მშობლებისგან დაჩაგრული და ძალადობით დაღდასმული მცირეწლოვნები
თუ ადრე ეს ჩვეულებრივი ამბავი იყო, დღესდღეობით მშობლის მიერ შვილის ცემა ძალადობად მიიჩნევა და ფსიქოლოგებიც ბავშვის აღზრდის სულ სხვა, უფრო ცივილიზებულ მეთოდებს გვთავაზობენ. მათ მიაჩნიათ, რომ პატარებს ცემით ვერაფერს შევაგნებინებთ, პირიქით - შეიძლება, ამან მათ ფსიქიკაზე ისე იმოქმედოს, რომ ძალაუნებურად, მოძალადეებად ჩამოყალიბდნენ.
ალბათ არ არსებობს ისეთი დედა, რომელსაც შვილი სიჯიუტისთვის, უზრდელური საქციელისთვის ან თუნდაც იმისთვის არ უცემია (რა თქმა უნდა, მსუბუქად), რომ მისი პირმშო რაღაცას ვერ სწავლობს, მაგრამ ზოგჯერ მშობლები კონტროლს კარგავენ და შვილებს სამუდამო დაღს ასვამენ.
კარენი, 27 წლის:
- ამ რამდენიმე დღის წინ მომხდარმა შემაძრწუნებელმა ამბავმა (ვგულისხმობ მისაქციელში მომხდარ ტრაგედიას, როცა დედას შვილი შემოაკვდა) იმისკენ მიბიძგა, რომ თქვენთვის წერილი მომეწერა. თავის დროზე მეც ბევრი ცუდი რამ ჩამიდენია, მაგრამ დღესდღეობით, უფალს ვემსახურები. ცუდ რამეში ვგულისხმობ იმას, რომ ხალხიც გამიძარცვავს, ყაჩაღობის მიზნით ადამიანიც მიწამებია, ბევრი გოგონასთვის გამიმწარებია სიცოცხლე და იცით, ეს ყველაფერი რისი ბრალია? იმის, რომ მშობლებმა სასტიკ ადამიანად აღმზარდეს. ოჯახური ძალადობა ჩემთვის უცხო არ იყო: მამა დედაზე ძალადობდა და მას ულურჯებდა გვერდებს, დედა კი ჩვენზე, შვილებზე (ცნობისათვის, 2 და მყავს) იყრიდა ჯავრს და ისე გვცემდა, რომ ზოგჯერ ვფიქრობდი, - ალბათ ამ ქალის ღვიძლი შვილები არა ვართ და ამიტომაც არ ვუყვარვართ, თორემ მშობელი საკუთარ პირმშოს ასე როგორ გაიმეტებს-მეთქი?! მოკლედ, მე და ჩემი დაიკოები საშინელ პირობებში ვცხოვრობდით, ხშირად პურიც კი გვენატრებოდა, მაგრამ ყველაზე ძნელი ასატანი არა შიმშილი, არამედ მშობლების ჩხუბის ყურება და ის გახლდათ, რომ უდანაშაულო პატარებს არაფრის გამო სასტიკად გვისწორდებოდნენ... 12 წლის გახლდით, როცა დედამ იატაკის ჯოხით მცემა, ნეკნი ჩამიმტვრია; სწორედ მაშინ გადავწყვიტე სახლიდან გაქცევა და ერთ-ერთ მიტოვებულ სახლს შევაფარე თავი. სხვათა შორის, ის ჩამტვრეული ნეკნი დღემდე მაწუხებს, ამის გამო წელში მოვიხარე კიდეც... თავშესაფარი კი ვიპოვე, მაგრამ შიმშილით ხომ არ მოვკვდებოდი? ჰოდა, უბანში ძმაბიჭები გავიჩინე, რომლებთან ერთადაც, თავიდან, მიტოვებულ სახლებს ვძარცვავდი, იქიდან წამოღებულ ნივთებს მართალია, "კაპიკებში" ვყიდდით, მაგრამ ის თანხა საკმარისი იყო საიმისოდ, რომ საჭმელი მეყიდა; როცა წამოვიზარდე, უფრო სერიოზულ საქმეშიც ჩამრთეს და უკვე მდიდრებსაც ვესხმოდი