პლასტიკური ქირურგიის შედეგი - გზაპრესი

პლასტიკური ქირურგიის შედეგი

ბოლო დროს ბევრი ადამიანი აკითხავს ესთეტიკური და პლასტიკური ქირურგიის ცენტრებს. მოდური გახდა სხეულისა და სახის სხვადასხვა ნაწილის კორექცია და ექიმებს ბევრი კმაყოფილი პაციენტიც ჰყავთ, მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც ესთეტიკის ცენტრში ჩატარებული ესა თუ ის პროცედურა არცთუ წარმატებულად სრულდება.

ნატო, 38 წლის:

- 2 წლის წინ გადავწყვიტე, ტუჩებისთვის ფორმა შემეცვალა - გამედიდებინა და ერთ-ერთ პრესტიჟულ კლინიკას მივმართე. ამ  "სიამოვნებაში" სოლიდური თანხაც (600 ლარი) გადავიხადე. ჩემს ზედა და ქვედა ტუჩში სილიკონი "შეუშვეს". ექიმმა მირჩია, - პროცედურის შემდეგ, სპეციალური მასაჟი გამეკეთებინა, რომ ტუჩებში შეყვანილი უცხო სხეული თანაბრად განაწილებულიყო. პირველი 3 დღის განმავლობაში, მარილიან წყალში დასველებული ხელით მსუბუქ მასაჟებს ვიკეთებდი. 2 თვის შემდეგ, ტუჩის ერთი კუთხე გამისივდა და ზემოთ ამეწია, მეორე კი ჩამომეწია. ხელის დადებით ვგრძნობდი, რომ ერთ მხარეს სილიკონი აღარ იყო, მეორე მხარეს კი რაღაც გამაგრება მქონდა. ექიმს რომ მივაკითხე, ვერაფერი მიშველა და გადაწყვიტა, ტუჩებიდან სილიკონი გამოეტუმბა, რაც ბოლომდე მაინც ვერ მოახერხა და ჩემი ტუჩის აგებულებას დააბრალა - როგორც ჩანს, ტუჩის შიგნით რაღაც ღრმული გქონდა, რომელშიც სილიკონი ჩაიღვარა, ამიტომ აღარ იტუმბებაო. თუმცა კი დამაიმედა, - თავისით გაიწოვსო, მაგრამ უკვე მესამე წელი დაიწყო და მდგომარეობა უცვლელია. მერე ვთხოვე, მცირე დოზა ტუჩის მეორე მხარესაც შეეშვა, რომ გათანაბრებულიყო, მაგრამ აღარ გარისკა. ამ დეფექტის გამო კომპლექსიც გამიჩნდა. ვნანობ, რომ ეს პროცედურა ჩავიტარე.

- სხვა კლინიკაში მისვლა აღარ გიცდიათ?

- არა, ვეღარ გავბედე. თანაც, ეს სოლიდურ თანხებთანაა დაკავშირებული; მირჩიეს, ერთადერთი გამოსავალი პლასტიკური ოპერაციის გაკეთებააო, მაგრამ ისიც ძვირი ჯდება - მგონი, 3.000 დოლარზე მეტი, მე კი ამის საშუალება არ მაქვს.

ქეთი, 33 წლის:

- მიხარია, რომ საქართველოში პლასტიკური ქირურგია განვითარდა და ჩემი, არცთუ ისე სახარბიელო გარეგნობა რადიკალურად შევცვალე. ჯერ ცხვირის ოპერაცია გავიკეთე. თავიდან ფორმა არ მომეწონა და კორექცია 2-3-ჯერ დამჭირდა. საბოლოო ჯამში, კმაყოფილი დავრჩი, მაგრამ ცხვირის წვერმა ზემოთ რომ აიწია, ტუჩიც თავისებურად აჰყვა და ვამჯობინე, ისიც გამეკეთებინა. ჯერჯერობით, არაფერს ვუჩივი. ახლა თანხას ვაგროვებ, რომ ბოტოქსიც გავიკეთო.

