ქეთი მითაიშვილის საახალწლო ზღაპარი - გზაპრესი

ქეთი მითაიშვილის საახალწლო ზღაპარი

ცხადია, იოლი არ არის ამერიკის შეერთებული შტატებიდან საქართველოში წამდაუწუმ ჩამოსვლა, მაგრამ ხანგრძლივ განშორებასაც ვერ ეგუება და პირველივე შესაძლებლობისთანავე შინ მოიჩქარის. მერე კი... მისი თბილისელი ახლობლებისთვის, მათი შვილებისა და შვილიშვილებისთვის იწყება განსაკუთრებული, მართლაც ზღაპრული საშობაო-საახალწლო "მოგზაურობა" ჯადოსნურ სამყაროში. წელს, საშობაოდ მასთან სტუმრობის ფოტოების სოციალურ ქსელში გამოქვეყნების შემდეგ აღფრთოვანებული ხალხი მეკითხებოდა, რომელ ქვეყანაში ხარო? მეც ლაკონურად ვპასუხობდი: ქეთევან მითაიშვილის "ზღაპრულ ქვეყანაში", სადაც დიდიცა და პატარაც იჯერებს, რომ საშობაო-საახალწლო ოცნებები სრულდება, რადგან თოვლის ბაბუაცა და სანტა კლაუსიც ელფებთან, ირმებთან და ყველა ჯადოსნურ მეგობართან ერთად იქვე, ხელის გაწვდენაზე არიან-მეთქი.

GzaPressწლევანდელი, განსაკუთრებულად ლამაზი შობა-ახალი წელი საქართველოს ტელევიზიის პირველი არხის (დღევანდელი "საზოგადოებრივი მაუწყებელი") უახლესი ისტორიის ერთ-ერთმა ცნობილმა სახემ, გამოცდილმა დიქტორმა, წამყვანმა და პედაგოგმა, მუდამ ხალისიანმა, მოსიყვარულე და უზომოდ ყურადღებიანმა ქეთევან მითაიშვილმა თავის შვილიშვილს, წელიწად-ნახევრის ცოტნე-ბობო მაჭავარიანს მიუძღვნა - ბებია-შვილიშვილი წელს პირველად შეხვდა ერთმანეთს. მე კი ტრადიცია არ დავარღვიე და ქეთის საშობაოდ ვეწვიე.

ქეთევან მითაიშვილი:

- სამწუხაროდ, ბობოს დაბადებას ვერ დავესწარი, ვერ ჩამოვედი, მაგრამ ბედნიერი ვარ, რომ როგორც იქნა, შევხვდი. ამ პატარა ბავშვს საოცარი რეაქცია ჰქონდა და ამად ღირდა ყველაფერი... საერთოდ, სადაც უნდა ვიყო (26 ქვეყანა მაქვს ნანახი, ამას წინათ არგენტინა-ბრაზილიაში ვიმოგზაურე), ათვლის წერტილად ყოველთვის ჩემიEქვეყანა მაქვს. რამდენჯერ მითქვამს, ასე როგორ შეიძლება, ამდენ ქვეყანას ვათვალიერებ და საქართველოში რამდენი ადგილი არ მინახავს-მეთქი? მტკიცედ გადავწყვიტე, ერთი ზაფხული მთლიანად საქართველოში მოგზაურობას მივუძღვნა.

- ამერიკაში ცხოვრებას შენთვის და კიდევ ბევრი ადამიანისთვის ალბათ ბევრი დადებითი აქვს, მაგრამ უარყოფითიც არანაკლებია - შენიანებისგან ძალიან შორს ხარ.

- იქ გამგზავრება ჩემი არჩევანია, მაგრამ მეორე საკითხია, რამდენად სწორად მოვიქეცი... ამას რომ ვუღრმავდები, სევდა მერევა. რა თქმა უნდა, ყველაფერი ისევ და ისევ ოჯახსა და შვილებს უკავშირდება. მაინც მადლობელი ვარ ბედისწერის. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მძიმე შრომის შედეგად მიწევს ბევრი რამის მიღწევა, მადლობელი ვარ, რომ ასე თუ ისე, ფეხზე ვდგავარ, ვმუშაობ და თუნდაც შიგადაშიგ ვინმეს დახმარებას ვახერხებ.