თავს. მოკლედ, ამ საქმიანობით იმდენს ვშოულობდი, რომ დებსაც ვპატრონობდი, ბინაც ვიქირავე და თავს ფუფუნებაში ცხოვრების უფლებასაც ვაძლევდი. არ მედარდებოდა, თუ ვიღაცას ტკივილს ვაყენებდი, ვაწამებდი, მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობაზე ვფიქრობდი. ძალადობის სურვილი განსაკუთრებით, იმ ქალების მიმართ მიჩნდებოდა, რომლებიც შვილს ქუჩაში სცემდნენ. თუ ქალი (ან კაცი - რა მნიშვნელობა აქვს) ბავშვს სხვების თანდასწრებით ეუხეშება, წარმომიდგენია, შინ რას უზამს. ჰოდა, ერთხელ ერთ ქალბატონს, რომელმაც ერთი ციდა გოგონა მხოლოდ იმიტომ ითრია თმით, რომ ბავშვმა გაბედა და სთხოვა, - ბუშტი მიყიდეო. ვუთხარი: შვილს ასე ნუ ექცევით, ახლავე ბოდიში მოუხადეთ და მოეფერეთ, თორემ საკუთარ საქციელზე პასუხს არ ვაგებ-მეთქი, - მან კი დამიღრიალა: შენ ვინ გეკითხება? შვილი ჩემია და რასაც მინდა, იმას ვუზამო, - თან ბავშვს თმაში კიდევ ერთხელ სწვდა. ასე არ უნდა-მეთქი და იმ ქალბატონს ისეთი სილა გავაწანი, რომ თავი ვერ შეიმაგრა და წაიქცა, მე კი იქაურობას სასწრაფოდ გავეცალე...
3 წელია, რაც მივხვდი, რომ ვცოდავდი, რომ სხვის საქმეში ჩარევა არ შეიძლება და ახლა უფალს ცოდვების მოტევებას ვთხოვ. დარწმუნებული ვარ, სხვანაირ პირობებში რომ აღვზრდილიყავი, ნორმალური მშობლები რომ მყოლოდა ან დესპოტი დედ-მამისგან საზოგადოებას მაინც დავეცავი, ჩემგან სულ სხვანაირი პიროვნება ჩამოყალიბდებოდა; საკუთარ თავსაც გამოვადგებოდი და საზოგადოებასაც, ახლა კი...
ჰო, მშობლებზე გიყვებოდით. ისინი დღემდე ისე ცხოვრობენ, როგორც ჩემს ბავშვობაში, განსხვავება მხოლოდ ის არის, რომ მე მათთან აღარ ვურთიერთობ - მიუხედავად იმისა, რომ უფლის შიში მაქვს, არ შემიძლია, მშობლებს მივუტევო, ვაპატიო ის, რომ ცხოვრება არა მარტო მე, არამედ ჩემს დებსაც დაუმახინჯეს. სხვათა შორის, უმცროსი დედმამიშვილი ჭკუიდან შეიშალა, მეორე და კი ახლახან გათხოვდა, უკვე ფეხმძიმედაა და გოგონას ელოდება. ჰოდა, მეშინია, შვილის აღსაზრდელად მანაც იგივე მეთოდები არ გამოიყენოს, როგორსაც დედამისი იყენებდა.
ბოლოს, მინდა, თქვენი ჟურნალის მეშვეობით საზოგადოებას მოვუწოდო: ხალხნო, თუ შეესწრებით ისეთ ფაქტს, როცა მშობელი შვილს სცემს, სთხოვეთ მას, ბავშვზე ძალადობა შეწყვიტოს, მაგრამ თუ არაფერი გამოგივათ, მაშინ დასახმარებლად, ბავშვთა დაცვის რომელიმე ცენტრს მიმართეთ ან, ბოლოს და ბოლოს, პოლიცია გამოიძახეთ მანამ, ვიდრე მშობლის სისასტიკე სავალალო შედეგით დასრულდება. ნუ მისცემთ ნერვებმოშლილ ადამიანებს საკუთარი შვილების მოკვლის ან დამახინჯების უფლებას! უფალი შეეწიოს ყველა პატარას!
