ნივთი, რომელსაც ჟორა შავგულიძე ყოველთვის თან ატარებდა - გზაპრესი

ნივთი, რომელსაც ჟორა შავგულიძე ყოველთვის თან ატარებდა

მარჯანიშვილის თეატრიდან გამოვიდოდა თუ არა, უკან მიჰყვებოდნენ ნაცნობები თუ უცნობები. იქვე ახლოს, მაშინდელ პლეხანოვის პროსპექტზე მოხდა ის ტრაგიკული შემთხვევა, რომელმაც 49 წლის მსახიობი - გიორგი შავგულიძე სიცოცხლეს გამოასალმა...

GzaPressსამწუხაროდ, იმ სპექტაკლების ჩანაწერი არ არსებობს, სადაც მსახიობი მონაწილეობდა, მხოლოდ მისი ფოტოები და ფილმებია შემორჩენილი. უმრავლესობას ის, პირველ რიგში, ვახტანგ ტაბლიაშვილის კინოფილმში - "ქეთო და კოტე" შესრულებული როლით ახსენდება, სადაც გიორგი შავგულიძე იშვიათი პლასტიკურობით ასრულებს ცეკვა "კინტაურს". ეს არის კადრი, რომელიც "გაცოცხლებულ ნახატს" მოგვაგონებს...

1934 წელს გიორგი შავგულიძე დაქორწინდა. მისი მეუღლე მსახიობი ლიზა ვაჩნაძე გახლდათ. ქმარს ცოლის ფოტო პორტსიგარში ჰქონდა ჩაკრული, ერთად იყვნენ შინ და თეატრშიც. თავდაპირველად და საკმაოდ დიდხანს, ისინი ერთ უსარკმელო ოთახში, გაუსაძლის პირობებში ცხოვრობდნენ. 1949 წელს ცეკას პირველი მდივნის, კანდიდ ჩარკვიანის დახმარებით, შავგულიძეების ოჯახს ოროთახიანი ბინა გადასცეს. თეატრალურ წყვილს ტყუპი შეეძინა: ნურადინი და ჯუანშერი, იგივე - ნუკრი და ჯუნა. ჯუნა მცირეწლოვანი დაიღუპა, ნუკრი კი მხატვარი გახდა. ახლახან მისი გარდაცვალებიდან წელიწადი შესრულდა. ნუკრი შავგულიძის შვილებმაც ხელოვნების გზა აირჩიეს - გიორგი მხატვარი იყო, ქეთევანი კი ხელოვნებათმცოდნეა. ბაბუას სეხნია - გიორგი შავგულიძე 15 წლის წინ, გუდაურში მოკლეს და მაშინ ამ ტრაგიკულმა შემთხვევამ საზოგადოება შეძრა...

"მთელი ოჯახი ხელოვანები ვიყავით, აბსოლუტურად სხვა განზომილებაში ვცხოვრობდით, მაგრამ ნახევარი სიტყვით გვესმოდა ერთმანეთის და ეს ჩემთვის დიდი ბედნიერება იყო. პრაგმატული პროფესია მხოლოდ დედას ჰქონდა. ის ოჯახში ერთადერთი ადამიანი გახლდათ, ვინც ჩვენს ირაციონალურობას აწონასწორებდა", - სევდანარევი ღიმილით მითხრა ქეთევანმა...

- ძალიან უცნაური განცდაა, როცა ბაბუას სხვებისგან იცნობ. ის შენი ნაწილი, ოჯახის წევრი და საყვარელი ადამიანია. სულ ვგრძნობ მასთან ენერგეტიკულ კავშირს. უამრავი ადამიანი მიყვება მის შესახებ. დიდი სიყვარული დატოვა. მიხარია და სულ მაინტერესებს, რა იყო ის ქარიზმა, რომლითაც ბაბუა იმ ხალხს ხიბლავდა, ვისაც მასთან ურთიერთობა მოუხდა.

- ბაბუასგან განსხვავებით, ბებიასთან მოგიწიათ ურთიერთობამ...