- ეგ კი ნამდვილად გამოგდის, ნაცნობ-ახლობლებზე რომ არაფერი ვთქვა, მართლა ჩასაფრებულივით ხარ ქართულ ვებ-გვერდებზე და ვინმეს გაჭირვებაზე გაიგებ თუ არა, გვეხმიანები, რაღაც წვლილი რომ შეიტანო იმ ადამიანების გადარჩენაში (მაწყვეტინებს - ავტ.)...

GzaPress- ამის აფიშირება რა საჭიროა! სამწუხაროდ, დახმარების სურვილი მეც და სხვასაც შეიძლება ბევრჯერ გვაქვს, მაგრამ ყველას ვერ წვდები და ეს გაცილებით გთრგუნავს. მხოლოდ იმით იმშვიდებ თავს, ის გახარებს რომ თუნდაც ერთ ადამიანს რამდენიმე საათით გაუხანგრძლივე სიცოცხლე,...

- ლამის 12 წელიწადია, ამერიკაში ცხოვრობ, შრომობ... ჩვენი საახალწლო განწყობის დამძიმება არ მინდა, მაგრამ მოდი, ერთხელ კიდევ გადავავლოთ თვალი შენს ამერიკულ ყოფას, მით უფრო, რომ იქაც არიან შენთვის ძვირფასი ადამიანები - შენი უფროსი ვაჟი გიორგი და შვილიშვილი ემილი.

- მე ნიუ-ჯერსიში ვარ, გიორგი კი ჩემგან ძალიან შორს, მაიამიში ცხოვრობს და სამწუხაროდ, ლამის 5 წელიწადში ერთხელ თუ ვნახულობ. ბოლოს 2013 წლის გაზაფხულზე ვნახე, დაბადების დღეზე ჩავაკითხე. ემილი დედასთან ერთად ცხოვრობს და მასაც შეძლებისდაგვარად ვნახულობ. ძალიან კარგი გოგონაა, უკვე გაიზარდა. გახსოვს, 9 წლის იყო, მასზე პირველად რომ გიამბე და გაზეთში დაწერე, ფოტოც ხომ დაბეჭდე? ის გაზეთი გავუგზავნე და უბედნიერესი იყო. მითხრა, რა ცუდია, ქართული რომ არ ვიცი, თორემ ხომ გავიგებდი, ჩემზე რას წერენო (იცინის)? დავპირდი, წაგიყვან საქართველოში და შენგანაც აიღებენ ინტერვიუს-მეთქი. თავისი მეგობრისთვის უთქვამს: იცი, ჩემი ბებო საქართველოში ძალიან ცნობილია და რომ წამიყვანს, შენც წამოდი. იქ ინტერვიუსაც აიღებენ ჩემგან და ტელევიზიაშიც მიმიწვევენო. ახლა ემილი 13 წლისაა, ძალიან აინტერესებს საქართველო და ერთ-ორ წელიწადში აუცილებლად ჩამოვიყვან. რასაკვირველია, პრესაში ექსკლუზიურ ინტერვიუს შენ მოგცემს (იცინის).

რაც შეეხება, ჩემს იქაურ ცხოვრებას... ყველამ კარგად იცის, ვინ რატომ და რისთვის მივდივართ ასე შორს. იქ ტელევიზიის თავმჯდომარედ რომ არავინ დამნიშნავდა, კარგად ვიცოდი, თუმცა იმასაც გეტყვი, რომ ერთ-ერთ რუსულ არხზე მუშაობის დაწყების კარგი შანსი გამოჩნდა, მაგრამ იმ პერიოდში მუშაობის უფლება არ მქონდა, ხოლო როცა სამი წლის შემდეგ ჩემი შვილის წყალობით, რომელიც სამხედრო მოსამსახურე იყო, ეს უფლება მოვიპოვე, ის სამუშაო აღარ იყო. ვფიქრობ, უცხოეთში ცხოვრების მთავარი ურთულესი ეტაპი გავიარე, გადავლახე. არა იმიტომ, რომ რაიმე უცხოური გამორჩეულად მხიბლავს ან ვეთაყვანები, მაგრამ არ შეიძლება, მადლობა არ ვუთხრა ქვეყანას, რომელმაც, მართალია არანორმალური ტანჯვის ფასად, მაგრამ მაინც, მე და კიდევ უამრავ ადამიანს მოგვცა მუშაობისა და საქართველოში ჩვენი ოჯახების რჩენის საშუალება. ძალიან ბევრი ოჯახი გადაარჩინა ამ ქვეყანამ, კიდევ ვიმეორებ, ჩვენი ტანჯვის ფასად, მაგრამ ესეც ჩვენი არჩევანი იყო.

