"საყვარელი" თოვლის პაპა... - გზაპრესი

"საყვარელი" თოვლის პაპა...

ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ ნავთობბაზის დირექტორის - კუკურას დედისერთა ქალიშვილ ციცინოს მამის პირადი მძღოლი, გია შეუყვარდა. ბიჭი წიგნთან მწყრალად იყო და რვა კლასის მერე აღარც უვლია სკოლაში, თორემ ტანადსა და ლურჯთვალებას სხვა არაფერი დაეწუნებოდა. მამამისმა ასწავლა მანქანის მართვა და თექვსმეტი წლის ასაკში შოულობდა თავის სარჩენ ფულს, მაგრამ უბრალო შოფერი რომ მილიონერი ვერ გახდება, ეს ყველამ ვიცით და როცა კუკურამ შვილის სიყვარულის ამბავი გაიგო, დასაბმელი გახდა: მაგისთვის ვაწებე კაპიკი კაპიკზე, რომ გიაიე უნიფხვო ვაპარპაშო ჩემს სახლში და ექიმი შვილი "ვასრესიო" ლოგინშიო?!

ციცინო სახლში ჩაკეტა და გარეთ გასვლა აუკრძალა, გია კი სამსახურიდან დაითხოვა და დაემუქრა: ჩემს სახლთან ჩავლილი არ დაგინახო, თვარა, თოფს დაგახლი და მერე მეც მევიკლავ თავსო...

ცალკე ციცინო ითხრიდა ტირილით თავის ლამაზ თვალებს და ცალკე გია იხრჩობდა ღვინოში თავს: საყვარელი ქალის გარეშე სიცოცხლე კაპიკადაც არ მიღირსო და სწორედ ამ დროს მოევლინა მხსნელად მსახიობი ბიძაშვილი ზურია, რომელიც თოვლის ბაბუად მუშაობდა ახალი წლის დღეებში:

- გათხოვებ თოვლის ბაბუის ფორმას. შედი მოტყუებით შეყვარებულის სახლში, რომ როგორმე დაელაპარაკო და გაიგო, კიდევ უნდა შენთან ყოფნა თუ არა?!

- წუწურაქი კუკურა თოვლის ბაბუის გამომძახებელი არ არის და რანაირად?! - აღელდა გია.

- ვუთხრათ, რომ ხელქვეითებმა მოუწყვეს სიურპრიზი...

- რომ მიცნოს და მართლა დამახალოს ტყვია?! - წამიერი სისუსტე გამოამჟღავნა ბიჭმა.

- ღვინოში იკლავ თავს და ღირსეულად მაინც მოკვდები! - შეუძახეს იქვე მყოფმა ძმაკაცებმა და გააბედვინეს. ხურჯინი ტკბილეულით აუვსეს და მეზობელ სახლს მოფარებულები აკვირდებოდნენ, რა მოხდებოდა, შეუშვებდნენ თუ არა კირვალიძეები შინ თოვლის ბაბუას?!

თავად კუკურამ გააღო კარი და გაკვირვებული მიაცქერდა მოულოდნელ სტუმარს. თუმცა, თვალებში ისეთი სითბო ჩაუდგა, გიამ შვებით ამოისუნთქა. მიხვდა, ციცინოს უნახავად კარში სიკვდილი მაინც არ ელოდა.

- თქვენმა ხელქვეითებმა გამომიშვეს, ბატონო კუკური, რომ ახალი წელი მომელოცა! - დაიბოხა ხმა გიამ და ხელში ტკბილეულით სავსე ხურჯინი შეაჩეჩა დაბნეულ კაცს, რომელმაც სახლში შეიპატიჟა მოულოდნელი სტუმარი:

- ეს წუთია, სუფრას შემოვუსხედით და ვიდრე ყანწით არ დამილოცავ ოჯახს, ფეხს ვერ გაადგამ აქედან...

