გრძნობის გამო გაღებული მსხვერპლი და ბერად აღკვეცის სურვილი - გზაპრესი

გრძნობის გამო გაღებული მსხვერპლი და ბერად აღკვეცის სურვილი

თეატრალური ინსტიტუტის სტუდენტმა გოგონამ, ინესა აბესაძემ სასწავლებელში უცხო ყმაწვილი შენიშნა, მოეწონა და მეგობარს, გოჩა აბაშიძეს უთხრა, - შეხედე, რა კარგი ბიჭიაო. გოჩამ უცხო შეათვალიერა და მისი გადაბმული წარბების დანახვისას გოგონას გადაულაპარაკა: - არაფერი უთხრა, თორემ ისე იბღვირება, ორივეს გვცემსო. თურმე, ეს სიტყვები ბიჭმაც გაიგონა და თეატრალურ ინსტიტუტში ჩაბარება გადაიფიქრა... მაგრამ წლების შემდეგ გუჯა ბურდული და ინესა აბესაძე ერთმანეთს ისევ შეხვდნენ...

- ანუ ერთმანეთი იმ დღესვე არ გაგიცნიათ?

- არა, ეს მოგვიანებით მოხდა. ერთ დღეს მე და ჩემი მეგობარი, მსახიობი თეა გაბუნია რუსთაველზე ვსეირნობდით. "ივერიის" წინ მდებარე ატელიის ვიტრინისკენ რომ გავიხედე, ჩემი ყურადღება ერთმა ფოტომ მიიქცია. - თეა, შეხედე, რა კარგი ბიჭია-მეთქი, - ვუთხარი. - მაგ ფოტოზე აი, ეს ბიჭი არისო, - მითხრა მეგობარმა და იქვე მდგარი გუჯი გამაცნო; თურმე, ამ დროს გუჯა იქვე ტრიალებდა, თეა კი მას კარგად იცნობდა.

- ფოტოზე ვერ იცანით ის ბიჭი, რომელიც ჯერ კიდევ თეატრალურ ინსტიტუტში მოგეწონათ?

- ვერა, ვერ ვიცანი, მაგრამ როცა თეამ მითხრა, - გაიცანი, გუჯი ბურდულიო, მერე ისიც გამახსენდა, რომ ეს ის ბიჭი იყო, რომელიც ინსტიტუტში ვნახე და მომეწონა.

- ამის შემდეგ თქვენი ურთიერთობა როგორ აეწყო?

- ინსტიტუტიდან რომ გამოვდიოდი, ვითომ შემთხვევით, ქუჩაში მხვდებოდა - წინ მე მივდიოდი, უკან გუჯი მომყვებოდა; მერე ჩვენ შორის მანძილი თანდათან დამოკლდა... გუჯი მეტისმეტად სუფთა, ხალასი ბუნების მთიული მამაკაცია. მიუხედავად იმისა, რომ თბილისში დაიბადა და გაიზარდა, სისხლის ყივილი მის ბუნებაში ვიგრძენი.

- და შეგიყვარდათ, არა?

- ასე მოხდა! შეყვარებულობის პერიოდში იყო გაბუტვები, შერიგებები...

- რაზე ჩხუბობდით?

- ეჭვიანი იყო და ვიდრე სახლამდე მიმაცილებდა, 4 კაცს მაინც სცემდა ხოლმე; ქუჩაში ვინმე თუ შემომხედავდა, მისი საქმე წასული იყო. გამოგიტყდებით და ამაზე დიდად არ ვნერვიულობდი, მეტიც - ეს ყველაფერი მომწონდა კიდეც... გუჯი სიტყვაძუნწიც გახლდათ. მას ერთხელაც არ უთქვამს, - მიყვარხარო, მაგრამ ამას მისი გამოხედვით, ქცევით, შეხებით ვგრძნობდი. მოგვიანებით იცით, რა მითხრა? - ბიჭი რომ არ გვყოლოდა, ბოლომდე ერთად ვერ ვიქნებოდით, ჩვენი ოჯახი დაინგრეოდაო. გავგიჟდი, - ამ დიდ სიყვარულს დათმობდი, ამას მართლა ამბობ-მეთქი? - დავთმობდიო! - სრული სერიოზულობით მიპასუხა. მთიულებში ბიჭის ანუ გვარის გამგრძელებლის კულტი დღემდე არსებობს. გუჯი ძალიან განიცდიდა, რომ ყველა ჩვენი შვილიშვილი გოგონა იყო, მაგრამ ცოტა ხნის წინ ბაკურს და მის მეუღლეს ვაჟი, პატარა გუჯა ბურდული შეეძინათ, რამაც ყველანი გაგვახარა. სხვათა შორის, ბაკურის ცოლიც თეატრალურ ინსტიტუტში სწავლობს.

