კაცი, რომელიც საზღვარგარეთ სამუშაოდ წასულ ცოლს დაბრუნებას სთხოვს - გზაპრესი

კაცი, რომელიც საზღვარგარეთ სამუშაოდ წასულ ცოლს დაბრუნებას სთხოვს

ცოლი მოვიყვანე საკმაოდ გვიან, 29 წლის ასაკში. შეიძლება, ვიღაცამ თქვას, - ეს რა გვიანიაო? მაგრამ ჩემთვის ნამდვილად, გვიანი გახლდათ, რადგან დედისერთა ვარ და მშობლები შვილიშვილებზე ოცნებობდნენ... მეუღლეში არ გამიმართლა. უფრო სწორედ, არც ვიცი, მისი შერთვა რამ გადამაწყვეტინა. ასე მგონია, ჯადოს მსხვერპლი გავხდი... მოგვიანებით, ოჯახი დამენგრა. წლების შემდეგ ვიპოვე საყვარელი ადამიანი, რომელმაც გამომაფხიზლა, გამაბედნიერა, მაგრამ ცოტა ხანში გეგმები თავზე დამემხო, რადგან ის საზღვარგარეთYწავიდა სამუშაოდ, მე კი მის გარეშე სიცოცხლეც აღარ მინდა..."

- პატიოსანი მშობლების გვერდით გავიზარდე. მამა რომ გარდაიცვალა, 40 წლის ვიყავი და მაშინ უფრო კარგად გავაცნობიერე, თურმე რა დიდი განძი მყოლია მისი სახით. ჩვენ სოფელიც გვქონდა და ამ 40 წლის განმავლობაში იქ ერთი დღეც არ მიშრომია. განა იმიტომ, რომ საქმის კეთება მეზარებოდა, უბრალოდ, მამა მეუბნებოდა: ვიდრე ცოცხალი ვარ, შენ გვერდით მიგულე, არ დაგჭირდება ფიზიკური მუშაობაო და ასეც იყო - ხელს არაფრისთვის მაკარებინებდა. ძალიან მანებივრებდნენ და შესაძლოა, ამანაც დამღუპა. ეტყობა, რაღაც ზედმეტიც მომინდა. ჰოდა, მშობლების სურვილის საწინააღმდეგოდ, საბჭოთა ჯარში წავედი. იმ პერიოდში აირია საბჭოთა კავშირში სიტუაცია და მომიხდა ყარაბაღის ომში ყოფნა. მართალია, სხვა ქართველებთან ერთად, გამზავებლის როლში გახლდით, მაგრამ ხომ გაგიგონიათ, გამშველებელს უფრო მეტი ხვდებაო და მართლაც, ასე იყო. მერე სომხეთში დიდი მიწისძვრა რომ მოხდა, იქაც ვიყავი. როცა "რასჩისტკაზე" მივდიოდი, მეგონა, ადამიანებს უნდა დავხმარებოდი, ისინი ნანგრევებიდან გამომეყვანა, მაგრამ ცოცხალი ადამიანების სანაცვლოდ, ხან ვიღაცის ფეხი, ხანაც - თავი გამომქონდა და ეს 19 წლის ბიჭისთვის დიდი სულიერი ტრავმა იყო... საქართველოში რომ დავბრუნდი, აქ ეროვნული მოძრაობა ბობოქრობდა და თავით გადავეშვი ამ ორომტრიალში. არ დამკლებია არც აფხაზეთის ომი, არც სამოქალაქო ომი. როდესაც ჩემი უსაყვარლესი ძმაკაცი - დათო დაიღუპა, ეს ჩემთვის მძიმე გადასატანი აღმოჩნდა, რადგან თავად ვიყავი იმ ოცეულის მეთაური, სადაც ის იბრძოდა. მე ჩამოვასვენე აფხაზეთიდან. შვილის ცხედარი რომ ჩავუტანე, დედამისს ჩემთვის ზედმეტი სიტყვაც არ უთქვამს, მაგრამ დათოს გამზრდელმა მამიდამ მომატირა: შენ კი ხარ, შვილო, ცოცხალი, მაგრამ ჩემი ძმისშვილი მკვდარი ჩამომისვენეო. არა, მას ამ სიტყვებისთვის არ ვამტყუნებ. გამწარებული იყო, რადგან მისი გაზრდილი, უცოლშვილო ბიჭი ჩამოვუსვენე, მაგრამ მისი სიტყვები ვერაფრით დავივიწყე და ომში დაბრუნებული სიკვდილს ვეძებდი, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. საკუთარ თავს ვადანაშაულებდი მეგობრის დაღუპვაში, რადგან მისი მეთაური ვიყავი და ვერ დავიცავი. არ მინდოდა, ამ ოცეულში კიდევ ვინმე მომკვდარიყო და რომელიმე მათგანის ოჯახის წევრისგანაც მომესმინა ასეთი სიტყვები... ომში მონაწილეობის პარალელურად, უნივერსიტეტში სწავლასაც ვახერხებდი, სადაც გაგიკვირდებათ და მისაღები გამოცდები უმაღლესი ქულებით ჩავაბარე ისტორიის ფაკულტეტზე. ხშირად ვაცდენდი ლექციებს, მაგრამ ლექტორები ყველანაირად მიწყობდნენ ხელს, რადგან იცოდნენ, ვიბრძოდი. ზედმეტი თავმდაბლობის გარეშე ვიტყვი: ამ ომში ბევრი ისეთი მებრძოლი რომ ყოფილიყო, როგორი ბიჭებიც ჩემს ოცეულში ირიცხებოდნენ, შესაძლოა, უკეთესად წასულიყო ჩვენი საქმე, სხვანაირად შეტრიალებულიყო სიტუაცია... ბოლოს და ბოლოს, როცა სოხუმი დავკარგეთ, ფეხით გადმოვიარეთ კოდორის ხეობა, მაგრამ 27 სექტემბერს დაკარგული სოხუმიდან სახლში 1994 წლის 30 აპრილს დავბრუნდი. ეს თარიღი იმიტომ მახსოვს, რომ მეორე დღეს ანუ პირველ მაისს აღდგომის დღესასწაული იყო. მანამდე კოდორის ხეობაში, პარტიზანების გვერდით ვიყავი და რაღაც ოპერაციებში ვმონაწილეობდი, მაგრამ ამჯერად, ამაზე არ მინდა ლაპარაკი...'დავამთავრე უნივერსიტეტი, მერე დავიწყე მუშაობა ერთ-ერთ დაწესებულებაში, სადაც სტუდენტებს ვასწავლიდი ისტორიას და სწორედ აქედან დაიწყო ჩემი დიდი უბედურება.

