ქურდყოფილის აღსარება... 15 წლის ასაკში ქურდად "მონათლული" მამაკაცის საოცარი ცხოვრება - III ნაწილი - გზაპრესი

ქურდყოფილის აღსარება... 15 წლის ასაკში ქურდად "მონათლული" მამაკაცის საოცარი ცხოვრება - III ნაწილი

"კიშკები" და "მასტერკა"

- ჩამსვეს მატარებელში და იმდენ ხანს ვიარეთ, რომ მეგონა, ქვეყნის დასალიერში მივდიოდი. ალბათ ერთი თვე მაინც ვიყავი გზაში. სულ ტყე-ტყე მივდიოდით და ვფიქრობდი - გეოგრაფია აქ მთავრდება-მეთქი... გზადაგზა მატარებელი ჩერდებოდა და ორ-ორი კაცი ჩაჰყავდათ. მთელი ამ ხნის განმავლობაში ცივი წყალი არ დამილევია. ჭაობის წყალს ადუღებდნენ და ამ მწვანე სითხეს გვასმევდნენ... მივედით ზონაში. იმ ადგილს ტრანსპორტი არ უდგებოდა. პროდუქტს "ვერტალოტიდან" ყრიდნენ ხოლმე. ქართველი ბიჭები დამხვდნენ და მათი საშუალებით გავერკვიე, თუ რა ხდებოდა ამ ზონაში. ქართველების უმრავლესობა "კრიტში" იჯდა, რადგან ეს "წითელი", ე.წ. ბოზური ზონა იყო. დილით ადრე დგებოდნენ, სასადილოში სიმღერით მიდიოდნენ, მერე კი სამუშაოდ უნდა წასულიყვნენ. ქართველები ასე არ ვცხოვრობდით, ამიტომ კარცერში გვიკრავდნენ ხოლმე თავს. იქ კი ყოველდღე თითო ჭიქა წყალს და დღეგამოშვებით - ნახევარ პურს გვაძლევდნენ. ამიტომ პატიმარი სუსტდებოდა და ავადდებოდა. ბიჭები ერთმანეთს ვეხმარებოდით ხოლმე. ძალზე გაძლიერებული დაცვა იყო. ამიტომ პროდუქტის შეგზავნას ვერ ვახერხებდით. პურს ვახმობდით, შემდეგ ბოთლს გადავატარებდით და ვფშვნიდით, თითქმის ფქვილად ვაქცევდით და შაქარში ვურევდით. შემდეგ ზეწრისგან ვკერავდით წვრილ, მილისებურ თასმას, რომელსაც "კიშკას" ვეძახდით და ამ "კიშკას" ვავსებდით პურისა და შაქრის ფხვნილის ნარევით. ის ადვილად ეტეოდა სულ პატარა ნახვრეტშიც კი. ასე ვაწვდიდით გარედან, რომ ძალზე არ დასუსტებულიყვნენ ბიჭები... ცოტა ხანს მითმინეს, სამუშაოდ რომ არ გავდიოდი და რეჟიმს რომ არ ვემორჩილებოდი, მაგრამ შემდეგ მომადგნენ ციხის თანამშრომლები და მომთხოვეს, "უსტავის" მიხედვით მემოქმედა. - ცუდად ვარ-მეთქი, ვუთხარი. გადაწყვიტეს, ექიმთან მივეყვანე. ვიდრე "სანჩასტში" გამომიძახებდნენ, გადავწყვიტე, მესიმულანტა. ასეთი მეთოდი არსებობს: ლოყას შიგნიდან იხვრეტ ნემსით, შემდეგ ყურებზე და ცხვირზე ხელს მოიჭერ და ჰაერს ჩაბერავ. ამ დროს სახის კანის ქვეშ გროვდება ჰაერი და ისე გისივდება სახე, რომ შინაურიც ვერ გიცნობს. ბევრი ჰაერის შეშვება მომივიდა და ისე გამისივდა სახე, რომ თვალებიც კი აღარ მიჩანდა. ასე რომ მნახეს, გადაირივნენ. სასწრაფოდ გამაქციეს ექიმთან.

