იპოლიტე ხვიჩიას ქალიშვილის საიდუმლო ნიშნობა (ექსკლუზივი) - გზაპრესი

იპოლიტე ხვიჩიას ქალიშვილის საიდუმლო ნიშნობა (ექსკლუზივი)

მეორე მსოფლიო ომი ახალი დამთავრებული იყო, როდესაც ცნობილმა ქართველმა მსახიობმა იპოლიტე ხვიჩიამ ქმარშვილიანი ქალი - ქუთაისის თეატრის მსახიობი, ლუბა ალფაიძე მოიტაცა და ისე გადამალა, რომ რამდენიმე დღის განმავლობაში ვერავინ პოულობდა.

ქალბატონ ლუბას ერთი ქალიშვილი ჰყავდა - ნუნუ, რომელმაც მშვენივრად იცოდა როგორც მისი დედის მიმართ იპოლიტეს გრძნობის, ასევე მათი ადგილსამყოფლის შესახებაც. ის მაშინ 15 წლის იყო და მამასთან ერთად ეძებდა მოტაცებულ დედას. იმ სახლსაც ბევრჯერ აუარ-ჩაუარეს, სადაც ლუბა და იპოლიტე იმყოფებოდნენ, მაგრამ არ გაამხილა... შემდეგ თვითონაც დედასთან დარჩა. მართალია, მამამ ძალზე ინერვიულა, მაგრამ ბოლოს ბედს შეურიგდა და ცოლს ოფიციალურად გაეყარა. ნუნუს გაზრდა იპოლიტემ ითავა, გვარიც მისცა და ის დიდი მსახიობის ერთადერთი შთამომავალია.

ქალბატონი ნუნუ თავად დამიკავშირდა, - ძალზე პირადული ამბავი მაქვს მოსაყოლი და მხოლოდ შენ თუ განდობო, - მითხრა. მაშინ ის 72 წლის გახლდათ, ხუთი შვილის დედა და თორმეტი შვილიშვილის ბებია.

GzaPress- ის, რაც ახლა უნდა გიამბოთ, მხოლოდ ორმა ადამიანმა ვიცოდით. ის დაიღუპა, მე კი უკვე მოვხუცდი, გული წარამარა მახსენებს თავს და არ ვიცი, როდის მიღალატებს. ამიტომ გადავწყვიტე, გიამბოთ ყოველივე და საიდუმლო თან არ გავიყოლო... მხოლოდ ერთ რამეზე შევთანხმდეთ: პიროვნება, რომელსაც ჩემი ამბავი ეხება, ძალზე ცნობილი კაცი იყო, ამიტომ მას მხოლოდ სახელით მოვიხსენიებ - არ მინდა, რომ ჩრდილი მიადგეს გარდაცვლილს ან მის ოჯახს... დავიწყებ იმით, რომ მე-11 კლასში ვსწავლობდი, როდესაც პრაქტიკაზე ახალგაზრდა პედაგოგი მოავლინეს და ჩვენს სკოლაში გაანაწილეს. ჩემსა და ლევანს შორის მალე გაჩნდა გრძნობა... შემდეგ ჩავაბარე ქუთაისის პედაგოგიურ ინსტიტუტში და მისაღებ გამოცდაზეც ისტორიას ლევანი იბარებდა. კარგად ვიყავი მომზადებული, ყველაფერი სხაპასხუპით ვუპასუხე, მაგრამ ლევანს კომისიის წევრებისთვის უთქვამს - ამ გოგოს ერთი ცრემლი მაინც უნდა გადმოვაგდებინოო, - და მითხრა: - არ გეგონოს, შენთვის ხუთიანი არ მემეტება, მაგრამ ერთი შეკითხვა კიდევ უნდა დაგისვა, რა ეხატა აქილევსს ფარზეო? - დავიბენი და ცრემლი ყელში მომებჯინა, ვერაფრით გავიხსენე და ვუთხარი: - არ გნდომებიათ ნიშნის დაწერა და ავდგები და წავალ-მეთქი. გამოსვლისას კარის სახელურს ხელი რომ მოვკიდე, გამახსენდა, მივბრუნდი, - სახნისი-მეთქი - დავიძახე და ოთახიდან გავვარდი... შემდეგ იყო სტუდენტობის წლები და ჩემი საყვარელი ადამიანი ისტორიის ლექციებს მიკითხავდა. ყველამ იცოდა, რომ ჩვენ ერთმანეთი გვიყვარდა. დაქორწინება გადავწყვიტეთ და გავუმხილეთ მამას და დედას (აქაც და შემდგომაც მამაში ყოვე¬ლთვის იპოლიტე ხვიჩია იგულისხმება. - ავტ.). ლევანი ჩემს სათხოვნელად და დასანიშნად ოჯახში გვეწვია ახლობლებთან ერთად. ჩემს ბედნიერებას საზღვარი არ ჰქონდა. ჯერ ჩვენი სადღეგრძელო არ ჰქონდათ შესმული, რომ კარზე კაკუნი გაისმა. ღია კართან ლევანის გამზრდელი დეიდა იდგა და შემოსვლის ნებართვას ითხოვდა. გაოცებულმა მამამ ჰკითხა: - შენ აქ რა გინდაო?! - რადგან ამ ქალბატონში თავისი ძველი ნაცნობი აღმოაჩინა. როდესაც მამამ მისი და ლევანის ნათესაობის ამბავი შეიტყო, ნიშნობა ჩაშალა: აღმოჩნდა, რომ ეს ქალბატონი 8 წლის განმავლობაში მისი საყვარელი ყოფილა და მამას დაუშვებლად მიაჩნდა ჩვენი დანათესავება.

