მოგზაურობა ქიზიყში და გაპრანჭულაანთ ნაზოს დაწყობილი ლაპარაკი - გზაპრესი

მოგზაურობა ქიზიყში და გაპრანჭულაანთ ნაზოს დაწყობილი ლაპარაკი

საიმედო მეგობარი - ჩემი ავტომობილის სახით, გვერდითა სავარძელზე - ფოტოაპარატი, დიქტოფონი, მოზრდილი ბლოკნოტი (ტელეფონის ნომრების, შენიშვნების უცებ ჩასაწერად), კედები და მოხერხებული ტანისამოსი. მეტი რა უნდა გინდოდეს ჟურნალისტს? ჰოდა, სამუშაო პროცესისგან ალბათ ბევრ ადამიანს არ მიუღია ისეთი სიამოვნება, როგორიც მე, ამ 3 დღის განმავლობაში.

ქიზიყური მოგზაურობის დროს მოპოვებულ რამდენიმე მასალას უკვე გაეცნო ჩვენი მკითხველი და მათზე აღარ შევჩერდები. ახლა მინდა, უშუალოდ მოგზაურობისა და თავს გადახდენილი ამბების შესახებ მოგითხროთ.

პირველად ჩემი ყურადღება მანავთან ახლოს, გადამწვარმა ვენახმა მიიპყრო. ერთიანად დანახშირებულ "პლანებსაც" (ასე ეძახიან კახელები ვაზის მწკრივებს) ეტყობოდა, რომ ვენახი ხანძრის გაჩენამდე კარგად იყო მოვლილი. უცხო ადამიანსაც კი, რომელსაც არანაირი წვლილი არ მიმიძღოდა მის მოვლაში, გული დამეწვა. წარმოვიდგინე, პატრონს როგორ ეტკინებოდა... როგორც ჩანს, ვიღაც გამვლელმა სიგარეტის ნამწვი გადააგდო და არა მხოლოდ წელს, არამედ მომდევნო რამდენიმე წელსაც მოსავლის გარეშე დატოვა გლეხი. აქ ახალი ვაზის ჩაყრა გახდება საჭირო და ახალ ვენახს კი 6-7 წელი მაინც სჭირდება, რომ სრული მოსავალი მოგცეს.

ვისაც კახეთისკენ გიმგზავრიათ, შემჩნეული გექნებათ ჩურჩხელების სამეფო - მანავი. გზის ჩაყოლებაზე, ცელოფანისა თუ დოლბანდის ქვეშ კონწიალებენ ჩამწკრივებული ჩურჩხელები და ტურსიტებსა თუ აქაურებს იზიდავენ. ყველას უჩნდება სურვილი, "კახური სნიკერსი" გასინჯოს. ცოდვა გამხელილი სჯობს, გზაზე ასეთი ნუგბარების ყიდვას ყოველთვის ვერიდები, რადგან არც ხარისხი მომწონებია მათი, როცა მიყიდია და გაცილებით ძვირიცაა, ვიდრე - ქალაქში. თუმცა, ტურისტებმა ხომ ამის შესახებ არაფერი იციან და სწორედ ისინი არიან მანავური ჩურჩხელების კლიენტები. ალალბედზე, ერთ-ერთ ქალბატონთან შევჩერდი.

ციური დოღონაძე ჩურჩხელებს, ღვინოსა და არაყს ყიდის და უსაქმურად იქაც არ ჩერდება. ჩურჩხელებისთვის ნიგოზს იქვე აგებს ძაფზე, რომ საღამოს თათარაში ამოავლოს და მეორე დღეს გაყიდოს. იქვე მეზობელი, გივი ბორაშვილი ჩამომჯდარიყო და საუბრობდნენ.

- ჩურჩხელის კლიენტი გყავთ? GzaPress- კი, გვყავს, მაგრამ აბა გახედეთ, უკვე რამდენი ყიდის... ჰოდა, კლიენტიც ნაწილდება და იმდენი აღარ იყიდება. ხანდახან დღეში შესაძლოა 50 ლარიც გამოვიმუშაო, ხან კიდევ - სულ ვერაფერი გავყიდო.

- ისე, დიდად არ აქებენ გასაყიდად აქ გამოტანილ ჩურჩხელას...

