ქურდყოფილის აღსარება... 15 წლის ასაკში ქურდად "მონათლული" მამაკაცის საოცარი ცხოვრება - V ნაწილი - გზაპრესი

ქურდყოფილის აღსარება... 15 წლის ასაკში ქურდად "მონათლული" მამაკაცის საოცარი ცხოვრება - V ნაწილი

"ქეთინო წერილებით შემიყვარდა"

- მე მოგიყევით ამბავი, რომელიც ჩემს ერთ-ერთ ცოლს ეხებოდა; მას ქეთინო ერქვა. იგივე სახელი ერქვა მეორე ქალს, ახლა მეორე ქეთინოს შესახებ მოგიყვებით.

ეს გოგო პატიმრობის დროს გავიცანი, კერძოდ - ორთაჭალაში, ციხის საავადმყოფოში. უკვე გითხარით, რომ ამ კორპუსის პირველ სართულზე მამაკაცების კამერებია, მეორეზე საავადმყოფო, მესამეზე კი ქალები არიან განთავსებული. ვახერხებდით, რომ პირველიდან მესამე სართულზე დაგვემყარებინა კონტაქტი. ერთ-ერთმა ქალმა გამომიგზავნა წერილი და მაცნობა, რომ ახალი გოგო მოიყვანეს, ძალიან ლამაზია და თანაც ძალზე ახალგაზრდაო. გავუგზავნე "გრევი" და წერილი. მისგან პასუხიც მივიღე. ასე გავაჩაღეთ მიმოწერა. შეიძლება ითქვას, რომ წერილებით შემიყვარდა. გარეგნულად კი წარმოდგენაც არ მქონდა, როგორი იყო. ციხის თანამშრომელს საკმაოდ სოლიდური თანხა გადავუხადე და მეორე სართულზე, საავადმყოფოს ერთ-ერთ პალატაში ერთმანეთს შეგვახვედრა. მოვიხიბლე მისი სილამაზით, მიუხედავად იმისა, რომ ციხის კედლებს მისი გარეგნობისთვის კვალი დაეჩნია. ამის მერე ჩემი ინტერესი გაათმაგდა. მალე გამასამართლეს და ზონაში გადამიყვანეს. მის ამბებს ვკითხულობდი. ქეთინოსაც იმდენივე მიუსაჯეს, რამდენიც მე. ამიტომ სასჯელს ერთდროულად ვიხდიდით. თუმცა მასთან კონტაქტის საშუალება აღარ მქონდა, მაინც არ მავიწყდებოდა. ვფიქრობდი - რომ გავთავისუფლდები, მოვძებნი-მეთქი. ასეც მოვიქეცი. მე სულ რამდენიმე კვირით ადრე გამოვედი ციხიდან. მისი გამოსვლის თარიღი გავიგე და ზონასთან დავხვდი. დალაპარაკება ვერ მოვახერხე, მაგრამ ჩემი კოორდინატები მივაწვდინე. რამდენიმე ხნის შემდეგ დამიკავშირდა კაცი, რომელმაც მითხრა, რომ ქეთინოს ჩემი ნახვა უნდოდა. შევხვდით. ამის შემდეგ, კარგა ხანს ერთად ვიყავით. ის თბილისში ცხოვრობდა მშობლებთან ერთად. ოჯახში ვსტუმრობდი ხოლმე, კარგად მიღებდნენ და სასიძოდაც მთვლიდნენ, თუმცა ის კი არ იცოდნენ, რომ მე და ქეთინოს ახლო ურთიერთობა უკვე გვქონდა. ქეთინო გარეგნობით მშობლებს არ ჰგავდა. ერთხელ დედამისი დავიმარტოხელე და გამოვკითხე. ასეთი ამბავი გამიმხილა: ქეთინო ჩემი ძმისშვილია, მაგრამ ამის შესახებ მხოლოდ მე, ჩემმა ქმარმა და ძმამ ვიცითო. თურმე თავის დროზე, ქეთინოს მამა მივლინებით ყოფილა წასული ლიტვაში. მას თბილისში ოჯახი ჰყავდა. იქ კი ერთმა ქალმა შვილი გაუჩინა.