- როგორც ვიცი, თქვენ საქართველოში პირველი ფოტომოდელი იყავით...

- იმ პერიოდში, როცა ინსტიტუტში ვსწავლობდი, თეატრალურის რექტორი ილია თავაძე იყო. ერთ დღეს ის სერგო ზაქარიაძესთან და ერთ უცნობ პიროვნებასთან ერთად ინსტიტუტის შესასვლელთან იდგა. დილის 9 საათია, სტუდენტთა ნაკადი და მათ შორის მეც სასწავლებელში შევდივართ. მახსოვს, ზაქარიაძემ ყველასგან გამომარჩია, ხელი ჩემკენ გამოიშვირა და თავაძეს უთხრა, - აი, ეს გოგონა დავტოვოთო. ბიჭებიდან კი კახი კავსაძე შეარჩიეს. როგორც აღმოჩნდა, სატელევიზიო ტელენოველისთვის შეგვარჩიეს და ფოტოები გურამ თიკანაძემ გადაგვიღო. იმ პერიოდში მოდაში იყო ფოტოკონკურსები, რომლებიც საზღვარგარეთ ტარდებოდა და საერთაშორისო არენაზე ჩვენი ფოტოების გატანა ჟურნალ "დროშის" მეშვეობით ხდებოდა. სხვათა შორის, გურამის გადაღებულმა ჩემმა ფოტოებმა არაერთ კონკურსში გაიმარჯვა. მახსოვს, გოჩა აბაშიძე მეუბნებოდა, - შენ "ფოტოზვეზდა" ხარ, მე - "კინოზვეზდაო". მაშინ გოჩას მართლა ბევრ ფილმში იღებდნენ.

- საბოლოოდ, თქვენ უარი თქვით არა მარტო ფოტომოდელობაზე, არამედ მსახიობის პროფესიაზეც...

- აბა, მთიული კაცი მსახიობი მეუღლის გვერდით იცხოვრებდა? თანაც, გუჯის დედას ახლობლები ეკითხებოდნენ, - ოლღა, შენი სარძლო მსახიობიაო? - მსახიობი კი არა, ისტორიკოსიაო, - იტყუებოდა ოლღა. არაერთმა რეჟისორმა მიმიწვია ფილმში გადასაღებად, მაგრამ ყველას უარს ვეუბნებოდი.

- გული არ გწყდებოდათ?