ულამაზესი მოსკოველი ქალი იყო. ჩემს დანახვაზე შეკივლა. სკამზე დამსვა, ჯერ მათვალიერა, მერე ლოყაზე ხელი დამაჭირა და ჰაერი რომ გამოვიდა - ფშშშ, - ასეთი ხმა გაისმა. ექიმმა ციხის თანამშრომლები გარეთ გაუშვა და მკითხა - ვიცი, რომ "მასტერკა" გაქვს გაკეთებული, მითხარი, როგორ გააკეთე და გაგიშვებო. ვიუარე, - რის "მასტერკა", თირკმლები მაწუხებს-მეთქი. დამაწვინეს სამედიცნო ნაწილში. ორ დღეში სახეზე სიმსივნე ჩამიცხრა. ექიმის განკარგულებით, შარდის ანალიზი უნდა ჩამებარებინა. მომცეს ქილა. ამ დროს, ბადრაგი ზურგს უკან გიდგას. შევბრუნდი კედლისკენ, საცვლის რეზინში გაყრილი ქინძისთავი გამოვაძრე, თითში ვიჩხვლიტე და რამდენიმე წვეთი სისხლი შარდში შევურიე... საშინელი ანალიზის პასუხი მოვიდა. ამის გამო კარგა ხანს, სამედიცინო ნაწილში ვიწექი. ეს მოსკოველი ექიმიც იქ მყავდა. ერთმანეთს ძალზე დავუახლოვდით. რაღა მინდოდა ზონაში?.. განცხრომით ვცხოვრობდი. ქალი იქვე მყავდა, არც ყურადღება მაკლდა, არც სასმელ-საჭმელი. ზონაში ბიჭები არაყს ხდიდნენ ხოლმე, მაგრამ არ ვსვამდით. ამ არაყს სხვა რამისთვის ვიყენებდით - ზონის თანამშრომლებს ვუცვლიდით პროდუქტში - ჩაიში, შაქარში, პაკეტის "სუპში"... დამიმთავრდა პატიმრობის ვადა და გამოსვლის წინადღეს, მაგრად გამოვთვერი. დავიწყე გახურება - მაინც მივდივარ-მეთქი, - და დავერიე "ბოზებს" - ვცემე. მათ უფროსებთან მიჩივლეს. გამომიძახეს და რომ მიხვდნენ, ნასვამი ვიყავი, ერთი ამბავი ატეხეს. მე ვუთხარი - დილით მივდივარ, დღეს დავლიე, რა ქვეყანა შეყარეთ-მეთქი?! ერთი სათვალიანი კაცი იყო, მომიბრუნდა და მითხრა - რას "ბლატაობთ" ეს ქართველები?.. თქვენ ის ხალხი არა ხართ, მოსკოვში ყვავილებს, მწვანილსა და მანდარინს რომ ყიდითო?.. - ვერ მოვითმინე ქართველების აბუჩად აგდება და მუშტი პირდაპირ ცხვირში გავუქანე, სათვალე დავუმტვრიე და კიდევ საცემრად ვიწევდი, მაგრამ გამაკავეს. ამის გამო, ერთი წელი კიდევ დამიმატეს. ის ერთი წელიც, როგორც იქნა, გავიდა. ჩამომაკითხეს ახლობლებმა და იქიდან ლენინგრადში გადავფრინდით. იქ რესტორანში შევედით. გვერდით მაგიდასთან 6 რუსი იჯდა: 3 გოგო, 3 - ბიჭი. ჯიბეში, ციხეში გაკეთებული სანთებელა-პისტოლეტი მედო, რომელსაც გარეგნულად ნამდვილისგან ვერ გაარჩევდი. ამოვიღე ეს პისტოლეტი, ერთ-ერთს შუბლზე მივადე და ვუთხარი - ახლა რასაც გეტყვით, ის გააკეთეთ-მეთქი. ჩემი ახლობლები გაგიჟდნენ - შარს რატომ ეძებო?!. რუსები დამმორჩილდნენ. აეროპორტში წავიყვანე, ბილეთი ავუღე და ჩემთან ერთად ჯერ თბილისში, შემდეგ წნორში ჩამოვიყვანე. აქ კი, ერთი გოგო მე დავიტოვე, დანარჩენები კახელებს დავურიგე. 2 თვე მყავდა ისინი წნორში, შემდეგ გავუშვი. მიჩივლეს კიდეც, მაგრამ ეს საქმე ჩაიფარცხა.