რამდენიმე თვის ქეთინო მამამ თბილისში ჩამოიყვანა, სადღაც გადამალა და დას მოელაპარაკა - შვილი არ გყავს, ჩემი შვილი აიყვანე, გაზარდე, მე კი მეცოდინება, რომ ჩემი ღვიძლი დის ხელშია და არ ვინერვიულებო. უშვილო ცოლ-ქმარს გახარებია კიდეც, ქეთინო შინ მიუყვანიათ და როგორც საკუთარი შვილი, ისე გაუზრდიათ. ბუნებრივია, ნამდვილი მამაც ეხმარებოდა. ქეთინომ კი სულაც არ იცოდა, რომ ის, ვინც მას ბიძა ეგონა, საკუთარი მამა გახლდათ... შემდეგ ქეთინოსთან ურთიერთობა გამიფუჭდა, იშვიათად ვნახულობდი და მაშინაც ჩვენი შეხვედრა ჩხუბით მთავრდებოდა. შემდეგ ის გათხოვდა. დღემდე, ქეთინოს შესახებ აღარაფერი ვიცი.

გადაყლაპული ნივთმტკიცება

- ერთ საღამოს, შინ მივედი თუ არა, ფეხდაფეხ მილიციელები მომყვნენ. მოიყვანეს მოწმეები - სოფლის თავმჯდომარე, რაიონის საბჭოს დეპუტატი და რამდენიმე მეზობელი. დაიწყეს ბინის ჩხრეკა. დედაჩემს და მეზობლებს ვთხოვე - უკან გაჰყევით, რამე არ ჩამიდონ-მეთქი, მაგრამ მაინც მოახერხეს და მეორე სართულზე, საწოლის ქვეშ ცელოფანში გახვეული წამალი შეაგდეს, ერთ-ერთმა მილიციელმა კი, უცებ "მიაგნო"... თავი ვეღარ შევიკავე და დავუწყე გინება, მაგრამ მალე მივხვდი, რომ ჩხუბით ვერაფერს გავხდებოდი და გადავწყვიტე, მომეტყუებინა. მიჩვენეთ, რა არის ცელოფანში-მეთქი, - ვთხოვე. მომაწოდეს. ცელოფანი ოდნავ გავხიე, ფხვნილს დავსუნე და ხმამაღლა გავიცინე - მე მეგონა, მართლა რაღაც ჩამიდეთ, ეს წამალი არ არის-მეთქი, - ვუთხარი და უკანვე მივაწოდე. ჩამოვედით პირველ სართულზე, მაგიდას მივუსხედით და დაიწყეს ოქმის შედგენა. დედას ვთხოვე, წყალი მოეტანა. მანაც ბოთლით დამიდგა წინ. მილიციელებმა სახლში ჩემი, სხვადასხვა სახელსა და გვარზე შედგენილი რამდენიმე პასპორტიც იპოვეს. პასპორტებიც და წამალიც მაგიდაზე იდო. პასპორტები ავიღე და ჯიბეში ჩავიდე. დააბრუნეო, - მითხრეს მილიციელებმა. - რატომ-მეთქი? - ამდენი პასპორტის ქონა არ შეიძლება, ამიტომ უნდა გავაფორმოთ და თან წავიღოთო. - რაც ამოიღეთ, ის დაწერეთ, პასპორტები დამიტოვეთ-მეთქი. - არაო... ცოტა ვაგინე, ცოტა ვეჩხუბე და ბოლოს, პასპორტები მაგიდაზე დავაწყვე. ამასობაში კი "წამალი" "მოვტეხე". ცელოფანიანად პირში გადავუძახე და წყალი მივაყოლე. გადაყლაპვა ცოტათი გამიჭირდა. სწორედ მაშინ მიხვდნენ, რომ "წამალი" ავწაპნე და ატყდა ერთი ამბავი. უფროსი მივარდა დანარჩენებს და ჩხუბი დაუწყო - როგორ ვერ დაინახეთ, წამალი რომ მოიპარა?! ახლა ოქმი როგორ შევადგინო, ნივთმტკიცება რომ გადაყლაპაო?! მეც ვუთხარი - ნუ ჩხუბობთ, დაწერე, რომ ვერაფერი აღმოაჩინეთ და მორჩა-მეთქი. მოწმეებმაც ოქმზე ხელის მოწერაზე უარი თქვეს, მაგრამ მილიციაში მაინც წამიყვანეს. იქ დაგვხვდა უფროსის მოადგილე, გვარად მილაშვილი. მითხრა - ექსპერტიზას ჩაგიტარებ და მაინც დაგიმტკიცებ, რომ წამალი გადაყლაპეო. მე ვუთხარი - ვერაფერსაც ვერ დამიმტკიცებთ; ახლა ისეთ კაიფში ვარ, ვერც გავიგებ, ამაღამ ნარზე დავიძინებ თუ საწოლზე; თუ მერე კიდევ მომამარაგებთ წამლით, სულაც აღარ წავალ აქედან-მეთქი. - ერთით ნულია შენს სასარგებლოდო, - მითხრა და დილით შინ გამომიშვა... გავიდა ორი დღე. საღამოს შინ მისულს დედა ატირებული დამხვდა. თურმე, ჩემი არყოფნის დროს სახლი გაუჩხრეკიათ, წამლის ჩადება მოუხერხებიათ და ოქმიც შეუდგენიათ. ვკითხე, რომელი მილიციელი იყო მოსული-მეთქი? იარაღი ავიღე, ტანისამოსი ჩავალაგე და შინიდან წავედი. იმ მილიციელს კი შევუთვალე - თუ გიორგი სააკაძის დღეში არ ჩაგაგდო და შვილის თავი არ გამოგიგზავნო, კაცი არ ვიყო-მეთქი!..