- ეს ურთულესი არჩევანი იყო - საქართველოში ტყუპი ვაჟი, იმხანად 13 წლის საბა და ცოტნე დატოვე. ტყუპი, რომელიც დაახლოებით 25 წლის წინ, დაბადებისთანავე იხილა მთელმა საქართველომ.

GzaPress- ჩემმა ტელევიზიამ, "მოამბის" რედაქციამ მომიძღვნა ეს საჩუქარი - სამშობიაროშივე გადაგვიღეს. კარგად მახსოვს, იმხანად გამოდიოდა გაზეთი "დვრიტა" და ბიჭების სამშობიაროში გადაღებული ფოტო იქაც დაბეჭდეს. რამდენი მაქვს გასახსენებელი... ძალიან მწყდება გული, რომ 25-წლიანი ეკრანული ცხოვრების კადრიც კი არ გამაჩნია. ჭრიჭინობელასავით დამემართა: მეგონა, ყველაფერი დაუსრულებლად გაგრძელდებოდა და ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ბედის ბორბალი უკუღმა დატრიალდებოდა: ტელევიზიაც გაქრებოდა ჩემი ცხოვრებიდან და საერთოდ, ცხოვრება მთლიანად ამოყირავდებოდა. თავის დროზე არ ვიზრუნე, რომ საკუთარი პატარა არქივი გამეკეთებინა.

- მოდი, კიდევ ერთხელ გავახსენოთ მკითხველს შენი ეკრანული ცხოვრება. გარდა იმისა, რომ დიქტორი იყავი, რა გადაცემები მიგყავდა?

- განა მარტო დაწერილ ტექსტებს ვკითხულობდით? საკუთარი ხელწერაც გვქონდა და აზრის თავისუფლად გამოთქმაც შეგვეძლო. მსახიობის ოსტატობაც გვჭირდებოდა, განწყობა რომ შეგვექმნა და ესა თუ ის ამბავი მაყურებლამდე სწორად მიგვეტანა. რობოტები ნამდვილად არ ვყოფილვართ და მხოლოდ სიტყვების რახარუხი, ტექსტის წაკითხვა არ მიიჩნეოდა პროფესიონალიზმად. დიქტორობა რატომღაც მერე გახადეს შეურაცხმყოფელი, თორემ... რაც შეეხება გადაცემებს, იმხანად რედაქციებად იყო დაყოფილი ტელევიზია და რედაქცია არ დარჩენილა, რომლის გადაცემაც არ წამეყვანა, საინფორმაციო პროგრამა "მოამბით" დაწყებული, ყველა ტიპის გადაცემით დასრულებული, მათ შორის - საახალწლო პროგრამებით. მახსოვს, ერთხანს აწ გარდაცვლილი ოთარ სეფიაშვილის "ილუზიონიც" კი მიმყავდა, მგონი, არჩევნებში კენჭს იყრიდა და მე მანდო გადაცემის წაყვანა. ბატონი ოთარი ახლახან გარდაიცვალა ამერიკაში. მხოლოდ ერთხელ ვინახულე იქ და ძალიან ვისიამოვნე მის ოჯახში სტუმრობით. მისი გარდაცვალების შესახებ დაკრძალვის წინა დღეს შევიტყვე და სამძიმარზეც ვერ ჩავედი. ძალიან მინდა, მის საფლავზე მისვლა მაინც მოვახერხო. ტელევიზიაში მუშაობისას უდიდესი ყურადღება ექცეოდა მეტყველებას, უფრო სწორად, კარგი გარეგნობა, განათლება და მეტყველება სინთეზში უნდა ყოფილიყო. იმხანად დიდი დოზით იყო ცენზურა. ვფიქრობ, ასეთი რამ დღესაც უნდა არსებობდეს, მაგრამ, ცხადია გაცილებით ნაკლები დოზით. სამწუხაროდ, სიტყვის თავისუფლება ცუდად გაიგეს, ამიტომ დღეს სალაპარაკო ენაც დამახინჯებულია და მეტყველების კულტურაც, ზოგიერთ შემთხვევაში - კრიტიკასაც ვერ უძლებს. უბედურებაა, აბა რა, იმდენ უცხოურ სიტყვას იყენებენ წამყვანები თუ რესპონდენტები: "ბორდი", "სენსიტივი", რომელი ერთი დავასახელო? რამდენი შესატყვისი გვაქვს ქართულში და არ შეიძლება ეს ყველაფერი მშობლიურ ენაზე წარმოთქვა? ერთი უკიდურესობიდან მეორე უკიდურესობაში გადავდივართ ხოლმე და საუბედუროდ, ლამაზი ოქროს შუალედი არ გაგვაჩნია. გარდა ამისა, იმჟამინდელი გადაცემებიდან, ვფიქრობ, გაცილებით მეტი სიკეთე მოდიოდა. აბა, ისაა საქმე, ყველა საინფორმაციო პროგრამას უარყოფითი, საშინელი ამბით რომ იწყებენ? ეს ხომ შესაბამისად მოქმედებს ადამიანის ფსიქიკაზე და ამიტომაც არიან ადამიანები მუდამ უარყოფითად განწყობილნი! კარგიც ხომ ხდება და არ შეიძლება, კარგი ამბით დავიწყოთ? საზღვარგარეთაც ხდება ცუდი ამბები, მაგრამ ასეთი დოზით კი არ უკეთებენ რეკლამას!