"პრიგავორი" ქურდი ბორიასთვის

- ამ ამბის შემდეგ, რამდენიმე წელი გავიდა და ისევ დამიჭირეს. რუსეთის ციხეში, კერძოდ, ნოვოჩერკასსკში გამგზავნეს. მიმიყვანეს "კრიტში". იქ სიტუაციას აკონტროლებდა ვინმე გოშკა-იუნეცი. მაგარი ავტორიტეტი იყო. იქვე იხდიდნენ სასჯელს ბორია-ჟიდი - ის ებრაელი გახლდათ, ასევე ბაქოელი ედიკა-მასკვა, კიდევ - ბაქოელი რაფიკა. როცა "კრიტში" ახალი ქურდი მიდის, იქ აუცილებლად სიტუაცია იძაბება. თავდაპირველად დაგსვამენ და გეკითხებიან - ქურდი ხარ თუ არა? ხომ არ იბრალებ?.. სულ მცირე შეცდომას შესაძლოა, დიდი ამბავი მოჰყვეს. ამ პერიოდში ერთ სომეხ ქურდს, რომელიც ბაქოშია დაბადებული და გაზრდილი, კონფლიქტი ჰქონდა დანარჩენ ქურდებთან. ზის - "ადინოჩკაში". თანამშრომლებისთვის დიდი პლუსია, რაც უფრო მეტი ქურდი დარჩება არაქურდად. ამიტომ, ყოველთვის ცდილობენ, კონფლიქტური სიტუაცია შექმნან. ჯერ მაგრად მცემეს, მერე იმ სომეხ ქურდთან, ბორიასთან მიმიყვანეს კამერაში. ის კიდევ არაქურდად არის დატოვებული და ქურდებმა "ბოზად" გამოაცხადეს. კამერაში რომ შემიყვანეს, ასეთი სურათი დამხვდა - ბორიას წვერი აქვს მოშვებული, თავისი "პაიკა" (ულუფა. - ავტ.) პურები კი ერთმანეთზე აქვს დალაგებული: ქურდებთან კონფლიქტს ძალზე განიცდიდა და ამ ხნის განმავლობაში ერთი ლუკმაც არ ჰქონდა ნაჭამი. თანამშრომლებისგან წინასწარ იცოდა, მასთან ქართველი ქურდი რომ უნდა შეეყვანათ. ნაცემი რომ მნახა, გაგიჟდა - ხელი როგორ დაგარტყესო? "ნარზე" წამომაწვინა, "ჩიფირი" მომიდუღა. ციხეში "ჩიფირს" ისეთივე დანიშნულება აქვს, როგორც კახეთში - ღვინოს. ვინ ხარ-მეთქი? - ვკითხე. ვთხოვე, მოეყოლა ყველაფერი. თურმე, ვიდრე არაქურდად დატოვებდნენ, მისი შიშით მთელი "კრიტი" კანკალებდა. რუსებს კი გადამეტებულად ჩაგრავდა. როდესაც რუსი ავტორიტეტი, გოშკა-იუნეცი მოიყვანეს, ყველა რუს "ნარუშიტელს" მისთვის მიუწერია, - გვიშველე, ბორიასგან გაგვათავისუფლეო. იმ დღიდან დაიწყო გოშკამ ჩალიჩი, რომ ეს არაქურდად დაეტოვებინა და თავისი ავტორიტეტი აემაღლებინა. ამის გამო, ასეთ ხერხს მიმართა: მან იცოდა, რომ ბაქოელი რაფიკა, ქურდი არ იყო და იბრალებდა. ამიტომ დაისვა და გამოჰკითხა, ვინ მონათლა ქურდად. მან ისეთი ხალხი დაუსახელა, ვინც უკვე მკვდარი იყო. რუსმა ეს არ "ჭამა", მაგრამ სამაგიეროდ, სათავისოდ გამოიყენა. უთხრა - თუ გინდა, რომ ქურდად დარჩე, ბორია უნდა ჩავსვათ "მეშოკში", ამისათვის კი შენ მასზე უნდა თქვა, რომ ქურდი არ არის; რადგან შენც ბაქოელი ხარ და იქიდან იცნობ, აუცილებლად დაგიჯერებენო.

