ქურდყოფილის აღსარება... 15 წლის ასაკში ქურდად "მონათლული" მამაკაცის საოცარი ცხოვრება - IX ნაწილი - გზაპრესი

ქურდყოფილის აღსარება... 15 წლის ასაკში ქურდად "მონათლული" მამაკაცის საოცარი ცხოვრება - IX ნაწილი

ყოფილი ქურდის, სპარტაკ ბურდულაძის ინტერვიუს მისი თანასოფლელი გამოეხმაურა. მას საკუთარი ვინაობა არ დაუსახელებია, მაგრამ გვთხოვა, სპარტაკისთვის გვეკითხა - რას იტყოდა იმის შესახებ, 90-იან წლებში მოსკოვში ცხოვრების დროს, ბავშვებს რომ იტაცებდა და "ვაზვრატს" აკეთებდაო?.. გადავწყვიტეთ, მკითხველის თხოვნა უყურადღებოდ არ დაგვეტოვებინა. სპარტაკს დავუკავშირდით და კომენტარი ვთხოვეთ.

აი, რა გვიამბო მან:

"ნაკოლის" მომცემი უნდა მოკვდეს"...

- მოსკოვში ჩვენს მეგობარს ჰქონდა ბარი, სადაც საღამოობით ვიკრიბებოდით ხოლმე. იქ იგეგმებოდა ყველა ის დანაშაული, რომელსაც მერე ჩავდიოდით. სწორედ იქ დაგეგმილა ერთ-ერთი ბავშვის, ცნობილი მეღვინე - ნუღლას ნათესავის მოტაცება. წინასწარ შეთანხმებულან იმაზე, რომ ჩემთვის ამის შესახებ არაფერი ეთქვათ - მანამდე, სანამ "ვაზვრატზე" არ წავიდოდა ლაპარაკი. ყოველთვის წინააღმდეგი ვიყავი ადამიანის გატაცებისა. ყველანაირ საქმეს მოვაწერდი ხელს, მაგის გარდა... დაიქირავეს რუსი შემსრულებლები, რომლებმაც ჯერ მანქანა გაიტაცეს, მერე, მილიციის ფორმაში გადაცმულებმა, ბიჭს საბუთები მოსთხოვეს და იმ მიზეზით, ვითომდა რაღაც არ ჰქონდა წესრიგში, მანქანაში ჩასვეს და წაიყვანეს. მეორე დღეს, ბარში მისულს დამხვდა ნუღლა და ბავშვის მამა. მათგან შევიტყვე, რომ ბავშვი გატაცებული გახლდათ. რამდენიმე დღის განმავლობაში, ბავშვის ნათესავები ცალყბად მელაპარაკებოდნენ. ვიფიქრე - ამათ ნამდვილად ჩემზე აქვთ ეჭვი-მეთქი. გადავწყვიტე, დავლაპარაკებოდი და ვუთხარი: რა "როჟებს" მიკერავთ? თქვენ ხომ არ გგონიათ, ბავშვის მოტაცებაში წვლილი მიმიძღვის?.. მე თვითონ შვილი მყავს, ის რომ ვინმემ წაიყვანოს, არ ვაცოცხლებ, მე სხვისი შვილის მოტაცებით ფულს არასოდეს გავაკეთებ; როცა გაირკვევა, რომ მე არაფერ შუაში ვარ, ყველას სათითაოდ პასუხს გაგებინებთ-მეთქი!.. რამდენიმე ხნის შემდეგ, ჩემთან მოვიდა ბათუმელი მეგობარი და მითხრა - ბავშვი ჩვენ გვყავს, მის პატრონებს "ვაზვრატზე" შენ უნდა დაელაპარაკოო. - კი, მაგრამ რომ იტაცებდით, მაშინ რატომ არ შემითანხმდით-მეთქი? - ვიცოდით, რომ დაგვიშლიდიო. გამოვკითხე, ვინ იყო საქმეში გარეული. ერთ-ერთი მათგანი ჩემი ძმაკაცი აღმოჩნდა. ის სასწრაფოდ გავარიდე მოსკოვის ცენტრს და გარეუბანში გადავიყვანე საცხოვრებლად. ბავშვის პატრონმა მითხრა - ბიჭი გულით ავადმყოფია, შესაძლოა, ვერ გადაიტანოს ეს ამბავიო. მაშინვე მოვძებნე ის ბათუმელი ბიჭი და ვთხოვე ბავშვთან მივეყვანე. მოსკოვში, ნაქირავებ ბინაში ჰყავდათ გამოკეტილი. ბავშვს თავზე რამდენიმე რუსი კილერი ადგა. ვთხოვე - გულით ავადმყოფი ყოფილა და ბიჭი არ აწამოთ-მეთქი. ნახევარ მილიონ დოლარს ითხოვდნენ მის საფასურად. ვიცოდი, ამხელა თანხა ნუღლას არ ექნებოდა, რადგან ცოტა ხნით ადრე, თავისი შვილი გამოიხსნა და დიდძალი ფულიც გადაიხადა. გამტაცებლებს ვუთხარი - ამხელა ფულს ვერ გადაიხდიან ბავშვის პატრონები, თანაც ბავშვი ცუდად არის და უნდა გამატანოთ-მეთქი. - მაშინ, ვინც "ნაკოლი" მოგვცა, ის უნდა მოკვდესო... ბავშვი წამოვიყვანე უვნებელი და პატრონს ჩავაბარე. დიდი ფული და ახალთახალი მანქანა შემომთავაზეს, მაგრამ ხელიც არ დამიკარებია - მე ეს არაფერში მჭირდება, ბავშვი დაგიბრუნეთ და კარგად იყავით-მეთქი. ამასობაში რუსები გაჯიუტდნენ - ვინც "ნაკოლი" მოგვცა, ის უნდა მოვკლათო. იმათ სულაც არ აინტერესებდათ, ბავშვი ცოცხალი გადარჩებოდა თუ არა - მთავარი იყო, ფული აეღოთ. საბოლოოდ, ბავშვის პატრონებმა მხოლოდ 10 ათასი დოლარი გადაიხადეს. ეს ის თანხა იყო, რომელიც მოტაცების ორგანიზებაში დაიხარჯა და ბავშვის შენახვას დასჭირდა... დღემდე გაურკვეველია, ვინ მისცა "ნაკოლი", თუმცა ერთ-ერთ ჩემს მეგობარზე ეჭვობდნენ. ეს კაცი უნდა გადამერჩინა. სადაც ცხოვრობდა, იმ ბინის ფანჯარაც კი ამოვაშენებინე, რომ გარედან არ ესროლათ. მერე ერთ ადგილზე შევიკრიბეთ ყველანი - ნუღლა, მისი ნათესავი, ჩემი მეგობრები და მე. ვუთხარი - ახლა მაინც ხომ დარწმუნდით, რომ არაფერ შუაში ვარ-მეთქი?!. - კი, დავრწმუნდითო, - მიპასუხეს... რა ვიცი დარწმუნდნენ?!

