"უნებურად" ჩადენილი ღალატი - გზაპრესი

"უნებურად" ჩადენილი ღალატი

ამბავი, რომელსაც უახლოეს ადამიანებს ვუმალავ, ღამით, მარტო დარჩენილს ხშირად მახსენებს თავს და გულს ძალიან მტკენს. მინდა, ჩემი ტკივილი თქვენ გაგიზიაროთ და იმედია, დამიკავშირდებით. პატივისცემით, ნაირა კ..." - ამ მესიჯის ავტორთან დაკავშირებას წერილის მიღებიდან რამდენიმე კვირის მანძილზე, უშედეგოდ ვცდილობდი. ბოლოს, თავად დამირეკა და როგორც ამიხსნა, ტელეფონი დროებით გამორთული ჰქონდა, რადგან მშობლიურ აფხაზეთში იყო სტუმრად ჩასული და უნდოდა, ძველი დრო მთელი სისავსით შეეგრძნო. ამიტომაც, მობილური შინ დატოვა და რამდენიმე დღით ისე ცხოვრება სცადა, როგორც წლები წინ, მზიან სოხუმში ცხოვრობდა...

- მადლობა, რომ ჩემს წერილს გამოეხმაურეთ. ტელეფონის ჩართვის შემდეგ თქვენი მესიჯი რომ ვნახე, ძალიან გამიხარდა. მივხვდი, "გზაში" რეალური, ჩემსავით გზააბნეული ადამიანების მონათხრობს წერთ და ყველას სატკივარი გულთან მიგაქვთ. ამიტომაც გყავთ ერთგული მკითხველები და მათ სიაში მეც მოვიაზრები... ახლა ჩემს სათქმელს რაც შეიძლება, მოკლედ მოგახსენებთ, რათა თავი არ შეგაწყინოთ. იმედია, მკაცრად არ განმსჯიან უცხო ადამიანები იმ განვლილი გზის გამო, რომელსაც თავადაც მწარედ განვიცდი და ცხადია, ვნანობ. საქმე ის არის, რომ წლების წინ, ჯერ კიდევ მაშინ, როცა აფხაზეთში ვცხოვრობდი, ძალიან მიყვარდა ჩემივე კლასელი - შალვა. ულამაზესი ბიჭი იყო, კალმით ნახატი ცისფერი თვალებით და გოგონებში დიდი პოპულარობით სარგებლობდა. ის ჩემს დიდ სიყვარულად და ტკივილად იქცა; მის გამო სდევს ჩემს ცხოვრებას სინდისის ქენჯნა, სხვა მხრივ ყველანაირად პატიოსანი ვარ.

- ალბათ, შალვაც არ იყო გულგრილი თქვენ მიმართ...

- ის ყველას მიმართ თბილი იყო. ყოველთვის მექალთანე გახლდათ და რაღაც ჯადოსნობით გოგონების გულის მოგებას ახერხებდა კიდეც. ჰოდა, მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდით, თვალებში გვიყურებდა და გვატყუებდა, მაინც ვუჯერებდით ხოლმე ან გვინდოდა, მისი სიტყვების გვერწმუნა და თავი ამ სიმპათიური ბიჭის დედოფლად წამით მაინც წარმოგვედგინა... მეც ვფიქრობდი, რომ გამორჩეული ვიყავი, შალვას ვუყვარდი, მაგრამ ის თურმე, ყველას მწარედ დაგვცინოდა, გარდა ერთისა - ქეთინო მართლაც, გამორჩეული გოგო იყო გარეგნულად, სწავლით კი არასდროს იკლავდა თავს. ის ჩემი საუკეთესო მეგობარი გახლდათ. ერთად გავიზარდეთ. ბავშვობაში ბევრ გოგოსთან მომსვლია კამათი, ქეთინოსთან - არასდროს. მოკლედ, ერთმანეთი ძალიან გვიყვარდა, მაგრამ მერე ჩვენ შორის შალვა ჩადგა. უფრო სწორედ, როცა გავიგე, რომ მას ჩემი მეგობარი უყვარდა, ეჭვიანობისგან ლამის, გავგიჟდი. ჩემსავით, ბევრს დაეთხარა თვალები და ვინ იცის, ქეთოზე როგორ სისაძაგლეს არ გაიგონებდით სიყვარულისგან გაცოფებული გოგონებისგან. საბედნიეროდ, მასზე ცუდი არასდროს მითქვამს და მით უმეტეს, არაფერი შემითხზავს, მაგრამ თავს ვიდანაშაულებ იმაში, რომ მის დაცვასაც არ ვცდილობდი - რა მექნა, მეც ვერაფერი ვუბრძანე გულს და მშურდა მისი...

