ხელზე მოვაჭრე 80 წლის ბებოს მონათხრობი - გზაპრესი

ხელზე მოვაჭრე 80 წლის ბებოს მონათხრობი

ხუმრობა იქით იყოს და რამდენიმე დღის წინ მატარებლით (ქუთაისი-თბილისის) მეც ვიმგზავრე. ვერ ვიტყვი, რომ ამ რეისით ხშირად ვმგზავრობ, მაგრამ რამდენჯერაც მომიწია, იმდენჯერ თვალში მომხვდა ერთი ხელზე მოვაჭრე მოხუცი, რომელიც ვაგონებში გასაყიდად სიგარეტს, ტკბილეულს, წყალსა და ათასგვარ წვრილმანს დაატარებს. ყოველთვის ვფიქრობდი, - შესაძლოა, მატერიალურად ძალიან უჭირს, იქნებ მემკვიდრეც არ ჰყავს-მეთქი. მის შესახებ თითქმის არაფერი ვიცოდი, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ ზესტაფონელი იყო. ადამიანებთან ურთიერთობა მიყვარს, განსაკუთრებით - უცხო ადამიანებთან; პროფესიულმა ჭიამაც არ მომასვენა და სულის მოსათქმელად ჩამომჯდარ ბებოს გვერდით მივუჯექი, ღიმილით მივესალმე:

- დილა მშვიდობისა!

- მშვიდობა მოგცეს ღმერთმა, - მითხრა, თავადაც გამიღიმა და ვიდრე რამეს ვკითხავდი, დაიჩივლა: - ყველა ვაგონი შემოვიარე, ხალხი არ არის ჯერ და ჩამოვჯექი, ტყუილად ვერ ვივლი.

- ამ მატარებელში რამდენჯერმე შეგნიშნეთ, როგორც ჩანს, ხშირად დადიხართ.

- წლებია, ყოველდღე დავდივარ, ბებო, უსაქმოდ ვერ ვჩერდები.

- დილით რომელ საათზე დგებით?

- 4-5 საათზე. დილით სახლის საქმეს "მოვაკეთებ", მერე ვსადილობ და ისე გამოვდივარ. 6 საათზე უკვე ბაქანზე ვარ.

- მარტო ცხოვრობთ?

- 6 შვილი მყავს, ყველანი ქუთაისში ცხოვრობენ. მეც ქუთაისში დავიბადე და გავიზარდე. მამა ომში დამეღუპა, პატარა დავრჩი ობლად, მაგრამ მამიდები ძალიან მპატრონობდნენ.

- ახლა სად ცხოვრობთ?

GzaPress- ზესტაფონში, სოფელ წევაში. რომ დავქორწინდი, ჩემი მეუღლე 25 წლის იყო, მე - 17-ის. დამადგა თვალი და არ დამაყენა. უსახლკარო, მაგრამ კარგი ბიჭი იყო. დავუჯერეთ ერთმანეთს, ვიშრომეთ და ჯერ პატარა ხის სახლი ავაშენეთ, მერე მეორე ბინა... თუ ადამიანს ადამიანობა ექნება, შრომა არ დაეზარება, მაშინ სიღარიბის არ უნდა შეეშინდეს, ბებო, ზარმაცი კაცი კი საშინელებაა: მთელი ცხოვრება იწვალებს და სიცოცხლეს გემოს ვერ ჩაატანს.

- რამდენი წლის ბრძანდებით?

- მალე 80-ის გავხდები. შვილები არაფერს მაკლებენ, ყურადღებას მაქცევენ, მაგრამ თან მეჩხუბებიან, მატარებელში სავაჭროდ რომ დავდივარ.

- ალბათ, ასაკის გამო გიფრთხილდებიან.

- ეგეც არის და თან, "პაზორობენ". შრომა "პაზორია" არ არის. ვიდრე შემიძლია ვივლი და რომ ვეღარ შევძლებ, მერე სახლში გავჩერდები. მატერიალურად არც ერთს არ უჭირს, მაგრამ მეც მინდა, ჩემი ნაშრომი მქონდეს. რამდენიმე წლის წინ უფროსი ვაჟი მატარებელში შემხვდა. ჯერ შორიდან მიყურა, მერე მოვიდა და მითხრა: დედა, არ გრცხვენია, ეს "კალოშები" რატომ გაცვიაო? ფეხსაცმელი არაერთი წყვილი მაქვს, მაგრამ "კალოშები" უფრო პრაქტიკულია.

