"საყვარელი" თოვლის პაპა...
font-large font-small
"საყვარელი" თოვლის პაპა...
ეს ამბავი დაახლოებით ოცდაათი წლის წინ მოხდა და მისი ძირითადი ნაწილი მეც გადმოცემით ვიცი, მაგრამ ამ ყველაფრის ბედნიერ გაგრძელებას საკუთარი თვალებით ვუცქერ მერამდენე წელიწადია და ამიტომ მინდა, საახალწლოდ მთელ ქვეყანას გავაგებინო...
ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ ნავთობბაზის დირექტორის - კუკურას დედისერთა ქალიშვილ ციცინოს მამის პირადი მძღოლი, გია შეუყვარდა. ბიჭი წიგნთან მწყრალად იყო და რვა კლასის მერე აღარც უვლია სკოლაში, თორემ ტანადსა და ლურჯთვალებას სხვა არაფერი დაეწუნებოდა. მამამისმა ასწავლა მანქანის მართვა და თექვსმეტი წლის ასაკში შოულობდა თავის სარჩენ ფულს, მაგრამ უბრალო შოფერი რომ მილიონერი ვერ გახდება, ეს ყველამ ვიცით და როცა კუკურამ შვილის სიყვარულის ამბავი გაიგო, დასაბმელი გახდა: მაგისთვის ვაწებე კაპიკი კაპიკზე, რომ გიაიე უნიფხვო ვაპარპაშო ჩემს სახლში და ექიმი შვილი "ვასრესიო" ლოგინშიო?!

ციცინო სახლში ჩაკეტა და გარეთ გასვლა აუკრძალა, გია კი სამსახურიდან დაითხოვა და დაემუქრა: ჩემს სახლთან ჩავლილი არ დაგინახო, თვარა, თოფს დაგახლი და მერე მეც მევიკლავ თავსო...

ცალკე ციცინო ითხრიდა ტირილით თავის ლამაზ თვალებს და ცალკე გია იხრჩობდა ღვინოში თავს: საყვარელი ქალის გარეშე სიცოცხლე კაპიკადაც არ მიღირსო და სწორედ ამ დროს მოევლინა მხსნელად მსახიობი ბიძაშვილი ზურია, რომელიც თოვლის ბაბუად მუშაობდა ახალი წლის დღეებში:

- გათხოვებ თოვლის ბაბუის ფორმას. შედი მოტყუებით შეყვარებულის სახლში, რომ როგორმე დაელაპარაკო და გაიგო, კიდევ უნდა შენთან ყოფნა თუ არა?!

- წუწურაქი კუკურა თოვლის ბაბუის გამომძახებელი არ არის და რანაირად?! - აღელდა გია.

- ვუთხრათ, რომ ხელქვეითებმა მოუწყვეს სიურპრიზი...

- რომ მიცნოს და მართლა დამახალოს ტყვია?! - წამიერი სისუსტე გამოამჟღავნა ბიჭმა.

- ღვინოში იკლავ თავს და ღირსეულად მაინც მოკვდები! - შეუძახეს იქვე მყოფმა ძმაკაცებმა და გააბედვინეს. ხურჯინი ტკბილეულით აუვსეს და მეზობელ სახლს მოფარებულები აკვირდებოდნენ, რა მოხდებოდა, შეუშვებდნენ თუ არა კირვალიძეები შინ თოვლის ბაბუას?!

თავად კუკურამ გააღო კარი და გაკვირვებული მიაცქერდა მოულოდნელ სტუმარს. თუმცა, თვალებში ისეთი სითბო ჩაუდგა, გიამ შვებით ამოისუნთქა. მიხვდა, ციცინოს უნახავად კარში სიკვდილი მაინც არ ელოდა.

- თქვენმა ხელქვეითებმა გამომიშვეს, ბატონო კუკური, რომ ახალი წელი მომელოცა! - დაიბოხა ხმა გიამ და ხელში ტკბილეულით სავსე ხურჯინი შეაჩეჩა დაბნეულ კაცს, რომელმაც სახლში შეიპატიჟა მოულოდნელი სტუმარი:

- ეს წუთია, სუფრას შემოვუსხედით და ვიდრე ყანწით არ დამილოცავ ოჯახს, ფეხს ვერ გაადგამ აქედან...

სახლში კი შეჰყვა გია კუკურას, მაგრამ დალევაზე უარი თქვა:

- უამრავი პატარა მელოდება და მთვრალი ვერ ვიბარბაცებ, მხოლოდ დალოცვა უნდა იკმაროთ ჩემგან! - აიღო პატარა სასმისი და ისეთი სადღეგრძელო თქვა, ცრემლი მოადგა კუკურას და ასმანეთიანი (მაშინ ასეთი ფული იყო) ჩაუკუჭა ჯიბეში...