- უბედურებაში რას გულისხმობთ?

- როდესაც ამ სასწავლებელში დავიწყე მუშაობა, ახალგაზრდა ბიჭი ვიყავი, 27 წლის. ჰოდა, ერთმა სტუდენტმა თვალი დამადგა და დავიღუპე კიდეც. ახლა შეიძლება, ვინმემ თქვას, ჯადო არ არსებობსო. მე კი, მიუხედავად იმისა, რომ მართლმადიდებელი ქრისტიანი ვარ და თავის დროზე სტიქაროსანიც ვიყავი, მჯერა ჯადოს არსებობის. რადგან ეს საკუთარ თავზე გამოვცდე. პირველი მეუღლე შევირთე სიყვარულის გარეშე. არ ვიცი, როგორ, მაგრამ ერთ დღეს "თავში დამარტყა" და მოვიყვანე ჩემი სტუდენტი. გეუბნებით, დარწმუნებული ვარ, ეს იყო ჯადოს შედეგი და დღემდე ვერ დავაღწიე თავი ამ დაბინძურებულ აურას, მიუხედავად იმისა, რომ მას მერე 15 წელი გავიდა.

- ამბობენ, როცა ადამიანს ჯადო აქვს გაკეთებული, ხასიათი ძალიან ეცვლებაო. თქვენმა ახლობლებმა მსგავსი ცვლილება არ შეგამჩნიეს?