- წარმომიდგენია, თუ რა თავზარდამცემი იქნებოდა ეს თქვენთვის...

- ბუნებრივია, უზომოდ გავნერვიულდი... შემდეგ ლევანს ნიშანი უკან დავუბრუნე და გადავწყვიტე, სასწრაფოდ გავთხოვილიყავი. ჩემი ბავშვობის მეგობარ გოგონას ჰყავდა ბიძაშვილი, რომელსაც მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტი ჰქონდა დამთავრებული, ჩინეთში, საბჭოთა კავშირის საელჩოში სამუშაოდ მიავლინეს და აუცილებელი იყო, რომ ცოლი მოეყვანა. ამაზე კარგ ვარიანტს ვერც ვინატრებდი... ასეთი ტრავმის შემდეგ, საქართველოდან წასვლა ჩემთვის შვების მომგვრელი იქნებოდა. ამიტომ უყოყმანოდ დავთანხმდი ამ კაცს ცოლობაზე. ჩემი პირველი მეუღლე გახლდათ ჟორა გოგიძე. ძალზე სიმპათიური და კარგი მამაკაცი იყო. მოსკოვში თითქმის ერთი თვე ვიყავით ერთად, საჭირო საბუთების მოწესრიგებამდე და ერთ ჭერქვეშ და-ძმასავით ვცხოვრობდით. მოსკოვიდან სწორედ იმ დღეს გავფრინდით, როდესაც ნატო GzaPressვაჩნაძე დაიღუპა. კარგად მახსოვს, ნატო აეროპორტში, მეუღლესთან - მაღალ, ლამაზ, სამხედროფორმიან მამაკაცთან ერთად მოვიდა. ძალზე თბილად დაემშვიდობნენ ერთმანეთს და ნატო გაფრინდა. ჩვენს თვითმფრინავზე ჩასხდომა რომ გამოცხადდა, სწორედ მაშინ გამოაცხადა დიქტორმა: თვითმფრინავი, რომელშიც ქალბატონი ნატო ვაჩნაძე იჯდა, ჩამოვარდა და აფეთქდაო. ხალხი ხმამაღლა ტიროდა და ბღაოდა, ისე განიცადა ნატოს დაღუპვა... ჩინეთში დაგვხვდა საქართველოს ფინანსთა ყოფილი მინისტრი, გივი ჩხაიძე და მისი მეუღლე, ქალბატონი თინა. ისინი ასაკით ჩემზე გაცილებით უფროსები იყვნენ და როგორც დედ-მამა, ისე მეპყრობოდნენ... მალევე დავფეხმძიმდი, მაგრამ თავს ძალზე ცუდად ვგრძნობდი. ორსულობა გართულებულად მიმდინარეობდა. საუკეთესო სპეციალისტების მეთვალყურეობის ქვეშ ვიმყოფებოდი, მაგრამ გადავწყვიტე, საქართველოში დავბრუნებულიყავი და 6 თვის ფეხმძიმემ ქუთაისს მივაშურე. ჩამოსვლიდან მესამე დღეს, ქალაქში გავედი საქმეზე. ფეხით მივდიოდი. უცებ, მესმის ხმა: - ამას ვის ვხედავ? ჩემო სიცოცხლევ!.. - ლევანი შემრჩა ხელში. მუცელზე ხელი მომითათუნა და მითხრა: - "ბუცულაში" ბაიები გყავს?.. - არ ვიცი, რატომ მითხრა მრავლობით რიცხვში, მაგრამ მე მართლაც, ტყუპს ველოდი. შემდეგ, ცოტა ხანს ვისაუბრეთ, იმავე ადგილზე დამტოვა - დამელოდეო, - მითხრა და სადღაც გაუჩინარდა. კარგა ხნის შემდეგ დაბრუნდა, თვითმფრინავის ორი ბილეთი მოიტანა და მითხრა: - ლენინგრადში გავფრინდეთ, მაგ ბავშვებს მამობასაც გავუწევ, გვარსაც მივცემ, იპოლიტეს კი ნურაფერს ვკითხავთო. იმავე საღამოს რეისი იყო. შინ წავედი, რომ პასპორტი ამეღო. არც მიყოყმანია, ისე დავთანხმდი წასვლაზე. ამაზე ჭკვიანურს ვერც ვერაფერს მოვიმოქმედებდი, მაგრამ როგორც ჩანს, ღმერთს არ ეწადა ჩვენი ერთად ყოფნა: პასპორტი ვერ ვიპოვე, ისე კი, აბა, როგორ გავფრინდებოდით?!. ბილეთები მე მქონდა და დღესაც შენახული მაქვს...