სასწრაფოდ გადამალეს ბავშვი, მე კი დავეძებდი, მინდოდა, მომეხელთებინა, მაგრამ განა რამეს დავუშავებდი, უბრალოდ, ვათქმევინებდი - მამაჩემი შინ მოვიდა და თქვა, სპარტაკს წამალი ჩავუდეთო... ბავშვი ვერ ვიპოვე. მერე კი დამიჭირეს, მაგრამ გავიქეცი და გულში ბოღმა ჩავიხვიე.

დაყაჩაღებული მილიციის განყოფილება

ამ პერიოდში ჩემს მეგობარს, დათო პაპალაშვილსაც დასდევდა მილიცია. მოვილაპარაკეთ - მილიციელებს გული გავუხეთქოთ-თქო. ავისხით იარაღი, რამდენიმე ჩვენი მეგობარი ვიახლეთ და წნორის მილიციას ვეწვიეთ. შევცვივდით გინებით, თანამშრომლები ფეხზე წამოვყარეთ - აბა, ახლა მუხლებზე დადექით-მეთქი! - ყველა ერთიმეორის მიყოლებით დაეშვა ძირს. დათომ ჩამოუარა და სულ წიხლით სცემა, თან აგინებდა... იქიდან წამოვედით და სიღნაღის მილიციაში მივედით. გარედან ფანჯრები ტყვიებით დავცხრილეთ, თანამშრომლები კაბინეტებიდან გამოვიყვანეთ, გავაღებინეთ იარაღის საწყობი და მანქანა დავტვირთეთ, კაბინეტებიდან ტელევიზორებიც გამოვიტანეთ და ისინიც მანქანაში მოვათავსეთ. ტელევიზორები გაჭირვებულ ოჯახებს მივუტანეთ, იარაღი კი ჩვენ დავიტოვეთ...

მერე მომიგზავნეს კაცი, რომელსაც პატივს ვცემდი და შერიგება მთხოვეს. შევხვდით. კბილებამდე შეიარაღებული მივედი შეხვედრაზე. ვუთხარი - ხომ ხედავთ, დადგა ჟამი, რომ პასუხი აგოთ თქვენს ნამოქმედარზე, ახლა გარშემო ჩემი ხალხი დგას, შემიძლია აქვე დაგხოცოთ, მაგრამ რადგან პატივსაცემი კაცი ჩარიეთ, ამიტომ ცოცხლებს დაგტოვებთ, ოღონდ, თითოეულმა 30-30 ათასი მანეთი მოიტანეთ და ორ-ორი საბრძოლო იარაღი-მეთქი. დამთანხმდნენ, მაგრამ შემდეგ, უფრო ახლობელი ადამიანი ჩარიეს საქმეში და თავი დავანებე.