"თუ არ გაისროლა, მკვლელი არ არის..."

- ამ ამბის შემდეგ, მალე ასეთი ამბავი მოხდა: მოსკოვში გვქონდა მაღაზია, რომელშიც 100 ათასი დოლარი იყო ჩადებული. ეს მაღაზია დაკეტილი იყო და საცხოვრებლად ვიყენებდით. ერთ დღეს, საქმეზე ვიყავი წასული. ბინა "გავიტანეთ", ნაქურდალი მანქანაში მოვათავსეთ და უკან რომ ვბრუნდებოდით, ავარია მოგვიხდა. იძულებული გავხდით, მანქანა მიგვეტოვებინა. მხოლოდ იარაღი წამოვიღეთ და წამოვედით. ორი პისტოლეტი მქონდა ქამარში გარჭობილი. მაღაზიის უკანა შესასვლელთან მივედი და ის იყო, ზარი უნდა დამერეკა, რომ ვიღაცამ კეფაზე იარაღი მომაბჯინა. რატომ მკლავ? ვინ მოგაგზავნა ჩემს "გასასაღებლად"? ალბათ არც მიცნობ, შენთვის არაფერი მექნება დაშავებული, რატომ უნდა მომკლა? უკნიდან ნუ მესვრი, მობრუნების საშუალება მაინც მომეცი, რომ დავინახო, ვისი ხელით ვკვდები-მეთქი, - ვუთხარი და თან ვფიქრობდი, თუ არ გაისროლა, ე.ი. მკვლელი არ არის... მართლაც, უცნობმა ორი ნაბიჯით უკან დაიხია. მე მოვბრუნდი და უკვე ორივე ხელში იარაღი მეჭირა. არც დავფიქრებულვარ, ისე ვესროლე ფეხებში ორივე პისტოლეტიდან და დავჭერი. შემდეგ კარზე ზარი დავრეკე და დაჭრილი შიგნით შევიყვანე. მაღაზიას ჰქონდა სარდაფი და ეს ბიჭი სწორედ იქ ჩავიყვანეთ. ვეკითხებოდი - ვინ დაგავალა ჩემი მოკვლა-მეთქი? - მაგრამ ვერაფრით ვათქმევინე. ასე, 20-ოდე წლის ბიჭი იყო, მაგრამ საკმაოდ "შებერტყილი" ვინმე ჩანდა. მერე ვკითხე - ვინ ხარ-მეთქი? - ქურდობა მინდაო! გადავირიე - ქურდობა როგორ გინდა?! ქურდის მოსაკლავად მოხვედი და შენ თვითონ "იბრიდები", ახლავე თქვი, რომ ქურდობა არ გინდა-მეთქი! - მაგრამ ვერც ეს ვათქმევინე. მერე ბიჭებმა მითხრეს - სპარტაკ, "გავაფუჭოთ" და მაგის საქმე დამთავრებული იქნებაო. ბიჭი შემეხვეწა - ოღონდ ნუ "გამაფუჭებთ", მომკალით! კაცი არა ხარ? ერთი ტყვია გენანება? მესროლე და გამათავე, ვიდრე შეურაცხყოფას მომაყენებო... ვაჟკაცი ბიჭი იყო და მომეწონა. მართლა კაცურად იქცეოდა. ბიჭებს ვთხოვე, ჰეროინი მოეტანათ. წამალი გავუკეთე, რომ ტკივილი გაჰყუჩებოდა. მერე გვერდით მივუჯექი და მთელი ღამე ველაპარაკებოდი, მაგრამ მაინც ვერ ვათქმევინე, ვინ მოაგზავნა ჩემს მოსაკლავად. მეორე საღამოს მივიყვანე სადარბაზოსთან, სადაც ის ცხოვრობდა და იქ დავსვი. მამამისს დავურეკე და ვუთხარი - შენი შვილი სადარბაზოსთან ზის და მიხედე-მეთქი... ამ ამბის შემდეგ ქურდებმა მითხრეს - გავიგეთ, ამ ბიჭის "ვაზვრატში" ფული აგიღიაო. გადავირიე - როგორც ჩანს, თქვენ მოაგზავნეთ ჩემს მოსაკლავად და რადგან ცოცხალი გადავრჩი, ახლა შარს მდებთ-მეთქი!..

