პირველი ქართველი ევერესტზე
თუმცა ამ ბუმბერაზ მთაზე ალპინისტებს ყველაზე მეტად სწორედ ეს ბოლო მონაკვეთი უჭირთ. გაუხშოებული ჰაერი სუნთქვას ართულებს და ყოველი ნაბიჯის გადადგმა თანდათან სულ უფრო მეტ ენერგიას აცლის ადამიანს.
დილის 6 საათზე მზე ამოვიდა. დაყოვნება აღარ შეიძლებოდა და მწვერვალისკენ დაიძრნენ. ჰიმალაიში ადრე ღამდება, ამიტომ მწვერვალზე ასვლის შემდეგ, კარვამდე დაშვებაც უნდა მოასწრო. ეს კი ასვლაზე უფრო რთულია: დაღლილ-დაქანცულმა შეიძლება, საბედისწერო შეცდომაც დაუშვა.
...ქართველმა რომან გიუტაშვილმა და ამერიკელმა დენიელ მაზურმა ერთმანეთი კატმანდუში გაიცნეს. ორივეს ევერესტის დალაშქვრა ჰქონდა განზრახული, იქ დამეგობრდნენ და მწვერვალზე ასვლაც ერთად გადაწყვიტეს. ამერიკელი 30 წლის იყო, ხოლო გიუტაშვილი - 54-ის. თუმცა ქართველი გაცილებით გამოცდილი იყო და როდესაც მწვერვალამდე რამდენიმე ათეული მეტრიღა რჩებოდა, ენერგიაც მეტი შემორჩა, ხოლო დენიელს არაქათი გამოეცალა, ნაბიჯიც ვეღარ გადადგა. რომანი არჩევანის წინაშე დადგა: ან როგორმე გზა უნდა გაეგრძელებინათ, ან თავის ოცნებაზე უარი ეთქვა და ორივე ქვემოთ დაშვებულიყო. მთაში პარტნიორის მიტოვება არ შეიძლება, აქ სხვა კანონებია. რამე რომ მოხდეს, შენს თავს თავადვე ვერ აპატიებ.
დედამიწის უმაღლეს მწვერვალს "ევერესტი" ცნობილი ინგლისელი გეოგრაფის, ჯორჯ ევერესტის პატივსაცემად 1865 წელს შეარქვეს. ნეპალელები ამ მთას "საგარმატხას" ეძახიან და იგი მათთვის "ციური მწვერვალია", ხოლო ტიბეტელები - "ჯომოლუნგმას": იქაური ბერებისათვის ჩვენი პლანეტის "მესამე პოლუსი" - "დედამიწის ღვთიური დედაა". 8848 მეტრი სიმაღლის ეს საოცარი მთა პირველებმა 1953 წელს, ახალზელანდიელმა ედმუნდ ჰილარიმ და ნეპალელმა შერპმა თენსინგ ნორგეიმ დალაშქრეს. მას შემდეგ ევერესტზე ყოველწლიურად ათობით ექსპედიცია ეწყობა, თუმცა მიზანს ყველა ვერ აღწევს. რომან გიუტაშვილისა და დენიელ მაზურისგან განსხვავებით, ყოფილა შემთხვევები, როცა მთამსვლელები უკან გამობრუნებულან.