- ბებია საკმაოდ ასაკოვანი გარდაიცვალა. თავადის ქალი - ვაჩნაძე, დედით ანდრონიკაშვილი გახლდათ. ის ჩემთვის ყოველთვის სამაგალითო ადამიანი იყო და ბევრი რამ მასწავლა. ბავშვობიდან უამრავი პრობლემა ჰქონდა: მშობლების გადასახლება, შემდეგ მისი და ბაბუას მრავალწლიანი საცხოვრებელი ადგილის მოუგვარებლობის საკითხი, შვილის გარდაცვალება, შემდეგ მეუღლის და ჩემი ძმის ტრაგედია... ბებია იყო ჩემთვის მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება ყველა ცხოვრებისეული განცდა გადაიტანო, კეთილშობილად დარჩე, არ შედრკე, არ დაკარგო ადამიანური "ღერძი" და მიიღო ცხოვრება ისეთი, როგორიც არის. რაც შეეხება ბაბუას გახსენებას, როგორც ჩანს, ეს მისთვის იმხელა ტრავმა იყო და იმდენად მოულოდნელი, რომ ამ თემაზე საერთოდ არ საუბრობდა და ეს ერთგვარად, თავდაცვის საშუალება გახლდათ.

GzaPressერთ დღეს ქუთაისში კოტე მარჯანიშვილი თეთრ ხიდზე მიაბიჯებდა, როცა მისი ყურადღება თვალში საცემი გარეგნობის ახალგაზრდა კაცმა მიიპყრო. ვიდრე რეჟისორი შემხვედრს აკვირდებოდა, ბიჭი ხიდიდან რიონში გადახტა. მეორე დღეს მარჯანიშვილმა უცნობი თავისთან, თეატრში დაიბარა. მაშინ გიორგი 18 წლის იყო. შავგულიძის სცენური ცხოვრებაც სწორედ ქუთაისში დაიწყო და მოგვიანებით თბილისში გაგრძელდა. სკოლაში შერქმეული სახელი - ჟორა სიცოცხლის ბოლომდე გაჰყვა. "კაკალ გულში" პირველი ეპიზოდური როლი შეასრულა. მართალია, იქ სულ ორ სიტყვას ამბობდა, მაგრამ სწორედ ეს სპექტაკლი მიიჩნევა მის დებიუტად თეატრში. მარჯანიშვილი შავგულიძის მიმართ დღითი დღე სიმპათიით იმსჭვალებოდა და ნელ-ნელა აჩვევდა სცენას.

იმ პერიოდში რეპეტიციაზე დაგვიანებული მსახიობები ფულადი ჯარიმით ისჯებოდნენ. თუმცა, გიორგი შავგულიძეს ვერასოდეს ნახავდით დაგვიანებულთა სიაში, არა იმიტომ, რომ ასე არ ხდებოდა, უბრალოდ, დაჯარიმებულთა სიიდან მას თავად კოტე მარჯანიშვილი შლიდა.

1932 წელს რუსთაველის თეატრიდან მარჯანიშვილში მსახიობი ლიზა ვაჩნაძე გადავიდა, რომელიც იმ დროს სილამაზით განთქმული ქალი იყო. 1933 წელს დოდო ანთაძემ სპექტაკლი - "ხატიჯე" აღადგინა. განახლებულ წარმოდგენაში ხატიჯეს როლზე ლიზა დააკავეს, ხოლო ინჟინერს გიორგი შავგულიძე ასახიერებდა. შემდეგ შეყვარებული წყვილის თამაში მოუხდათ კიდევ ერთ დადგმაში - "ყვარყვარე თუთაბერი". მალე სცენური რომანი მათ რეალურ პირად ცხოვრებად იქცა და თეატრში ლიზიკოსა და ჟორას სიყვარულზე ალაპარაკდნენ.

მარჯანიშვილს მათი სიყვარულის ამბავი რომ გაუგია, უთქვამს, - მოსკოვიდან რომ დავბრუნდები, თეატრში გრანდიოზულ ქორწილს გადაგიხდითო, მაგრამ არ დასცალდა, რეჟისორი რუსეთში, 1933 წელს გარდაიცვალა.