GzaPress- ყველა მიცნობს ჩემს ქალაქში და არ მინდა, ბოლომდე გავიშიფრო, მაგრამ გეტყვით, იმ პერიოდში, როცა ცოლი მოვიყვანე, ერთ-ერთი უძლიერესი პარტიის ლიდერი ვიყავი. სერიოზულ კარიერულ წინსვლას მიწინასწარმეტყველებდნენ, მაგრამ ჩემს ცხოვრებაში ამ ქალის გამოჩენის შემდეგ, თითქოს ყველაფერი ერთსა და იმავე ადგილას გაიყინა, წინ ვერ წავიწიე. არადა, იყო სერიოზული წინადადებები. მაგალითად, ერთ-ერთ სამინისტროში მინისტრის მოადგილეობა შემომთავაზეს, მაგრამ არ მოხერხდა, რადგან იმ პერიოდში რაღაც გამოშტერებული, გამოთაყვანებულივით ვიყავი და ინსტინქტის დონეზე ვმოქმედებდი. მერე ჩემი შვილის დაბადებამ პატარა გამონათება შემოიტანა ჩემს ცხოვრებაში. ქალიშვილი მყავს ერთი, რომელმაც დიდი სიხარული მაგრძნობინა, მაგრამ ამანაც არ უშველა ჩემს ოჯახს - პირველ ცოლს დავშორიდ და ამას წუთითაც არ ვნანობ. მასთან გაყრის შემდეგ თითქოს, ამოვისუნთქე. 2 წლის წინ კი გამოჩნდა ადამიანი - მერი, რომელიც მთელი გულით შემიყვარდა და ის ჩემი მეუღლე გახდა.

- მერი სად გაიცანით?

- როცა გავიცანი, განათხოვარი იყო და ორი შვილი ჰყავდა. მისი ქმარი პათოლოგი ყოფილა, თვითონ კი ანგელოზი სულის ადამიანია. ყოფილი მეუღლე უმიზეზოდ ეჩხუბებოდა ხოლმე. ის ჩემ გამო არ წამოსულა სახლიდან და მეც, როცა ის გავიცანი, 5 წლის დაშორებული ვიყავი პირველ მეუღლესთან... მანამდე, ვაღიარებ, მეგობარი ქალი მყავდა. სულის სიმშვიდეს, სითბოს ვეძებდი, მაგრამ მის გვერდით მყოფი ეულად ვგრძნობდი თავს. ჰოდა, მერის გამოჩენა ჩემთვის იმ ნაპერწკალივით იყო, რომელიც სულს უთბობს ადამიანს. ის შვილებთან ერთად, შინ წავიყვანე.

- რამდენი შვილი ჰყავს?

- ერთზე მეტი (იცინის). კარგად გამიგეთ, არ მინდა, მიცნონ და ყველა კარტს ამიტომაც არ ვშლი... მერისთან წრფელი სიყვარული მაკავშირებს. ეს იყო ერთი ნახვით შეყვარება.

- მაინც არ მეუბნებით, სად გაიცანით, არა?

- (იცინის) გინდათ, ყველაფერი დამტყუოთ და გამშიფროთ? ძალიან ბევრი ადამიანი მიცნობს და... კარგი, გეტყვით ყველაფერს: მაშინ, როცა ყველა ერთად დადგა საქართველოს გადასარჩენად, როცა 2012-ში, არჩევნების დროს რამდენიმე პარტია გაერთიანდა, მაშინაც ერთ-ერთ ხელმძღვანელ თანამდებობაზე ვიყავი და ის ჩვენს ორგანიზაციაში სამუშაოს სათხოვნელად მოვიდა. ორი შვილის დედას შემოსავლის წყაროს ეძებდა. მასთან ლაპარაკისას მივხვდი, რომ განათლებული, პატიოსანი ქალი იყო. სულითაც და ხორცითაც ულამაზესი პიროვნება და რა გასაკვირია, მისით მოვიხიბლე. მაშინვე დავკარგე თავი (კარგი გაგებით), მეორეჯერ დავიბადე თითქოს. მასაც გაუჩნდა ჩემ მიმართ გრძნობა და დავოჯახდით. მაშინ, როცა თავი ბედნიერ ადამიანად ვიგრძენი, ისევ არ გამიმართლა... მე კი ვმუშაობდი, მაგრამ იმდენი შემოსავალი არ მქონდა, რომ მთელ ოჯახს გავძღოლოდი. მისი შვილები, დედაჩემი, ჩემი ქალიშვილი - ამდენ ადამიანს ყურადღება ხომ სჭირდებოდა? ჩემი ხელფასი საკმარისი არ იყო ყველა ხარჯის დასაფარად, მეუღლესაც ვერ ვუშოვე სამსახური. ჰოდა, მიიღო გადაწყვეტილება, სამუშაოდ საზღვარგარეთ წასულიყო. ვიდრე წავიდოდა, ვიკამათეთ. არ მინდოდა, ჩემგან შორს ყოფილიყო, მაგრამ არც მისი არგაშვების უფლება მქონდა. ახლა ათასში ერთხელ თუ მირეკავს. არადა, 4 თვეა, საქართველოდან წავიდა. სოციალური ქსელით არასდროს მისარგებლია, მაგრამ რამდენიმე ხნის წინ საკუთარი გვერდი გავხსენი, იქნებ ასე მაინც მოვახერხო საყვარელ ადამიანთან ხშირად კონტაქტი-მეთქი. "ოდნოებში" შემოდის, მაგრამ იშვიათად მწერს, ტელეფონზე ლაპარაკზე აღარაფერს ვამბობ. თითქოს, გამირბის.