- შალვას და ქეთინოს ურთიერთობა ქორწინებით დასრულდა?

- კი, უყვარდათ ერთმანეთი და სხვაგვარად აბა, როგორ იქნებოდა? ქორწილი სკოლის დამთავრებისთანავე გადაიხადეს. მეჯვარეობა მთხოვა ქეთინომ. შემომითვალა, - შენზე უკეთესი მეგობარი არ მყოლია და არ მეგულება. მართალია, ბავშვური მიზეზით ერთმანეთს დავემდურეთ, მაგრამ ახლა დროა, შევრიგდეთ და ურთიერთობა აღვადგინოთ, ჩემი მომავალი შვილის ნათლია შენ უნდა გახდეო. ქვა ავაგდე და თავი შევუშვირე, - არა-მეთქი. ამას მართლა ვერ გავაკეთებდი. მეგობრის წინადადება რომ მიმეღო, მაშინ საკუთარი თავისთვის, გრძნობებისთვის უნდა მეღალატა. მიუხედავად იმისა, რომ გავაცნობიერე, შალვა ჩემი არასდროს გახდებოდა, მაინც ვერ დავუშვი, რომ სამუდამოდ დავკარგე; მის გვერდით სხვა ქალს ვერასდროს შევეგუებოდი... ჰოდა, მათ ქორწილშიც არ მივსულვარ.

- ქეთინომ იცოდა, რომ შალვა გიყვარდათ?

- ცხადია, იცოდა. სხვა გოგონებზეც ყველაფერი იცოდა. ვიდრე ქეთინოს სიყვარულში გამოტყდებოდა, შალვა ხომ მარტო მას კი არა, ყველას ეარშიყებოდა. ჰოდა, მეგობრები ერთმანეთს გულახდილად ვუყვებოდით (როგორც უნდა გაგიკვირდეთ, ასე იყო), რა გვითხრა მექალთანემ, სად დაგვხვდა და ა.შ. მაშინ ეჭვიანობის ნატამალიც არ მქონდა გულში იმიტომ, რომ არ მეგონა, შალვა მე თუ არ ამირჩევდა. ხომ იცით, გულის რომელიღაც კუნჭულში, საკუთარი თავი ყველას შეუდარებელი ჰგონია და ასე დამემართა მეც... შალვას და ქეთოს გოგონა შეეძინათ - პატარას მოსანახულებლადაც არ მივსულვარ. უფრო მეტიც, სოხუმში სწავლის გაგრძელება გადავიფიქრე და თბილისში ჩამოვედი, მამიდასთან. ჩემს მშობლიურ მხარეში სწორედ იმ წელს დაიწყო არეულობა, მერე საშინელი დღეები გამოიარეს აფხაზეთში მცხოვრებმა ადამიანებმა... ომმა ბევრი ახლობელი დამაკარგვინა... ზოგი გარდაიცვალა, ზოგიც - ვინ იცის, სად გადასახლდა, ზოგი ალბათ აქვეა, ჩემ გვერდით და ვერც ვცნობ... მას მერე, რაც აფხაზეთი დავკარგეთ, იქ მხოლოდ ორჯერ ჩავედი. ეს არ არის ის სოხუმი, სადაც მე დავიბადე და გავიზარდე. ეს სრულიად უცხო ადგილი გახდა, მაგრამ მაინც მშობლიური და საყვარელია...

- ომის შემდეგ ალბათ, ბავშვობის დროინდელი მეგობარი და შეყვარებულიც დაკარგეთ...