GzaPress

უცხოელის დაყაჩაღება კრახით დამთავრდა

- კიდევ ერთ მოსკოვურ თავგადასავალს მოგიყვებით. ინფორმაცია მოვიდა, რომ ვიღაც უცხოელი ბიზნესმენი ყოველ ორშაბათს დილით შინიდან დიდძალი ფულით გამოდიოდა და ამ ფულს ბანკში აბარებდა გადასარიცხად. ლაპარაკი იყო რამდენიმე მილიონ დოლარზე. ის ყოველთვის ერთსა და იმავე დროს გამოდიოდა შინიდან. დავადგინეთ მისამართი და დაყაჩაღების გეგმაც შევადგინეთ. ის უცხოელი ისეთ კორპუსში ცხოვრობდა, რომლის სადარბაზოს კარი საღამოს 11 საათზე იკეტებოდა და დილით ადრე იღებოდა. ამიტომ სადარბაზოში საღამოს 9 საათზე, ცალ-ცალკე შევედით და მთელი ღამე კიბეზე გავათენეთ. მე ვამბობდი - პირველ სართულზე, ლიფტიდან გამოსვლის დროს "დავაყენოთ", ისევ უკან ავიყვანოთ, შინ შევიყვანოთ და ფული იქ წავართვათ-მეთქი, დანარჩენები კი ამბობდნენ - ბინის კართან დაველოდოთ და გამოვა თუ არა, მაშინვე "დავაყენოთო". უმრავლესობის აზრმა გაიმარჯვა. 8 საათისთვის უკვე მზად ვიყავით. მისი კარის საკეტის გაჩხაკუნების ხმა რომ გავიგონეთ, კედელს ავეკარით. გამოვიდა თუ არა, ჩემმა მეგობარმა საფეთქელზე იარაღი მიადო. უცებ, ეს კაცი რაღაც უცნაურად გადაიზნიქა, შინ შევარდა და კარი მოგვიჯახუნა. კოვზი ნაცარში ჩაგვივარდა. სასწრაფოდ დავეშვით კიბეზე და გავიქეცით, რადგან დარწმუნებული ვიყავით, სულ რამდენიმე წუთში მილიცია დაგვადგებოდა თავზე. ეს საქმე ჩვენს სასარგებლოდ რომ დამთავრებულიყო, მთელი ცხოვრება უზრუნველყოფილი ვიქნებოდი...