ფოტოზე სპარტაკ ბურდულაძე

GzaPress

რაფიკამაც დაიწყო ლაპარაკი, რომ ბორია ჯარში იყო ნამყოფი და ქურდი არ იყო. მთელი "კრიტი" ამ ამბავს ადევნებდა თვალყურს. ბორია გაანერვიულეს. მან იცოდა, რომ რაფიკა ქურდი არ იყო და უკვირდა, რატომ აძლევდნენ რუსები "პადდერჟკას". "კრიტში" ტუალეტები დამტვრეული იყო. იქიდან ხდებოდა "გრევების" გაგზავნა საკნიდან საკანში. ისე იყო მოწყობილი, თითქოს საკანში ტელეფონი იყო. ამას ხაზს ეძახდნენ. ერთხელ ბორიამ ხაზზე დაუძახა რაფიკას. გოშკას მითითებით, რაფიკამ უპასუხა - შენთან ლაპარაკი არ მინდაო. ბორია გაგიჟდა. "პრაგულკაზე" რომ გავიდნენ, ბორიამ რაფიკა დაიმარტოხელა და აგინდა. მთელი ციხე ელოდებოდა, რომ მას დანაშაული ჩაედინა და რამე შეშლოდა. ხმაურზე ფანჯრიდან გოშკამ გადმოსძახა - ბორია, ღირსება არ დაკარგოო! ამან ვერ მოითმინა და გოშკასაც გადასწვდა. გოშკამ კი, "პრიგავორი" დაწერა. ასე ხდება ქურდებში - დაიწერება, რომ ამა და ამ დანაშაულის გამო, ესა და ეს ქურდი არაქურდად რჩება. ამას ყველა ქურდი აწერს ხელს. ეს გახლავთ "პრიგავორი". ჰოდა, ბორიასაც ასე გაუკეთეს. დაწერეს - იმის გამო, რომ ბოზების, პატიმრებისა და ძაღლების თვალწინ ქურდმა ქურდს შეაგინა, ე.ი. არასწორი საქციელისთვის - დარჩეს არაქურდად. ყველა ქურდმა მოაწერა ხელი და ამის შემდეგ ციხის თანამშრომლებმა ბორია სასწრაფოდ ცალკე კამერაში გადაიყვანეს... სწორედ ამ დროს მივედი მე. ბორიამ ეს ყველაფერი მიამბო და რაფიკაზეც მითხრა - ეგ ქურდი არ არის, გოშკამ გამოიყენაო. თუმცა, სიმართლე ბოლომდე არ მითხრა, რაღაცები დამიმალა და რაღაცები მომატყუა კიდეც...