მერი, 29 წლის:
- წარმოშობით, ერთ-ერთი რაიონიდან გახლავართ. დასჯის მიზნით, მეც არაერთხელ ვუცემივარ მშობელს, მაგრამ ისე არა, რომ სასიკვდილოდ გავემეტებინე. მინდა, ჩემი მეზობლების შესახებ გიამბოთ, რომლებსაც 3 ვაჟი ჰყავდათ და საწყალ ბავშვებს იმის გამოც კი სცემდნენ, თუ სათამაშოდ მეზობელთან გადასულებს 2 წუთით დააგვიანდებოდათ; ერთ-ერთ მათგანსაც რომ დაეშავებინა რამე, მაინც სამივეს სჯიდნენ, თავს კი ასე იმართლებდნენ ხოლმე: - შვილებს ერთმანეთისგან ვერ განვასხვავებთ; ერთს რომ დასჯი, მეორეც და მესამეც უნდა შეაშინო, რათა მსგავსი რამ არ გაიმეორონო. მოკლედ, ვითომ მკაცრი მშობლები იყვნენ, მხოლოდ ბავშვების კეთილდღეობაზე, მომავალზე ზრუნავდნენ, იმას კი არ ფიქრობდნენ, თუ რა შედეგი შეიძლებოდა, მოჰყოლოდა მათ საქციელს. თავიდან სამივეს სილას ულაწუნებდნენ, მერე ბავშვებისთვის თავში წამორტყმაც ყოველდღიური ცხოვრების სტილად ექცათ, ბოლოს კი მათ წკნელით, მათრახით ან ქამრით სცემდნენ. მახსოვს, ერთხელ დედაჩემმა მეზობელს მორიდებით უთხრა: როგორ შეიძლება, ბავშვებს ასე გამეტებით რომ ურტყამთ? რაიმე რომ დაემართოთ, მერე რას იზამთ? გეხვეწებით, თავში მაინც ნუ ჩაარტყამთ, რაიმე არ დაუზიანდეთო! იმ ქალმა უპასუხა: შენ შვილებს რომ ეჩხუბები, გეკითხები, მათ რისთვის სჯიო? - მერე კი დასძინა: ჰო, არც მე მომწონს, ზურაბი (ასე ჰქვია მის მეუღლეს) ბიჭებს წამდაუწუმ რომ ურტყამს, მაგრამ არაფერი ესმით და ღირსები არიანო! ბოლოს, ბავშვები ცემას შეეჩვივნენ და ერთი დღეც თუ გავიდოდა ისე, რომ მშობლები არ წაეჩხუბებოდნენ, მეორე დღეს სპეციალურად აშავებდნენ რამეს. ერთ-ერთი მათგანი, ნიკა ჩემი კლასელი გახლდათ. ის საოცრად დაუნდობელი იყო, სკოლაში ყველას სცემდა, ლამის მასწავლებლებსაც კი უბრუნებდა ხელს და მაშინ ვამბობდი: ღირსია, მშობლები ასე რომ ექცევიან-მეთქი! ნიკას ძმებიც უსულგულოები იყვნენ, ყველას დაბრიყვებას ცდილობდნენ და მოსწავლეებმა მათ ამიტომაც შეარქვეს ხისთავიანები. მოკლედ, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი მეზობლები