სიგარეტის მწეველების კლასიკური შეცდომები
ეს ნივთიერებები პასუხისმგებელია ადამიანის "კარგ გუნება-განწყობილებაზე". ანალოგიური ეფექტი მიიღწევა ნარკოტიკების (ჰეროინი ან მორფინი) მიღებისას. თუმცა თავად მწეველები სიგარეტის მოხმარებას საკუთარი მოსაზრებებით ამართლებენ.
ილუზია #1: სიგარეტის მოწევა ნაკლებად მავნებელია, ვიდრე ალკოჰოლის გადაჭარბებით მოხმარება.
მოწევა დადებითად მოქმედებს ყნოსვაზე, მხედველობაზე, შრომის უნარზე და ა.შ.
მოწევის დროს ადამიანები იქმნიან განსაკუთრებულ, ინტიმურ და სანდო საურთიერთობო გარემოს (ეს არგუმენტი აქვთ ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებლებსაც);
ნიკოტინი ადამიანის ფსიქიკას აწონასწორებს და იცავს მას არასასურველი ქმედებების ჩადენისგან;
მოწევა ხელს უწყობს გახდომას.
ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, ადამიანმა შეიძლება იფიქროს, რომ მოწევა მხოლოდ და მხოლოდ დადებით ეფექტს იძლევა. რაღაც მომენტში, რწმენის გამო, შეიძლება ასეც მოხდეს, მაგრამ ნიკოტინი მოკლე დროში ფიტავს ნერვულ სისტემას და ილუზიაც ქრება. მოწევა ართმევს ადამიანს სიცოცხლის ძალასა და ენერგიას. სპეციალისტების შეფასებით, მწევლის ცხოვრება ნაცრისფერდება, მაგრამ სიგარეტის მოყვარული ადამიანი ყოველთვის ახერხებს თავის დამშვიდებას და საწინააღმდეგოში დარწმუნებას. ასე ჩნდება კიდევ ერთი ილუზია.
ილუზია #2: მოწევის მავნე ზემოქმედების მიუხედავად, ჯანმრთელობის შენარჩუნება შესაძლებელია.
ჯანმრთელ ადამიანს ნაკლებად აღელვებს დაავადებები, რომლებიც მომავალში მოწევის გამო გამოვლინდება და ხარჯები, რომელიც ამ დაავადებების მკურნალობას დასჭირდება. განსაკუთრებით საკვირველია მოზარდების მსჯელობა: "დიახ, ვიცი, რომ მოწევა მავნებელია, მაგრამ მსიამოვნებს. ისიც გამიგია, რომ ფილტვების ან კუჭის კიბოს იწვევს, მაგრამ ეს იქნება არცთუ ისე მალე, დაახლოებით 15-20 წლის შემდეგ. თანაც, რაღა მაინცდამაინც მე დავავადდები? ან ვიქნები კი მაშინ ცოცხალი?"
ილუზია #3. სიგარეტის დახმარებით შესაძლებელია ცხოვრებისეული სიძნელეების გადალახვა.
ადამიანი ეგუება აზრს, რომ ცხოვრებაში წარმატებული ნაბიჯების გადასადგმელად პერიოდულად უნდა მოსწიოს. სხვანაირად არაფერი გამოსდის, თავიც ცუდად მუშაობს და ა.შ. მისი ლოზუნგი ხდება: "საქმის დაწყებამდე მოსწიე! საქმის დასრულების შემდეგ მოსწიე! საქმეს თავს ვერ ართმევ? მოსწიე!"
ამ ილუზიის გავლენით ადამიანს ჰგონია, სიგარეტი სტრესის სწრაფად მოხსნასა და ცხოვრებისეული პრობლემებისგან თავის დაღწევაში დაეხმარება. იგი მშვიდდება მოწევისას, სასიცოცხლო ძალები კი მობილიზაციის ნაცვლად დუნდება. ასეთი ადამიანის აზროვნების სქემა მარტივია: "აი, მოვწიე, დარდი გადავლახე, ყველა და ყველაფერი მეტ-ნაკლებად ასატანი გახდა". სინამდვილეში, მოწევისას ნიკოტინი რამდენიმე წამში აღწევს ტვინამდე და იწვევს რთულ, უარყოფით ბიოქიმიურ და ფიზიოლოგიურ პროცესებს. ამის შედეგად ადამიანს უნელდება თავისუფლების სურვილი, მცირდება მისი პიროვნული პოტენციალი. ადამიანის ფსიქიკა ნიკოტინზე ხდება მონურად დამოკიდებული. პრობლემებისა და სტრესის გადალახვა კი, სამწუხაროდ, არ ხერხდება.