- აბა, გასინჯე, გენაცვალე, - ახალთახალი, რბილი ჩურჩხელა მომაწოდა. ხედავ, როგორი თეთრი ნიგვზით ვაკეთებ? ნუ, ახლა, ვერ გეტყვით, რომ ნამდვილი ბადაგით ვაკეთებ თათარას, მაგრამ მაინც გემრიელია...

- თათარა წესით ბადაგით კეთდება, თქვენ რით აკეთებთ? - ჩურჩხელა ჩავკბიჩე. ქალბატონი ციური არ გამინაწყენდება, თუ ვიტყვი, რომ ნიგოზი ნამდვილად გემრიელი იყო, ხოლო რაც შეეხება გარსს, დიდად აღფრთოვანებული ვერ დავრჩი.

- ხილის წვენით... ჩვენი საიდუმლო რეცეპტი გვაქვს. ამდენ ბადაგს სად ვიშოვით, რომ მთელი წლის განმავლობაში ჩურჩხელები ამოვავლოთ ხოლმე? თანაც, გაცილებით ძვირი დაჯდება. 2 ლარიც კი ეძვირება ხალხს.

- სოფელს რა პრობლემები აქვს?

გივი ბორაშვილი:

- წყალი არა გვაქვს და სამუშაო. აი, ეგ პრობლემა გვაქვს.

- ვენახი არ გაქვთ?

- ამდენი მიწა სადაა, რომ ვენახი ყველას ჰქონდეს? მე კი მაქვს პატარა ვენახი, მაგრამ ყურძენს არ ვაბარებ; რაც მომყავს, ვწურავ და მე თვითონ ვიყენებ. სტუმარი მოდის, ახლობლებს პატივისცემა უნდათ და გასაყიდი ღვინო არც კი მრჩება.

- ვიცი, რომ დღიური სამუშაოა კახეთში. ფერმერებს მუშახელი სჭირდებათ.

ციური:

- აბა, იქ გამომუშავებული ფული რას გეყოფა? მთელი დღე მზეზე ხარ, იწვები, იღლები და "კაპიკებს" გიხდიან. მაგას ისევ აქ ჩურჩხელის გაყიდვა ჯობია.

მანაველებს დავემშვიდობე და გზა განვაგრძე.

კახეთში ახლა საზამთროს სეზონია და გზებზეც უხვად იყიდება. თითქმის ყველგან მანქანაა გაჩერებული, რაც სავარაუდოდ, იმას ნიშნავს, რომ კლიენტის სიმცირეს არ უჩივიან. საბითუმო და საცალო ფასი საკმაოდ განსხვავებულია. ბითუმად - 25-30 თეთრი ღირს, ცალობით - 50.

ერთგან შევჩერდი და საზამთროს გამყიდველების ყოველდღიური ცხოვრებითა და მოსავლით დავინტერესდი.

- ეგ ფოტოაპარატი რისთვინ გინდა? - მკითხა გამხდარმა, შუახნის მამაკაცმა და ქოჩორზე ხელი გადაისვა.

- სურათი უნდა გადაგიღო და იმისთვის.

- ჰო, ეგ ხო მეც ვიცი, რომ ფოტოაპარატით სურათებს იღებენ, მაგრამ მე რისთვინ მიღებ?

- ჟურნალ "გზაში" უნდა დავბეჭდო.

- რათა, რამე დავაშავე?

- წელს კარგი მოსავალი გაქვთ?

- არც ისე... ჰექტარზე 18 ტონა რომ მოვა, აი, ის არის კარგი მოსავალი. 5-6 ტონას ძლივს ვიღებთ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მოსავალი თუ მთლიანად გავყიდე, მხოლოდ იმ ხარჯებს დაფარავს, რაც მთელი წლის განმავლობაში გავწიე.

- მიზეზი რა არის?