რომან გიუტაშვილი:
- ევერესტზე ასვლა ყოველთვის და ყველასათვის ძალიან ძნელი იყო, მაგრამ მე პამირის და ტიან-შანის 7000-იანი მწვერვალების დაპყრობის საკმაოდ დიდი გამოცდილება მქონდა და ვგრძნობდი, რომ ჯომოლუნგმაზე ასვლაც შემეძლო. 15 წლის ვიყავი, მთაში სიარული რომ დავიწყე და ჩემი ცხოვრების საკმაოდ დიდი ნაწილი სწორედ მთაში გავატარე. კრიტიკულ სიტუაციაში არაერთხელ ვყოფილვარ. თითოეული განსაკუთრებულია. ამჯერადაც ჩემი და დენიელის მდგომარეობა გამორჩეული იყო. მაზური ახალგაზრდა კაცი იყო და ახლა თუ ვერ მიაღწევდა მიზანს, მომავალში კიდევ ექნებოდა ევერესტზე ასვლის შანსი, ხოლო მე ეს შანსი პირველად მომეცა და შეიძლებოდა, მეტი აღარც მქონოდა... გასული საუკუნის 50-იან წლებში საქართველოში სტუმრად იმყოფებოდა ნეპალის მეფე. მაშინ მან ქართველი მთამსვლელები საგარმატხაზე მიიწვია. ჩვენი წამყვანი ალპინისტები: ჯუმბერ მეძმარიაშვილი, ოთარ გიგინეიშვილი, შოთა მირიანაშვილი ექსპედიციისათვის მზადებას შეუდგნენ კიდეც, მაგრამ ნეპალსა და ჩინეთს შორის პოლიტიკური სიტუაცია შეიცვალა და ჰიმალაის მაღალმთიანეთში ქართველი მთამსვლელების ექსპედიცია ჩაიშალა. მოგვიანებით ევერესტზე ასვლის შანსი აკაკი ხერგიანსაც ჰქონდა. 1982 წელს ჰიმალაიში პირველი საბჭოთა ექსპედიცია მოეწყო, რომელშიც ჩვენი აკაკი ხერგიანიც შედიოდა. თავიდან ექსპედიციის ხელმძღვანელმა ევგენი ტამმა ხერგიანი მოიერიშე ჯგუფში ჩასვა და აკაკი მიაღწევდა კიდეც მიზანს, მაგრამ შემდეგ ტამმა რატომღაც გადაიფიქრა. საბჭოთა გუნდმა რამდენიმე ბანაკი მოაწყო, ხერგიანს სხვებთან ერთად აჰქონდა ზევით ყველა საჭირო ტვირთი. ამასთან, იგი დოკუმენტური ფილმისათვის მძიმე კინოკამერით, ექსპედიციის მიმდინარეობას იღებდა კიდეც. ორჯერ 8000 მეტრზეც ავიდა, მაგრამ საბოლოოდ მწვერვალის შტურმზე გასვლის უფლება მაინც არ მისცეს... მეც შემთხვევით მოვხვდი რუსი მთამსვლელების ექსპედიციაში. გახსოვთ ალბათ, 1991 წლის შემოდგომაზე როგორი დაძაბული სიტუაცია იყო საქართველოში. იმ პერიოდში ქართველი ალპინისტების ერთი ჯგუფი ჰიმალაის ერთ-ერთ რვაათასიან მწვერვალ ანაპურნაზე ვაპირებდით ასვლას, მაგრამ სწორედ იმ არეული პოლიტიკური სიტუაციის გამო აღარ გაგვიშვეს. რუს ალპინისტებს შორის ბევრი მეგობარი მყავს და მეც მათ ვთხოვე, თუ ევერესტზე მოაწყობდნენ ექსპედიციას, ჯგუფის შემადგენლობაში მეც ჩავესვი. თუმცა მსგავსი თხოვნით მათ ბევრი მიმართავდა და სიმართლე გითხრათ, დიდი იმედი არ მქონია. ალპინისტური სეზონი რომ გაიხსნა, პამირის ალპურ ბანაკებში გავემგზავრე სამუშაოდ. რამდენიმე თვე იქ დავყავი. სეზონი უკვე მთავრდებოდა, როდესაც შემატყობინეს, რომ ვლადიმირ ბალიბერდინი სანქტ-პეტერბურგის ექსპედიციის ხელმძღვანელად დანიშნეს და იგი მეც მიწვევდა ევერესტზე ასასვლელად. დრო აღარ ითმენდა, თბილისში ჩამოსვლას ვერ ვასწრებდი, ვერც - ევერესტისათვის საჭირო აღჭურვილობის მომზადებას. იძულებული ვიყავი, პამირის საბაზო ბანაკიდან პირდაპირ ჰიმალაიში გავმგზავრებულიყავი.