GzaPress

რა ხდებოდა თურქმენეთის "კრიტში"

- ერთხელ საქართველოში, მე-4 ზონაში ვიჯექი. ისეთი უფროსი ჰყავდა ამ ზონას, სალაპარაკოდ რომ მისულიყავი, იტყოდა - საცემრად მოვიდაო, დაგიჭერდა და კარცერში გაგიშვებდა. ჰოდა, სწორედ ამ უფროსმა გამგზავნა თბილისიდან ტაშკენტში. ტაშკენტის ციხეში ქურდული სიტუაცია იყო. პლანი და წამალი თავზე საყრელად იყო. თავი სამოთხეში მეგონა. იქ ცოტა ხანს გამაჩერეს და მერე თურქმენეთში გამიშვეს, "კრიტში". ერთ პატარა ქალაქში - კრასნოგორსკში ჩამიყვანეს. ერთ მხარეს კასპიის ზღვა ჩანდა, მეორე მხარეს - მთები, დახეთქილი მიწა და აქლემები. - ზონაში "ვიშკებიც" კი არ იყო, რადგან მაინც ვერ გაიქცეოდი. სად უნდა წასულიყავი?.. უდაბნოში იყავი. ვინც გაიქცა, თავისით მობრუნდა უკან. ამ ზონაში ძალზე ცუდი და არაქურდული სიტუაცია იყო. რომ მიმიყვანეს, უფროსთან შემიყვანეს, მას უნდა ეთქვა, რომელ კამერაში მოვეთავსებინე. საქმეზე ეწერა - "ვორ  ზაკონე". ეს რომ წაიკითხა, მითხრა - აქ არ თქვა, რომ ქურდი ხარ, აქ ქურდულს არაფერს ცნობენ. ვინც გაამხილა, რომ ქურდია, ყველა აჩეხესო...

სიტუაციას აკონტოლებდნენ რუსები - ე.წ. "გლადიატორები", რომლებიც ყველას ანადგურებდნენ, ვინც წინააღმდეგობას გაუწევდა. სპეციალურად შემიყვანეს ისეთ კამერაში, სადაც "მხეცები" და რკინის მკვნეტელები ისხდნენ. ასეთი სულ 2-3 კამერა იყო. მათთან მიდიოდა დიდძალი ფული და წამალი, მერე ცოტა-ცოტას ყველა კამერას ურიგებდნენ... შევედი კამერაში. უცებ მივხვდი, იქ მყოფთა შორის რომელი იყო "გლავარი" და ვკითხე - აზრზე თუ ხარ, ქურდი რას ნიშნავს-მეთქი? - მერე, რა გინდაო? - ის მინდა, რომ ქურდი ვარ და არაფერი შეგეშალოთ-მეთქი. დანარჩენებს მიუბრუნდა და უთხრა - "ბასიაკი" მოიყვანესო. წინათ ქურდებს ასე უწოდებდნენ... ისინი არანაირ ყურადღებას არ მაქცევდნენ. ერთი სართულით ზევით ქართველი კაცი მჯდარა. იმას დაუკავშირდნენ და ჰკითხეს - საქართველოში ასეთი და ასეთი ქურდი თუ არსებობსო? ის საგარეჯოელი კაცი ყოფილა, ჩემ შესახებ გაგონილი ჰქონია და უთხრა - ჯერჯერობით არაფერი უთხრათ, ხვალ ჩამოვალ და ვნახავ, თუ არ ვცდები, ეგ კახელი ქურდი უნდა იყოსო. მეორე დღეს "კარმუშკა" (საკნის კარში დატანებული სარკმელი, საიდანაც პატიმრებს საჭმელს აწვდიან) გამოაღო და დაიძახა - სპარტაკი დამელაპარაკოსო...

მეორე დღიდან დაიწყო ჩალიჩი, რომ თავის კამერაში გადავეყვანე. მითხრა - აქ რაღაცას მოგიწყობენ, ამათ ქურდი არ სჭირდებათო. მისულა ციხის უფროსთან და უთქვამს - სპარტაკი ცოტა "ნასტირნი" კაცია, თანაც რუსული არ იცის, კამერაში რომ შეიგინონ, ეგონება, მას აგინებენ, არ აპატიებს და მკვლელობა მოხდებაო; ეს რომ თავიდან ავიცილოთ, ჩემთან გადმოიყვანეთ, რუსულს ვასწავლი და მერე უკან დააბრუნეთო. გადამიყვანეს. მასთან ერთად რამდენიმე აზიელი ბიჭი იჯდა. დაწვრილებით მიამბეს, ციხეში რაც ხდებოდა. მერე მითხრა - "ქვედა სართულზე ერთი კამერაა, იმათ თუ "რქები მოვტეხეთ," მერე არაფერი გვიჭირსო. ამასობაში ზონიდან მოვიდა 100 გრამი ოპიუმი, რომელიც სწორედ იმ კამერაში მიიტანეს. დამიძახეს და მითხრეს - ხომ თქვი, რომ ქურდი ხარ, ამდენი დღეა აქ ხარ და არაფრის "დვიჟენია" არა გაქვს, ჩვენთან წამალი მოვიდა და როგორ გავანაწილოთო? ვუპასუხე - პირველ რიგში, კარცერებში რომ ბიჭები სხედან, იმათ გაუგზავნეთ, დანარჩენი კარგ - ე.ი. "არაბოზურ" კამერებში გადაანაწილეთ-მეთქი... მოკლედ, ათას რამეს იმიზეზებდნენ, რომ ჩემთვის რამე გაეჩალიჩებინათ. ეს ყველაფერი მომბეზრდა და ამ ქართველს ვუთხარი - მორჩა, იმათთან მივდივარ კამერაში-მეთქი. თავში ხელი შემოირტყა - ვაიმე, მოგკლავენ! რას მეტყვიან ქართველი ქურდები?! რუსებს როგორ მოვაკვლევინო შენი თავიო?!.