- რამდენი წელია, მატარებელს სავაჭროდ დაჰყვებით?

- 23 წელია, მეუღლე აღარ მყავს და 20 წელია, ასე დავდივარ. აბა, შვილებისთვის ხომ უნდა მიმეხედა? ჩემი ქმარი რომ გარდაიცვალა, უფროსი შვილი სრულწლოვანი არ იყო.

- ეს საქმე მომგებიანია?

- აბა, ტყუილად ხომ არ ვივლი? ადრე ძროხები მყავდა, ყველი მქონდა და ხაჭაპურებს ვაცხობდი. "სენაკი-თბილისის" მატარებელზე ავდიოდი, მაშინ "ოტკის" გაყიდვასაც არ უშლიდნენ და იმდენი ვივაჭრე, ხაჭაპურებით სახლი ვიყიდე. სოფელში მეტსახელად "ხაჭაპურაც" შემარქვეს. თუ არ დაიზარებ, შეიძლება, ამ საქმით თავი ირჩინო. მარტო მთავრობის იმედად არ უნდა იყო, ხელი შენც უნდა გაანძრიო. ძროხების მოვლა აღარ შემიძლია, ამიტომ ახლა ზესტაფონში ვყიდულობ ამ წვრილმანს და აქ ვყიდი.

- ამ მატარებელს თბილისამდე მოჰყვებით?

- არა, ბებო, თბილისამდე ადრე დავდიოდი, ახლა წიფის გვირაბთან ჩამოვალ და უკან გავბრუნდები, ხაშურიდან ზესტაფონისკენ მატარებელი მოდის, 10 წუთი დაველოდები და გავყვები. სახლში მივალ, ცოტას დავისვენებ, სხვა საქმეებს გავაკეთებ და დავისვენებ.

- ამდენი ხანია, გელაპარაკებით და თქვენთვის სახელი არ მიკითხავს.

- ეთერი სულაკაძე ვარ. ჩემი მეუღლე გიორგი გელაშვილი იყო.

- ჟურნალისტი ვარ და შეიძლება, თქვენი ნაამბობი დავწერო?

- დაწერე, მაგრამ სურათს ნუ გადამიღებ, ბებო, თორემ შვილები მეჩხუბებიან, - ფეხებში უკან ცხვარი მოგყვება და სახლში გაჩერდიო.

- ბევრი ახალგაზრდისთვის სამაგალითო უნდა იყოთ, თქვენგან განსხვავებით, შრომა რომ ეზარებათ.

- რა ვიცი, აბა, უშრომლად ერთი დღეც არ მიცხოვრია. ხომ გაგიგონიათ, შრომა ადამიანს აკეთილშობილებს. ახალგაზრდა ზარმაცი როგორ უნდა იყოს, არ მესმის. 80 წლის ასაკში არ მინდა, უქმად ვიყო და ახალგაზრდამ თავს ამის უფლება არ უნდა მისცეს. გამოსავალის პოვნა ყოველთვის შეიძლება, მთავარია, მოინდომო. ასე ალალმართლად ვწვალობ და მოვედი დღევანდელ დღემდე. აბა, ლამაზად დაწერე, ბებო, მე ყველა მიცნობს, ვინც ხშირად მგზავრობს და ყველა ღიმილით მეგებება. წავალ ახლა, ერთხელ კიდევ ჩამოვივლი, ვინ იცის, მელოდებიან...

ერთმანეთს დავემშვიდობეთ. ეს ინტერვიუ დილის 7-ის ნახევარზე ჩავწერე და მერე მთელი გზა ამ ადამიანზე ვფიქრობდი. გამრჯე ხელებზე ეტყობოდა, უქმად სახლშიც არ გაჩერდებოდა. მისი მონათხრობი მართლა სტიმულის მიმცემი უნდა იყოს იმ ახალგაზრდებისთვის, რომლებიც სიზარმაცეს დამონებიან.

თამუნა კვინიკაძე