პირველი სამეცნიერო ექსპედიცია მყინვარწვერზე, რომელშიც ლეგენდარული მთამსვლელი ქალი მონაწილეობდა
1923 წლის აგვისტო-სექტემბერში მყინვარწვერზე ორი ასვლა დაიგეგმა. პირველ ექსპედიციას, რომელსაც სპორტული მიმართულება ჰქონდა, პროფესორი გიორგი ნიკოლაძე ხელმძღვანელობდა. 1923 წლის 28 აგვისტოს დევდორაკის მყინვარით მწვერვალზე ავიდა ჯგუფი, რომელშიც 18 მთამსვლელი შედიოდა (მათ შორის ხუთი ქალი). ხოლო სექტემბერში განხორციელებულ სამეცნიერო ექსპედიციას - გეოფიზიკური ობსერვატორიის დირექტორი, პროფესორი ალექსანდრე დიდებულიძე ედგა სათავეში. ის იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ერთ-ერთი დამაარსებელი, ამავე ინსტიტუტის ზოგადი და თეორიული ელექტროტექნიკის კათედრის გამგე. იმავდროულად, დიდებულიძე 1923-1925 წლებში თბილისის გეოფიზიკურ ობსერვატორიას ხელმძღვანელობდა. სწორედ მან ჩაუყარა მეცნიერული საფუძველი კავკასიონის მთავარი ქედის გეოფიზიკურ გამოკვლევებს.
ამ მიზნით დიდებულიძის ხელმძღვანელობით 1923 წლის სექტემბერში მყინვარწვერზე ავიდა თბილისის გეოფიზიკური ობსერვატორიის ექსპედიცია, რომელიც გზადაგზა მეტეოროლოგიურად, მაგნიტოლოგიურად, გლაციოლოგიურად და ტოპოგრაფიულად იკვლევდა მყინვარწვერის მიდამოებს. 3 სექტემბერს, 15 საათზე, ამ ექსპედიციის ჯგუფი 7 კაცის შემადგენლობით (გახა წიკლაური, ალექსანდრა ჯაფარიძე, იოსებ ასლანიშვილი, ანდრია თოფაძე, ვალენტინ თულაშვილი, არნოლდ ვეისი, ტარასი ზაგაშვილი) მწვერვალზე ავიდა. ალექსანდრა ჯაფარიძე ჯგუფში ერთადერთი ქალი იყო. სიცოცხლეშივე ლეგენდარულმა ალპინისტმა თბილისის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის დამთავრებისთანავე, გეოფიზიკურ ობსერვატორიაში სინოპტიკოსად დაიწყო მუშაობა.
ვანო ჯაფარიძე, ალექსანდრა ჯაფარიძის ძმისშვილი გვიამბობს:
- მყინვარწვერიდან დაბრუნებულ ბედნიერ და გახარებულ გიორგი ნიკოლაძის ჯგუფს დევდორაკის მყინვარზე შემოხვდა გეოფიზიკური ობსერვატორიის სამეცნიერო ექსპედიცია. ამ ორი ასვლით საფუძველი ჩაეყარა მთამსვლელობას არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ ყოფილ საბჭოთა კავშირში... 1924 წელს, „გეოგრაფიული საზოგადოება“ დაარსდა. მთამსვლელთა, ანუ როგორც მაშინ ეძახდნენ მთასვლა-მგზავრობის განყოფილების გამგედ გიორგი ნიკოლაძე დაუნიშნავთ. 1925 წელს ნიკოლაძის მიერ იალბუზზე მოწყობილ ექსპედიციაში ალექსანდრას ძმას, სიმონსაც მიუღია მონაწილეობა. ის კარგი ორგანიზატორი და საუკეთესო მოსიარულე აღმოჩნდა.
