ქურდყოფილის აღსარება... 15 წლის ასაკში ქურდად "მონათლული" მამაკაცის საოცარი ცხოვრება - VI ნაწილი
"არსენა"
- ერთხელ, მეგობარმა ამბავი მომიტანა - წნორში უცხოური ავეჯი შემოიტანეს და გარეუბანში, ერთ დიდ საწყობში აქვთ შენახულიო. ავეჯს თანამდებობის პირები ინაწილებდნენ და რაც დარჩებოდა, მამასისხლად ყიდდნენ. წავიყვანე რამდენიმე სატვირთო მანქანა და მივადექი საწყობს. გავტეხე ბოქლომები და მთელი ავეჯი დავატვირთვინე მანქანებზე. დილით კი, ცენტრალურ უნივერმაღში მივიტანე, სიმბოლური ფასები დავადებინე და მოსახლეობაზე გავაყიდვინე... ზამთარი იყო. ისეთ ოჯახში მოვხვდი სტუმრად, რომელსაც შეშაც არ ჰქონდა და ბავშვები სიცივისგან კანკალებდნენ. კინაღამ გავგიჟდი. იმ ღამესვე მივადექი ნავთობბაზას და რამდენიმე ტონა "სალიარკა" წამოვიღე. ნაწილი ამ ოჯახს მივუტანე, ნაწილი სხვა გაჭირვებულ ოჯახებს დავურიგე. ისიც გავიგე, რომ შეშის არქონის გამო, ის სკოლა დაკეტილა, სადაც მე ვსწავლობდი. იქაც რამდენიმე მანქანა შეშა მივიტანე.
რამდენიმე დღის შემდეგ, ჩემი ყოფილი მასწავლებელი მოვიდა და მითხრა - ამაღამ დაგიჭერენ და შინიდან უნდა წახვიდეო. - შენ რა იცი-მეთქი? - მილიციის უფროსის ოჯახში მოვხვდი სტუმრად, მთელი თბილისის მილიცია აქ არის ჩამოსული და მასპინძელს სიმთვრალეში წამოსცდა, ამაღამ სპარტაკი უნდა "ავაგდოთო"; ახლა სწორედ იქიდან მოვდივარ, რომ გამეფრთხილებინეო. მადლობა გადავუხადე, გავაცილე და ტელევიზორი ჩავრთე. 90-იანი წლები იყო, ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტობის პერიოდი და მაშინ "მიტინგობანა" მოდაში იყო. ტელევიზიით ერთ-ერთ მიტინგს უჩვენებდნენ და უცებ, ჩემი სახელი და გვარი გამოაცხადეს - კანონიერი ქურდები უნდა ავლაგმოთო!.. დავუკავშირდი ჩემს ძმაკაცებს, ვისაც საფრთხე ელოდა, გავაფრთხილე, მერე სოფელ ანაგის თავმჯდომარეს ახალთახალი "ნივა" წავართვი და იარაღასხმულმა, გურჯაანისკენ ავიღე გეზი. სოფელ ბაკურციხეში მიმავალი, გზად გადავაწყდი ასეთ ამბავს - ერთი მანქანა "მირბის", სამი უკან მისდევს და თან ერთმანეთს ესვრიან. მდევარი ჩემი ძმაკაცი იყო. შემნიშნა და ხელით მანიშნა, მოგვყევიო. ვისაც მისდევდნენ, ის კაცი "ცეხავიკი" და ფულიანი "მასტი" იყო. დავეწიეთ, აქეთ-იქიდან ამოვუყენეთ მანქანები და გავაჩერებინეთ. იარაღიც წავართვით, ფულიც და გავუშვით. იარაღისა და ფულის ნაწილი მეც შემხვდა.
ორ მეგობართან ერთად სოფელ კარდენახში, სანდო ოჯახს შევაფარეთ თავი. სამი დღე მშვიდად ვიყავით. მეოთხე დღეს, დილით, მესმის მეგაფონით იძახიან - სპარტაკ, გამოდი, თორემ, ოჯახს ჩავცხრილავთო. ბიჭებს ვუთხარი - ესენი მე მეძებენ, ამიტომ თუ ჩავბარდები, თქვენც გადარჩებით და ოჯახიც, მე გავალ, თქვენ კი გაიქეცით და იარაღიც თან წაიღეთ-მეთქი. შემოაგზავნეს კაცი, რომელმაც მითხრა - ალყაში ხარ, გაქცევას ვერ მოახერხებ, ამიტომ ჯობია, დანებდეო. დავაბარე - სოფლის ცენტრში, მაღაზიასთან დამელოდონ და მოვალ-მეთქი. დამთანხმდნენ. ერთი პისტოლეტი გავირჭვე ქამარში და წავედი. იარაღიც ჩავაბარე და მეც ჩავბარდი.