- მისი შვილები თქვენთან ცხოვრობენ?

- მე რა უფლება მქონდა, მისი შვილების ჩემთან დატოვება მომეთხოვა? ჰოდა, ახლა ისინი ბიოლოგიურ მამასთან არიან. კარგი იქნებოდა, ჩემს სახლში ყოფილიყვნენ - ასე უფრო მეტი იმედი მექნებოდა მერის დაბრუნების.

- თქვენს მეუღლეს საზღვარგარეთ წასვლაში ვინმე დაეხმარა?

- ვიღაცები ჩაერივნენ ჩვენს ურთიერთობაში... როცა საქართველოდან გაემგზავრა, მეგობრებმა მითხრეს: ჩვენთან ამბობდა, ამ კაცისგან სულ კი არ მივდივარ. ცოტა ხნით წავალ, რომ შვილების რჩენა შევძლო და ქმარსაც ხელი მოვუმართოო. ეს სიტყვები უთქვამს და რა ვიცი, იმედი მომეცა მისი დაბრუნების. დღე და ღამე არ მძინავს, სულ მასზე ვფიქრობ. ამ ქალის სიყვარულმა მიმაღებინა გადაწყვეტილება, რომ ის შვილებთან ერთად, შინ წამეყვანა. ბევრ ქართველ კაცს გაუჭირდებოდა ამის გაკეთება, მე კი წამითაც არ მიყოყმანია. უფრო მეტიც, ვფიქრობ, ვაჟკაცია ის ადამიანი, რომელიც განათხოვარ ქალს მოიყვანს ცოლად და ამის არ შეეშინდება, ხოლო ასჯერ უფრო მეტად ვაჟკაცია ის, ვინც შვილებიან ქალს მოიყვანს სახლში... მას მერე, რაც მერი წავიდა, თავის მოკვლა რამდენჯერმე გადავწყვიტე, მაგრამ მერე როგორღაც მოვახერხე ასეთი ფიქრისგან გათავისუფლება. ალბათ, იმან მიშველა, რომ ქრისტიანი ვარ და ვიცი, ეს რამხელა ცოდვაა. ჯერ კიდევ ბოლომდე არ მიზიდია საკუთარი ჯვარი ამ ცხოვრებაში. ძალიან დიდი ბოდიში, ვღელავ...

- შეიძლება ახლა მერი გაბრაზებულია თქვენზე. ხომ თქვით, ვიკამათეთო და ამიტომაც გარიდებთ თავს...

- (მაწყვეტინებს) ალბათ ასეა, მაგრამ კარგად გამიგეთ: იმედი მაქვს, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. ძალიან მეშინია საყვარელი ქალის დაკარგვის.

- საქართველოდან რომ არ წასულიყო, სხვა გზა რეალურად არ არსებობდა? თანამდებობა თუ გაქვთ, რაიმე სამსახური როგორ ვერ გამოუძებნეთ?

- ვერ ვუშოვე, თქვენ შემოგევლეთ, მიუხედავად იმისა, რომ ერთ-ერთი ორგანიზაციის ლიდერი ვიყავი აქ. უცხო ენები ჰქონდა ქალს დამთავრებული წითელ დიპლომზე, მაგრამ თავისი პროფესიით ვერსად იმუშავა. უფრო მეტიც, "უბრალო" სამსახურიც ვერ იშოვა და ახლა საზღვარგარეთ ვიღაცას უვლის, სხვის თეფშებს რეცხავს... გული მტკივა ძალიან.