GzaPress- არა, ეს ნებაყოფლობითი მსხვერპლი იყო; ოღონდ გუჯი გამეხარებინა და რაც მას უნდოდა, იმას ვაკეთებდი. თანაც, როცა ცოლობა მთხოვა, ისიც დასძინა, რომ ოჯახის შექმნის შემთხვევაში შინ უნდა ვმჯდარიყავი, მისთვის მომევლო და ბურდულების გვარის გამგრძელებლები გამეჩინა... მაშინ გუჯი "გეპეიში", სამშენებლო ფაკულტეტზე სწავლობდა და კინოში წასვლა აზრადაც არ ჰქონდა. მართალია, რეჟისორების ინტერესს ყოველთვის იწვევდა, მაგრამ მისი "აზიატი" ბუნების შესახებ ყველამ იცოდა და როლის შეთავაზებას ვერ უბედავდნენ. არის ასეთი პიროვნება, სიომა გასპაროვი, რომელიც "ვგიკის" (კინემატოგრაფიის საკავშირო ინსტიტუტი) დამთავრების შემდეგ, ოდესის კინოსტუდიაში გაგზავნეს. სიომა ჩვენთან მეგობრობდა და პირველმა სწორედ მან გაბედა გუჯისთვის როლის შეთავაზება, მაგრამ ასეთი პასუხი მიიღო: - წადი, თავი დამანებე, თორემ ერთს მოგადებო... სიომამ ფილმის გადაღება მძღოლების ცხოვრებაზე დაიწყო. სცენარის მიხედვით, ისინი საქართველოშიც უნდა ჩამოსულიყვნენ. სამხედრო გზაზე მასპინძლები მთიულები იყვნენ და გუჯი სიომას მეგობრულად დაეხმარა, ორგანიზაციული საკითხები მოუგვარა. ერთ დღეს მწყემსებმა სტუმრებისთვის ცხვარი დაკლეს და სუფრა მინდორში გაშალეს. სიომამ გუჯის სთხოვა, - იმღერეო, ოპერატორი კი წინასწარ გააფრთხილა: ეს სცენა ისე გადაიღე, რომ ვერავინ ვერაფერს მიხვდესო. როცა გუჯა სიმღერას მორჩა, მხოლოდ ამის შემდეგ გაუმხილა, - თუ გინდა, მომკალი, მაგრამ ეს ეპიზოდი გადაღებულია და ფილმშიც შევაო. აი, ასე შედგა მისი კინოდებიუტი ფილმში - "რეისი პირველი, რეისი - უკანასკნელი" ამის შემდეგ კი მიწვევა არაერთი რეჟისორისგან მიიღო. გუჯი სცენარებს მე მაკითხებდა და გმირი თუ არ მოეწონებოდა, როლზე უარს ამბობდა. ერთ დღეს შეთავაზება თემურ ბაბლუანისგანაც მიიღო და "ბეღურების გადაფრენაში" მონაწილეობაზე თანხმობა მაშინვე განაცხადა, გმირის ხასიათი მოეწონა.

- ამბობენ, ბეღურა მართლა მიჩვეული ჰყავდაო...

- გადაღებების დროს გუჯი ბეღურას ეფერებოდა და გულის ჯიბით დაატარებდა. ერთ დღეს ფრინველი ჯიბიდან ამოუყვანია, ქურთუკი კი მიწაზე დაუგდია და სადღაც წასულა. ვიდრე მობრუნდებოდა, ბეღურა თავის "ბინაში" დაბრუნებულა, რაც ცხადია, გუჯიმ არ იცოდა და თურმე, პირდაპირ ქურთუკზე წამოწვა, ბეღურა გაჭყლიტა; ამ ამბის გამო გუჯა დიდხანს ნერვიულობდა... გუჯის ცხენებიც ძალიან უყვარს. მახსოვს, კინოსტუდიაში ჰყავდათ არაბული ჯიშის ცხენი - სატრაპა. როცა დავით აღმაშენებლის როლი ითამაშა, იქაც ამ ცხენზე იჯდა, ძალიან უყვარდა და როგორც კი თავისუფალ დროს გამონახავდა, მის სანახავად მიდიოდა, ცხოველისთვის შაქრის ნატეხები მიჰქონდა. კინოსტუდიაში ამბობდნენ: როცა სატრაპა მოკვდება, ეზოში დიდი ორმო გავთხაროთ და დავასაფლაოთო, მაგრამ როცა საქმე საქმეზე მიდგა, ამაზე აღარავის უზრუნია. იმ პერიოდში გუჯი ქალაქში არ იყო, გადაღებაზე გახლდათ წასული და როცა თბილისში დაბრუნებულმა სატრაპას სიკვდილის ამბავი გაიგო, ლამის გაგიჟდა...

- გუჯა ბურდული სტიქაროსანია. საინტერესოა, სტიქარით პირველად როდის შეიმოსა?