იყვნენ, მათთან ურთიერთობას გავურბოდი და ბიჭების ჩალურჯებული თვალების დანახვა მახარებდა კიდეც. მაგრამ ერთხელ, მათ ოჯახში საშინელება დატრიალდა: იმ დღეს მშობლებმა ისინი ბებიასთან დატოვეს, თავად კი საქეიფოდ ქორწილში წავიდნენ. შინ დაბრუნებულ შვილსა და რძალს ბებიამ მოახსენა, რომ ბიჭებმა მას სისხლი გაუშრეს, რომ ძალიან გააწვალეს, ცუდი სიტყვები უთხრეს. ჰოდა, მთვრალ კაცს მეტი რაღა უნდოდა?! შვილები ჯერ ქამრით სცემა, მერე კი ყველანი კაკლის ხეზე, თავქვე დაკიდა და თქვენ წარმოიდგინეთ, ქვეშ ცეცხლიც დაანთო. პატარა ბიჭების ყვირილი მეორე სოფელშიც კი ისმოდა, მაგრამ მათ დასახმარებლად მისვლას ვერავინ ბედავდა, რადგან ზურაბი ყველა "არამკითხეს" აუცილებლად, შეურაცხყოფას მიაყენებდა. ბოლოს, მეზობელმა კაცებმა ბავშვების საზარელ ღმუილს ვეღარ გაუძლეს და ყველანი ერთად, ეზოში შეცვივდნენ, ბიჭები ხეებიდან ჩამოხსნეს. იმ დღეს ნიკა იმ ქვეყნად წავიდა, მისი ძმები კი სიკვდილს ძლივს გადაურჩნენ. არ გაინტერესებთ, ამ დროს მათი მშობლები რას საქმიანობდნენ? როცა მეზობლები ბიჭებს ხიდან ხსნიდნენ, ზურაბს ტკბილად ეძინა, მის ცოლს კი თურმე სულ დაავიწყდა, შვილები კაკლის ხეზე რომ ჩამოკიდეს (არადა, ხომ გითხარით, მათი ყვირილი მეორე სოფელშიც კი ისმოდა და ხალხი იქიდანაც მოცვივდა) და სადილს ამზადებდა; ბაბუა, რომელიც ლოგინად იყო ჩავარდნილი, ცოლს საყვედურობდა და აგინებდა, - ზურაბს ბავშვების სიცელქის ამბავი რატომ უთხარი? ხომ ხედავ, ბიჭებს როგორ აწამებსო! ბებია კი წინდების ქსოვით იყო დაკავებული, მას არც ქმრის გინება ადარდებდა და არც - შვილიშვილების ღრიალი... მოკლედ, მხოლოდ ნიკუშას სიკვდილის შემდეგ ატყდა განგაში, საქმეში პოლიციაც ჩაერთო და ამ ოჯახს ბავშვები მოაშორეს - ისინი თავშესაფარში გადაიყვანეს, საიდანაც თურმე გაქცეულან და ახლა ღმერთმა უწყის, სად არიან, რას საქმიანობენ... იმ ტრაგედიის შემდეგ ზურაბი გალოთდა, მისი ცოლი კი ტირილით იკლავს თავს, ყოველ კვირადღეს ეკლესიაში დადის, უფალს ცოდვების შენდობას სთხოვს და ევედრება, - შვილები დამიბრუნეო...