ჯერ კატმანდუში ჩავფრინდი, იქიდან კი დაახლოებით ერთ კვირაში უკვე ლუკლაში ვიყავი. დენიელ მაზური სწორედ კატმანდუში გავიცანი. სიმართლე გითხრათ, მატერიალურად შეჭირვებული ვიყავი. გარდა იმისა, რომ ჯომოლუნგმაზე ასვლის უფლებისათვის პერმატის თანხაა გადასახდელი, პროდუქტებისა და აღჭურვილობის შესაძენადაც ცოტა გვქონდა ფული. თუმცა მთავარი ეს არ არის. მთაში პარტნიორი საიმედო უნდა იყოს, უნდა ენდობოდე მას და ელემენტარულად, კარგი ადამიანი უნდა იყოს. ამ მხრივ მეც გამიმართლა და ვფიქრობ, მასაც. დენიელმა რომ გაიგო, ვლადიმირ ბალიბერდინთან ერთად ვაპირებდი ევერესტზე ასვლას, თავად მთხოვა ჯგუფში ჩასმა. ბალიბერდინი პირველი საბჭოთა ალპინისტია, ვინაც 1982 წელს ედუარდ მისლოვსკისთან ერთად დალაშქრა ჯომოლუნგმა. უკვე გითხარით, სწორედ ამ ექსპედიციაში იყო ჩვენი აკაკი ხერგიანიც, რომელიც მაშინ არ გაუშვეს მწვერვალზე, ახლა კი სულ სხვა სიტუაცია იყო, შეკრული გუნდი ვიყავით.
რომან გიუტაშვილმა და დენიელ მაზურმა, ექსპედიციის სხვა წევრებთან ერთად, ევერესტის დასალაშქრავად სამხრეთის კალთები აირჩიეს. სწორედ ამ მხრიდან ავიდნენ მწვერვალზე პირველი მთამსვლელებიც - ედმუნდ ჰილარი და თენსინგ ნორგეი. სამხრეთის კალთები გაცილებით კარგად არის შესწავლილი, ვინაიდან 1980 წლამდე, პოლიტიკური სიტუაციის გამო ტიბეტის მხრიდან ექსპედიციები არ ეწყობოდა. დღეისათვის ორივე კლასიკური მარშრუტი კარგად არის ცნობილი და ორივეს თავისი ტექნიკური სირთულეები აქვს. თუმცა ჩრდილოეთის კალთები უფრო ცივია და შტურმისათვის ამ მხარეს ხელსაყრელი ამინდიც შედარებით იშვიათია. სამაგიეროდ სამხრეთიდან ქხუმბუს რთული მყინვარია. ამასთან, ლუკლას აეროპორტიდან (2800 მ) ექსპედიციის მონაწილეებს დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში ფეხით უხდებათ საბაზო ბანაკამდე (5300 მ) თავიანთი მძიმე ტვირთის გადატანა. ჩრდილოეთის მარშრუტის საბაზო ბანაკი 6400 მ-ზეა განლაგებული, ე.ი. დაახლოებით ერთი კილომეტრით უფრო ახლოსაა მწვერვალთან.
ნეპალის მხრიდან ევერესტის მარშრუტი ქხუმბუს მყინვარით პრაქტიკულად, საბაზო ბანაკიდანვე იწყება. უზარმაზარ ყინულოვან ლოდებს შორის გზის გაკვლევა ძალიან რთულია, ამიტომაც აქ სიარულის ტექნიკა განსხვავებული და სპეციფიკურია. რიგ ადგილას მთამსვლელებს 20 მეტრამდე სიგანის ნაპრალის გადალახვა ერთმანეთზე გადაბმული კიბით უხდებათ. ამასთანავე, დღე-ღამის განმავლობაში ყინული მოძრაობს, ე.ი. რელიეფი სახეს იცვლის და ალპინისტებსაც ახალ-ახალი ბილიკების ძებნა უწევთ. ამ სირთულეების მიუხედავად, ყოველწლიურად ევერესტის დალაშქვრას მრავალი მთამსვლელი ცდილობს, თუმცა მათი მიზანი განსხვავებულია: ზოგს საკუთარი თავის გამოცდა უნდა, სხვებს მწვავე შეგრძნებების განცდა აინტერესებთ, ვიღაცას კიდევ, უბრალოდ მოგზაურობა სურს.
