ქალი, რომელიც სამ ავადმყოფ შვილს ზრდის - გზაპრესი

ქალი, რომელიც სამ ავადმყოფ შვილს ზრდის

ქალბატონი ლარისა შაკაია:

- აფხაზეთიდან დევნილები ვართ. ამჟამად ხობში, კომპაქტურ დასახლებაში ვცხოვრობთ. სამი უნარშეზღუდული ბავშვი მყავს. ჩემს ოჯახში დასაქმებული არავინ არის და შესაბამისად, არანაირი საარსებო წყარო არ გაგვაჩნია. თითოეულ ბავშვს სახელმწიფო თვეში 100 ლარს უხდის ანუ ჩვენი თვიური შემოსავალი მხოლოდ 300 ლარია.

- თქვენი მეუღლეც არ მუშაობს?

- ვერ მუშაობს. სამ ავადმყოფ ბავშვს მარტო ხომ ვერ მოვუვლი? პატარა ქალიშვილი - მარიამი ისეთ მდგომარეობაშია, მთელი დღე ხელში უნდა გყავდეს. თუ არ სძინავს, დაწოლილი ან დამჯდარი არ ჩერდება. მეუღლე რომ სამსახურში წავიდეს, მარტომ როგორ უნდა მივხედო მათ? სამივე ბავშვი აბსოლუტურად ჩვენზეა დამოკიდებული. წარმოიდგინეთ, დამოუკიდებლად ჭამაც არ შეუძლიათ.

- ნათესავები არ გეხმარებიან?

- ჩემი და მეუღლის მშობლები გარდაცვლილები არიან, ნათესავებს კი თავისი პრობლემებიც ეყოფათ... გასაგებია, რომ ინვალიდი შვილი ბევრს ჰყავს, მაგრამ უმწეო ოჯახში სამივე შვილი ავადმყოფი გვყავს, სახელმწიფომ ყურადღება არ უნდა მოგვაქციოს? არადა, არავინ დაინტერესებულა, როგორ ვახერხებთ ასეთი ბავშვების მოვლას. ამჟამად თბილისში, ნაქირავებ ბინაში ვცხოვრობთ, რადგან პატარებს ხობის ჰავა არ უხდებათ. გასულ ზამთარს, იანვრიდან მოყოლებული, აპრილის ბოლომდე, სამივე საავადმყოფოში იწვა. ხობში ჰაერის უკმარისობა ემართებათ, იხრჩობიან. ამიტომ, იძულებული გავხდით, ბინა დაგვექირავებინა. ქირის ფულს ბავშვების პენსიით ვიხდით. ყველას ვეხვეწები, რომ ხობის ბინა აქ, ერთ პატარა ოთახში გაგვიცვალონ, მაგრამ არავინ გვეხმარება.

- სახელმწიფოსგან დახმარების სახით მიღებულ თანხას ბინის ქირაში თუ იხდით, ბავშვებს რაღას აჭმევთ?

- თუ ამით ვინმე დაინტერესდება, ჩვენთან მობრძანდეს და გაიგებს, როგორ ვარსებობთ და რას ვაჭმევთ ბავშვებს. არ მინდა ამ ყველაფერზე დაწვრილებით ვილაპარაკო.

- კონკრეტულად, ჯანმრთელობის რა პრობლემები აქვთ თქვენს ქალიშვილებს?

- უფროსი გოგონები - ტყუპი სოფიკო და სალომე 18 წლისანი არიან. აქვთ გულის მანკი და მესამე კატეგორიის გონებრივი ჩამორჩენა; მარჯვენა თირკმელი ორივეს მუცელში, ჭიპთან აქვს. ეს მაინცდამაინც დიდ საშიშროებას არ წარმოადგენს, მაგრამ ზოგჯერ ძალიან სტკივათ. ამ ყველაფერს მიხედვა ხომ უნდა? აქ ექიმთან კონსულტაცია რომ დაგვჭირდა, გვითხრეს, რომ ყველაფერში ფული უნდა გადაგვეხადა, რადგან ჩვენი ოჯახი ხობშია ჩაწერილი; დაზღვევის პოლისს მხოლოდ ხობში გამოიყენებთო.

- იქ არ არის საავადმყოფო? GzaPress- რასაკვირველია, საავადმყოფო არის, მაგრამ იმ გამოკვლევებს, რაც ამ ბავშვებს სჭირდებათ, იქ ვერ აკეთებენ... რაც შეეხება ჩემს უმცროსს შვილს - მარიამს, ის 7 წლისაა. მას ცერებრალური დამბლა და კრუნჩხვითი ეპილეფსია აქვს. უმძიმესი ავადმყოფია. ჩემი სახლის წინ მუდმივად "სასწრაფო დახმარების" მანქანა დგას. დახმარებისთვის ვის მივმართო, არ ვიცი. სიცოცხლე აღარ მინდა, მაგრამ ვცხოვრობ იმისთვის, რომ ჩემი შვილები უპატრონოდ არ დარჩნენ. ჩემთვის და ჩემი მეუღლისთვის ყველაფერი დამთავრებულია! მთავარია, ვიდრე ცოცხლები ვართ, ამათ მივხედოთ. თუ მოვკვდებით, ყველა ერთად მოვკვდებით და თუ გადავრჩებით, ე.ი. ყველა გადავრჩებით...

- დახმარებისთვის კონკრეტულად, ვის მიმართეთ?