მე რომ მიმიყვანეს, ქურდებმა პლანი და წამალი გამომიგზავნეს. ჰოდა, ვალდებული იყვნენ, საქმის კურსში ჩავეყენებინე, ამიტომ გამომიგზავნეს "ქსივი" - ეგ არის "ბოზური" კამერა, მანდ ზის ბორის მარტიროსოვი - "გადკი უდავ"! გელოდებით, ჩვენთან გადმოდიო... მე მივწერე, რომ როგორც ქურდი, ვალდებული ვარ, ბორიას მოვუსმინო და საქმეში გავერკვე, ამისთვის 2 დღე დამჭირდება და მერე გადმოვალ-მეთქი. ამის შემდეგ, ქურდებმა ჩემთან კონტაქტი გაწყვიტეს. შევეხმიანე - რა ხდება-მეთქი? - სანამ თქვენ ერთი ჰაერით ისუნთქებთ, ჩვენ ასე მოვიქცევით, ჩვენი ძმა ხარ და აქ გელოდებითო. გავუგზავნე პირდაპირი შეკითხვა - ბორია ქურდი არ არის? ბოზი და "გადკი უდავ"-ია? - კიო, მიპასუხეს. - მაშ, თუ ასეთი უვარგისია, კამერიდან ცოცხალი როგორ გამოუშვით-მეთქი? - მაგაში ვტყუითო... ბორიას ვუთხარი - შენთან დიდი ბოდიში, კარგი ბიჭი ხარ, მაგრამ უნდა დაგჭრა-მეთქი. ავდექი და "შტირი" ვატაკე. ის სასწრაფოდ, სამედიცინო ნაწილში გადაიყვანეს. ამის შემდეგ ქურდებს მივწერე - მე ქურდულად მოვიქეცი, ჩემი კამერიდან ბორია თავისი ფეხით ვერ გავიდა, მაგის საქმე წასულია-მეთქი... დიდი ამბავი ატყდა. გოშკამ იჩალიჩა და თავისთან ჩამიყვანა. მე მოვითხოვე არქივი: ეს არის მთელი ქურდული ფოსტა, წერილები, რომელსაც ერთმანეთს სწერენ, "პრიგავორები", რომლითაც არაქურდად ტოვებენ ავტორიტეტებს. ამ ფოსტის გადაყრა არ შეიძლებოდა. ქურდს უფლება აქვს, მოითხოვოს ქურდული არქივი და გაეცნოს. 500-მდე წერილი იყო შენახული. ყველა მათგანი დანომრილი და აკურატულად დაკეცილი. ბევრი რამ ვიპოვე არქივში. ისიც კი, რომ ბაქოელი რაფიკა ქურდი არ იყო. სამი წერილი დავიტოვე, გოშკას წინ დავუდე და ვუთხარი - რაფიკა ქურდი არ არის-მეთქი. - მართალი ხარ, მოვიშოროთო. მოკლედ, რაფიკა გამოვიძახეთ. რაღაცები შევეკითხე, მათ შორის - "მონათვლის" თარიღიც, რომელიც არ ახსოვდა, დაბოლოს, რაფიკა არაქურდად დავტოვე. ისიც ცალკე გადაიყვანეს. რამდენიმე დღეში, მას კვლავ ქართველი, ავლაბრელი ქურდი შეუსახლეს.

მომწერა - გამაგებინეთ, რომელ კამერაში ვზივარო? ვუპასუხე - აქამდე ეგ კამერა "ბოზური" იყო, ახლა ქურდი შეხვედი და ხომ ვერ ვიტყვით, რომ "ბოზურია"? მანდ ჯდომას არ გირჩევ-მეთქი... ამ დროს, კიდევ ერთი ქართველი ქურდი - სოხუმელი გია ესებუა მოიყვანეს და ის ჩემს კამერაში შემოვაყვანინე. ამასობაში მოხდა ასეთი რამ: პატიმრებისთვის შემოიღეს სპეციალური "ბირკები", რომლებზეც სახელი, გვარი და ნომერი ეწერა და გულის ჯიბეზე, გარედან უნდა დაგეკერებინა. გოშკამ ბრძანა - "გრეხი" არ არის, გაიკეთეთო. მე უარი ვთქვი - ჩემთვის "გრეხია" და მე არ გავიკეთებ-მეთქი. ეს "გაუტყდა." ჩვენ შორის სიტუაცია დაიძაბა. კიდევ ერთი ამბავი ხდებოდა. "კრიტში" იჯდა ერთი ტაშკენტელი ბერძენი, ახალგაზრდა და ქალივით ლამაზი ბიჭი, რომელსაც ნუმანჩიკას ვეძახდით. ის პედერასტი იყო და ყველა ქურდი ჩალიჩობდა, რომ თავის კამერაში გადმოეყვანა. გოშკას მასთან მიწერ-მოწერა ჰქონდა გაჩაღებული. ისიც პასუხად საალერსო სიტყვებს სწერდა და - შენი ცოლი ნუმანჩიკაო, - უწერდა ბოლოს. აღმოჩნდა, რომ ნუმანჩიკას ყველა ქურდთან ასეთი მიწერ-მოწერა ჰქონდა. გოშკამ მისი "ქსივი" დაიჭირა და კინაღამ გაგიჟდა. მე ვეკითხებოდი - მართლა განიცდი? რა განერვიულებს-მეთქი? - ბორია-ჟიდმა იცის, ეს "ქალი" როგორ მიყვარს, როგორ გაბედა, რომ ისიც ეჩალიჩებაო?! მე ვისარგებლე შემთხვევით და ვუთხარი - რუსები ასეთები ხართ, ერთმანეთის "ქალებს" თვალებს უპრაწავთ, აბა, რომელი ქართველი მოიქცევა ასე? თუ ასე ნერვიულობ, მოდი, ბორია-ჟიდი არაქურდად დავტოვოთ-მეთქი. მაშინ გაიხსნა და ყველაფერი გულახდილად მიამბო, რაც "კრიტში" ხდებოდა. ისიც მითხრა - ბორია-ჟიდი ქურდობას იბრალებსო. ერთხელ, "პრაგულკაზე", ქურდები "ვტასაობდით". ნუმანჩიკამ "ვალჩოკში" (საკნის კარის საჭვრეტი. - ავტ.) შემოიხედა და დაიძახა - აბა, ის ქართველი ქურდი, სპარტაკა რომელიაო? ამის შემდეგ ქურდებს წერილი მისწერა: თქვენ ყველანი ჩემზე გიჟდებით, მაგრამ ახლა გავიხსნები, მე სპარტაკა მიყვარს; თქვენ ერთმანეთთან იჩხუბეთ, გამარჯვებული სპარტაკს შეხვდეს და მათ შორის ვინც გაიმარჯვებს, იმისი ვიქნებიო. ამის გამო გოშკამ უფრო მეტად შემიჯავრა და ჩვენ შორის ძალზე დაიძაბა სიტუაცია. ასეთი სიტუაციის გამო, ცალკე კამერაში მყოფ გია ესებუას წერილებს ვწერდი და ამბებს ვატყობინებდი. თან ბოლოს ვუწერდი - წერილი დაწვი-მეთქი. იმედი მქონდა, რომ საჭიროების შემთხვევაში, გია ჩემს მხარეზე იქნებოდა.