ჩვენს კამერაში მყოფ აზიელ ბიჭებს ვუთხარი - თუ ციხეზე ძმაკაცები გყავთ, შეატყობინეთ, რომ შეიარაღდნენ და ჩემს ნიშანს დაელოდეთ-მეთქი. წავედი ციხის უფროსთან. ჩვენ შორის დაძაბული სიტუაციის შესახებ მანაც იცოდა და აინტერესებდა, რით დამთავრდებოდა ეს ყველაფერი, ამიტომ, ჩემი თხოვნა - "გლადიატორების" კამერაში ჩამიყვანეთ-მეთქი, - სულაც არ გაჰკვირვებია. უფროსის მოადგილე თბილისში ნამუშევარი კაცი იყო და ქართველები ძალზე უყვარდა. მირჩია, ნუ წახვალო, მაგრამ მაინც ჩემი გავიტანე. მიმიყვანეს კამერასთან და კარი გამიღეს. ხელში "ვეშმეშოკი" მეჭირა და იქვე, კართან დავაგდე. კამერაში ფეხი შევდგი და ვიკითხე - აქ "არესტანტები" თუ არიან-მეთქი? ("არესტანტი" ნიშნავს იმას, რომ ქურდი არ არის, მაგრამ "კარგი ბიჭია") - ყველანი "არესტანტები" ვართო, - მიპასუხეს. - მაშინ ჩანთა აიღეთ და შიგნით შემოიტანეთ-მეთქი. ერთმა მეორეს ანიშნა - შემოიტანეო. ჩემ ზურგს უკან კარი დაიკეტა და დავრჩი ამ "კაციჭამიებთან" პირისპირ. მომიდუღეს ჩიფირი. ერთი "კრუშკიდან" უნდა დაგველია ყველას. მომაწოდეს. დავლიე და სხვას მივაწოდე. მან შემომხედა და მითხრა - აქ ადრე ერთი ქურდი მოიყვანეს, "სამაზვანეცი" აღმოჩნდა და დავბრიდეთო. ამ დროს "კრუშკა" პირთან მიიტანა. მე კი ავიღე და მუშტი ვგლიჯე. ის "კრუშკა" პირზე შეელეწა. თან შევაგინე - შენი დედა!.. ის "სამაზვანეცი" იყო, მე ქურდი ვარ-მეთქი!..

სიჩუმე ჩამოვარდა. არავის არაფერი უთქვამს.

იმ საღამოსვე ჩემმა საკნელმა ქართველმა წერილი მომწერა - როგორ ხარ? ამაღამ არ დაიძინო, შესაძლოა, დაგბრიდონო... ღამით ყველანი დავწექით. იმ საკანში ერთი ორენბურგელი ბიჭი იჯდა - გენკა, რომელიც ბავშვობიდან ციხეში იყო. ყველამ რომ დაიძინა, გენკა ნარზე ჩამომიჯდა და გამაღვიძა. მითხრა - მე ქურდულ ტრადიციებს პატივს ვცემ, მთელი ბავშვობა ციხეში მაქვს გატარებული, გვერდით დაგიდგები და დაგეხმარები, რომ ციხე გადავაბრუნოთო. ზედა სართულზე ძმაკაცი ჰყოლია. იჩალიჩა და ისიც ჩვენს კამერაში ჩამოიყვანა. შევთანხმდით, რომ ლიდერებთან მოლაპარაკებები გვეწარმოებინა. ისინი უნდა დაგვეთანხმებინა, რომ ქურდული "პალაჟენიე" მოგვეყვანა. ვინც არ დაგვთანხმდებოდა, ფიზიკურად გავუსწორდებოდით. მართლაც, გავაგზავნეთ წერილები - თუ კარგი ბიჭი ხარ, ჩამოდი, სალაპარაკო გვაქვს-თქო. ყველა სათითაოდ ჩამოვიყვანეთ, ვთავაზობდით ჩვენს პირობას; ვინც უარს ამბობდა, ვცემდით, სიკვდილის პირამდე მიგვყავდა. ამის შემდეგ ისინი "ბოზურ" კამერაში გადაჰყავდათ...