ბუნტი
მიმიყვანეს თბილისის ციხეში. სწორედ იქ გავიცანი გიორგი ჭანტურია და გოგა ხაინდრავა. ისინი სხვა კორპუსში ისხდნენ და ჩემს კამერაში ამოვაყვანინე. ერთ დილით ციხის თანამშრომლები "დავაყენეთ", გასაღებები წავართვით, ყველა კამერის კარი გავაღეთ. ციხე გატყდა. ახლა გარეთ უნდა გავსულიყავით. ციხის ეზოში პურის მანქანა იდგა. ორი პატიმარი ჩაჯდა, დაქოქეს და ჭიშკრის შენგრევა სცადეს. ერთხელ დაეჯახნენ - არაფერი გამოუვიდათ... უამრავი პატიმარი იდგა ეზოში და ელოდა ჭიშკრის გახსნას... ამასობაში მოვიდა ბრძანება, რომ პატიმრებისთვის ესროლათ. მანქანა მეორედ რომ დაიძრა ჭიშკრისკენ, ორივე პატიმარი შიგ ჩაცხრილეს და ტყვიების წვიმა ჩვენკენაც წამოვიდა. მაშინ ბევრი პატიმარი დაიღუპა. ციხის ეზო სისხლით შეიღება. ზოგიერთი პატიმარი შენობის სახურავზე ავიდა და ლეიბებს ცეცხლი წაუკიდა... მოკლედ, ვერ გამოვედით. ციხე ჩაწყნარდა. დავიწყეთ ხელახალი მზადება გასაქცევად. ჭანტურიამ და ხაინდრავამ მითხრეს - ნურაფერს მოიმოქმედებ, თავი არ დაიღუპო, თვე-ნახევარში დიდი ამბავი ატყდებაო. მართლაც, თვე-ნახევრის მერე, თბილისის ომი დაიწყო. ორივემ წინასწარ იცოდა, რომელ დღეს რა მოხდებოდა. წინადღეს მეტყოდნენ - ხვალ ეს ასე და ასე იქნებაო, - და მართლაც, ისე მიმდინარეობდა მოვლენები. მერე გოგამ გამაფრთხილა - იცოდე, "მხედრიონს" სიახლოვეს არ გაეკარო, დრო მოვა, როცა ყველა "მხედრიონელს" სამშობლოს მოღალატედ გამოაცხადებენ; რომ გათავისუფლდები, ჩემთან მოდი და მერე ვილაპარაკოთო... იმ პერიოდში, ორივეს მშრალი შიმშილობა ჰქონდა გამოცხადებული. მე ვაძალებდი - ჭამეთ, ასე როდემდე გაძლებთ-მეთქი! - მაგრამ ვაჟკაცურად იტანდნენ... ამის მერე მათ აღარ შევხვედრილვარ.
მიშკა
კიდევ ერთ მეგობარზე მოგიყვებით, მიშკაზე. არასრულწლოვანი იყო, როცა მკვლელობაზე დაიჭირეს. მისი თანამოსაქმენი დახვრიტეს, რადგან ძალზე სასტიკი დანაშაული ჰქონდათ ჩადენილი, მიშკას კი 10 წელი მიუსაჯეს, რადგან არასრულწლოვანი იყო. მე ის ციხეში გავიცანი. ისეთი კეთილშობილი ადამიანი იყო, მიკვირდა - ამან კაცი როგორ მოკლა-მეთქი! - მაგრამ ხანდახან, ისეთი ნაპერწკალი გაუკრთებოდა თვალებში, ეჭვი არ შეგეპარებოდა რომ შენ წინ ნამდვილი მკვლელი იჯდა. ისეთი მკვლელი იყო, რომ ქურდებსაც კი ეშინოდათ მისი, ზონაში... არასოდეს უთქვამს, ქურდობა მინდაო და ყველას გვიკვირდა, რადგან ვიცოდით, რომ ნამდვილად დიდი სურვილი ჰქონდა, ქურდი გამხდარიყო. არასრულწლოვანთა კოლონიაში რომ მოხვდა, როგორც ხდებოდა ხოლმე, გათიშეს და მკლავზე წითელი "პავიაზკა" შეაბეს. ამის შემდეგ ქურდი ვერ გახდებოდი. არასრულწლოვნებში ამისთვის სპეციალური პატიმრები ჰყავდათ, რომლებიც უკვე 23-25 წლისანი იყვნენ, მაგრამ მაინც "მალალეტკებში" ისხდნენ, რადგან იმდენი "ბოზური" საქციელი ჰქონდათ ჩადენილი, რომ დიდების ზონაში რომ გადაეყვანათ, გააპედერასტებდნენ და "ქათმებში" გაუშვებდნენ. ჰოდა, ისევ არასრულწლოვნებში ისხდნენ და იქ იმ საქმეს აკეთებდნენ, რასაც ციხის ადმინისტრაცია ავალებდა. მიშკამ 10 წელი რომ მოიხადა, "სვაბოდაზე" გავიდა, 2 კვირაში კი, უკან მიაბრუნეს, ყაჩაღობისთვის. მოიყვანეს ზონაში, მაგრამ ადმინისტრაციამ არ მიიღო. ამიტომ ჩასვეს "ბურში" - ეს არის ციხე ზონაში. იქ კამერაში დახვდა ძველი "ნაბოზარი", რომელმაც მიშკას "პავიაზკა" გაუკეთა... მერე გავიგეთ, რომ ეს "ძაღლებმა" გაუჩალიჩეს, რადგან ის კაცი მათაც უჩიოდა ადმინისტრაციაში, მიშკას მოშორებაც უნდოდათ თავიდან და ერთი ხელის მოსმით ორი საქმე გააკეთეს. მიშკამ ეს კაცი იცნო თუ არა, იმ დღესვე "დაბრიდა"... გადაიყვანეს ციხეში. 15 წელი ჰქონდა მისჯილი და შეუცვალეს დახვრეტით.