- მეუღლეს როგორ აუხსნიდით თქვენს საქციელს?

- არ დაგიმალავთ, რომ ჩინეთიდან სწორედ იმ აზრით წამოვედი, რომ ჟორასთან აღარც დავბრუნებულიყავი. ეს ადამიანი ახლოს რომ გავიცანი, მივხვდი, რომ საშიში პიროვნება გახლდათ. ის ბერიას "ბანდის" წევრი იყო. ასეთ ადამიანებს უშიშროება იოლად აქცევს ჯაშუშად... თვითონაც ბევრი ისეთი რამ მიამბო, რაც ჩემს ეჭვს ადასტურებდა. ამიტომ, როდესაც ვიმშობიარე, ტყუპს (ქალ-ვაჟი - მანანა და ავთო შემეძინა) ჩემი გვარი - ხვიჩია მივეცი და განქორწინების პროცესი წამოვიწყე, რადგან ვხვდებოდი - ისეთი კაცის მამობა, როგორიც ჟორა იყო, ბავშვებს კარგს არაფერს მოუტანდა. წლების შემდეგ, მის მანქანას საქართველოში თავს დაესხნენ და დაცხრილეს, სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს. თავში დაიჭრა. გრუზა ქოჩორი გადაჰპარსეს და თავის ქალის ზედა ნაწილი ხელოვნური ქსოვილით შეუცვალეს. ჟორა ამ რამდენიმე წლის წინ დაიღუპა...

- განქორწინების შემდეგ, თქვენ და ლევანს არ გიცდიათ ურთიერთობის აღდგენა?