- და გგონიათ, მათი პოვნა მინდა და ამიტომ მოგმართავთ? თქვენ გგონიათ, იმას განვიცდი, დაქალს საყვარელი ადამიანის წართმევა ანუ როგორც ახლა თქვენ, ახალგაზრდები ამბობთ, "ახევა" არ ვაპატიე და შვილი არ მოვუნათლე? ეჰ, ნეტავ, ასე იყოს, ჩემო გოგო... ომის მერე ცნობისმოყვარეობა არ მასვენებდა და სხვებთან ერთად, შალვას ოჯახიც მოვიკითხე. მათ შესახებ არავინ არაფერი იცოდა. გავიდა წლები. ამ ადამიანებზე უნებურად, ხშირად ვფიქრობდი. ერთხელაც, ვაგზლის მოედანზე, რაღაცის საყიდლად ვიყავი. კარგად მახსოვს, გეტრებს ვყიდულობდი ჩემი ქმრისთვის, როდესაც ვიღაცამ დამიძახა: ნაირა არ ხარო? ხმა მეცნო, ქალი - ვერა. - კი-მეთქი, - ვუპასუხე დაბნეულმა. - ვერ მიცანი, ხომ? აი, როგორ შემცვალა ცხოვრებამო... ქეთინო იყო, ჩემი ბავშვობის დროინდელი მეგობარი. მისმა დანახვამ ამაფორიაქა. დამავიწყდა ძველი წყენაც, შალვაც და გულში მაგრად ჩავიკარი. დიდხანს, ძალიან დიდხანს ვტიროდით ორივე. ხალხი გაკვირვებული გვიყურებდა. მერე ტელეფონის ნომრები გავცვალეთ და ემოციისგან აკანკალებულები, ერთმანეთს დავშორდით. ქეთომ მეორე დღესვე დამირეკა. ჩემთან დავპატიჟე. მესტუმრა, ჩემი მეუღლე გაიცნო. გავიხსენეთ ძველი დრო და მიამბო, ომის პერიოდში, სვანეთის გზით გადმოსვლისას როგორ იწვალეს. შალვა რომ მოვიკითხე, გული რაღაცნაირად ამიფორიაქდა; სახეზეც აშკარად, წამოვწითლდი. ქეთინომ გაიცინა: ბევრი გასაჭირი გამოვიარეთ, მაგრამ ძველებური ეშხი არ დაუკარგავს და ახლაც ისეთივე მექალთანეა, როგორიც ადრე იყო. სიცოცხლე გამიმწარა, მაგრამ მიყვარს და ვერ ვშორდებიო.

- მოსალოცი ამბავია, ძველ მეგობარს შეურიგდით, თურმე...

- ნეტავ, სულ არ მენახა... რაღაც პერიოდის შემდეგ ოჯახში დაგვპატიჟა მე და ჩემი მეუღლე. მიწვევა მივიღეთ და ვესტუმრეთ. შალვას დანახვამ ძველი გრძნობები ამიშალა (ისევ ისეთი მიმზიდველია, როგორც უწინ იყო. უფრო მეტიც, დაკაცებული, კუნთმაგარ, ათლეტურ მამაკაცად ქცეული, "დაღვინებული" ბევრად უკეთ გამოიყურება), მაგრამ ცხადია, ვცდილობდი, არაფერი შემემჩნია, თვალსაც ვარიდებდი. ქეთომ ჩემს ქმარს უამბო, წლების წინ გოგონები როგორ ვეხვეოდით შალვას, მერე მე როგორ გავუბრაზდი მეგობარს მის გამო და ამაზე ბევრი იცინეს, მეც ვიცინე - ნაძალადევად და ვითომ ხუმრობაშიც ავყევი ქეთოს. შინ რომ ვბრუნდებოდით, გზაში საკუთარ თავს ვეუბნებოდი: შალვა უნდა ამოიგდო გულიდან. ეს კაცი შენთვის მკვდარია. თუ არაფერი გამოვა, ქეთოს ისევ დაკარგავ-მეთქი - ასე მოქცევა ვითომ, მტკიცედ გადავწყვიტე... რამდენიმე კვირის შემდეგ ჩემს მობილურზე უცხო ნომრიდან დარეკეს. ვუპასუხე. შალვა იყო და შეხვედრა მთხოვა. ვიუარე, - შენთან ცალკე სალაპარაკო რა მაქვს-მეთქი? ქეთოზე უნდა დაგელაპარაკო, ძალიან ცუდადაა და შემხვდი, შენ გარდა ვერავინ გამიგებსო. არ ვიცი, მეგობარზე დარდმა, მისი საიდუმლოს გაგებამ თუ შალვას ნახვის ცდუნებამ მაიძულა და შეხვედრაზე დავთანხმდი. იმ დღეს მან შეძლო, საკუთარ სიყვარულში დავერწმუნებინე და რამდენიმე საათი ერთად გავატარეთ... მერწმუნეთ, ამას ძალიან განვიცდი. ეს არა მარტო ქეთოს, არამედ საკუთარი თავის, მეუღლის ღალატიც არის. სინდისი ძალიან მქენჯნის, მაგრამ იმ დღეს საკუთარ თავს ვერაფერი მოვუხერხე. არ ვიცი, რამდენიმე საათში რა როგორ მოხდა, მაგრამ თითქოს, ჩემს ნაცვალად სხვა, მეორე ნაირა მოქმედებდა...