ერთი წლის შემდეგ, როდესაც გიორგი ნიკოლაძე უცხოეთში გაემგზავრა, თანამდებობა სიმონ ჯაფარიძისთვის გადაულოცია, რომლის ხელმძღვანელობითაც, გარდა სპორტული ასვლებისა, დაიწყო ალექსანდრე დიდებულიძის ჩანაფიქრის ხორცშესხმა - მყინვარწვერზე გაგრძელდა კვლევა-დაკვირვებები მეტეოროლოგიასა და კლიმატოლოგიაში.
პირველი მეტეოჯიხური, რომელიც 24-საათიან აღრიცხვას აწარმოებდა და ტემპერატურის ცვალებადობას აფიქსირებდა, მყინვარწვერზე სიმონმა და ალექსანდრამ დადგეს.
ლეგენდადქცეული ბეთლემის გამოქვაბულის აღმოჩენა და კვლევაც ალექსანდრას უკავშირდება. ის შეიტყობს 1947 წლის ბოლოს, ყაზბეგის მაღალმთიანი მეტეოროლოგიური სადგურის თანამშრომლებისგან, რომ მყინვარწვერის კალთებზე, ზღვის დონიდან 4000 მეტრზე, კლდეში რაღაც კარი შევამჩნიეთო. ალექსანდრა დაუყოვნებლივ მიმართავს მთავრობას: „მე როგორც ალპური კლუბის კომისიის წევრი, ბეთლემის საკითხით დაინტერესებული ვარ. მაქვს სურვილი, საკმაო ფიზიკური და მორალური შესაძლებლობანი, მივიღო ჩემს თავზე ამ საქმის ორგანიზაცია“. მისი თხოვნა დაკმაყოფილდა და 1948 წლის 7 იანვარს, ალექსანდრა ჯგუფთან ერთად პირველად შევიდა გამოქვაბულში. „ხასხასა და დაუჟანგავ ზღაპრადთქმულ ჯაჭვს ხელით რომ შევეხე, გული კინაღამ ამომივარდა“ - დაწერს მოგვიანებით თავის დღიურში.
პირველი სამეცნიერო ექსპედიციის შესახებ, საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების 1924 წლის №1 ჟურნალში გამოქვეყნდა პროფესორ ალექსანდრე დიდებულიძის ანგარიში:
„1923 წლის ზაფხულში მე წარვუდგინე განათლების სახალხო კომისარს დავით კანდელაკს
მყინვარის წვერზე გეოფიზიკური ექსპედიციის პროექტი. კომისრის თანაგრძნობითა და საჭირო თანხების გაცემით შესაძლო შეიქმნა ექსპედიციის მოწყობა. ამრიგად, ეს ექსპედიცია უნდა ჩაითვალოს მყინვარწვერის პირველ გეოფიზიკურ ექსპედიციად, რამაც დაუდო მეცნიერული საფუძველი კავკასიონის მთავარი ქედის გეოფიზიკურ კვლევა-ძიებას.
ვინაიდან ეს ექსპედიცია ამ მხრივ პირველია, ამიტომ მას აქვს უმთავრესად დასაზვერი და
საცდელი ხასიათი. ამ წერილში მე შევეხები ექსპედიციის მეტეოროლოგიურ მხარეს, შემდეგ მოვიყვან ექსპედიციის დროს წარმოებული დაკვირვებების ზოგიერთ შედეგს, რადგან უფრო დაწვრილებითი - ანგარიში და მასალები განზრახული გვაქვს დავბეჭდოთ ობსერვატორიის შრომებში.