- პირველ ცოლთან გაქვთ ურთიერთობა?

- არა, ღმერთმა დამიფაროს ამისგან, თქვენ შემოგევლეთ, მას დასანახავად ვერ ვიტან. ერთადერთი, მაშინ ვნახულობ, როცა შვილის წამოსაყვანად მივდივარ.

- შვილს რამდენ ხანში ერთხელ ნახულობთ?

- მუდმივად. მას ძირითადად, სკოლაში ვაკითხავ, მაგრამ როცა სახლში 2-3 დღით მომყავს, მაშინ მიწევს დედამისის ნახვა.

- თქვენი ქალიშვილი რამდენი წლისაა?

- 9-ის.

- ოჯახის დანგრევის გამო არ გსაყვედურობთ?

GzaPress- სხვათა შორის, არა, პირიქით - სურვილიც კი არ აქვს, რომ დედამისს შევურიგდე.

- ეს ძალიან უცნაურია. თქვენი აზრით, რა არის ამის მიზეზი?

- გეთანხმებით, უცნაურია, მაგრამ ეს არის სიმართლე... უფრო მეტიც, მას ჩემთან ყოფნა, ჩემთან ცხოვრება ურჩევნია, მაგრამ დედის რიდიც აქვს.

- შვილს ცუდად ექცევა?

- არა, როგორც დედა, ცუდი არ არის. შვილს კარგად უვლის და არც ჩაცმა-დახურვას აკლებს, მაგრამ ბავშვის აღზრდისთვის მხოლოდ ეს არ არის საკმარისი. მთავარი ის არის, შვილს როგორ მაგალითს აძლევ. ჩემი შვილი, მიუხედავად მცირე ასაკისა, გარეგნულად ჩამოყალიბებულ ქალს ჰგავს და მეშინია, ვინმემ "ცუდად" არ შეხედოს. მას ხომ ჯერ ტვინიც პატარა აქვს, ბევრ რაღაცას ვერ აანალიზებს და მეშინია, არ დავიღუპო. რაიმე ცუდი რომ მოხდეს, მერე თავს არც ვიცოცხლებ, ბავშვს კი რას ვერჩი?.. ალბათ ხვდებით, რასაც ვამბობ და რისთვისაც დავშორდი პირველ ცოლს..

- ამბობთ, - მგონია, ის ჯადო დღემდე მომყვებაო. ამას რატომ ფიქრობთ?

- როდესაც მერი მოვიყვანე, ჩემი ძმაკაცები გახარებულები იყვნენ და მას ეუბნებოდნენ, - შენ შემოგევლე, ფეხებს დაგიკოცნით, ოღონდ, ეს კაცი ჩვენკენ მოახედეო. ასეც მოხდა, მაგრამ მას მერე, რაც წავიდა, ისევ გათიშულივით ვარ, არაფრის ხალისი არ მაქვს და ყველაფერს მექანიკურად ვაკეთებ. ვიმეორებ, სიგიჟემდე მიყვარს და დარწმუნებული ვარ, მასაც ვუყვარვარ, მაგრამ თქვენი თქმისა არ იყოს, გაბრაზებულია ჩემზე, კამათის გამო სამაგიეროს მიხდის.

- ჰოდა, ცხოვრების ხალისი მისი საზღვარგარეთ წასვლის გამო გქონიათ დაკარგული და არა იმიტომ, რომ ჯადო გაქვთ...

- არა, არა, მე ვიცი, რაც მაქვს. 5 წელზე მეტია, გაშორებულები ვართ და ხელიც არ გვაქვს გაწერილი.

- ამბობთ, - მორწმუნე ხართ და სტიქაროსანიც იყავით. გეცოდინებათ, რომ არსებობს კვეთებულის ლოცვა. ამ გზას რატომ არ მიმართავთ?