- თითქოს გინდათ, თავი იმართლოთ მეგობრის წინაშე და ამ აღსარებასაც ამიტომ გვაბარებთ. ასეა?

- არ ვიცი, რას და როგორ ვაკეთებ. მერწმუნთ, ძალიან დაბნეული ვარ ამხელა ქალი...

- მხოლოდ ერთხელ შეხვდით ცალკე?

- კი. თუმცა, მერეც ჰქონდა ჩემი ნახვის მცდელობა. საყვარლობა შემომთავაზა, მაგრამ უარი მიიღო. რამდენჯერმე სახლთანაც დამხვდა, მაგრამ ყოველ ჯერზე უარით გავისტუმრე, ჩემთან მოახლოებაც ავუკრძალე. იმ დღის შემდეგ ჩემში რაღაც სუფთა მოკვდა თითქოს და მეზიზღება საკუთარი თავი. არ ვიცი, ქმარს თვალებში როგორ შევხედო და როცა ამის გაკეთება მიწევს, უნებურად, ვწითლდები. მეკითხება კიდეც: რა დაგემართა, რა ყველაფერზე წითლდები, კლიმაქსი ხომ არ დაგეწყოო? ქეთოც ხშირად მირეკავს, შეხვედრას მთხოვს, მაგრამ ყოველ ჯერზე რაღაცას ვიმიზეზებ მისგან თავის დასაღწევად. ტელეფონის ნომერს სიამოვნებით გამოვცვლიდი ამ ადამიანებთან კავშირის გასაწყვეტად, მაგრამ სად დავემალები, როცა ჩემი მისამართიც იცის? ჩვენ ხომ ლამის შევფიცეთ ერთმანეთს, რომ არასდროს დავიკარგებით...

- თქვენს მეუღლეზეც მიამბეთ რამე. რამდენი ხანია, რაც დაქორწინებულები ხართ?

- დიდი ხანია, მაგრამ შვილი არ გვეყოლა. არც ბავშვის აყვანას ვაპირებთ, რადგან ეს ჩემს მეუღლეს არ სურს. ძმისშვილები ჰყავს, ძალიან კარგები არიან და ამბობს: ესენი გამიწევენ შვილების მაგივრობასო...

- ეჭვიც არ მეპარება, ამ ინტერვიუს ცუდი გამოხმაურება-კომენტარები მოჰყვება. მზად ხართ იმისთვის, რომ უცნობებისგან გაკიცხვა მოისმინოთ?

- კი, ამისთვის მზად ვარ. უცნობებისთვის ამ საიდუმლოს გამჟღავნებით, ასე მგონია, აღსარებას ვამბობ და ამის შემდეგ უფრო მსუბუქად ვიგრძნობ თავს. მერწმუნეთ, ადვილი არ არის საყვარელი ადამიანის კლანჭებიდან დაძრომა. ზოგჯერ ხდება ისე, გონება გულს არ ემორჩილება და გული - გონებას, ასეთ დროს კი რაღაც ისეთი ხდება შენში, რომ საკუთარ ქმედებას ვერ აცნობიერებ და უკვე, როცა რაღაც ისეთს ჩაიდენ, რაც არ უნდა გაგეკეთებინა, ამას ძალიან, ძალიან მტკივნეულად განიცდი. მერწმუნეთ, რომ არ მტკიოდეს, ამას არასდროს მოგიყვებოდით. პირიქით, მე ამ საიდუმლოთი ვიარსებებდი, ბოლოს და ბოლოს ახდენილი ოცნებით სულს დავიმშვიდებდი, მაგრამ ამ ახდენილმა ოცნებამ პირიქით, საუთარი თავიც შემაზიზღა და მთელი საკაცეთიც; კიდევ ერთხელ დამაკარგვინა მეგობარი, რომელიც ახლა უკვე სიცოცხლეზე მეტად მიყვარს. ქმრის წინაშე ისე არ ვგრძნობ თავს დამნაშავედ, როგორც ქეთოს წინაშე. ხანდახან მინდა, სიმართლე ვუთხრა, მაგრამ ამის გაგებით ხომ გულს ვატკენ და აქამდე მოყვანილ ოჯახს დავუნგრევ, მე კი არ მინდა, მისთვის უბედურების მომტან, საბედისწერო ადამიანად ვიქცე, კარგად გამიგეთ... მადლობა, რომ მომისმინეთ. იმედია, სხვა დროს ჩემს სოხუმსაც გავიხსენებ და რაიმე პოზიტიურ თემაზე ლაპარაკის სურვილიც გამიჩნდება...

ლიკა ქაჯაია