ყაჩაღობა ევლაღთან

აზერბაიჯანში არსებობს ადგილი, რომელსაც ევლაღს ეძახიან. ერთი პერიოდი საქართველოდან იქ უამრავი ადამიანი ჩადიოდა და იქიდან პროდუქტი ჩამოჰქონდა. ზოგს პირიქით - აქედან მიჰქონდა რაღაც საქონელი, იქ ყიდდა და უკან ფულით ბრუნდებოდა. ერთმა მილიციელმა მითხრა - აქეთ-იქით რომ დაყაჩაღობ, ღამის ოთხის ნახევარზე საქართველოში აზერბაიჯანიდან ავტობუსები შემოდის; ის ავტობუსები რომ დააყაჩაღო, იმდენ ფულს იშოვი, სხვა საქმეზე წასვლა აღარც დაგჭირდებაო. მე მაშინ ძებნაში ვიყავი. შევკრიბე ძმაკაცები და ყაჩაღობა დავგეგმეთ. ერთ ადგილზე ჩავუსაფრდით ავტობუსებს, მანქანით წინ გადავუდექით და გავაჩერეთ. 3 ავტობუსი ძირითადად, ქალებით იყო სავსე. ატყდა წივილ-კივილი. ავტობუსის სახურავი ტყვიებით დავცხრილე, რომ შემეშინებინა. ჩემი თვალით ვხედავდი, ქალები ფულს "ტრუსიკებში" რომ იტენიდნენ. მე ხომ არ დავიწყებდი წართმევას?.. ბიჭებს ვუთხარი - ყველა "დაშმონეთ"-მეთქი... 3 ცელოფანის პარკი ფული მოვაგროვეთ. მე წინ, ასასვლელთან ვიდექი. უკან ერთ-ერთ მგზავრს გავძახე - წესიერად მოიქეცი, არაფერი შეგეშალოს-მეთქი! იქვე, ჩემ გვერდით ქალი იჯდა. კალთაში ასე, თერთმეტიოდე წლის ბიჭი ეჯდა. ქართველი ხარო? - მკითხა. - კი-მეთქი. - არა გრცხვენია, ქართველი ასეთი ყაჩაღი რომ ხარო? - მე ეს პროფესია მაქვს-მეთქი, - ვუთხარი, - ახლა, მე რომ გაჭირვებული ვიყო და სათითაოდ ყველას თითო მანეთი გთხოვოთ, ხომ არც ერთი არ მომცემს-მეთქი? - არაო. - ჰოდა, იძულებული ვარ, წავართვა, შენ რა გაწუხებს-მეთქი? - ბავშვს ეშინიაო. - ბავშვის წინ ჩავცუცქდი და ავტომატი მუხლებზე დავუდე. თან ვეფერები - ნუ გეშინია, შენ არაფერს დაგიშავებ-მეთქი... ერთ ცელოფანის პარკში ხელი ჩავყავი, ფული ამოვიღე და 10 ათასი მანეთი კალთაში ჩავუდე - ეს საჩუქარი შენ, საშიში ყაჩაღისაგან-მეთქი... სახეზე ნიღაბე მეკეთა, ამიტომ ბავშვს ჩემი სახე არ დაუნახავს. ის ბიჭი ახლა უკვე დიდი იქნება და თუ ამ ინტერვიუს წაიკითხავს, გაიგებს, ვინ იყო ის ყაჩაღი... ავტობუსიდან ჩამოვედით. ფულის განაწილების დროს, ის 10 ათასი მანეთი ჩემი წილიდან გამოვაკლებინე. ბიჭებს არ გაუპროტესტებიათ და არ უთქვამთ, საერთო წილიდან გადავიხდითო. ამის გამო ცოტა ნაწყენი დავრჩი, მაგრამ სამაგიეროდ, იმ ბავშვს იმდენი ფული ვაჩუქე, რომ იმ თანხით ადამიანი ცხოვრებას აიწყობდა...

საზოგადოებისთვის ძალზე საინტერესო აღმოჩნდა ქურდყოფილის ცხოვრების დეტალები. მკითხველები გვირეკავენ, აზრს გვიზიარებენ. ზოგი მიესალმება ქურდყოფილის აღსარებას, ზოგი პირიქით - საყვედურს არ იშურებს და კითხულობს - რატომ გადაწყვიტა, მკითხველისთვის გული გადაეშალაო?.. სპარტაკს კი მიაჩნია: განსაკუთრებული არაფერია იმაში, რომ მან თავისი ცხოვრების ეპიზოდები სააშკარაოზე გამოიტანა და იმისთვისაც მზად არის, რომ ხალხის აზრი მოისმინოს.

დასასრული

მარი ჯაფარიძე

ჟურნალი "გზა", 2004 წელი