სხვისთვის დათმობილი შეყვარებული - გზაპრესი

სხვისთვის დათმობილი შეყვარებული

რა შემთხვევაში ამბობენ ადამიანები საკუთარ გრძნობებზე უარს, ამას ჩვენი რესპონდენტების მონაყოლიდან შეიტყობთ.

ბაჩუკი, 30 წლის:

- თბილისში, ერთ-ერთ ძველ, კოლორიტულ უბანში გავიზარდე. ისევე როგორც ყველა ჩემი თაობის ბიჭი, ხშირად ვიდექი ბირჟაზე: ვეწეოდით, ვსვამდით, ხანდახან ნარკოტიკულ ნივთიერების მოხმარებაზეც არ ვამბობდით უარს... ერთხელაც, ბირჟასთან, ჩვენი სახლის წინ, მანქანა გაჩერდა და ავეჯით დატვირთული სატვირთო მანქანიდან ულამაზესი გოგონა გადმოვიდა. მის შემხედვარეს მომეჩვენა, რომ დრო გაჩერდა... ქეთი ერქვა ჩემს "დამატყვევებელს", რომელიც ბებოსთან ერთად, მეზობლად გადმოვიდა. თურმე დედამისი გათხოვილა და მათთვის ცალკე ბინა უყიდია. ქეთი 18 წლის გახლდათ და ჩემზე 2 წლით იყო უმცროსი. გადმოსვლის დღიდან მისი გრაფიკი ზეპირად შევისწავლე. ქუჩაში გამოვიდოდა თუ არა, მის სახეზე ვკითხულობდი ყველაფერს... ქეთი ყველას მოსწონდა და როგორც უბნის "ყოჩმა", თადარიგი თავიდანვე დავიჭირე: გოგონას არც ვიცნობდი, ჩემს შეყვარებულად გამოვაცხადე და სხვებს მასზე ფიქრიც კი ავუკრძალე. ერთ დღესაც, როგორც იქნა, გავიცანი! რამდენიმე დღეში თავი ისე შემაყვარა, მზად ვიყავი, მისი გულისთვის ყველაფერზე უარი მეთქვა. მალე მივხვდი, რომ მასაც აღარ შეეძლო უჩემოდ და როცა ჩვენი ურთიერთობა "სერიოზულ ფაზაში" უნდა გადაზრდილიყო, უბანში ჩხუბის გამო, ციხეში მოვხვდი და 6 თვის განმავლობაში "დავისვენე"... ქეთი ისე მენატრებოდა, დილით გაღვიძება არ მინდოდა, რადგან ვიცოდი, მის გარეშე უნდა გამეტარებინა მთელი დღე. ციხეში "წამალზე შევჯექი". მის გარეშე გატარებული დღეებს წამლით "ვიყუჩებდი"; ქეთი სიყვარულში ციხიდან გამოსვლის დღესვე გამომიტყდა და ჩვენი ურთიერთობაც გაგრძელდა, მაგრამ "წამალზე" უარი ვეღარ ვთქვი. როგორც კი "ლომკა" დამეწყებოდა, აღარავინ მახსოვდა... ზამთარში ბაკურიანში წასვლა გადავწყვიტეთ. სიხარულისაგან დავფრინავდი, როცა ქეთი ღამით ჩემს ნომერში დარჩა. არდადეგების ბოლო დღეს კი ჩემს ხელზე ნანემსრები შენიშნა. სიმართლის თქმა ვერ შევძელი და ძველი ნანემსრებია-მეთქი, - ვუთხარი. თბილისში ჩამოსვლის შემდეგ კი უარესად ჩავეშვი ჭაობში. თავს ადამიანად მხოლოდ წამლის მორიგი დოზის გაკეთების შემდეგ ვგრძნობდი, ქეთი ხვდებოდა, რომ რაღაც ისე ვერ იყო, მაგრამ კითხვას არ მისვამდა. ერთ დღესაც გამომიცხადა: - ვიცი, რომ კაიფობ, გვერდში დაგიდგები და ერთად დავძლიოთ ეგ სენიო. დავეთანხმე, მაგრამ ვერ შევძელი. ქეთის თვალებში ჩახედვის მრცხვენოდა. ის ჩემზე ძალიან ნერვიულობდა - ღამეებს ათენებდა... ტკივილს ვაყენებდი და ეს უფრო მიკლავდა გულს. გადავწყვიტე, საქართველოდან წავსულიყავი და აქ აღარასოდეს ჩამოვსულიყავი! მოსკოვში წავედი კიდეც.

- ეს გამოსავალი იყო?

- რა თქმა უნდა - არა. ვიფიქრე, შორს რომ ვიქნები, არც მე გამიჭირდება უმისობა და ქეთიც ერთხელ და სამუდამოდ მიხვდება, რომ აზრი არა აქვს ჩვენს ერთად ყოფნას-მეთქი. ქეთი ჩემთან ბედნიერი ვერასოდეს იქნებოდა. საკუთარ თავს ძალიან ცუდი სამსახური გავუწიე და ახლა სრულიად უდანაშაულო ადამიანი უნდა გამეუბედურებინა...

- ალბათ, არ გიყვარდათ...

- ვერავინ შეძლებს, გაიგოს, თუ რას განვიცდიდი მისი მიტოვებისას, მაგრამ რადგან საკუთარ თავს ვერ მოვერიე, სხვისი ცოდვა აღარ დავიდე... დღემდე ნარკომანი ვარ და ჩემს გადაწყვეტილებას არ ვნანობ. არც ისეთი ნამუსგარეცხილი და ეგოისტი ვიყავი, რომ ჩემი სიყვარულიც გამეუბედურებინა.