ილუზია #4: მოწევა დამოუკიდებლობისა და პრესტიჟულობის საწინდარია.
ადამიანს ეჩვენება, რომ ის სიგარეტით ან სიგარით ხელში ჩვეულებრივზე უკეთ გამოიყურება. ამ მავნე მითს პროპაგანდას უწევენ კინოფილმებით, სარეკლამო რგოლებთა და სხვა საშუალებებით. ამიტომ თავის თავში დაურწმუნებელი ადამიანი კერპებთან თუ ლიდერებთან გატოლების მიზნით ხელში იღებს სიგარეტს და ცდილობს, ამით მაინც დაემსგავსოს მათ.
ილუზია #5: მოწევა ფორმის შენარჩუნებაში ეხმარება ადამიანს.
ეს ფართოდ გავრცელებული მცდარი შეხედულებაა. თუ კარგად მიმოვიხედავთ, დავინახავთ ადამიანებს, რომლებიც ბევრს ეწევიან, მაგრამ მაინც მსუქნები არიან. ამავე დროს, თუ ადამიანი, რომელიც დიდი ხანი ეწეოდა, მოწევას თავს დაანებებს, შეიძლება, მართლაც გასუქდეს. ეს აიხსნება არა თამბაქოს საიდუმლო თვისებით, არამედ იმით, რომ ამ მავნე ჩვევაზე უარის თქმით ადამიანი იბრუნებს უწინდელ ჯანმრთელობასა და მადას. კერძოდ, მას აღუდგება გემოვნებითი მგრძნობელობა. სწორედ ამიტომ, პირველ ხანებში, ბევრი ყოფილი მწეველი ჭამისგან დიდ სიამოვნებას იღებს და შესაბამისად, სუქდება. თუ მოწევაზე უარის თქმის პარალელურად ფიზიკურად გავაქტიურდებით და ჭამასაც მოვუკლებთ, სულაც არ მოვიმატებთ წონაში.
ილუზია #6: სიგარეტით შეიძლება გავთბეთ ზამთარში.
განვიხილოთ მექანიზმი, რომელიც საფუძვლად უდევს მოწევის "გამათბობელ" ეფექტს. ადამიანის ორგანიზმში მოხვედრილი თამბაქოს შხამი ხელს უწყობს ისეთი ნივთიერებების გამომუშავებას, რომლებიც ზრდის პულსის სიხშირეს და არტერიულ წნევას. ეს მართლაც ქმნის ხანმოკლე "გამათბობელ" ეფექტს, მაგრამ საინტერესოა, რა უჯდება ორგანიზმს ასეთი "გათბობა". ის ნივთიერებები, რომლებიც გამომუშავდება თამბაქოს მოწევისას, სინამდვილეში უნდა გამომუშავდეს ექსტრემალურ სიტუაციაში, მაგალითად, როცა ადამიანი თავს შველის გაქცევით ან ნერვიულობს რეალური საშიშროების გამო. არადა, მწეველი ყოველი მოწეული სიგარეტით აიძულებს ორგანიზმს, ასეთივე ნივთიერებები გამოიმუშაოს. არსებობს ყინვაში მოწევის კიდევ ერთი მავნე მხარე: კბილების მინანქარზე ცივი, სუსხიანი ჰაერისა და ცხელი თამბაქოს კვამლის მონაცვლეობა იწვევს მათში ნაპრალების გაჩენას, დაზიანებასა და კარიესს.
ილუზია #7: მოწევა გვეხმარება გონების მოკრებასა დ უკეთ მუშაობაში.
მოწევა აქვეითებს მადას, რადგან თამბაქოს შხამი ხელს უწყობს ღვიძლიდან სისხლში გლუკოზის გადასროლას. ამის გამო მწეველებს არამწეველებზე დიდხანს შეუძლიათ მუშაობა საკვების მიღების გარეშე. ამავე დროს, ორგანიზმში მოხვედრისთანავე თამბაქოს შხამი ხელს უწყობს სისხლძარღვების, მათ შორის - თავის ტვინის სისხლძარღვების შევიწროებას. თავის ტვინის სისხლით მომარაგება მნიშვნელოვნად უარესდება და ქვეითდება გონებრივი შესაძლებლობები. მწეველი მოსწავლე ძნელად ითვისებს სასწავლო მასალას, რაც აისახება შედეგებზე. როგორც ექსპერიმენტებით დადგინდა, მოწევა ანელებს სწრაფი რეაქციისა და ყურადღების კონცენტრაციის უნარს. მრავალი თანამედროვე პროფესია კი ადამიანისგან სწორედ ამას მოითხოვს.