- არა. შემდეგ ლევანმა ცოლი მოიყვანა. ჩემს ცხოვრებაში არასოდეს ერეოდა, მაგრამ ამბავს მუდამ კითხულობდა. თუ იცოდა, რომ მიჭირდა, დამირეკავდა და მეტყოდა: - რას იზამ, ნუნუ, ცხოვრება ასეთია, უნდა გაუძლო. არ იფიქრო, ჩემი ცოლი რომ ყოფილიყGzaPressავი, უკეთესად იქნებოდი, ოჯახში მე ძალზე საძაგელი და აუტანელი ვარო. კიდევ კარგი, ცოლ-ქმარი არ ვართ, თორემ შესაძლოა, დღეს ერთმანეთი აღარც კი გვყვარებოდაო... არასოდეს მეტყოდა - არ გეწყინოსო. არ გეტკინოსო, - ასე უყვარდა თქმა, რადგან კარგად იცოდა, მისგან მეტკინებოდა და არ მეწყინებოდა... შემდეგ ლევანმა ძალზე დიდი ტრაგედია გადაიტანა. პირველი შვილი ხუთი წლის ასაკში, სისხლის გათეთრებით გარდაეცვალა. უზომოდ უბედური ადამიანი იყო. მანქანაში, სარკეზე კახას ფაჩუჩები დაკიდა, გრძელი ზონრით ისე იყო დამაგრებული, რომ დამუხრუჭებისას ფაჩუჩები სახეში ურტყამდა - თითქოს თვითგვემის მიზნით... ერთხელ სოფელ ორპირში, დეიდასთან მივდიოდი და ლევანმა გზაზე შემნიშნა. მის მანქანაში რომ ჩავჯექი, ფაჩუჩები ჩამოვხსენი და "ბარდაჩოკში" შევინახე. ასე არ შეიძლება-მეთქი, - ვუთხარი. - ისედაც ვიცით, რომ უზომოდ განიცდი შვილის სიკვდილს, ეს სულ მთლად გაგანადგურებს-მეთქი. გაფითრდა, სახე დაემანჭა, საჭეს ისე ჩააფრინდა, რომ თითები გაუთეთრდა, მაგრამ არაფერი უთქვამს.

- წეღან თქვით - ჩემი პირველი ქმარიო... მეორედაც გათხოვდით?

- დიახ. ჩემი შვილები ხუთი წლისანი იყვნენ, როდესაც კაცურ კაცს, ძალზე კარგ ადამიანს  - ილო გაბუნიას გავყევი ცოლად. მისგან სამი შვილი გავაჩინე - მაკა, ბესიკი და ნუკრი. დიდხანს ვიცხოვრეთ ერთად, შემდეგ დავქვრივდი.

- თქვენი და ლევანის ურთიერთობა როგორ წარიმართა მეორედ გათხოვების შემდეგ?