მიმი, 15 წლის:
- დედამ სიცოცხლე გამიმწარა! აღარ ვიცი, სად წავიდე, თავშესაფარი ვის ვთხოვო. მართალია, ინტერნეტში ვიპოვე მისამართები, სადაც შემიძლია, მივიდე და მშობელს ვუჩივლო, მაგრამ არც ის მინდა, რომ ჩემს ოჯახს ჩირქი მოეცხოს... დედას შეუძლია, იმის გამოც კი მცემოს, თანაც - სასტიკად, თუ წყალი დამეღვრება ან თეფში გამიტყდება... ერთხელ, როცა შინ სტუმრები გვყავდა, ყავის მოხარშვა დამავალა, თან - გამაფრთხილა: იცოდე, ერთი წვეთიც არ დაგეღვაროს, სახლი არ დამისვარო, თორემ ვერ გადამირჩებიო! ყავა კი მოვადუღე, მაგრამ იმის შიშით, რომ არ დამღვროდა, ხელი ამიკანკალდა და უკვე შუა "ზალაში" შესულს, ფინჯანი ხელიდან გამივარდა. სტუმრები შეშფოთდნენ, - მდუღარე ხომ არ გადაივლო, ხელი ხომ არ დაიწვაო? დედამ კი ეგრევე თმაში ჩამავლო ხელი და მათ თვალწინ შეურაცხყოფა მომაყენა, სულ უტვინო, დებილი მეძახა... ეგ კიდევ არაფერი. ერთხელ, შეყვარებულის თვალწინ ისე მცემა, რომ დალურჯებული თვალების მოშუშებას მთელი თვე მოვანდომე. გგონიათ, რაიმე დავაშავე? არა, უბრალოდ დაინახა, როგორ მომაცილა ბიჭმა სახლამდე და ეს საკმარისი აღმოჩნდა საიმისოდ, რომ ჩემთვის ბოზი, ოჯახის შემარცხვენელი დაეძახა. აი, ასეთი მშობელი მყავს!.. მართალია, მამა ჩემს დაცვას ცდილობს, მაგრამ არაფერი გამოსდის, უფრო მეტიც - ზოგჯერ მასაც ხვდება დედაჩემის მწარე ენა იმის გამო, რომ თურმე არ იცის, შვილს როგორ უნდა მოექცეს, რომ ის მათამამებს და სწორედ ეს არის იმის მიზეზი, რომ უზრდელი, ხეპრე ვარ. საინტერესოა, დედაჩემისნაირი მშობელი რომ გყავდეთ, როგორ მოიქცეოდით?..
ნამდვილად არ ვიცი, მიმის ადგილას როგორ მოვიქცეოდი, რადგანაც მადლობა ღმერთს, ასე უსაფუძვლოდ არასდროს მსჯიდნენ. მაგრამ ამ თემაზე მუშაობისას, საკუთარი ცუღლუტობა, მერე კი ამის გამო თხილის წკეპლით აჭრელებული ჩემი ხელები გამახსენდა და გადავწყვიტე, თქვენთვისაც გამემხილა, თუ როგორ მოვიპარე ბავშვობაში ლენინისთავიანი "წითელი ფული" ანუ 10-მანეთიანი.
მოკლედ, მესამე თუ მეოთხე კლასში ვსწავლობდი, როცა ჩვენი სოფლის კინოთეატრში ჩამოიტანეს ფილმი - "კინგ-კონგი". ამ ამბავმა მთელი სკოლა გაახარა, უფროსკლასელები ბილეთის საყიდლად გაიკრიფნენ, პატარები კი მშობლებს ვთხოვდით, კინოში წავეყვანეთ. ვინაიდან მე და ჩემს ძმას მშობლებმა გვითხრეს, - კინოში ვერ წაგიყვანთ, რადგან ფული არ გვაქვსო, ორივენი დავიბოღმეთ, მერე კი გადავწყვიტე, იმ დღეს პროტესტის ნიშნად, გაკვეთილები არ მომემზადებინა (აბა, რა ვიცოდი, თუ დედას ბილეთები უკვე ნაყიდი ჰქონდა?!)