ახალი "კუჩხი ბედინერი"... - გზაპრესი

ახალი "კუჩხი ბედინერი"...

მეგრელი ძუკუს ქალიშვილი კახელმა თანაკურსელმა აცდუნა და რადგან გოგო დაფეხმძიმდა, სხვა გზა არ ჰქონდა, სასწრაფოდ უნდა დაქორწინებულიყვნენ. ელგუჯამ გაპარვა შესთავაზა, მაგრამ მადონა არ დათანხმდა:

- ექვს თვეში რომ ბავშვი დაიბადება, იმასაც არ მაპატიებს მამაჩემი ადვილად და მის დაუკითხავად რომ გამოგყვე, სამუდამოდ დამკარგავს. თბილისში რომ მიშვებდა, სული გამომაყოლა: მეგრელის გარდა, არავინ შეიყვარო, გადამთიელს არ გაჰყვე და არ დამღუპოო...

- ახლაც რომ უარი თქვას?! - დაფრთხა ელგუჯა.

- ძალიან ვუყვარვარ და როგორმე დავითანხმებ, საქორწილო სუფრასაც გაშლილს დაგახვედრებთ შენ და შენს მაყრიონს საახალწლოდ, ზუსტად 31 დეკემბერს! - დაამშვიდა მადონამ და თან, გააფრთხილა: - ოღონდ, ფრთხილად იარეთ, კისერმოტეხილი არ მომადგე კარს...

გინდ, დაიჯერეთ და გინდ - არა, მაგრამ მოვლენები მაინც წინასწარ დაწერილი სცენარივით განვითარდა და განმეორდა: კახელი სასიძოს დასახვედრად და მისაღებად ძლივს დათანხმებულმა ძუკუმ უზარმაზარი სეფა გაშალა ეზოში, საუცხოო პურ-მარილით აავსო. ამაოდ იცადეს შიმშილით კბილებაკაწკაწებულმა სტუმრებმა მაყრიონის მოლოდინში, მაგრამ არავინ გამოჩნდა და ათს რომ გადასცდა საათის ისრები, ნელ-ნელა დაიწყეს დაშლა, რადგან ახალი წლის შეხვედრა ყველას საკუთარ ჭერქვეშ ეჩქარებოდა...

გადაირია ძუკუ და თოფიც გაისროლა:

- მომეცით ჩემი ოჯახის შემარცხვენელის მისამართი, რომ ჩავუვარდე და ამოვხოცო, მერე კი თქვენც საკადრის პასუხს გაგცემთ ჩემი შერცხვენისა და საქვეყნოდ გამოჭენებისთვისო...

ზუსტი მისამართი არც მადონამ იცოდა და რომც სცოდნოდა, საყვარელი კაცის მოსაკლავად როგორ გაუშვებდა მამას?! ეჭვიც არ ეპარებოდა, ფრიად საპატიო მიზეზით დააგვიანა ელგუჯამ მოსვლა და დღეს თუ არა, ხვალ მაინც გამოჩნდებოდა...

სასიძო კი არც მეორე დღეს გამოჩნდა. დააპირა მადონამ მის მოსაძებნად წასვლა, მაგრამ არ გაუშვა ძუკუმ:

- მოგკლავ და ჩემი ოჯახის შეურაცხმყოფელს ცოლად აღარ გაგაყოლებო...

ამასობაში მუცელიც დაეტყო გოგოს და ვეღარ დამალა ორსულობა. ძუკუს შეიძლება, მართლა მოეკლა შვილი, ელდაზე ინფარქტი რომ არ მოსვლოდა და საავადმყოფოში არ გაექანებინათ გონწასული.

რომ მოიხედა და ფეხზე დადგა, კი შემოუთვალა შვილს: სახლში არ დამხვდე, თორემ არ გაცოცხლებო, მაგრამ ბიძაშვილთან გადამალული საყვარელი შვილის გარეშე ისე ცარიელი მოეჩვენა სახლი, ცოტა ხანში დაყარა ფარ-ხმალი და მადონა სახლში დააბრუნა. მერე გაჩნდა ბიჭი და გულში ჩაიხუტა ბაბუამ: კიდევ კარგი, გოგო არ გაჩნდი შენც და მთლად არ გამწირა განგებამო...