საქართველოს გეოფიზიკური ობსერვატორიის სამეცნიერო საბჭოს მიერ დამტკიცებული
პროექტით ექსპედიციის შემადგენლობა იყო შემდეგი:
1. ექსპედიციის უფროსი – ობსერვატორიის დირექტორი, პროფესორი ალექსანდრე
დიდებულიძე,
2. მეტეოროლოგიური ნაწილის დამკვირვებლები: ვიქტორ კოჩერგინი, ალექსანდრა
ჯაფარიძე, არჩილ ბენაშვილი, გიორგი ერიქაშვილი, კონსტანტინე პაპინაშვილი
და გიორგი ავალიშვილი,
3. დამკვირვებლების თანაშემწენი: ვალენტინ თულაშვილი, ევგენი ლიპინსკი, ანდრია თოფაძე,
4. მაგნიტური ნაწილის დამკვირვებლები: დიმიტრი გურგენიძე, შალვა ხუჭუა, ნიკო
ინწკირველი,
5. ტოპოგრაფები: გიორგი ქავთარაძე, სერგი ცხაკაია
6. ექიმი - სოსო ასლანიშვილი,
7. მექანიკოსი – არნოლდ ვეისი,
8. მსახური - 1
სულ 18 კაცი. მთელი ექსპედიციის განმავლობაში შეუწყვეტლად და ყოველ საათს წარმოებდა დაკვირვება... მწვერვალზე ასულებმა ნახეს პრეობრაჟენსკაიას მიერ დადგმული მეტეოროლოგიური ბუდრუგანა. მყინვარწვერის ექსპედიციამ დაგვანახვა ზოგიერთი ხელსაწყოს ნაკლულოვნება... დასასრულ გამოვთქვამ სურვილს, რომ ჩვენს მიერ მოგროვილი მასალა არ იყოს უკანასკნელი, რომ იგი შეძლებისთანავე შევსებულ იქნას ახალი ცნობებით, რაც დიდ სამსახურს გაუწევს მეცნიერებას საზოგადოდ და კერძოდ ჩვენი ქვეყნის შესწავლას“.
1923 წ. მყინვარწვერზე პირველი სამეცნიერო ექსპედიციის მონაწილენი თბილისის
გეოფიზიკური ობსერვატორიის ეზოში.
სხედან: ევგენი ლიპინსკი, ანდრია თოფაძე, სოსო ასლანიშვილი, ალექსანდრა ჯაფარიძე, ალექსანდრე დიდებულიძე, გიორგი ქავთარაძე, სერგი ცხაკაია, შალვა ხუჭუა.
დგანან: არჩილ ბენაშვილი, კონსტანტინე პაპინაშვილი, ვალენტინ თულაშვილი, გიორგი ავალიშვილი, გიორგი ერიქაშვილი, არნოლდ ვეისი, ტარასი ზაგაშვილი, ვიქტორ კოჩერგინი, დიმიტრი გურგენიძე, ნიკო ინწკირველი.
1923 წ. მყინვარწვერზე პირველი სამეცნიერო ექსპედიციის მონაწილენი გასვლის წინ
ავტომანქანაზე.
წინა პლანზე: გიორგი ქავთარაძე, გიორგი ავალიშვილი, სერგი ცხაკაია, ვალენტინ თულაშვილი, არჩილ ბენაშვილი, სოსო ასლანიშვილი, ნიკო ინწკირველი, ანდრია თოფაძე (ზის მანქანის ფრთაზე).
მანქანის ძარაში სხედან: კონსტანტინე პაპინაშვილი, ევგენი ლიპინსკი, არნოლდ ვეისი, გიორგი ერიქაშვილი, ალექსანდრე დიდებულიძე, ვიქტორ კოჩერგინი, ტარასი ზაგაშვილი, დიმიტრი გურგენიძე, შალვა ხუჭუა, ალექსანდრა ჯაფარიძე
მყინვარწვერზე პირველი სამეცნიერო ექსპედიციის
ხელმძღვანელი ალექსანდრე დიდებულიძე
ალექსანდრა ჯაფარიძე, 1923 წელი
საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების ჟურნალი
- „მოამბე“ (1924 წელი, №1)
ობსერვატორია გასულ საუკუნეში
დღეს, ყოფილი გეოფიზიკური ობსერვატორიის შენობაში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი (დაარსდა 1953 წლის 11 თებერვალს) ფუნქციონირებს და მისი სამართალმემკვიდრეა.
ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი
ნანული ზოტიკიშვილი