რომან გიუტაშვილი:
- დღევანდელი ადამიანების აზროვნება მნიშვნელოვნად შეიცვალა, რაც თვით სამყაროს ცვლილებამ გამოიწვია. ვიღაცა მთაში სიარულით უბრალოდ ერთობა, ჩვენთვის, ალპინისტებისათვის კი მთა სისპეტაკის, ვაჟკაცობისა და ერთგულების სიმბოლოა. ჩვენ არ გვიყვარს, მაგალითად, როდესაც ამბობენ, - ევერესტი დაიპყროო. ეს ბუმბერაზი მთა ბუნების მშვენიერებაა და მისი დაპყრობა შეუძლებელია. ჩვენ მას პატივს ვცემთ და თუ მასზე ასვლის საშუალება მოგვეცა, ამით ბედნიერები ვართ. მთაში ქალაქისაგან განსხვავებული კანონებია. თუ აქ, ბარში საკუთარი თავის მართლებას დაიწყებ, რაღაც-რაღაცებს მოიმიზეზებ და შეიძლება, ადამიანიც კი გაწირო, იქ, ზემოთ ასეთი რამ გამორიცხულია. მთაში ერთმანეთზე ვართ დამოკიდებული და კარავში თუ ტრასაზე, ერთმანეთზე ვზრუნავთ. ამ მხრივ, კარგი ჯგუფი გვყავდა. ექსპედიციის ხელმძღვანელის, ვლადიმირ ბალიბერდინის გარდა, ჩვენთან ერთად, ანატოლი ბუკრეევიც (ისიც ძალიან გამოცდილი ალპინისტია) და კიდევ ოთხი ესპანელი ალპინისტი იყვნენ. როგორც აღვნიშნე, ფინანსურად გვიჭირდა. ამის გამო ვერც ახალი აღჭურვილობის შეძენა შევძელით, ვერც - საკმარისი სურსათის და ვერც შერპების დაქირავება მოვახერხეთ. მწვერვალამდე 4 შუალედური ბანაკი მოვაწყვეთ და მთელი აღჭურვილობა ზევით ჩვენ ავიტანეთ. ტრასასაც ჩვენ ვამზადებდით და თოკებსაც ჩვენ ვჭიმავდით. შერპები - ადგილობრივი მოსახლეობაა. ისინი 4200-4500 მეტრ სიმაღლეზე ცხოვრობენ. მათი მეურნეობის ძირითადი პროდუქტი - კარტოფილი, ხორბალი და ქერია, მაგრამ მას შემდეგ, რაც ალპინისტებმა სისტემატურად დაიწყეს ჰიმალაის მაღალმთიანეთში ექსპედიციების მოწყობა, შერპები თითქმის ყველა ექსპედიციას ეხმარებიან ბარგის ზიდვაში. საოცრად ჯანმრთელები არიან და მათთვის, 8000 მეტრზე ასვლა და თან ტვირთის ატანა ძნელი არ არის. რა თქმა უნდა, შერპების გარეშე გვიჭირდა, მაგრამ სხვა გზა არ იყო. კარვებიც არ გვყოფნიდა. ამიტომ, წინ ბალიბერდინის ჯგუფი მიდიოდა; ისინი რომ ზევით ავიდოდნენ და კარავს გაათავისუფლებდნენ, მხოლოდ ამის შემდეგ შეგვეძლო მე და დენიელს იმ კარავთან ასვლა. ბალიბერდინი თავის მეგობრებთან ერთად, ჟანგბადის ბალონების გარეშე მოძრაობდა, ხოლო ჩვენ - ბალონების გამოყენებით. ასე, ორ-ორი ავდიოდით და 8000 მეტრზე, ბოლო ბანაკამდეც ასე მივაღწიეთ. ყველაზე რთული სწორედ იქ იწყებოდა. ასეთ სიმაღლეზე მანამდე არც მე ვიყავი ნამყოფი და არც დენიელი. ორივეს გაგვიჭირდა, განსაკუთრებით, დენიელს.