... ამასობაში ბებიის და (ბებიდა) გვესტუმრა (ღმერთმა აცხონოს მისი სული!) და იმის ნაცვლად, რომ ხელჩანთა შინ შემოეტანა, გარეთ, აივანზე დაკიდა, მერე კი ბებიას მიუჯდა და ეჭორავებოდა. ბებო ეზოში იყო, არაყს ხდიდა, ჩემი მშობლები შინ არ იყვნენ, ძმა - მეცადინეობდა, მე კი თოჯინებით ვერთობოდი. ბებიდა ხელჩანთასთან ხშირ-ხშირად მიდიოდა, მასში ხელს ყოფდა და რაღაცას ითვლიდა, მერე კი თვალებგაბრწყინებული ისევ ბებოსთან მიდიოდა, სკამზე ჯდებოდა და მთელი სოფლის ჭორებზე ელაპარაკებოდა. დავინტერესდი, რას მალავდა ბებიდა ჩანთაში. ჰოდა, როცა ისევ თავისი ხელჩანთისკენ დაიძრა, ზურგს უკან დავუდექი და... მას უამრავი, ლენინისთავიანი კუპიურა ჰქონდა! სწორედ მაშინ გადავწყვიტე, ფული მომეპარა, სხვისი ჩანთიდან ერთი "ლენინი" ამომეღო და როცა ბებიდა აივანს მოშორდა, დრო ვიხელთე, სკამზე ავფოფხდი და ფული მოვიპარე, მერე კი დავიწყე ფიქრი იმაზე, თუ რა უნდა მეთქვა მშობლებისთვის, რომლებიც აუცილებლად მკითხავდნენ, - ეს საიდან მოიტანეო? უცებ "გონება გამინათდა" და დავიწყე ეზოში ბორიალი, თან - ხმამაღლა გავიძახოდი: "ჭია, ფული მაპოვნინე, მე შენ დედას გაპოვნინებ"... ეზოში ჩემი ძმა გამოვიდა და დაცინვა დამიწყო, - შენ ვერა ხარ, რა! როდის იყო, ჭია ხალხს ფულს აძლევდაო?! ვუთხარი: აი, ნახავ, თუ არ მაპოვნინებს-მეთქი და ყვირილი განვაგრძე. მოკლედ, მთელი ეზო მოვიარე, ბოლოს კი ძმას თავზე დავადექი და ნიშნის მოგებით ვუთხარი, - აი, თუ არ მომცა-მეთქი?! - ჯიბიდან ფული ამოვიღე და ცხვირწინ დავუტრიალე. ცნობისათვის - ძმა ჩემზე 3 წლით უფროსია და მგონი, მიხვდა, ფული როგორც ვიშოვე, ამიტომ მირჩია: ეს ახლავე, სასწრაფოდ ლეიბის ქვეშ ამოდე და ხმა არ ამოიღო; არ თქვა, რომ ფული ჭიამ გაპოვნინა, თორემ გცემენო! - კარგი-მეთქი, - დავუჯერე და ათმანეთიანი ბებიის ქვეშაგებქვეშ დავმალე. როცა მშობლები სამსახურიდან დაბრუნდნენ, მათ ვკითხე: ხელფასი ხომ არ აგიღიათ-მეთქი? დედამ მიპასუხა: არა და ბილეთებიც ვერ ვიყიდეთო. აი, მაშინ კი ვეღარ მოვითმინე და ვუთხარი: არც მჭირდება თქვენი ნაყიდი ბილეთები, ჭიამ ფული მაპოვნინა და მე თვითონ ვიყიდი-მეთქი. - რა ფულიო? - მკითხეს. ქვეშაგებიდან წითელი თუმნიანი გამოვაძვრინე და დედას შორიდან დავანახვე. ბებიდა აწრიალდა, - ფული მე დამეკარგა; ხშირ-ხშირად ვითვლიდი, ჰოდა, ეტყობა, ამომივარდა და ლიკამ იპოვაო. დედამ რაღაც იყნოსა და ჯერ ტკბილი სიტყვებით შეეცადა, გამოვეტეხე, მაგრამ როცა გავჯიუტდი, - ეს ფული ქვის ქვეშ ვიპოვე და ჩემია, არ მივცემ-მეთქი, - მერე ეზოში გამიყვანა, თხილის წკეპლა მოიტანა და ხელებში მირტყა მანამ, სანამ სიმართლე არ ვთქვი... მართალია, მეორე დღეს კინოში მაინც წამიყვანეს, მაგრამ ხელები ისეთი დასივებული მქონდა, რომ "კინგ-კონგი" დღემდე მძულს. ჰოდა, როგორ ფიქრობთ, მეც ძალადობის მსხვერპლი ვარ?..
ქეთი მაღრაძე, ფსიქოლოგი:
- ცხადია, ესეც ძალადობაა! მშობელს შეეძლო, შენს გამოსატეხად სხვა გზა მოეძებნა, მაგრამ როგორც ჩანს, საამისოდ არც ნერვები ჰქონდა და არც - დრო; მან ისეთი მეთოდი აირჩია, რომლის წყალობითაც აუცილებლად გამოგტეხავდა და თან, სამაგალითოდაც დაგსჯიდა.