- მიზეზი გვალვაა. წვიმა გვენატრება, სარწყავი წყალი არა გვაქვს და საზამთროს კიდევ, მწიფობის დროს წყალი უნდა, რომ გაიზარდოს, გაივსოს. ჰოლანდიური ჯიშის საზამთროს თესლს ვყიდულობთ, წესით, კარგი მოსავალი უნდა მოგვცეს, მაგრამ აბა, უწყლობა ყველაფერს აფუჭებს. ბინა ბანკში მაქვს ჩადებული, ვალს გადახდა ხომ უნდა? რა გვეშველება, არ ვიცი. ვაუჩერი მოგვცეს, მაგრამ აბა, მიწის დახვნაზე იმხელა რიგი იყო, როდის მომიწევდა, ღმერთმა იცოდა. ავდექი და ჩემი ხარჯით დავხანი. ამოტოლა მიწას დამუშავება არ უნდა? 8 ჰექტარზე მაქვს საზამთრო. ატმის ბაღიც მაქვს, მაგრამ წელს არ ასხია, ცოტა მოვიდა მოსავალი. ყველაფერი გლეხის წინააღმდეგაა მომართული. ამასობაში ინტერვიუ მოგეცი, არა? დავიქოქე ფირუზას ტრაქტორივით და ვეღარ დავდექ...

- მშვენივრად ლაპარაკობდით.

- მშვენივრად იცი, ვინა ლაპარაკობს? გაპრანჭულაანთ ნაზო. იცი, როგორი დაწყობილი საუბარი იცის? სუ ტელევიზორთანა ზის და სერიალებს უყრებს. ხან თურქულს, ხან - არგენტინულს. იქიდანა სწავლობს დაწყობილად ლაპარაკს. აბა, მე ერთი გლეხი კაცი ვარ და რაც ვიცი, ისე გელაპარაკეთ. თუ რამე ვერა ვთქვი, არ დამძრახოთ და თუ ცუდათა ვჩანვარ სურათზე, ნუ დამიბეჭდამ, რაა... წვერიც არ გამიპარსნია, 1 კვირაა, აქა მძინამს და ვერ ვიცლი, თავის მისახედად. სირცხვილია, ხალხმა ასე რო მნახოს.

შევპირდი, რომ სურათს არ დავუბეჭდავდი და დავემშვიდობე. გაპრანჭულაანთ ნაზოს ნახვა კი მაინტერესებდა, მაგრამ რესპონდენტმა არ მირჩია: - როგორ გაგწირო, გენაცვალე, გაგაშტერებს ლაპარაკით, 2 დღე აღარ გამოგიშვებს, თუ ხელში ჩაგიგდოო.

სიმართლე რომ გითხრათ, წინასწარ მარშრუტი დაგეგმილი არ მქონია. საითაც "ფარები იყურებოდნენ", იქით მივდიოდი. ჩალაუბანთან გადავუხვიე და რამდენიმე ხანში თავი სოფელ მირზაანში ამოვყავი. ფიროსმანის სახლმუზეუმისკენ მიმავალი გზის საკითხავად სოფლის ცენტრში გავჩერდი და მაღაზიაში შევედი.

უცხო ადამიანის დანახვაზე ყველა გაისუსა და ინტერესით მომაჩერდა.

- ფიროსმანის სახლმუზეუმთნ როგორ მივიდე?

- ვინა ხარ გენაცვალე, ჯერ გვითხარ, - მკითხა ხანში შესულმა ქალბატონმა.

- ჟურნალისტი ვარ, "გზიდან"...

- შენ კი გენაცვალე, რამ მოგიყვანა ამ შორეულ სოფელში? მე თინათინ ჯანაშვილი ვარ, თბილისში ვცხოვრობ, მაგრამ ზაფხულობით აქა ვარ. მიყვარს თქვენი ჟურნალი. შეიძლება, რაღაც გითხრათ?

- რა თქმა უნდა, შეიძლება. GzaPress- ახალი მთავრობის ძალიან კმაყოფილი ვართ, სოფელში გზას გვიკეთებენ, ბუნებრივი აირიც გამოჰყავთ... ფიროსმანის ძეგლი კი თბილისში ძალიან მოუვლელია. რამდენიმე თვის წინ ერთ-ერთ გაზეთში დავრეკე და ვუთხარი, - ალიევის ძეგლი რომ ასე მოვლილია და ფიროსმანის - არა, ამაზე რატომ არაფერს წერთ-მეთქი? - ალიევის ძეგლს აზერბაიჯანის საელჩო უვლის და ფიროსმანის ძეგლს - ქალაქის მერია. მერიაში დარეკეთ და ჰკითხეთო. ძალიან მტკივა გული და დამპირდი, რომ ამას დაწერ...

მაღაზიიდან გამოსულს მანქანასთან პატარა გოგონა დამხვდა.

- დეიდა, კარგი მანქანა გყავს, ფულიც გექნება და მომეცი...