ციხე ხელში ავიყვანე და სიტუაციას უკვე მე ვაკონტროლებდი. ყველას ვაიძულებდი, ქურდული ტრადიციები ეღიარებინა და პატივი ეცა. იქვე იყო ზონა და "რაბოჩი" კორპუსი, სადაც ქარხანაც იყო განთავსებული. გადავწყვიტე, იქაც ქურდული სიტუაცია დამემყარებინა. გადავედი იქით. პატიმრებს ამბები გამოვკითხე, წამალს ვაძლევდი და ჩემს მხარეზე გადმოვიბირე. ეს ტერიტორიაც უკვე ჩემი იყო.

ქარხანაში დიდი ფული იხსნებოდა. უფროსად ქართველი დავაყენე. დაიწყო ზონებიდან ქურდული "გრევის" შემოსვლა... მერე ასეთი რამ მოხდა - რუსებმა დალიეს ბრაგა. ეს არის შაქრითა და "დროჟით" დაყენებული სითხისგან გამოხდილი არაყი. ამას მიაყოლეს რაღაც ტაბლეტები, რომელიც ადამიანს აგიჟებს და აგრესიულს ხდის. ამის შემდეგ მოინდომეს გრიალი და "ძაღლებს" დაერივნენ. რამდენიმე კაცი მოკლეს. ამის გამო დილაუთენია სახანძროს მანქანები შემოვიდნენ, კამერის კარებს აღებდნენ და ძლიერი ჭავლით უშვებდნენ წყალს. ჩაცმაც ვერ მოვასწარი, "ტრუსიკიანი" გამიყვანეს გარეთ. მანქანაში შემაგდეს, მერე მატარებელში ჩამსვეს და არც კი ვიცოდი, საით გამიყენეს გზას.

აშხაბადში გავჩერდით და პატიმრები დაგვიმატეს. მათ შორის იყო ერთი თურქმენი ბიჭი, რომელიც ქურდად მე "მოვნათლე". შევეხმიანე, ვუთხარი - შიშველი ვზივარ-მეთქი. მოაგროვა პატიმრებში ტანისამოსი, ფეხსაცმელი, ფული, წამალი, სიგარეტი და შემომიგზავნა. მიიყვანეს ტაშკენტის მახლობლად ქალაქ ანდიჟანში. იქ არის "კრიტი". "გაფუჭებული" "კრიტი" იყო. ყველა ახალმიყვანილ პატიმარს რენტგენზე ატარებდნენ - რაიმე ხომ არ ჰქონდა გადაყლაპული, ოყნას უკეთებდნენ... მიმიყვანეს უფროსთან. მეუბნება - ერთი გამაგებინეთ, რა ერი ხართ ეს ქართველები?.. სულ ქურდები და "ბლატნოი" ხალხი როგორ ხართ?! ახლა ჩაგსვამ კამერაში მარტო, არ "გაგშმონავ", წამალიც თავზე საყრელად გექნება, ოღონდ წერილების წერას ნუ დაიწყებ და დალაგებულ ციხეს ნუ ამირევო... არავის გააგებინეს, იქ რომ ვიყავი. 10 დღე ასე გავატარე. ამასობაში, თურქმენეთში, საიდანაც წამომიყვანეს, ციხე ორად გაიყო და პატიმრები ერთმანეთს დაერივნენ. ადმინისტრაციამ უკანვე მომითხოვა. ისევ წამიყვანეს და უკანვე დამაბრუნეს. მერე იქიდან ნოვოჩერკას?კში, შემდეგ კი - თბილისში დამაბრუნეს.

გააგრძელე კითხვა

მარი ჯაფარიძე

ჟურნალი "გზა", 2004 წელი