ომი გოშკასთან და ბორია ბრიანსკის გამოჩენა

- ერთ დღეს, მე და გოშკამ ნარდი ვითამაშეთ. ვუგებდი. ბოლო ხელის დასასრულს, ისევ კარგი პოზიცია მქონდა. ერთადერთი მოგების შანსი გოშკას ის ჰქონდა, რომ შაში-იაქე უნდა გაეგორებინა, სხვა შემთხვევაში, წაგებული იყო. გააგორა და შაში-იაქე დასვა. უცებ, ნარდს ქვევიდან ხელი ავარტყი. გოშას სათამაშო ქვები სახეში შეეყარა. შენი დედა-მეთქი!. - ქართულად შევიგინე. თურმე, მას ქართულად გინება სცოდნია. ნარდი გვერდზე გადადო და მკითხა - ვის ეთამაშებიო? - მივხვდი, რომ შევტოპე. - ქურდს-მეთქი. - მერე, რატომ ხულიგნობ? რატომ შემაგინე? შენ არ გითქვამს, ნარდის დედაო, შენ მე შემაგინეო. - ქართული, ცხელი სისხლი მაქვს და იმიტომ მოხდა ასე, მითხარი, რა გინდა-მეთქი?.. ქურდებს დაუძახა, მომხდარის შესახებ დაწვრილებით უამბო და უთხრა - ვერ ვაპატიებ, უნდა დავაყენოო: ეს იმას ნიშნავს, რომ უნდა დავმდგარიყავი ხელგაუნძრევლად და იმას ვეცემე. ვიფიქრე - ვაი, შენს სპარტაკს!.. უშველებელი სიგრძე-სიგანის იყო გოშკა, ერთი რომ დაერტყა, ფეხზე ვეღარ ავდგებოდი... რას ვიზამდი? დავდექი. ჩემ წინ გაიარა და გამოიარა. სადისტი ხომ არ ხარ? დამარტყი-მეთქი! - ვუთხარი. უეცრად, მუშტი მოიქნია, მაგრამ სახესთან გამიჩერა. მითხრა - "რაშოტში" ვართო. ასე ფარჩაკულად მომცა "რასხოდი". გულში ჩავიდე და გადავწყვიტე, სამაგიერო გადამეხადა. სულ მალე, მოვიდა საერთო "ქსივი" ქურდებისთვის. წესია, რომ ეს "ქსივი" ყველა ქურდმა უნდა წაიკითხოს. გოშამ კი პირველმა წაიკითხა და დაწვა. ვუყურებდი, როგორ წვავდა წერილს, მაგრამ ხმას არ ვიღებდი. ცოტა ხნის შემდეგ კი, "ქსივი" მოვიკითხე. დავწვი, მაგრამ მოგიყვები, რაც ეწერაო, - მითხრა. - არა, ქურდი ხარ, შენი მჯერა, მაგრამ ასე არ უნდა მოქცეულიყავი, რას იზამ? ქურდებს დავუძახო თუ დადგები-მეთქი? - დადგა. მეც ვუთხარი - "რასხოდში" ხარ-მეთქი. მაშინ მითხრა - სხვა კამერაში გადაბარგდი და ვიომოთო... რამდენიმე დღის შემდეგ, გია ესებუამ გამომიგზავნა ჭადრაკი, თან მომტანს დააბარა - შენთვის შიგ საჩუქარი დევს, კარგად მოძებნე და რამდენიმე ხნით "პრაგულკაზე" გასვლისგან თავი შეიკავეო. ჭადრაკს გვერდი ავაძვრე და იქ "შტირი" დამხვდა. მივხვდი, რომ გია მაფრთხილებდა. თუ სასეირნოდ წავიდოდი, ერთ წიგნს წინ ვიმაგრებდი შარვლის სათავით, მეორეს - უკან, რადგან "შტირი" წიგნს ვერ ხვრეტს. ამასობაში, გოშკასთან მიდის ბრძოლა. გიამ ნეიტრალური პოზიცია დაიჭირა.