- შენ ვინ ხარ? - ძალიან გამიკვირდა, სოფელში მოწყალებას რომ თხოულობდა ვიღაც. თანაც, მივხვდი, რომ იქაურებიც არ იცნობდნენ, რადგან ყველა ინტერესით ათვალიერებდა.

- სალომე გუგავა.

- საიდან ხარ?

- არბოშიკიდან (მირზაანიდან რამდენიმე კილომერტში მდებარეობს ეს სოფელი). ადრე კოდაში ვცხოვრობდით. ახალგაზრდა მშობლები მყავს - დათო და მაია ჰქვიათ და 8 დედმამიშვილი ვართ. უმცროსი ძმა 1 წლისაა და დედა კიდევ ორსულადაა. კოდაში 1 პატარა ოთახი გვქონდა, ვერც კი ვეტეოდით. თანაც, ჭერიდან წყალი ჩამოგვდიოდა... ჩემმა მშობლებმა პაატა ბურჭულაძეს წერილი მისწერეს და გასაჭირის შესახებ უამბეს. 3 თვეში ჩვენს სახლთან მანქანა გაჩერდა, - ბარგი შეკარით, სახლი გიყიდეთ და უნდა გადაგიყვანოთო. ძალიან გაგვიხარდა.

- ახლა რამდენი ოთახი გაქვთ?

- ახლა 8 ოთახი გვაქვს, ახალ სახლში ავეჯიც დაგვხვდა. სოფელშიც კარგად მიგვიღეს. უკვე წელიწად-ნახევარია, რაც აქ ვცხოვრობთ და შევეჩვიეთ. ლობიო, პომიდორი და მწვანილიც დავთესეთ და კარგი მოსავალი მივიღეთ, მაგრამ ეგ საკმარისი არაა. ჩემი მშობლები უმუშევრები არიან და სამსახურს ვერ შოულობენ. ჩემს იმედზე არიან... გამოვდივარ, მოწყალებას ვითხოვ და რასაც ვშოულობ, იმით ბრინჯს, კარტოფილს, ფქვილს ვყიდულობთ. მამას ძალიან უნდა, სამსახურის შოვნა, დღიურ მუშადაც კი წავა, მაგრამ ვერაფერს შოულობს. ხანდახან ცარიელ პურს ვჭამთ ხოლმე, მისაყოლებელიც არაფერი გვაქვს.

- დღეს იშოვე რამე?

- არა, არაფერი მიშოვია. ახლა ძალიან დამცხა და შინ უნდა წავიდე უკვე. ხანდახან ფული რომ არ აქვთ, ხალხი საჭმელს მაძლევს ხოლმე და ძალიან მიხარია. სოციალურ დახმარებას ვიღებთ, მაგრამ 3 თვის წინასწარ გამოვიტანეთ და ფქვილი ვიყიდეთ. ისიც აღარ გვაქვს უკვე.

- სკოლაში დადიხარ?

- კი, 15 წლის ვარ, IX კლასში ვსწავლობ. კარგი მოსწავლე არ ვარ, მაგრამ ეს იმის ბრალია, რომ მეცადინეობას ვერ ვასწრებ. ან ქუჩა-ქუჩა დავდივარ, ან მშობლებს ვეხმარები, რადგან უფროსი შვილი ვარ.

გოგონას ცოტაოდენი ფული ვაჩუქე და დავემშვიდობე. რამდენიმე წუთში ფიროსმანის სახლმუზეუმის დაკეტილ ჭიშკარს მივადექი და კარგა ხნის - მასპინძელოს ძახილის შემდეგ, ხმა რომ ჩამეხლიჩა, ჭიშკარი თავად გავაღე და დაღმართზე დავეშვი. ჩემი მანქანის დანახვაზე დაცვის თანამშრომლები გარეთ გამოეფინნენ.

როგორი სიტუაცია დამხვდა მუზეუმში, ვინ წაიღო ფიროსმანის ნახატების ორიგინალები, რაზე ვისაუბრეთ მე და მონაზონმა, რომელიც გზაზე დამემგზავრა, როგორ მოხვდა ჩემს მანქანაში 2 ადამიანის "ტრუპი" და კიდევ ბევრ საინტერესო ამბავს მომდევნო ნომერში მოგიყვებით. მარი ჯაფარიძე, ჟურნალი "გზა"