GzaPress- ნურადინისა და ჯუანშერის, იგივე - ნუკრი და ჯუნას ნათლია პეტრე ოცხელი იყო. მამას რომ ვკითხე ამ უცნაურ სახელებზე, მითხრა, რომ ორივე ოცხელმა შეარჩია. მოგეხსენებათ, ჯუნა სამი წლისა დაიღუპა. მამა მოქანდაკე იყო. ის იმ ძეგლის ავტორია, რომელიც ბაბუას საფლავს ამშვენებს დიდუბის პანთეონში. ნუკრი ჯერ კიდევ სამხატვრო აკადემიის სტუდენტი იყო, როცა პლასტელინის მოდელი - "დატირება" გააკეთა. ბაბუას ეს ნამუშევარი რომ უნახავს, უთქვამს: ასეთი ჩემს საფლავზე მინდა, იდგესო. რა თქმა უნდა, ეს ნათქვამი ბებიას და მამას არ სიამოვნებიათ. ბაბუა პერიოდულად ამოწმებდა თურმე იმ მოდელს, - არ დაშალოო და შინ, კარადის თავზე ინახავდა. ბაბუა რომ გარდაიცვალა, მამას მაშინ გახსენებია ნამუშევარი და თხოვნა შეუსრულა... მგონია, რომ მამა ძალიან კარგი მსახიობი იქნებოდა, მაგრამ მსახიობის შვილებს სულ აქვთ პრობლემა ამ საკითხთან დაკავშირებით. მეც, მამამ არაფრით დამრთო ნება, მსახიობი გავმხდარიყავი. შინ, როცა ჩემს პროფესიულ არჩევანზე სერიოზული საუბარი გვქონდა, მამამ მითხრა, რომ ყოველთვის, მთელი ცხოვრება შემადარებდნენ ბაბუას და დიდი პასუხისმგებლობაც იქნებოდა. არ ვიცი, ამის შემეშინდა თუ რა მოხდა, მაგრამ ფაქტია, მსახიობობა ჩემს უხდენელ ოცნებად დარჩა. ცხოვრება ხელოვნებას მაინც დავუკავშირე - ხელოვნებათმცოდნე ვარ და უშუალო სპეციალობა სცენოგრაფია, თეატრის მხატვრობაა. დღეს რამდენიმე ადგილას ვკითხულობ თანამედროვე თეატრისა და ხელოვნების ლექციებს.

- ყველა ადამიანს აქვს გამორჩეულად ძვირფასი ნივთი. გეცოდინებათ, რა იყო ბაბუასთვის ასეთი...

- ბაბუას ნივთები მუზეუმს გადავეცი. როგორც ჩანს, ბებიას მისი ნივთებიც დიდ ტკივილს აყენებდა და ამაზეც არაფერს ლაპარაკობდა ხოლმე. პირადად მე კი ბაბუას რომელიმე ნივთი, ვთქვათ, სათვალე, არაფერს მეუბნებოდა, გაცილებით ძვირფასია ფოტოები, ნახატი, აფიშები, რომლებზეც ვგიჟდები!..

GzaPressასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ბაბუას პორტრეტი, რომელიც მისი გარდაცვალების დღეს, ერთ ღამეში დახატა ორმა მხატვარმა და დაკრძალვის პროცესიას მიუძღვებოდა. სამწუხაროდ, მხატვრების გვარები არ მახსოვს, მათი ვინაობა მამამ იცოდა. ერთ-ერთი თუ არ ვცდები, სამხარაძე იყო.

დანამდვილებით ვიცი, ბაბუას საყვარელი წიგნი იყო "კოსტუმის ისტორია". ეს მოწმობს, თუ რა დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა გრიმსა და სამოსს. ვერიკო ანჯაფარიძე იხსენებდა, რომ ბაბუა სპექტაკლამდე დიდი ხნით ადრე მიდიოდა თეატრში, დადიოდა ფოიეში, სიბნელესა და სიჩუმეშე ეძებდა იმ სახეს, რომელიც გარკვეული დროის შემდეგ სცენაზე უნდა შეექმნა.

ის დიდ ყურადღებას აქცევდა თავის სხეულს. როგორც ვიცი, ქალებსაც ძალიან მოსწონდათ, როგორც მომხიბლავი მამაკაცი და ეს მისთვის მნიშვნელოვანი იყო. სურდა, ფიზიკურად სრულყოფილი სხეული ჰქონოდა. სულ ვარჯიშობდა და სადაც მიდიოდა, თან გირები დაჰქონდა. სამგზავრო ჩანთაში აუცილებლად უნდა სდებოდა გირები, ამიტომ მისი ჩემოდანი ყოველთვის მძიმე გახლდათ.