- და ვინ იცის, იქნებ სწორი გზა აირჩია; იქნებ ამის წყალობით, მას შემდეგ არავის ჩანთაში აღარ ჩამიყვია ხელი, უფრო მეტიც - ოჯახის წევრების ჯიბეებს მაშინაც კი არ ვატრიალებ, როცა სარეცხს ვრეცხავ...
- მერწმუნე, ეს შენი ხასიათია და არა ძალადობის შედეგი; ან უბრალოდ, საკუთარ თავს არ აძლევ უფლებას, ვინმეს ჯიბეში ჩაყო ხელი მხოლოდ იმიტომ, რომ გეშინია, იქ რაიმე ისეთი არ იპოვო, რაც არ მოგეწონება, რაც გულს გატკენს. პირადად მე, ვერაფერს ცუდს ვერ ვხედავ იმაში, თუ ვთქვათ, საყვარელი ადამიანის ჯიბეს შეამოწმებ. შენ კი სწორედ ძალადობის მსხვერპლი ხარ და ამიტომაც გაქვს შიში სხვების ჯიბეებისა... დარწმუნებული ვარ, ახლა შენმა შვილმა რაიმე რომ მოიპაროს, მას ისევე გაუსწორდები, როგორც თავის დროზე დედაშენი გაგისწორდა ანუ - ძალადობრივი გზით, რადგან მიგაჩნია, რომ ის სამაგალითოდ მოიქცა...
- სიმართლე გითხრათ, ამაზე არაერთხელ მიფიქრია და ვაღიარებ, 90%-ია შანსი იმისა, რომ რაიმეს მოპარვის შემთხვევაში, შვილს ზურგიც კი ავუჭრელო... დედაჩემის ადგილას თქვენ როგორ მოიქცეოდით?
- არ გაიძულებდი, სიმართლე გეთქვა, მაგრამ მოგიყვებოდი ისეთ ამბებს, რომ თავადვე მიხვდებოდი - შეცდომა დაუშვი და მსგავს რამეს აღარ გაიმეორებდი... საერთოდ, მშობლების უმეტესობას ჰგონია, რომ შვილის აღზრდა იოლი საქმეა: მთავარია, ბავშვს არ შესცივდეს, არ მოშივდეს და სხვა არაფერი სჭირდება; არადა, მერწმუნეთ, შვილის აღზრდა სულ სხვა რამეს გულისხმობს, ეს ძალიან რთული საქმეა... საბედნიეროდ, ამ ბოლო დროს საქართველოშიც ჩამოყალიბდა ისეთი ინსტიტუტები, სადაც მშობელს შვილთან ურთიერთობას ასწავლიან, მაგრამ ისევე, როგორც ფსიქოლოგთან ურთიერთობას, ადამიანები ასეთ ინსტიტუტებსაც გაურბიან და ამბობენ: ვინ რა უნდა გვასწავლოს? ბავშვი ჩვენია და მას, როგორც გვინდა, ისე მოვექცევით, ისე აღვზრდით; თუ მშობლები გვსჯიდნენ, ამიტომაც ვერ გავიზარდეთ და ჩამოვყალიბდით კარგ, პატიოსან ადამიანებადო?!. ძნელია, ასეთ ხალხს დაუმტკიცო, რომ შვილისთვის სილის გაწნაც კი ძალადობაა, რომ ბავშვს აქვს უფლება, ამის გამო მშობელს უჩივლოს. მოკლედ, ეს პრობლემა საკმაოდ აქტუალურია და სანამ არ გავაცნობიერებთ, რომ ბავშვისთვის ხელის გარტყმა, მისი ცემა - დანაშაულია, კრიმინალია, მანამ ვიდგებით მსგავსი პრობლემების წინაშე და ჩვენი შვილებიც ძალადობრივი წეს-ჩვეულებების მატარებლები იქნებიან ისევე, როგორც ჩვენ.
ლიკა ქაჯაია
"გზა", 2011 წელი