- ძველებურად. ისევ ისე იშვიათად თუ დამირეკავდა ან შემთხვევით გადავეყრებოდი ქუჩაში - ეგ იყო და ეგ. ჩვენ შორის ფიზიკური ურთიერთობა არ ყოფილა. ლოგინი წყვეტს ყველაფერს?! ეს სიბინძურე იქნებოდა. ჩვენ უფრო ძლიერად გვიყვარდა ერთმანეთი, ვიდრე ეს ლოგინისთვის არის საჭირო. ქუჩის ქალად რომ ვქცეულიყავი, მასთან სარეცელს ვერ გავინაწილებდი. სულითა და გულით მას ვეკუთვნოდი და რაღა საჭირო იყო ლოგინი?! ხუთი შვილი გავზარდე და ყოველთვის ვცდილობდი, თითოეული მათგანი მას დამსგავსებოდა, მისი თვისებები ჰქონოდა. მის ნაწარმოებებს ვაკითხებდი, ვასწავლიდი და ავტორის შესახებაც ვუამბობდი. ხშირად წავსულვართ მე და ლევანი არაგვის პირას. ორი "შტერი", რომლებმაც არ იციან, რომ ერთი ქალია, მეორე - მამაკაცი... ხანდახან უნდოდა, რომ ჩავეხუტებინე და "ჩავებურჯგნე", უნდოდა, ქალიც ენახა ჩემში, მაგრამ ამბობდა: - მირჩევნია, ამ სურვილმა მომკლას, ვიდრე ყველაფერი გავაფუჭოო... მისი მესაიდუმლე გახლდათ ბატონი თემურ შაშიაშვილი. დარწმუნებული ვარ, მან ყველაფერი იცოდა. ხშირად, როცა თემურს შევხვდებოდი, ლევანს დაურეკავდა და ეტყოდა: - ჩვენთან მოდი, ბიჭო, თეთრ ხიდთან, რესტორანში დავსხდეთ და ვიჭუკჭუკოთო. ამას წინათ, ერთ-ერთმა ჟურნალმა დაბეჭდა ინტერვიუ ლევანის შვილთან. მან თქვა - მამაჩემი მარტოსული იყოო... გული მეტკინა, ეს რომ წავიკითხე. დავურეკე და ვუსაყვედურე: - ის ბუმბერაზი ადამიანი იყო, ლევანის ნაწარმოებებზე უამრავი თაობა აღიზარდა, უამრავი მეგობარი და გულშემატკივარი ჰყავდა და რატომ იყო მარტოსული-მეთქი?.. ეს ინტერვიუ რომ წავიკითხე, მეორე დღეს მოვაგროვე ის ნივთები, რომლებიც ჩვენს ურთიერთობაში მნიშვნელოვანი იყო, წერილები, მივედი კათოლიკოს-პატრიარქთან და კურთხევა ვთხოვე, რომ უფლება მოეცა, მის საფლავზე დამემარხა. კურთხევა მივიღე და სწორედ ასე მოვიქეცი, ყველაფერი დავმარხე, რადგან მას ეკუთვნოდა. ლევანს ჩემთვის რომ ეთქვა - თავი უნდა მოიკლა, რადგან მე ასე მინდაო, იმ დღესვე დავამთავრებდი ჩემს ცხოვრებას... ახლა კი ის დროა, ყველაზე დიდი საიდუმლო გაგანდოთ.

- როგორ, კიდევ გაქვთ რაიმე გასამჟღავნებელი?

- ის, რაც მოისმინეთ, არაფერია იმასთაGzaPressნ შედარებით, რასაც მოისმენთ... მე და ლევანმა ჯვარი დავიწერეთ...

- როდის? ვიდრე მეორედ გათხოვდებოდით?

- არა, მაშინ უკვე ხუთი შვილის დედა ვიყავი და ლევანსაც ცოლ-შვილი ჰყავდა... მოვამზადე საკონფერენციო თემა - "გალაკტიონი". მაშინ მგოსანი ცოცხალი იყო. კონფერენცია ფოთში, გემზე ჩატარდა და ჩემმა თემამ გაიმარჯვა. შემდეგ ჩამოვედი თბილისში, პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასულებს, შეხვედრა მოგვიწყვეს უნივერსიტეტში. მეორე დღეს ლევანი შემხვდა და მეგობრებთან ერთად ბუნებაში საქეიფოდ დამპატიჟა. შემდეგ ყველა სახლებში ჩამოარიგა, ჩვენ კი მზის ჩასვლამდე, სვეტიცხოველში დავიწერეთ ჯვარი. ის თავის ოჯახში დაბრუნდა, მე - ჩემს ოჯახში. ეს გააკეთა იმისთვის, რომ იმ ქვეყნად მაინც ვყოფილიყავით ერთად. თან ამბობდა: - შესაძლოა, ეს ცოდვაა, იმ ქვეყნად პაემანს რომ ვგეგმავთ, მაგრამ ამხელა სიყვარულს რა ვუყოთო?.. ის გარდაიცვალა. იმედი მაქვს, მართლაც, ვნახავთ ერთმანეთს... თუმცა, ახლაც ხშირად მესიზმრება. ცოტა ხნის წინ, ინფარქტი გადავიტანე. იმ ღამით მესიზმრა, თითქოს საბანი გადამხდოდა და მციოდა, ამ დროს, ფანჯარაზე ვიღაცამ სანთელი შემოდგა; ლევანი იყო. შევჩივლე - ყინულში ვწევარ-მეთქი. უარის ნიშნად თავი გააქნია და გაქრა... სწორედ იმ ღამით დამემართა ინფარქტი...

მარი ჯაფარიძე

"გზა", 2004 წელი