"ბიჭმა გოგო გაიტყუა, ჩიტი ბუდითვინაო", "ქვრივო, შენი კანჭები, ნეტავ, რას მეპრანჭები" - სკაბრეზული გამონათქვამები იოსებ გრიშაშვილის ბიბლიოთეკა-მუზეუმში დაცული ჩანაწერებიდან
სკაბრეზული გამონათქვამები უხვად მოიპოვება არისტოფანეს, ლუკიანეს, რაბლეს, ვოლტერის, პუშკინის, ლერმონტოვის და სხვათა შემოქმედებაში. ამ ჟანრის ნაწარმოებებს ჰყავდა როგორც მოწინააღმდეგეები, ასევე მომხრეები.
იოსებ გრიშაშვილის ბიბლიოთეკა-მუზეუმის ხელმძღვანელი ნოდარ გრიგორაშვილი (იოსებ გრიშაშვილის დის შვილიშვილი) აღნიშნავს:
„ჩვენს ფონდში სხვადასხვა მასალებს შორის არაერთი სკაბრეზული ნიმუში გვხვდება. იოსებ გრიშაშვილი წერდა - ბილწსიტყვაობა შევკრიბე ვასო აბაშიძის წინადადებით. მითხრა, მომიგროვე, ასეთები უნდა უნივერსიტეტს შევწიროო. სათაურიც იმას ეკუთვნის. გრიშაშვილმა ერთად მოუყარა თავი ხალხურ თქმულებებს, ქალაქური ფოლკლორის ნიმუშებს, ცალკეულ ავტორთა ნაწარმოებებს, ანდაზებს, გამოცანებს - საქართველოს კუთხეებში განაგონსა და მოძიებულს, პირადად მისი და სხვა პირთა მიერ.“
ბიბლიოთეკა-მუზეუმში დაცული ჩანაწერებიდან რამდენიმეს გთავაზობთ გასამხიარულებლად.
* * *
ქვრივო, შენი ჭირიმე,
შენი გამოჭრილი მე,
ქვრივო, შენი კანჭები,
ნეტავ, რას მეპრანჭები.
მინაწერი: მამაჩემს - გრიშას უყვარდა ეს სიმღერა.
* * *
ბიჭმა გოგო გაიტყუა,
ჩიტი ბუდითვინაო,
ჩიტი-ბუდეს რა უნდოდა,
სულ სხვა რამითვინაო.
* * *
ქოროღლის ნათქვამი, როცა ცოლმა უღალატა.
ამ გორსა და იმ გორას
ხელს მოვკიდებ და რახს ვუზამ,
ალაზანსა და იორსა
დავეყრდნობი და ხრაპს ვუზამ
ას ფუთ რკინასა მაგარსა
კბილს მოვუჭერ და წკაპს ვუზამ
მაგრამ დიაცსა დედაკაცს
ვერაფერსაცა ვერ ვუზამ.
განაგონი ალექანდრე ჯაფარიძისაგან.
* * *
ორსა ბროლსა ფიქალს შუა
ერთი რამ უცხო თვალია
შიგ აუზით ამოუდის
აბანოს ვარდის წყალია.
გარს ახვევია ბალახი
ვერსით ვერ მოსძოვს ხარია
ყველანი მისთვის იბრძვიან
მეფე და მისი ჯარია.
მაკო საფაროვა-აბაშიძის ხელია, დამიწერა 1936.13/XI - იოსებ გრიშაშვილი.
* * *
შუშანა ვარ სარიშვილი,
გავაკეთე სამი შვილი,
მაინცა ვარ ქალიშვილი.
გურიაში გაუგონია ირაკლი აბაშიძეს.
ნანული ზოტიკიშვილი