- ერთი საკმაოდ დიდი თანამდებობის პირს მივმართე. მის ვინაობას არ დავასახელებ. შევჩივლე ჩვენი მდგომარეობა, მან კი მიპასუხა: ადექი და შვილები უპატრონო ბავშვთა სახლში ჩააბარეო. გავგიჟდი. მაშინ ვიფიქრე, - გავაღებ ფანჯარას და გადავხტები-მეთქი. ჩავაბარო რა, პურია? ნუთუ, ამ სიტუაციიდან საუკეთესო გამოსავლი ბავშვების მიტოვებაა? რა მოხდება, სახელმწიფო ცოტათი რომ დაგვეხმაროს, რათა მოგვეცეს შესაძლებლობა, რომ საკუთარ შვილებზე თავად ვიზრუნოთ? ამას წინათ, მცხეთაში ადგილობრივი თვითმართველობის წინა საარჩევნო შეხვედრა იყო. ირაკლი ღარიბაშვილი გახლდათ ჩამოსული. მის დაცვაში ერთი ქალბატონიც იდგა. მივედი, ბავშვები ვაჩვენე და ვთხოვე, - ხომ ხედავ, როგორ მდგომარეობაში ვარ. ძალიან გთხოვ, პრემიერთან დალაპარაკების საშუალება მომეცი-მეთქი. - ახლა ეს შეუძლებელია! ფურცელზე დაწერეთ და თქვენს თვალწინ მივცემო. მაშინვე დავწერე ფურცელზე ყველაფერი, რისი თქმაც მინდოდა და გადავეცი, მაგრამ ჩემს წერილს არავითარი გამოხმაურება არ მოჰყოლია.

- დავიჯერო, არასდროს არავის გამოუწვდია თქვენთვის დახმარების ხელი?

- ეკლესიურად ვცხოვრობთ და მცხეთის დედათა მონასტერში დავდივართ. სამი წლის წინ, ერთი პიროვნება გამოგველაპარაკა და ჩვენი მდგომარეობით დაინტერესდა. ვუამბე ყველაფერი. მერე მთხოვა, - თქვენი პლასტიკური ბარათის ასლი მომეცითო. რასაკვირველია, მივეცით. მას ჩვენთვის თავისი ვინაობა არ გაუმხელია. რამდენიმე თვის შემდეგ ტელეფონით მესიჯი მივიღეთ, რომ ჩვენს ბარათზე თანხა ჩაირიცხა. ბანკში გავარკვიეთ, რომ თანხა ზურაბ აბაშიძემ ჩაგვირიცხა. პრემიერის პირადი წარმომადგენელი რომ არის, ის კაცი დაგვეხმარა. მაშინ პოლიტიკაში არც კი იყო და ხალხი არ იცნობდა. ამ სამი წლის განმავლობაში მან რამდენჯერმე, 200-200 ლარი ჩაგვირიცხა ანგარიშზე. ეს არის ერთადერთი ადამიანი, რომელიც დაგვეხმარა. უფალმა დალოცოს მისი ოჯახი... ცუდად არ გამიგოთ, მაგრამ ბოლო დროს შურიანი გავხდი. ტელევიზიით რომ აცხადებენ, ამას და ამას დაეხმარენო, ვფიქრობ, რომ მათ ვიღაც ახლობელი ჰყავთ ამა თუ იმ ფონდში და ის ეხმარება, თორემ რატომ ჩვენ არ ამოგვიდგა არავინ მხარში?

- თქვენ რომელიმე საქველმოქმედო ფონდისთვის არ მიგიმართავთ?

- შარშან, 29 დეკემბერს დამირეკეს და მითხრეს, - "იავნანადან" ვართო. მკითხეს, თბილისში ბრძანდებით თუ ხობშიო? ვუთხარი, - ხობში ვარ-მეთქი. - კარგით, შეგეხმიანებითო, მაგრამ შემდეგ აღარ დაურეკავთ. ისიც კი არ ვიცი, ამ ფონდის წარმოამდგენლებმა ჩვენ შესახებ საიდან გაიგეს, რატომ დაგვირეკეს... თუმცა, 5 წლის წინ ჩვენი გაჭირვების შესახებ წერილი დავწერე და "იავნანაში" გავაგზავნე. მაშინ ასეთი პასუხი მომწერეს: შეშფოთებულები ვართ თქვენი პრობლემებით. ბოდიშს გიხდით, მაგრამ ვერ დაგეხმარებითო... აღარ ვიცი, რა გზას დავადგე. ეს ბავშვები ჩვენი სისხლი და ხორცი არიან. ცუდები არიან თუ კარგები, ჯანმრთელები თუ ავადმყოფები, ჩემები არიან და ჩემთან უნდა გაიზარდონ, მათ ვერ ჩავაბარებ, როგორ ეს ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა მირჩია. ისღა დამრჩენია, თქვენი მეშვეობით, კიდევ ერთხელ ვითხოვო მოწყალება. იმედია, გამოჩნდება ისეთი ადამიანიც, ვინც შეძლებს, მხარში ამოგვიდგეს და ცოტათი მაინც შეგვიმსუბუქოს ეს გაუსაძლისი ყოფა.

P.S. თუ ვინმეს სურვილი გაქვთ, დაეხმაროთ შაკაიების ოჯახს, გთავაზობთ "ლიბერთი ბანკის" პლასტიკური ბარათის მონაცემებს: 4125 7200 2359 5437 SHAKAIA LARISA ან დაუკავშირდით ტელეფონის ნომერზე: 5(58) 23.97.54. ნათია ჟივიძე, ჟურნალი "გზა"