აქედან გამომდინარე, მოწევა შეიძლება გახდეს დაბრკოლება პროფესიის არჩევის დროს, რადგან ის აქვეითებს გონებრივ შესაძლებლობებს და ორგანიზმის გამძლეობას მისი ზრდა-განვითარების პერიოდში. მოწევით ორგანიზმის მუდმივი შეჯანჯღარება ბოლოს და ბოლოს უარყოფითად მოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობაზე. ამას გარდა, დღესდღეობით მთელ ქვეყანაში მკაცრდება მოწევასთან ბრძოლის მეთოდები.
ამბობენ, რომ ბევრი ცნობილი ადამიანი ეწეოდა და ამას მათ შრომის უნარზე არ უმოქმედია. ამაზე შეიძლება გიპასუხოთ, რომ ისინი ბავშობაში, ანუ ფსიქოფიზიკური განვითარებისა და ცოდნის ინტენსიური დაგროვების პერიოდში არ ეწეოდნენ. დავამატებ იმასაც, რომ ნიკოტინის მოხმარებას არც ზრდასრულთა ჯანმრთელობისთვის მოუტანია სიკეთე. მწეველებს უნდა ახსოვდეთ, რომ წარმატების მისაღწევად ადამიანს სიგარეტი არ სჭირდება.
ილუზია #8: მოწევა კარგი საშუალებაა თანამედროვე და დამოუკიდებელი ადამიანის იმიჯის დასამკვიდრებლად.
მართლაც, ოდესღაც მოწევა მოდაში იყო. ითვლებოდა, რომ მწეველი მამაკაცი გამოიყურებოდა უფრო მამაკაცურად, მწეველი ქალი კი - ელეგანტურად და დამოუკიდებლად. ახლა უკვე მოწევა მთელ მსოფლიოში გადადის მოდიდან და მწეველთა რაოდენობაც იკლებს. ლევ ტოლსტოი წერდა: "მას შემდეგ, რაც სიგარეტს თავი დავანებე, სხვა ადამიანად ვიქეცი. შემიძლია ხუთი საათი თავაუღებლად ვიმუშაო და დაღლა არც კი ვიგრძნო". არადა, როცა ეწეოდა, საშინელ დაღლილობას, თავბრუს ხვევას განიცდიდა...
ბევრ ცივილიზებულ ქვეყანაში სპორტული, ათლეტური და არამწეველი ადამიანი მიიჩნევა "მოდურად". ხომ გადავიდა თუთუნის ყნოსვის მოდა, თანდათანობით მოწევის მოდაც გადავა.
ილუზია #9: მოწევა ამშვიდებს ნერვებს.
ზოგიერთი მწეველი ამტკიცებს, რომ სიგარეტის მოწევა ეხმარება დამშვიდებასა და დაძაბულობის მოხსნაში. ამ ილუზიის გასაფანტავად განვიხილოთ მექანიზმი, რომელიც ამგვარ "დამშვიდებას" უდევს საფუძვლად. უპირველესად, ეფექტი მიიღწევა თამბაქოს შხამის ადამიანის ნერვული სისტემის ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილზე პირდაპირი მოქმედებით. გარდა ამისა, თამბაქოს კვამლის კომპონენტები ხვდება სისხლში, იწვევს ღვიძლიდან გლუკოზის გადმოსროლას, რაც აქვეითებს შიმშილის გრძნობას, დროებით ქმნის კომფორტის შეგრძნებას, რასაც მწეველი აღიქვამს მოდუნებად.
გამოდის, რომ ემოციური სტრესისგან თავის დასაღწევად მწეველი არა მარტო ტყუილუბრალოდ ხარჯავს ორგანიზმის რეზერვს, არამედ ეჩვევა მოწევას, იძენს სტრესის ახალ წყაროს - სიგარეტის არქონას. მას აღარ შეუძლია მოდუნება სიგარეტის გარეშე. იქმნება მანკიერი წრე: სტრესის აღმოცენებაც და შეწყვეტაც დამოკიდებული ხდება მოწევაზე. ეს აიხსნება იმით, რომ მოდუნებას და ემოციური დაძაბულობის მოხსნას ძირითადად მოწევის შედეგად გამომუშავებული რეფლექსის ხასიათი აქვს. ეს რეფლექსი იმდენად მყარია, რომ თამბაქოს გარეშე დარჩენის შემთხვევაში მწეველი შფოთავს და ღიზიანდება. ამისგან თავის დასაღწევად მას აუცილებლად ესაჭიროება სიგარეტი. აქედან შეიძლება გააკეთო დასკვნა, რომ არცთუ იშვიათად მწეველებში დაძაბულობა და გაღიზიანება დაკავშირებულია თავად ამ მავნე ჩვევასთან და არა - ხასიათის თავისებურებასთან.