- საინტერესოა, რას ფიქრობდა თავის როლებზე, გამორჩეულად თუ უყვარდა რომელიმე?

- ზუსტად ვიცი, რომ ბაბუა დონ-კიხოტის როლზე ოცნებობდა. რაღაცნაირად წუხდა, ცხოვრებაში მნიშვნელოვანი როლი ჯერ არ შემისრულებიაო. როგორც ჩანს, განსახიერებულ სახეებს უყურებდა როგორც, ერთგვარ სამზადისს სრულყოფილი და მისთვის სერიოზული სახის შესაქმნელად. ვიცი, ფილმი "ქეთო და კოტე" უყვარდა ძალიან და თავისი გმირი - ნიკო. მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო "დავით გურამიშვილი", ამავე სახელწოდების ფილმში. ფაქტობრივად კოტე მარჯანიშვილმა ის უშანგი ჩხეიძის დუბლად დანიშნა. საერთოდ, ბაბუა ფიქრობდა, რომ კომიკურ როლებში სრულად არ ვლინდებოდა მისი პოტენციალი, მხოლოდ სახასიათო როლები არ იყო მისი, უფრო მეტი შეეძლო და სურდა. ალბათ ასეც იქნებოდა, მაგრამ სამწუხაროდ, ეს ვეღარ შეძლო.

- ქეთი, ვიცი, რომ ტროლეიბუსის მძღოლს, რომელმაც ბაბუას სიცოცხლე იმსხვერპლა, კაბინაში მისი ფოტოები ჰქონდა გაკრული.

- დიახ, მამისგან ვიცი, რომ მძღოლის კაბინა ბაბუას სურათებით იყო აჭრელებული და როგორც ჩანს, ის მისთვის საყვარელი მსახიობი გახლდათ. ფოტოების ამბავი მამამ სასამართლო პროცესზე შეიტყო. უნდა ითქვას ისიც, რომ მძღოლისთვის, რომელმაც საყვარელი მსახიობი სიცოცხლეს გამოასალმა, ეს ამბავი იმდენად შოკის მომგვრელი იყო, რომ პროცესზე ძალიან დიდ განცდებში ყოფილა. შეიძლება ითქვას, ჩემი ოჯახის წევრები და ახლობლები მას იქით ამშვიდებდნენ.

GzaPressსიმართლე გითხრათ, დანამდვილებით არ ვიცი, რა ბედი ეწია იმ კაცს; ამით არ დავინტერესებულვარ ალბათ იმიტომ, რომ ორმაგად მძიმე და ტრაგიკული იყო ჩემთვის ეს თემა. არაერთხელ წარმომიდგენია ის სცენაც, როცა ეს შემთხვევა მოხდა. იმ უცნობი ადამიანის განცდები აბსოლუტურად გასაგებია ჩემთვის, მას ეს განზრახ ხომ არ ჩაუდენია?!

ბაბუას ასი წლის იუბილეს აღსანიშნად რომ ვემზადებოდი, საარქივო მასალებზე მუშაობა მომიხდა და დაკრძალვის კადრები ვნახე. ეს იყო ჩემთვის სრული შოკი. ზღვა ხალხი აცილებდა ბაბუას ბოლო გზაზე, მათ ყველგან ნახავდით: ხეებზე, სახურავებზე... ახლობლები და ნათესავების გარდა იყვნენ სრულიად უცნობებიც, ვინც ბაბუას უყურებდა სცენაზე და შორიდან უყვარდა. მიუხედავად იმისა, რომ ბაბუას რთული ცხოვრება ჰქონდა და ახალგაზრდა დაიღუპა, ის ჩემთვის ყოველთვის დღესასწაულთან ასოცირდება, სულ ღიმილით მახსენდება. ვფიქრობ, სწორედ ეს განცდა აქვთ სხვებსაც, რადგან ამდენი ხნის შემდეგაც ასეთი საინტერესო და საყვარელია ადამიანებისთვის...

ანა კალანდაძე