ცნობილია, რომ საქართველოში ბევრ პოპულარულ ადამიანსაც აქვს პლასტიკური ოპერაცია გაკეთებული. რამდენიმე მათგანთან დაკავშირება და აღნიშნულ თემაზე გასაუბრება ვცადეთ. ბევრმა არ უარყო, რომ პლასტიკური ოპერაცია გაკეთებული აქვს, მაგრამ ამაზე საუბარს თავი აარიდა. სამაგიეროდ, ინტერვიუზე უარი არ უთქვამს გუგა კუზანოვს, რეკონსტრუქციულ-პლასტიკურ და ესთეტიკურ ქირურგს:

- ისევ დიდი მოთხოვნილებაა ცხვირის კორექციაზე, რადგან საქართველოსა და ამიერკავკასიაში ცხვირის (კეხის მოშორება, ნესტოების დავიწროება, ცხვირის წვერის აწევა) პრობლემა ყოველთვის იდგა. ტუჩის კორექციაზე კი 4-5 წელია, რაც მოთხოვნილება გაჩნდა.

- ტუჩების გასადიდებლად სილიკონს იყენებთ?

- სილიკონით ტუჩის გადიდება არ შეიძლება; სილიკონს ადრე იყენებდნენ, მაგრამ ზოგიერთი ამ მეთოდს ახლაც მიმართავს, რაც დაუშვებელია! ეს მეთოდი ყველა ნორმალურ ქვეყანაში აკრძალულია, რადგან სილიკონი არასდროს გაიწოვება - ორგანიზმისთვის უცხო სხეულია, ტუჩში გაკეთებული სილიკონი, შესაძლოა, ერთ წელიწადში კისრის არეში აღმოჩნდეს... ტუჩების გასადიდებლად შესაბამის გელს ვიყენებთ, რომელიც სპეციალურ მჟავაზეა დამზადებული. დიდი არჩევანი გვაქვს, იმ გელს ბევრი კომპანია უშვებს და თან, სხვადასხვა ხარისხისაა და მათი ფასიც ამის მიხედვით სხვადასხვაგვარია. აღნიშნული გელები ბიოთავსებადია ანუ სხეულში ჩვეულებრივად იწოვება და ორგანიზმს არ ვნებს. გერმანიის ერთ-ერთ ქარხანასთან გვაქვს კავშირი, საიდანაც ვიღებთ მეოთხე თაობის სხვადასხვა გელს.

- თვალის, ყურის ან ყბა-სახის სხვა ნაწილების კორექციისთვისაც ხშირად მოგმართავენ?

- დიახ, ბოლო დროს მსურველთა რაოდენობამ მოიმატა. ყველას უნდა, ლამაზად გამოიყურებოდეს, ოპერაციული ჩარევით კი ნაკლის გამოსწორება თავისუფლად შეიძლება. პლასტიკური ოპერაციის შემდეგ პიროვნება თითქოს შინაგანადაც იცვლება. ეს მასზე ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას ახდენს.

- რა ასაკიდანაა რეკომენდებული მსგავსი ტიპის პლასტიკური ქირურგიის გამოყენება?

- ნებისმიერი პლასტიკური ოპერაცია, თუკი ის სილამაზეს ეხება, სასურველია, მაშინ გაკეთდეს, როდესაც ორგანიზმი ბოლომდეა ჩამოყალიბებული - დაახლოებით, 17-18 წლის ასაკიდან. რაც შეეხება ოტოპლასტიკას (ყურების ოპერაცია), 8 წლის ასაკიდანაც კეთდება.

- ბოლო დროს ძალიან აქტუალური გახდა ბოტოქსის ინიექციის გაკეთება. რა ჯდება ეს პროცედურა?

- მთლიან სახეზე - 400 ლარი.

- ალბათ მკერდის კორექციის მსურველთა რიცხვიც დიდია. თუ არიან ისეთები, ვინც მკერდის ზომას იპატარავებს?

- გადიდების მიზნით უფრო ხშირად მოგვმართავენ...

- ნაოჭების კორექცია სპეციალური ძაფებით ხდება?