სახლში კი შეჰყვა გია კუკურას, მაგრამ დალევაზე უარი თქვა:

- უამრავი პატარა მელოდება და მთვრალი ვერ ვიბარბაცებ, მხოლოდ დალოცვა უნდა იკმაროთ ჩემგან! - აიღო პატარა სასმისი და ისეთი სადღეგრძელო თქვა, ცრემლი მოადგა კუკურას და ასმანეთიანი (მაშინ ასეთი ფული იყო) ჩაუკუჭა ჯიბეში...

გიამ დრო იხელთა და კუთხეში მჯდომ ციცინოს ჩასჩურჩულა: გია ვარ და ყველაფერი გააკეთე, რომ შენ მიმაცილო კარამდეო... მოლოდნელობისგან ლიმონათი გადასცდა გოგოს სასულეში და ძლივს მოითქვა სული...

- ჩემი წასვლის დროა! - კარისკენ გაიწია გიამ.

- მე გავაცილებ! - წამოხტა ციცინო და არავის მოსვლია აზრად გაპროტესტება...

კარი ხმაურით გააღო და დაკეტა, მაგრამ გია შინ დატოვა, თავის საძინებელში შეაპარა. მერე დაღლილობა მოიმიზეზა და "დასაძინებლად" წავიდა...

დილამდე თვალი არ მოუხუჭავთ ახალგაზრდებს ერთმანეთის ალერსში და მხოლოდ გამთენიისას ჩაეძინათ. ათი საათი იქნებოდა კუკურას გაუთხოვრად დაბერებული მამიდა - ნუცა რომ დაადგათ თავზე და უცხო კაცს ჩახუტებული შვილიშვილი რომ დაინახა, მისმა კივილმა კუკურა კი არა, მეზობლებიც წამოყარა საწოლებიდან...

მეტი დრო არ ჰქონდა და გიამ მხოლოდ თოვლის პაპის წითელ ქუდს წამოავლო ხელი, რომელიც სარცხვენელზე აიფარა და ფანჯრიდან ისკუპა. კიდევ კარგი, პირველ სართულზე ჰქონდა ციცინოს საძინებელი.

ალაყაფის ჭიშკარი საგულდაგულოდ იყო ჩაკეტილი და სხვა გზა არ იყო, მეზობელ მოხუცს - კოწიას უნდა შევარდნოდა სახლში ვიწრო გადასასვლელიდან. კოწია აივანზე იყო უკვე და მაშინვე მიხვდა შიშველი ბიჭის დანახვაზე, რა "უბედურებაც" დატრიალებულიყო კუკურას ოჯახში... სიცილით წაიძრო "დაბამბული" და გიას მოახურა, მერე სახლში შეაგდო, რადგან ამ დროს თოფმომარჯვებული კუკურაც გადმოხტა ალაგზე:

- ჯერ მე მომკალი და მერე ჩემი "მეკვლე"! - უშიშრად დაუდგა წინ მეზობელს მოხუცი კოწია და შეაჩერა...

კუკურამ მაინც გამოათრია გია გარეთ და რომ ეგონათ, მოკლავსო, ჩააგდო მანქანაში ციცინოსთან ერთად და იმ დღესვე დასწერეს ჯვარი: არავის ვათქმევინებ, რომ კუკურას სახლში სახელგატეხილი გოგო ჰყავსო...

ძია კუკური სამი წლის წინ გარდაიცვალა, შვილიშვილებსაც მოესწრო და ორ შვილთაშვილსაც. როცა ნავთობბაზა დაიხურა და უმუშევარი დარჩა, მის ოჯახს არც მოშივებია და არც შესცივნია, იმდენი ჰქონდა ნაშოვნი "ბედნიერ წლებში". გიამაც ივარგა - რომელიღაც პარტიას მიეკედლა. მარტო სკოლის ატესტატი კი არა, ეკონომისტის დიპლომიც იყიდა და პარლამენტის წევრიც კი იყო წარსულში. ეგაა, როცა თავად გახდა გასათხოვარი გოგონების მამა, თოვლის ბაბუებს არ ენდობოდა და ცოცხალი თავით არ უშვებდა სახლში...

ინგა ჯაყელი