ეს კაცი რომ მოკლა, მიშკამ მაშინ თქვა - აი, ახლა მინდა ქურდობაო. აქამდე იმიტომ არ ვამბობდი, რომ დაფიცებული მქონდა, - ვიდრე ამ კაცს არ მოვკლავდი, ქურდობაზე ხმას არ ამოვიღებდიო... მისი ქურდად "მონათვლა" ქურდებს არ უნდოდათ, რადგან იცოდნენ - ნახევარ საქართველოს არაქურდად დატოვებდა. ამ დროს, მეც კონფლიქტი მქონდა ქურდებთან, იცოდნენ, რომ მე და მიშკა ვძმაკაცობდით და ორივეს ერთად ვერ მოგვერეოდნენ. მიშკას დახვრეტის განაჩენი გამოუტანეს თუ არა, მამამისს გული გაუსკდა და მოკვდა. ამ დროს გამოჩნდა კაკაბეთელი კაცი. ვინმე ალორდ ჯუღაშვილი, რომელიც ქურდი არ იყო, მაგრამ ძალზე დიდი ავტორიტეტი გახლდათ. მიშკა და ალორდა ერთად იხდიდნენ სასჯელს და ეს კაცი მიშკას, შვილობილს ეძახდა. ამ პერიოდში ალორდა "სვაბოდაზე" იყო. შემოვიდა ზონაში და მოინახულა ერთი რუსი ბიჭი, რომელიც იმ კამერაში იჯდა, სადაც მიშკამ ის კაცი დაბრიდა. შესთავაზა მას - შენ 13 წელი გაქვს მისჯილი, აიღე ეს მკვლელობა შენს თავზე, ორ წელს დაგიმატებენ, მე კი ფულს გადავიხდი და ნახევარ "სროკში" გამოგიყვანო. მოკლედ, ალორდამ ეს ბიჭი დაითანხმა. მერე წავიდა მოსკოვში, რადგან დახვრეტის მუხლს მხოლოდ მოსკოვი თუ შეცვლიდა. ალორდა რომ მოსკოვში ჩასულა და მისი გვარი გაუგიათ, გაგიჟებულან: კიდევ არიან საქართველოში ჯუღაშვილებიო?.. მოკლედ, მოსკოვმა დახვრეტა შეუცვალა და მიშკა ისევ ზონაში გადმოიყვანეს. როცა ის "სმერტნიკებში" იჯდა, ჩვენთან, ზონაში მისი მტერი მოყვანეს. ჩვენ მივწერეთ - ესა და ეს კაცი აქ არის და რა ვუყოთ-თქო? - ჯერ არაფერი, თუ დამხვრიტეს, მერე, როგორც ძმაკაცებმა, თქვენი ვალი მოიხადეთ, თუ არა და, მერე მე მივხედავო. ამ კაცმა რომ გაიგო, მიშკა ზონაში მოიყვანეს, იმ ღამესვე თავი ჩამოიხრჩო...
ზონაში მოსვლისთანავე, მიშკამ ჩამოწერა ის დანაშაულები, რომლებიც ჩადენილი ჰქონდა და ქურდებს გაუგზავნა. თან მიაწერა - მეც ქურდი ვარ და ჩემთან ჩამოდითო. მე ვუთხარი - იცოდე, ახლა შენ ჩვენებას წერ-მეთქი... არ დამიჯერა... მიშკა მოკლეს. მარმარილოს ქვა შევუკვეთე და კახეთში, ეკლესიის ეზოში დავდგი.
მარი ჯაფარიძე
ჟურნალი "გზა", 2004 წელი