აი, აქედან ჩაერთო ბორია ბრიანსკი ჩემს საქმეში. ის გვერდით კამერაში იჯდა. მაშინ ქურდი არ იყო. გოშკა გამართული რუსულით მწერდა წერილებს. მე კი რუსული კარგად არ ვიცოდი. ამიტომ შესაძლოა, ერთ პატარა ნიუანსსაც შეცდომაში შევეყვანე. ამიტომ ვთხოვე, გასაგები ენით მოეწერა, მაგრამ თავისას არ იშლიდა. დახმარება ბორიას ვთხოვე. ის მიწერდა საპასუხო წერილებს, მე გადავწერდი ხოლმე და შეცდომებს განგებ ვუშვებდი, რომ ვერ მიმხვდარიყვნენ, რომ ბორია მეხმარებოდა... ბორიას ამანათი მოუვიდა დედისგან. მოახერხა, რომ კამერაში გაუხსნელი მიუტანეს. ყუთი სავსე იყო მორფის ამპულებით. ყოველდღე მიგზავნიდა ჩემს წილს. სხვას კი არავის უნაწილებდა. ეს ამბავი გოშკამდე მივიდა. ადგა და ასეთი რამ მოაწყო: ყველა კარგ კამერაში (კარგში იგულისხმება "არაბოზური" კამერა, სადაც "არესტანტები" სხედან) შეაგზავნა ქურდული "გრევი" - თითო "ზავარკა" ჩაი, ერთი-ორი პაპიროსი პლანით და ერთი თუმანი ფული. ბორიასაც შეუგზავნეს, მაგრამ ცოტა ხნის შემდეგ დაუძახეს და უთხრეს - შენთან ქურდული "გრევი" შეცდომით შემოვიდა და უკან დააბრუნეო. ბორია ჩემთან მოვარდა და მკითხა, რა ხდებაო? მე ვუთხარი - ჰკითხე, რას გეტყვიან, საინტერესოა-მეთქი. გოშკამ კი უპასუხა - შენ რომ წამლით გრიალებ და ქურდები არ გახსენდება, ქურდულ "გრევს" რატომ თხოულობ? ჩვენ მარტო კარგ კამერაში ვარიგებთ "გრევს". სადაც შენ ზიხარ, ეგ "ბოზური" კამერააო. წარმოგიდგენიათ? იმ კამერაზეა ლაპარაკი, სადაც "მხეცი" ბორია ბრიანსკი ზის! პატიმრების უმეტესობა მხარს ბორიას უჭერდა. მე ვუთხარი - ნუ გეშინია, ან ერთად მოვკვდებით, ან გავიმარჯვებთ-მეთქი. ქურდებმა დაწერეს "პრიგავორი" - ესა და ეს კამერა "ბოზურიაო", - და შემომიგზავნეს ხელმოსაწერად. მე ვუთხარი - პირადად ჩემთვის, ეს კამერაც და ბორია ბრიანსკიც "ჩისტაკროვნი" "არესტანტია"-მეთქი. - აგვიხსენიო. მივწერე - მე წავიკითხე ბორიას დედის წერილი, რომელშიც სიტყვასიტყვით ეწერა - გიგზავნი წამალს, "კაიფუი ოტ დუში, კაიფუი დლია დუში" - იქ არ ეწერა, რომ ქურდები "ლომკაში" არ დატოვო, "გრევი" გაუგზავნე-მეთქი. ეს იყო პირადი "გრევი" და არა საერთო, ამიტომ, ბორიას როგორც უნდოდა, ისე მოიქცეოდა; შესაძლოა, ბორია კარგად არ მოიქცა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის ბოზურად და არაქურდულად მოიქცა-მეთქი.

