ერთი სიტყვით, ერთი წელი ისეთი გამოერია, რომ ხელმძღვანელობამ, საკუთარი კეთილი ნებით, სახლში გამომიშვა, თან ოჯახში შოკოლადები და შამპანურებიც გამომატანა საჩუქრად. ღამის 10 საათი ხდებოდა, თბილისში რომ ჩამოვედი. დიდუბის გაჩერებაზე კარგა ხანს ვცდილობდით ტაქსის დაჭერას, ყველა დაკავებული იყო ან საცობში მოხვედრის ეშინოდა და ჩემი სახლისკენ არ მიდიოდა. როგორც იქნა, ვიღაც მადლიანი ტაქსის მძღოლი ვიპოვე. მისამართი რომ ვუთხარი, ხელით მანიშნა, ჩაჯექიო. მუხიანის ბოლოს ვცხოვრობ, დიდუბის ხიდის მხარეს. საცობის გამო გზა მთლიანად გადაკეტილი იყო. ამიტომ ტაქსის მძღოლი წერეთლის ბოლომდე მივიდა და იქიდან გლდანის ხიდისკენ ჩაუყვა. სხვა გზა არ იყო. ხიდამდე მივედით და იქ გავიჭედეთ. ორმხრივი მოძრაობის გზაზე, საცობი 5 რიგად იყო გაშლილი. ვიფიქრე, ტაქსიდან მეტრომდე ფეხით ჩავალ, იქიდან კი რამეს გავყვები-მეთქი, მაგრამ მძღოლი შემეცოდა. ერთი სიტყვით, რამდენიმე საათი ვიდექით საცობში. იქიდან რომ გამოვაღწიეთ, მანქანა გაფუჭდა და გარკვეული მანძილი ხელით ვათრიეთ. 12-ს წუთები აკლდა, სახლში რომ მივედით, მაგრამ მთავარი დამავიწყდა: ჩემი ოჯახის წევრებისთვის სიურპრიზის გაკეთება მინდოდა და არ მითქვამს, რომ ჩამოსვლას ვაპირებდი. მამა ბავშვობაში დამეღუპა და დედა და გასათხოვარი დეიდა გვზრდიდა. რადგან ყველა წელს საზღვარზე ვრჩებოდი, არც უკითხავთ, მოვდიოდით თუ არა და ყველანი ერთად, ჩემს ძმასთან წასულან სტუმრად, რომელიც ოჯახთან ერთად, საბურთალოზე ცხოვრობდა. სახლი დაკეტილი დაგვხვდა. კიდევ კარგი, მეორე სართულზე ვცხოვრობ, მეზობლის სახლიდან გადავძვერი და ისე გავაღე კარი. ტაქსის მძღოლი ახალგაზრდა ბიჭი იყო. კი ეხათრებოდა, მაგრამ "მივაწექი" ჯიქურად და ცოტა ხნით დარჩენაზე დავიყოლიე. გარშემო ყველა მთვრალი იყო - მეზობლებს ვგულისხმობ. ერთი ჭიქა მეზობელთან დავლიეთ. არც მითქვამს, რომ ტაქსის მძღოლი იყო, მეგობრად გავაცანი. ვინც ფხიზელი იყო, მოვკიდე ხელი და სახლში წამოვიყვანე - მარტო ხომ არ დავლევდი! მე, ჩემმა მეზობლებმა და ტაქსის მძღოლმა გემრიელად ვიქეიფეთ. მეზობლები სახლში გაიკრიფნენ, ჩვენ დავიძინეთ... დილას დაბრუნდნენ ჩემები და წარმოიდგინეთ სურათი, კარს რომ გააღებდნენ: არეული სუფრა და საძინებელში ვიღაც ორ კაცს სძინავს.

- პატრულს გამოუძახეს?

- სწორედ მაშინ გამეღვიძა, როდესაც დაფეთებულები ბჭობდნენ, პატრული გამოეძახებინათ თუ რა ექნათ!.. ეს იყო ყველაზე გამორჩეული ახალი წელი ჩემს ცხოვრებაში.

ლალი პაპასკირი