- არა, ეგ უკვე ისტორიას ჩაჰბარდა... კანის დაჭიმვა სერიოზული ოპერაციაა, რომელსაც იმ შემთხვევაში იკეთებს ადამიანი, როცა რეალურად სჭირდება. ის შეიძლება, 40 წლის ქალმაც გაიკეთოს და 75 წლისამაც. მაგრამ არიან ისეთი ქალები, რომლებიც სოლიდურ ასაკშიც საუცხოოდ გამოიყურებიან. 60 წლის ასაკშიც მინახავს ისეთი ქალები, ვისაც კანის დაჭიმვა არ სჭირდებათ. ეს ოპერაცია 3.000-დან 7.000 ლარამდე ჯდება.

- ამ პროცედურებსა და ოპერაციებს რა უკუჩვენებები შეიძლება ჰქონდეს?

- არანაირი. თუმცა ზოგადად, შეიძლება, ნებისმიერი პლასტიკური ოპერაცია გართულდეს, ამისგან დაზღვეული არავინაა. მსოფლიოს სტატისტიკაში ეს ჩვეულებრივი მოვლენაა.

სოფო ჩიქოვანი, ექიმი-კოსმეტოლოგი:

- ყველანაირი პროცედურა მოთხოვნით სარგებლობს - სახის გაწმენდა, მასაჟი, ნაოჭების გასწორება, ტუჩის კორექცია და ა.შ. კონკრეტულად ტუჩის გადიდება კოსმეტოლოგსაც შეუძლია. ეს პროცედურა სპეციალური გელით ან საკუთარი ცხიმითაც კეთდება (ამას უკვე ქირურგები აკეთებენ). კოსმეტოლოგები კი გელით მუშაობენ, რომელიც ხარისხის მიხედვით, სხვადასხვანაირია და ეფექტის ხანგრძლივობაც ამაზეა დამოკიდებული.

- მაქსიმუმ რამდენ ხანს ძლებს?

- პრეპარატი რაც უფრო ხელოვნურია, უფრო დიდხანს ძლებს, მაქსიმუმი - 3-5 წელია, მერე კი დამატება სჭირდება. ის გელი, რომლითაც დღესდღეობით ვმუშაობთ, ორგანულია და 1,5-2 წელი ძლებს, შემდეგ კი უკვალოდ ქრება, გაიწოვება. გელის შეშვებიდან პირველი 3-5 დღის განმავლობაში პაციენტებს ვურჩევთ ხოლმე, მასაჟი გაიკეთონ, თუმცა თუ პრეპარატი ხარისხიანი და ორგანულია და არა ხელოვნური ან სილიკონი, მასაჟის გარეშეც თანაბრად ჩაჯდება და ერთ ადგილას არ მოგროვდება.

- სილიკონს თუ იყენებთ?

- არა, რადგანაც სილიკონი არ გაიწოვება. შეიძლება, ოდნავ ჩაცხრეს და საკორექციო გახდეს, მაგრამ უკვალოდ მისი გაქრობა გამორიცხულია. ზოგჯერ ბურთების სახით გროვდება ან არათანაბრად ნაწილდება, ამიტომ ქირურგმა უნდა გაკვეთოს და სილიკონი ამოიღოს. ასევე, არსებობს სპეციალური ინიექციები, რომლებიც ადგილობრივად მის დაშლას იწვევს.

- როგორ ხდება საკუთარი ცხიმით ტუჩის გადიდება?

- სხეულის სხვადასხვა ზონიდან (დუნდულა ან წელი) ქირურგი იღებს ცხიმს და როგორც გელი, ისე შეჰყავს ტუჩში. წესით, ეს მუდმივი უნდა იყოს, მაგრამ პრაქტიკიდან გამომდინარე, სამწუხაროდ, ასეთი შედეგი ვერ მივიღეთ, რადგანაც ტუჩებში შეყვანილი ცხიმის გაწოვა მაინც ხდება. თან, ინდივიდუალურია და დამოკიდებულია იმაზე, თუ ვის რამდენად მდგრადი ცხიმი აქვს. შეყვანილი ცხიმი საშუალოდ, 6 თვიდან 3 წლამდე ძლებს, მერე კი საჭიროა გაკვეთა, დარჩენილი ცხიმის ამოღება და ხელახლა შეყვანა.