ამასობაში თურმე, ბორიამ იჩქარა და ქურდებისთვის მიუწერია - "ძაღლებს" დავაყენებ, თქვენს კამერაში შემოვალ და ყველა ქურდს "დაგშტირავთო". სწორედ ეს წერილი ამაფარეს თვალებზე - შენი პროტეჟე ქურდებს გვემუქრება, ამაზე რას იტყვიო? ბორიამ წერილი გამომიგზავნა. - ციხე პანთეონი არ გეგონოთ, თეთრს თეთრი დაარქვით, შავს - შავი, თქვენ "ჩესტი" როგორ უნდა წამართვათ? ახლა დაგიჭირეს, მე კიდევ ამ კედლებში დავიბადეო!.. თურმე, დედამისი პატიმარი ყოფილა და ბორია ციხეში გაუჩენია. მეც ავდექი და ქურდებს მივწერე - ბორია აქ დაბადებულა, დღესაც აქ არის და ეს თუ "არესტანტი" არ არის, მაშ, ვინ არის კაი ბიჭი-მეთქი?.. მოკლედ, ბორია გავამართლე. ცოტა ხანში მე გავთავისუფლდი და მერე გავიგე, რომ გოშკა არაქურდად დარჩენილა და "ბოზურ" კამერაში გადაუყვანიათ. ჩემი იქ ყოფნის დროს, ნუმანჩიკამ ვალერია დაირქვა, რადგან თუ გახსოვთ, რომაელი სპარტაკის ცოლს სწორედ ეს სახელი ერქვა... რომ გავთავისუფლდი, წერილებს მწერდა - მიყვარხარო. - და ლამის იყო, ოჯახი დამინგრია. რაც შეეხება ბორიას, ის "კრიტში" გადაუყვანიათ, იქ კი მთელ ციხეს უყვირია - ბორია ქურდიაო!.. ერთი ასეთი ამბავიც გავიგე: ზონაში ციხის თანამშრომლებს უცემიათ და ფეხებით დაუკიდიათ. მეორე დღეს თანამშრომელი რომ შესულა, ბორიას თავი მოუმკვდარუნებია; ბადრაგს მისთვის გულზე ყური მიუდვია, - სუნთქავს თუ არაო? - ბორიამ კი ხელით დაიჭირა, კბლებით ყელში სწვდა და ხორხი გამოჰგლიჯა. ის კაცი დაიღუპა, ბორია კი გაასამართლეს. ის 2 წლის წინ, მანქანაში ჩაცხრილეს. ასეთი მაგარი ავტორიტეტი რუსებში არასოდეს შემხვედრია. ყველაზე თავმოყვარე და ვაჟკაცური ტიპი იყო.

გააგრძელე კითხვა

მარი ჯაფარიძე

ჟურნალი "გზა", 2004 წელი