GzaPress- დედაჩემი, ისევე როგორც მისი თაობის უმეტესობა, ათეისტი იყო. მართალია, ბებიაჩემი თავადის ქალი გახლდათ და სახარება ზეპირად იცოდა, მაგრამ დედაჩემზე გავლენა ვერ მოახდინა. მეტიც, როცა ბებია შვილიშვილებთან რელიგიაზე იწყებდა ლაპარაკს, დედა შეშინებული, განწირული ხმით საყვედურობდა, - ესენი ამას სკოლაში იტყვიან და დავიღუპებითო... დედა აღდგომა დღეს გარდაიცვალა. მაშინ ქვეყანაში ამდენი სასულიერო პირი არ მოღვაწეობდა და ისე მოხდა, რომ წესის ასაგებად მღვდელი ვერ ვნახეთ. მერე ახლობელმა გვანუგეშა, - შეგიძლიათ, ეს რიტუალი საფლავზე გასვლის დღესაც ჩაატაროთო. მღვდელი ვერც ამ დღისთვის მოვიძიე და გუჯას ვთხოვე, - გაიარე, იქნებ რომელიმე ჭირისუფალს მოძღვარი მოყვანილი ჰყავდეს და ჩვენთანაც მოვიდეს-მეთქი. გუჯა წავიდა, მაგრამ მოსვლა ძალიან დააგვიანა. ბოლოს, მღვდელთან ერთად გამოჩნდა. თურმე, მამა იოანე ვაკის სასაფლაოზე, დედის საფლავის საკურთხებლად ყოფილა მოსული, მაგრამ გუჯის გამოჰყვა... საფლავის კურთხევის შემდეგ მოძღვარს მადლობა გადავუხადეთ და გარკვეული თანხის მიცემა დავაპირეთ, მაგრამ იუარა, - მე ამ ადამიანს იმიტომ გამოვყევი, რომ გუჯა ბურდულია და ფულს არ ავიღებო! თან, დასძინა: - ტაძარში წირვაზე თუ დადიხართ? მე სიონის ტაძრის წინამძღოლი ვარ და მადლობის თქმა თუ გინდათ, ტაძარში მოდით, წირვას დაესწარით, ეს ჩემთვის გადახდილი ყველაზე დიდი მადლობა იქნებაო... კვირადღეს სიონში წავედით. წირვას პატრიარქი ატარებდა. ცოტა ხანში გუჯის სტიქაროსანი მიუახლოვდა და უთხრა, რომ მოძღვარი საკურთხეველში იხმობდა. გუჯი მოკრძალებით შევიდა. მამაოს უთქვამს, - თუ სურვილი გაქვთ, ეკლესიას ემსახუროთ, განცხადება უნდა დაწეროთ, მოიტანოთ და პატრიარქი სტიქაროსნად გაკურთხებთო. ერთ მშვენიერ დღეს პატრიარქმა მართლაც, სტიქაროსნად აკურთხა და დალოცა... სხვათა შორის, თურმე გუჯის 6 წლამდე გერმანელი ქალბატონი - მარია უვლიდა და ყოველთვის, როცა ბავშვი სასეირნოდ გაჰყავდა, სახლთან ახლოს მდებარე წმინდა ტვერელის სახელობის ეკლესიაში შეჰყავდა, წირვას ასწრებდა. მოკლედ, ძიძამ გუჯის დიდი რწმენა ჩაუნერგა...

- მინდა, შვილებზეც გკითხოთ...

- (მაწყვეტინებს) ისინი არაორდინარული ადამიანები არიან.

- ეს რამ განაპირობა?

- გუჯის ბრალია! ახალგაზრდობაში ისიც უცნაურად ჩაცმული დადიოდა - დაბალსათავიან შარვლებს ატარებდა, დიდბალთიანი ქამრით, ჩაჩაჩული ჯინსით დადიოდა და რა გასაკვირია, რომ მის შვილებსაც უცნაური გემოვნება აქვთ?! ლადო პირველი იყო, ვინც თბილისის ქუჩებში შორტით, უცნაური ვარცხნილობითა და საყურით გაიარა.

- და ცხოვრების განსხვავებული სტილის გამო, უსიამოვნო სიტუაციაშიც არაერთხელ ჩავარდნილა, არა?