მწვერვალამდე სულ რამდენიმე ათეული მეტრიღა გვრჩებოდა და დენიელმა უარი მითხრა წინ წასვლაზე, აღარ შემიძლიაო. ცუდ დღეში აღმოვჩნდი, იძულებული ვხდებოდი ქვემოთ დავშვებულიყავით. მე ინგლისური ცუდად ვიცი, მან რუსული საერთოდ არ იცოდა. დიდხანს ვუჩიჩინე, ვუმტკიცებდი, რომ მას კიდევ შეეძლო სიარული და მწვერვალამდე მისვლა. არ მიჯერებდა, მაგრამ ბოლოს, როგორც იქნა, დავითანხმე და წამომყვა. გზადაგზა ისევ ვამხნევებდი. დენიელმაც ეტყობა, მთელი ძალები მოიკრიბა და მწვერვალამდე მაინც მივაღწიეთ. ადგილობრივი დროით 17.00 საათზე ევერესტზე ვიდექით. საოცარი გრძნობაა, რომლის გადმოცემაც სიტყვებით შეუძლებელია.
იმ პერიოდში სამხრეთის ფერდობიდან 12 ექსპედიცია ემზადებოდა ევერესტის დასალაშქრავად. მათგან მხოლოდ ჩვენმა ჯგუფმა შეძლო მწვერვალამდე მიღწევა.
სულ 8 კაცი ავედით ჯომოლუნგმაზე. ამასთან, ექსპედიციის დაწყებიდან დამთავრებამდე მხოლოდ ერთი თვე დაგვჭირდა, რაც ძალიან იშვიათად ხდება: ასეთ მოკლე ვადაში მარშრუტის მომზადება, მწვერვალზე ასვლა და ჩამოსვლა ძალიან რთულია. იქ ყველას თავისი ქვეყნის ეროვნული დროშა მიაქვს. მე კი პამირში რომ ვიყავი, ამის გამო არც ვიცოდი, როგორი იყო საქართველოს ახალი დროშა. ნანახიც არ მქონდა, მაგრამ ქართველი ქალი - თალიკო ყუბუსიძე დამეხმარა. ქალბატონი თალიკო კატმანდუშია გათხოვილი. მისი ქმარი ნეპალის სამეფო ტელევიზიის ოპერატორია. სწორედ მან მოძებნა ინტერნეტში ჩვენი მაშინდელი დროშა, ხოლო თალიკომ თავისი ხელით შემიკერა. მწვერვალზე რომ ავედი, მინდოდა, დროშა წერაყინზე დამემაგრებინა და ფოტო გადამეღო, მაგრამ ძლიერი ქარი ქროდა და ვერაფრით ვამაგრებდი. ბოლოს, როგორც იქნა, მოვიფიქრე - ხელში დავიჭირე, დენიელმა კი რამდენიმე კადრის გადაღება მოასწრო და ჩემი ფოტოაპარატიც გაიყინა.