თავად სამი ქალიშვილის მამა იყო და არც ერთმა არ ჰკითხა რჩევა, ისე დათხოვდნენ. მადონა მისი ბოლო იმედი იყო და ჩასასიძებელ ბიჭსაც კი ეძებდა მისთვის...

სიგიჟემდე უყვარდა ძუკუს "ნაბუშარა" შვილიშვილი და არავის აპატიებდა მისთვის ალმაცერად შემოხედვას. გვარსაც მისას ატარებდა პატარა გიორგი და ესეც აბედნიერებდა, რომ მამა-პაპისეულ გვარს გადაშენება არ ეწერა...

მადონამ სოფლის სკოლაში დაიწყო მუშაობა მასწავლებლად და მალე მთხოვნელებიც გამოუჩნდნენ პატიოსან, "ერთხელ შემცდარ" გოგოს. თავად კი ისევ ელგუჯა უყვარდა, მაგრამ როდემდე უნდა დალოდებოდა უგზო-უკვლოდ დაკარგულს? ჰოდა, კოლეგის ბიძაშვილზე გადაწყვიტა გათხოვება. დიდი ქორწილის გადახდის სურვილი არც ერთს ჰქონდა და საახალწლოდ გადაწყვიტეს წვეულების მოწყობა. დიდ სამზადისში იყვნენ, როცა მათ ჭიშკარს ორი შავი ჯიპი მოადგა და უცხო სტუმრები გადმოლაგდნენ.

კარში გასულმა ძუკუმ ვერც ერთი იცნო, მაგრამ მაინც შემოიპატიჟა ისინი. ამ დროს გამოიხედა მადონამ, რომელსაც ერთ-ერთი სტუმრის დანახვაზე გული წაუვიდა...

შვიდი წლის შემდეგ ელგუჯამ მოაკითხა ოჯახს, საყვარელი ქალის ხელის სათხოვნელად და ისევ იარაღის გადმოღება რომ დააპირა ძუკუმ, მაშინ გაირკვა სიმართლე: მექორწილეებს ავარია მოსვლოდათ და ყველაზე მძიმედ ელგუჯა დაშავებულა. ექიმებს ჰგონებიათ, რომ ვეღარასოდეს შეძლებდა ფეხზე დადგომას და გავლას. ამ წლების განმავლობაში რამდენიმე ოპერაცია გაუკეთებია და მხოლოდ სამი თვის წინ მოუხერხებია დამოუკიდებლად ფეხზე გავლა:

- თუ ინვალიდი დავრჩებოდი, ტვირთად ვერ დაგაწვებოდი და ვიდრე არ დავრწმუნდი, რომ გამოვჯანმრთელდი, მანამდე არ შეგეხმიანე! - შეყვარებული თვალებით უცქერდა საყვარელ, მონატრებულ ქალს, რომელმაც ვერ გაუძლო ცდუნებას და ელგუჯას გაშლილ მკლავებში ჩაუვარდა...

ამ დროს შემოვიდა ოთახში ექვსი წლის გიორგი, რომელიც გაჭრილი ვაშლივით ჰგავდა მამას და გულში ჩაიხუტეს სიხარულით გადარეულმა ნათესავებმა...

ქორწილი მაინც გაიმართა ძუკუს ოჯახში, რომელმაც თანხმობა მხოლოდ მაშინ განაცხადა, რაც პირობა მიიღო, რომ შვილიშვილს არ წაართმევდნენ და საბოლოოდ, ელგუჯაც ზედსიძედ შემოვიდოდა მის ოჯახში, მეგრელი სასიძო კი ბოდიშებით, ძლივს გაისტუმრეს.

ინგა ჯაყელი