გიამ დრო იხელთა და კუთხეში მჯდომ ციცინოს ჩასჩურჩულა: გია ვარ და ყველაფერი გააკეთე, რომ შენ მიმაცილო კარამდეო... მოლოდნელობისგან ლიმონათი გადასცდა გოგოს სასულეში და ძლივს მოითქვა სული...

- ჩემი წასვლის დროა! - კარისკენ გაიწია გიამ.

- მე გავაცილებ! - წამოხტა ციცინო და არავის მოსვლია აზრად გაპროტესტება...

კარი ხმაურით გააღო და დაკეტა, მაგრამ გია შინ დატოვა, თავის საძინებელში შეაპარა. მერე დაღლილობა მოიმიზეზა და "დასაძინებლად" წავიდა...

დილამდე თვალი არ მოუხუჭავთ ახალგაზრდებს ერთმანეთის ალერსში და მხოლოდ გამთენიისას ჩაეძინათ. ათი საათი იქნებოდა კუკურას გაუთხოვრად დაბერებული მამიდა - ნუცა რომ დაადგათ თავზე და უცხო კაცს ჩახუტებული შვილიშვილი რომ დაინახა, მისმა კივილმა კუკურა კი არა, მეზობლებიც წამოყარა საწოლებიდან...

მეტი დრო არ ჰქონდა და გიამ მხოლოდ თოვლის პაპის წითელ ქუდს წამოავლო ხელი, რომელიც სარცხვენელზე აიფარა და ფანჯრიდან ისკუპა. კიდევ კარგი, პირველ სართულზე ჰქონდა ციცინოს საძინებელი.

ალაყაფის ჭიშკარი საგულდაგულოდ იყო ჩაკეტილი და სხვა გზა არ იყო, მეზობელ მოხუცს - კოწიას უნდა შევარდნოდა სახლში ვიწრო გადასასვლელიდან. კოწია აივანზე იყო უკვე და მაშინვე მიხვდა შიშველი ბიჭის დანახვაზე, რა "უბედურებაც" დატრიალებულიყო კუკურას ოჯახში... სიცილით წაიძრო "დაბამბული" და გიას მოახურა, მერე სახლში შეაგდო, რადგან ამ დროს თოფმომარჯვებული კუკურაც გადმოხტა ალაგზე:

- ჯერ მე მომკალი და მერე ჩემი "მეკვლე"! - უშიშრად დაუდგა წინ მეზობელს მოხუცი კოწია და შეაჩერა...

კუკურამ მაინც გამოათრია გია გარეთ და რომ ეგონათ, მოკლავსო, ჩააგდო მანქანაში ციცინოსთან ერთად და იმ დღესვე დასწერეს ჯვარი: არავის ვათქმევინებ, რომ კუკურას სახლში სახელგატეხილი გოგო ჰყავსო...

ძია კუკური სამი წლის წინ გარდაიცვალა, შვილიშვილებსაც მოესწრო და ორ შვილთაშვილსაც. როცა ნავთობბაზა დაიხურა და უმუშევარი დარჩა, მის ოჯახს არც მოშივებია და არც შესცივნია, იმდენი ჰქონდა ნაშოვნი "ბედნიერ წლებში". გიამაც ივარგა - რომელიღაც პარტიას მიეკედლა. მარტო სკოლის ატესტატი კი არა, ეკონომისტის დიპლომიც იყიდა და პარლამენტის წევრიც კი იყო წარსულში. ეგაა, როცა თავად გახდა გასათხოვარი გოგონების მამა, თოვლის ბაბუებს არ ენდობოდა და ცოცხალი თავით არ უშვებდა სახლში...
ინგა ჯაყელი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
შემოქმედი, რომლის ნაწარმოებების მიხედვით სკოლებსა და საბავშვო ბაღებში წარმოდგენები იმართებოდა
კომპოზიციის დასრულების შემდეგ ყველა გარს ეხვეოდა და ალაგ-ალაგ ვახერხებდი მის დამარტოხელებას
შვილებისთვის შენარჩუნებული მშობლიური ტრადიციები
"20 ბავშვი გაცვლითი პროგრამით უნდა წაგვეყვანა საქართველოში"
"ყველაზე მეტად თქვენი სითბო, ზრუნვა და სიყვარული სჭირდებათ"
"ღირებულებები გადაეცემა თაობიდან თაობას"
"სადაც უცხოვრია თუ უმუშავია, ყველგან ვაზი აქვს დარგული"
რამდენი დაცვითი მექანიზმი ჰქონდა სახელმწიფოს, რომ ანტისაბჭოთა ტექსტი არ გაპარულიყო
"ჯობას" საკვირაო სკოლა და საინტერესო აქტივობები
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2570 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2451 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1219 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1208 კომენტარი