რომან გიუტაშვილმა დედამიწის უმაღლესი მწვერვალი 1991 წლის 10 ოქტომბერს დალაშქრა. 2 თვის შემდეგ კი თბილისში ძმათამკვლელი ომი დაიწყო. აბა, მისთვის ვის ეცალა?! მაშინ, საქართველოს ტელევიზია და რადიო არ მუშაობდა. სატელევიზიო ანძა ზვიად გამსახურდიას მომხრეებს ჰქონდათ დაკავებული და ეთერში სიცარიელე იყო, ინფორმაცია მხოლოდ ჭორის დონეზე ვრცელდებოდა და პირველი ქართველი "ევერესტელის" შესახებ არაფერი ვიცოდით. სპორტულ წრეებში მაინც გაჟონა, ქალაქში ხმები დადიოდა - ვიღაც ქართველი ევერესტზე ავიდაო, თუმცა დანამდვილებით არაფრის თქმა არ შეიძლებოდა. ერთ საღამოს ტელევიზორი მაინც ჩავრთე. ვიცოდი, მთავრობის სასახლის ეზოში გამსახურდიას მომხრეებს მოძრავი სატელევიზიო სადგური ჰქონდათ გადაყვანილი და რადგან ანძაც მათ ხელში იყო, პირდაპირ ეთერში გასვლის საშუალება ჰქონდათ. ტელევიზორის ეკრანი რომ განათდა, ჩემთვის უცნობი ადამიანიც გამოჩნდა. მთებზე საუბრობდა, ჰიმალაიზე. სწორედ მაშინ გავიგე, რომ ის ვიღაც - რომან გიუტაშვილი ყოფილა და ევერესტზე მართლაც ასულა. თბილისის ომი რომ დაიწყო, ბატონი რომანი მალე გაეცალა აქაურობას და ოჯახთან ერთად მოსკოვში გადავიდა საცხოვრებლად.
10 წელზე მეტი იყო გასული, მოსკოვში რომ მოვხვდი მივლინებით. ერთთვიანი ვიზა მქონდა, საქმე კი - უამრავი. ერთი დღე მაინც დავიტოვე რომან გიუტაშვილთან შესახვედრად. პირადად არ ვიცნობდი, მაგრამ ინტერვიუზე უარი არ უთქვამს და სახლშიც მიმიწვია. საშუალოზე დაბალი, გამხდარი, ძარღვიანი კაცი აღმოჩნდა. ქართული უკვე გვარიანად დავიწყებოდა. საუბრისას ჩერდებოდა, სიტყვებს იხსენებდა... მორიდებული ადამიანი ყოფილა, საკუთარ თავზე ლაპარაკი არ ჰყვარებია. ინტერვიუც მოკლე გამომივიდა და თავადაც არ ვიყავი კმაყოფილი. საუბარი მხოლოდ მას შემდეგ აგვეწყო, როდესაც მეუღლემ, ქალბატონმა ერმამ სუფრასთან მიგვიწვია და ქართული ღვინითაც გაგვიმასპინძლდა. რამდენჯერმე უკვე მქონდა მსგავსი შემთხვევა, როდესაც რესპონდენტი სუფრასთან უფრო იხსნება. ამიტომ დიდი თავპატიჟი არ დამიდვია, სიამოვნებით დავთანხმდი და არც შევმცდარვარ. რამდენიმე ჭიქის შემდეგ, ევერესტის ექსპედიციის საინტერესო დეტალები ბატონმა რომანმა სწორედ მაშინ მომიყვა, მათ შორის - ჩვენი ეროვნული დროშის კატმანდუში შეკერვის შესახებ. ყველაზე მეტად მეც ამ დროშის ბედი მაინტერესებდა. როგორც ჩანდა, ბატონი რომანი საქართველოში დაბრუნებას აღარ აპირებდა და ქართველი კაცის გამარჯვების ეს სიმბოლოც სამუდამოდ მოსკოვში დარჩებოდა. ამიტომაც, ყოველგვარი ქვეტექსტის გარეშე ვუთხარი, - დროშა უნდა მაჩუქოთ: თბილისში ქართული სპორტის დიდების მუზეუმი გვაქვს და იქ გამოვფენთ-მეთქი. დაიბნა, ალბათ - მოულოდნელობისგან; თან, არ ეთმობოდა, მაგრამ ქალბატონმა ერმამ მაინც გამოიტანა. ზედ მწვერვალზე ასვლის თარიღი ეწერა, რომელიც ცოტა გაფერმკრთალებულიყო... ბატონ რომანს დიდხანს აღარ უფიქრია - გამომატანა...
გოგი ფრანგიშვილი
"გზა", 2011 წელი