- დიახ, მის ცხოვრებაში იყო ბევრი დაპირისპირება, ჩხუბი, მაგრამ ლადოს არავისი ეშინოდა, რადგან პირველ რიგში, საკუთარ თავთან იყო მართალი. ის ბევრ გოგოს მოსწონდა, მაგრამ ამით ბოროტად არასდროს უსარგებლია... კარგი შვილები გვყავს, მაგრამ გვსურდა, უკეთესები ყოფილიყვნენ. ბაკური ნიჭიერთა ათწლედში სწავლობდა, მაგრამ შემდეგ თეატრალურ ინსტიტუტში ჩააბარა. მეორე კურსზე იყო, როცა თქვა, - მე მამაჩემისნაირი მსახიობი ვერ გამოვალო და საბუთები საოპერატოროზე გადაიტანა. საბოლოოდ, ის ლადომ მუსიკისკენ "გადმოქაჩა".

- თავად როგორ აფასებთ მათ შემოქმედებას?

- (იცინის) შევეგუე. ლადოს მაინც ეტყობა, რომ კონსერვატორია აქვს დამთავრებული.

- ახალ მელოდიას პირველად მამას ასმენინებენ?

- ბაკურს ვეუბნები ხოლმე, - როცა რაღაცას გააკეთებ, პირველად მამას და ლადოს მოასმენინე-მეთქი, მაგრამ მპასუხობს: ამათმა თუ შემისწორეს, მაშინ მათი მუსიკა იქნება და არა - ჩემიო...

- ბატონი გუჯა როგორი მამაა?

- იდეალური! ბაკური და ლადოც მას ჰგვანან, თავადაც ძალიან თბილი და ყურადღებიანი მამები არიან.

- საინტერესოა, რაზე კამათობენ ხოლმე?

- ეს იმდენად იშვიათად ხდება, რომ არც კი ვიცი, რა გითხრათ... ოჯახში ყველა მნიშვნელოვანი საკითხის გადაწყვეტისას ბოლო სიტყვა გუჯის ეკუთვნის, ის ერთმმართველია. ყველაზე დამთმობი და განათლებული ლადოა, მაგრამ მიუხედავად ამისა, 4 ცოლი გამოიცვალა (აქედან ორი ოფიციალური მეუღლე იყო). სხვათა შორის, მისი პირველი მეუღლე გერმანიაში გათხოვდა, გუშინ ახალ ქმართან ერთად ჩამოვიდა და საჩუქრად აი, ეს შარფი ჩამომიტანა... ლადოს ახლაც არაჩვეულებრივი მეუღლე ჰყავს - ქეთი მათეშვილი, რომელიც ინგლისური ენის სპეციალისტია.

- ლადოს ყოფილ მეუღლეებთან როგორი ურთიერთობა აქვს?

- ყველას ჰპატრონობს, თითოეული მათგანის უახლოესი მეგობარია!

- მათ მეუღლეებთანაც მეგობრობს?

- აბა, რა და მათ სახლშიც ეპატიჟება ხოლმე... ლადოს ერთ-ერთ ყოფილ მეუღლეს, რომელიც ამერიკელი გახლავთ, ჰეიზერა ჰქვია. თავიდან მისი სახელი ვერ დავიმახსოვრე და ეთერას ვეძახდი (იცინის).

- არ სწყინდა?

- არა! სხვათა შორის, ის ოდრი ჰეპბერნს ჰგავს... ლადოს ქალიშვილი - თეჯი ლონდონში გათხოვდა. სიძეს ბარნი ჰქვია. მართალია, მისი გვარი ვერ დავიმახსოვრე, მაგრამ ის კი ვიცი, რომ 27 წლისაა და ბი-ბი-სის თანამშრომელია. მათ თბილისში, ინგლისურენოვანი ქორწილი გადავუხადეთ. კიდევ კარგი, ჩემ გვერდით მაკას შვილი, აკაკო იჯდა და ყველას ნათქვამს მითარგმნიდა, თორემ ვერაფერს გავიგებდი. იცით, საქორწილო კერძების მოსამზადებლად მზარეულიც ჩამოიყვანეს და სუფრზე მხოლოდ ევროპული საჭმელები იყო. მართალია, ბაკურმა დამიშალა, მაგრამ შინ ღომი და ბაჟე მაინც მოვამზადე, რესტორანში წავიღე. ჰოდა, ისე მოეწონათ, 10 წუთში აღარ იყო.