- თქვენი აზრით, რომელი უფრო ეფექტიანია - ცხიმი თუ გელი?

- ჯანმრთელობის მხრივ, ცხიმის შეყვანა სჯობია, აბსოლუტურად უსაფრთხოა, მაგრამ მიმაჩნია, რომ გელი უფრო ეფექტურია ვიზუალურადაც და ხანგრძლივობითაც, თუმცა როგორც აღვნიშნე, ისიც ასევე უსაფრთხოა, თუ ბუნებრივი მასალაა. ნაკლებად ტრავმულია. კოსმეტოლოგიური პროცედურის შემდეგ, პაციენტი ნახევარ საათში ისეთი ტუჩებით მიდის, როგორიც მას სურს.

- რაც შეეხება ბოტოქსს: რამდენად უვნებელია და როგორია მისი ეფექტის ხანგრძლივობა? თუ მას ერთხელ გაიკეთებს ადამიანი, შემდეგ მუდმივად სჭირდება? ხომ არ იწვევს კანის მეტად მოშვებას?

- არა. გაკეთების შემდეგ, მისი ეფექტი 4-6 თვე ნარჩუნდება, ზოგიერთი პაციენტის შემთხვევაში - 8 თვე ან 1 წელი. ბოტოქსის ინიექციით მუდმივ შედეგს ვერ მიაღწევ, მოქმედების ვადა რომ გაუვა, კუნთი და კანი ძველ მდგომარეობას უბრუნდება. სამწუხაროდ, ზოგს ჰგონია, რომ ინიექციის შემდეგ, ნაოჭები გაუღრმავდა, მაგრამ ეს მცდარი აზრია. სარკეში ყურებისას ადამიანი საკუთარ თავს ნაოჭების გარეშე ხედავს, თვალი ეჩვევა, მერე კი, როცა თავის პირვანდელ მდგომარეობას უბრუნდება, ჰგონია, უკუეფექტი მიიღო. ნაოჭების მომატება გამორიცხულია. ჩვენი პაციენტების უმეტესობა ბოტოქსს პროფილაქტიკის მიზნით იკეთებს, სანამ კუნთი მოეშვება. მისი საშუალებით დაბერების პროცესის შეყოვნება ხდება.

- თვალებზე გაჩენილი ნაოჭების მოსაშორებლად რა პროცედურები კეთდება?

- როცა თვალის გარშემო ნაოჭებია, იდეალური შედეგი აქვს ბოტოქსის ინიექციას. ბოტოქსს მიმიკური ნაოჭების კორექციაც შეუძლია და ბევრი ახალგაზრდაც მოგვმართავს, ძირითადად, 25 წლის ასაკიდან.

- სახის რა ნაწილში შეგყავთ ეს ინიექცია?

- ზედა ნაწილში - წარბს შორის, შუბლზე და თვალის გარე კუთხეში.

- ლოყის ფორმის შეცვლაც შესაძლებელია?

- დიახ. თუ ადამიანს ძალიან ჩავარდნილი ლოყები აქვს, ღაწვების შევსება გელით ხდება და ლოყა ფორმას იცვლის. სახის ოვალის კორექტირებაც კი შესაძლებელია. არიან პაციენტები, ვისაც ნაკლებად აქვს გამოხატული ქვედა ყბის ძვალი - კისერთანაა გაერთიანებული და მისი სახის ნაწილის ყელისაგან გამოკვეთა ხდება. თუ ლოყაზე მოშვებული და დანაოჭებული კანია, ქირურგიულ ჩარევას ვურჩევთ, ბრაზილიური ძაფების მეშვეობით ან სხვა მეთოდებით. არის კიდევ ტერმაჟის პროცედურა, რაც აპარატურული კოსმეტოლოგიის ერთ-ერთი სახეობაა, ფოტოგამაახალგაზრდავებელი. კანის დაჭიმვა სითბური ეფექტით ხდება. მისი გარანტია 10 წელია.

თამთა დადეშელი

ჟურნალი "გზა", 2011 წელი

პლასტიკური ქირურგიის შედეგი