- ძალიან მინდოდა მამა აკაკისთან თბილისში ჩასვლა, მაგრამ ვერა და ვერ მოვახერხე. ახალი წლის შემდეგ რამდენიმე დღით სამსახურიდან თავს გავითავისუფლებ და მონასტერში წავალ, რაღა დავწყნარდე, დავამშვიდდე, მერე კი იქნებ, თბილისშიც მოვახერხო ჩასვლა. მოძღვრები ლოცვას რომ წამიკითხავენ, იქნებ რამე მიშველოს... ვიდრე მერი გამოჩნდებოდა ჩემს ცხოვრებაში, ჩემთვის ყველაფერი სულერთი იყო, არაფერი მაინტერესებდა, მაგრამ მას მერე, რაც ეს ადამიანი გავიცანი, საკუთარ თავს შევუძახე: ამ ქალს და შენიანებს პატრონი სჭირდებათ, გამაგრდი-მეთქი... მერის წასვლაც ამ ჯადოს ბრალი მგონია და არა იმის, რომ მატერიალური პრობლემები ვერ მოვაგვარეთ. თანაც, ვიდრე მას მოვიყვანდი, კარგი შემოსავალი მქონდა, რამდენიმე ათასს აღწევდა ჩემი ყოველთვიური შემოსავალი, მაგრამ როგორც კი პირადი ცხოვრება ავიწყვე, შემოსავალი შემიმცირდა. და კიდევ ერთი: როცა კარგი შემოსავალი მქონდა, მაშინაც არ იყო ჩემს ოჯახში ხვავი და ბარაქა. თანხა უცნაურად ქრებოდა, იხარჯებოდა...

- ვიდრე მერის მოიყვანდით ცოლად, მეგობარი ქალი გყოლიათ. ის ქალბატონი როგორ შეეგუა თქვენი დაოჯახების ამბავს?

- ალბათ, ესეც დიდი პარადოქსია ჩემს ცხოვრებაში, მაგრამ გაუხარდა, ჩემი ბედნიერება რომ გაიგო. ხოლო მას მერე, რაც მერის წასვლის ამბავი გაიგო, ურთიერთობის აღდგენის ინიციატივა გამოიჩინა, მე კი არ გავიკარე. რა ვქნა, ცოლს ვერ ვუღალატებ. ერთგული კაცი ვარ. თუ ვიტყვი, მე ამ ადამიანისთვის მოვკვდები-მეთქი, ასეც მოხდება! მერის გარდა, ჩემს ცხოვრებაში სხვა ქალი არ იქნება. ღმერთმა ნუ ქნას, მაგრამ ჩემთან რომც აღარ დაბრუნდეს, მაინც მისი ერთგული ვიქნები სიცოცხლის ბოლომდე, ქალთა მოდგმას სამუდამოდ შევიძულებ ალბათ... რომ არ დაბრუნდეს, ფეხითაც ჩავალ მასთან და დავუჩოქებ, პატიებას ვთხოვ იმისთვის, რომ მას და მის შვილებს სათანადოდ ვერ მოვუარე. უფლის ნებაა ყველაფერი. თავის დროზე ტაძარში სიარულმა, ეკლესიამ, სარწმუნოებამ და მოძღვრების ლოცვამ მიშველა, რომ ჩემი ცხოვრება გამოსწორებულიყო. სანათესავოში 2 ბერი მყავს, რომლებიც დღე და ღამე ჩემთვის ლოცულობდნენ. მჯერა, მათი ლოცვის წყალობით მერის დავიბრუნებ და მერე ჩვენ საერთო შვილიც გვეყოლება... დაბოლოს, მინდა ყველას გთხოვოთ: დაუკვირდით ცხოვრებას, ნუ ატკენთ გულს საყვარელ ადამიანს, ყველაფერი გაანალიზეთ და მერე გადადგით ნაბიჯი. გიყვარდეთ "ის" ისეთი, როგორიც არის. ქალი ქმრის მორჩილი კი არა, ქმრის თანაბარი უნდა იყოს. ძალიან დიდი მადლობა, რომ მომისმინეთ. თუკი თქვენი ჟურნალის საშუალებით ვინმე შემომეხმიანება, მადლობელი დავრჩები. ხალხისგან რჩევასაც მივიღე და კრიტიკასაც, ამის არ მეშინია. იმედია, ეს წერილი მერიმდეც მივა და მიხვდება, როგორ განვიცდი მისგან შორს ყოფნას. მერი, მიყვარხარ!

ლიკა ქაჯაია