- ყოველ ახალ წელიწადს იმედს ვებღაუჭებით და ადამიანების უმრავლესობა ქვეცნობიერად მაინც ვიმედოვნებთ, რომ შობა ოცნებებს აგვისრულებს, ახალი წელი კი რაღაც სიახლეს, კარგს მოგვიტანს. როგორი იყო შენთვის 2014 და რა საშობაო-საახალწლო იმედები გაქვს 2015 წლისთვის?

GzaPress- ქრისტეშობა თვითონაა სიყვარულისა და რწმენის, იმედისა და სიკეთის დღესასწაული და ადამიანებიც ამიტომ შევციცინებთ იმედს, ამიტომ ვფიქრობთ უკეთესზე. ჩემს იქაურ მეგობრებს ჩვენს ასეთ განწყობასა და შობასთან დამოკიდებულებაზე, საერთოდაც, საქართველოზე რომ ვუამბე, ყველამ მოინდომა აქ სტუმრობა. თუნდაც ბარბარა მასტრიანს, ჩვენს სუპერვაიზერსა და არაჩვეულებრივ ადამიანს, ერთი სული აქვს, პირადად როდის გაიცნობს საქართველოს, ოცნებობს აქაური ახალი წელიც "დააგემოვნოს". მეც დავპირდი, წაგიყვან-მეთქი. ეს უკვე ჩემს გამარჯვებად მიმაჩნია. რაც შეეხება ჩემს საახალწლო იმედებს, ცხოვრება ისეთია, ვიცი, წლის განმავლობაში კარგიც მოხდება და ცუდიც, მაგრამ მაინც კარგისთვის ვარ განწყობილი. მადლობელი ვარ თითოეული განვლილი წლის, რაც ბედისწერამ მომიტანა ან წამართვა, რითაც გამახარა ან დამასევდიანა, ეს ჩემი ისტორიაა, წარსულია. თუ ამას დავივიწყებ, მომავალს ვერ შევქმნი, მაგრამ არც მხოლოდ წარსულის მოგონებით მინდა ვიარსებო. ჩემი აწყმო ასეთია თუ ისეთი, ის ჩემი ცხოვრებაა და მომავალი აქვს - შვილები, შვილიშვილები, არაჩვეულებრივი მეგობრები. როგორ არ დავაფასო? ერთადერთი, ვინატრებ, რომ ირგვლივ სიმშვიდე იყოს და ჯანმრთელობამ შეგვიწყოს ხელი, რაც შეიძლება ბევრი კეთილი და კარგი საქმე რომ ვაკეთოთ.

ირმა ხარშილაძე