- მაკა საკმაოდ წარმატებული რეჟისორია. მისმა ფილმმა, რომელშიც მშობლები გადაგიღოთ, კანის ფესტივალზე 10-ჯერ ჩვენების უფლება მოიპოვა.

- მაკამ "ვგიკში" სწავლისას მიიღო დავალება, გადაეღო ფილმი მეორე მსოფლიო ომის თემაზე. მან მთავარი როლებისთვის მე და გუჯა შეგვარჩია და გადაიღო მოკლემეტრაჟიანი ფოტოფილმი, რომლისთვისაც სურათები პოლონელმა ფოტოგრაფმა გადაგვიღო. ამ ნამუშევარმა კანის ფესტივალზე 10-ჯერ ჩვენების უფლება მოიპოვა, მაკა კი ევროკინემატოგრაფისტთა კავშირის წევრად მიიღეს... ის ახლა მუშაობს ფილმზე, სადაც გრიგოლ ფერაძის ცხოვრება იქნება ასახული; კათოლიკოს-პატრიარქთანაც ჰქონდა შეხვედრა და ფილმში უწმინდესის საგალობლების გამოყენების ნებართვა ითხოვა. სხვათა შორის, ფერაძის როლში გუჯი იქნება.

- გუჯა ბურდული სტიქაროსანია ანუ შეიძლება, ერთ დღეს ბერადაც აღიკვეცოს, არა?

- ბურდულები რამდენიმე შტოდ იყოფიან, გუჯა კი ჯეჯიაანთ კარის ბურდულების შთამომავალია. არსებობს ასეთი ლეგენდა: წლების წინ მთიულთა სოფლებს მტერი შესევია და თურმე, ხალხს საქეიფოდ ხარის დაკვლას, გასართობად კი ახალგაზრდა გოგონას მიყვანას სთხოვდნენ; უარის შემთხვევაში, მტერი მთელი კუთხის გადაწვით იმუქრებოდა. როცა 9 ძმა ბურდულის "მასპინძლობის" ჯერი დამდგარა, მამაკაცებს უთქვამთ: ყველანი ერთ დღეს გავწყდებით, მაგრამ ჩვენს ერთადერთ დას თითსაც ვერავინ დააკარებსო და მომხდურის დასახვედრად დაუწყიათ მზადება. მთელი მთიულეთი დიდველის ვაკეზე შეკრებილა, ბურდულების თაოსნობით თხრილები გაუთხრიათ, ზედ კი ხის სარები გაუდვიათ, ბალახი დაუტკეპნიათ... იმ დღეს დიდი ბრძოლა გამართულა, მომხდურნი თხრილებში ცხენებიანად ჩაცვენილან და 7 ათასიდან ცოცხალი მხოლოდ 7 მეომარი გადარჩენილა. ამის შემდეგ მთიულებს დაუწყიათ ფიქრი იმაზე, თუ რით დაესაჩუქრებინათ ბურდულები. ძმებს მოუთხოვიათ, - ჩვენ ლომისის წმინდა გიორგის ტაძრის მომსახურე ხალხი ვიქნებით! დაე, დეკანოზი ყოველთვის ჩვენგან აირჩესო. მთიულებს ძმების სურვილი აუსრულებიათ და თან დაუმატებიათ: "ქალი უშურველი, სუფრა უწევარი" ანუ მას შემდეგ ბურდულებს ნებისმიერ სუფრაზე დაუპატიჟებლად შეეძლოთ მისვლა და ვერც იმას გაბედავდა ვინმე, რომ მათთვის ქალი არ გაეტანებინა... გუჯას ბერად აღკვეცის სურვილი აქვს და ალბათ, დადგება დრო, როცა წინაპრების მსგავსად, ისიც ლომისის წმინდა გიორგის მსახური გახდება.

თამუნა კვინიკაძე

ჟურნალი "გზა", 2011 წელი