- ქეთის ამბავი მას მერე თუ გიკითხავთ?

- კი, მის ამბავს ხშირად ვკითხულობდი, ჩემ გარეშე ძალიან გაუჭირდა - ერთხელ ტელეფონის ნომერიც კი გაიგო და დამირეკა. მევედრებოდა, ჩამოვალ შენთანო... უარი ვუთხარი... 5 წლის შემდეგ გათხოვდა, დღეს 3 შვილი ჰყავს, ბედნიერი დედა და მეუღლეა. მე კი მის გაბედნიერებას ვერ შევძლებდი. დღეს ცოცხალი გვამი ვარ, ისეთი დაავადება მჭირს, რომელიც რამდენიმე წელიწადში ბოლოს მომიღებს, მაგრამ მიხარია, რომ ქეთი კარგადაა. მისი ბედნიერებით ვხარობ...

ნატული, 38 წლის:

- ამბავი, რომელიც უნდა მოგიყვეთ, ჩემს მეგობარს გადახდა. დღემდე ვერ მომინელებია ტკივილი, რომელიც რამდენიმე წლის წინ გადავიტანე. ვერ ვხვდები, როგორ შეიძლება, საყვარელ ადამიანზე უაზრობის გამო უარის თქმა?! მე და ნინო ერთ ეზოში ვიზრდებოდით, ბაღშიც ერთად დავდიოდით და როცა სკოლაში მისვლის დრო დადგა, ისე მოხდა, რომ სხვადასხვა კლასში მოვხვდით. მანამდე არ მოვისვენეთ, სანამ ერთ მერხზე, ერთმანეთის გვერდით არ დავსხედით. არაჩვეულებრივი დაქალები ვიყავით, ერთმანეთის გარეშე არაფერს ვაკეთებდით. ერთ ზაფხულს (მაშინ 16 წლისანი ვიყავით), ნინიკოსთან ერთად, დასასვენებლად წასვლა ვერ მოვახერხე - ბებია გახდა ავად, მაგრამ შევთანხმდით, რომ 1 კვირაში მეც მასთან ერთად ვიქნებოდი ბათუმში... ბათუმში ჩასვლისას, მეგობრისთვის თვალებში ერთი ჩახედვაც კი მეყო, მივმხვდარიყავი - ნინო შეყვარებული გახლდათ. ზღვაზე ვინმე ლაშა გაეცნო... სიმართლე გითხრათ, ის ყმაწვილი მეც მომეწონა: ზრდილობიანი, ყურადღებიანი, გალანტური ბიჭი იყო. ერთი უარყოფითი თვისებაც კი არ შემიმჩნევია და ნინოს სიხარულით მეც ვხარობდი. მათი სიყვარულის ამბავი თბილისშიც გაგრძელდა, ერთმანეთის გარეშე წუთით ვერ ძლებდნენ. როცა შეხვედრა უნდოდათ, ნინო ჩემთან სტუმრობას იმიზეზებდა და ლაშასთან გარბოდა. ერთი წელი მალევე გავიდა და მისაღები გამოცდებიც დაგვეწყო. გამოცდები წარმატებით ჩავაბარეთ, ორივე სტუდენტი გავხდით და ერთ კვირაში გავიგე, ნინო მოიტაცესო. აღმოჩნდა, რომ ერთ ჩვენს ძველ ნაცნობს ჰყვარებოდა... იმ დღეს მე და ლაშა მკვდრებივით ვიყავით, ისეთი შოკი მივიღეთ, მთელი ღამე არ გვეძინა, ნინოს ასავალ-დასავალს ვერ ვპოულობდით, ლამის შევიშალეთ... 4 დღის შემდეგ ნინომ დამირეკა და სხაპასხუპით მითხრა, რაჭაში, ამა და ამ ადგილზე ვართ, ლაშას უთხარი, სასწრაფოდ ჩამოვიდეს და წამიყვანოს - აქ ვერ დავრჩებიო... ნინოს ნათქვამი მაშინვე ლაშას გადავეცი და ისიც კი შევთავაზე, ჩემს ძმასაც ვეტყვი, მეც გამოგყვები და ერთად წავიდეთ-მეთქი. თავი უხმოდ დამიქნია, რატომღაც მისი რეაქცია არ მომეწონა. თურმე ლაშა მოტაცებული ქალის სახლში წამოყვანას სულაც არ ფიქრობდა. სოფელში ჩასვლამ მე და მისი ოჯახის წევრებს მოგვიწია, ნინომ ლაშა რომ ვერ დაინახა, მაშინვე ყველაფერს მიხვდა და მოცელილი დაეცა სკამზე. იმ დღეს ნინო სახლში არ წამოგვიყვანია. მშობლებს არც უკითხავთ, უყვარდა თუ არა ის ბიჭი, ან სახლში წამოსვლა ხომ არ უნდოდა?! ჩემი მეგობარი ბედს შეგუებული მეჩვენა, რას ვიზამ, რადგან ასეა, ლაშას არ ვყვარებივარ და სხვა რაღა გზაა, დავრჩები ნიკასთანო... რაჭიდან მალევე წამოვედით, გული მიკვდებოდა, ვხვდებოდი, ნინო იქ ბედნიერი არ იქნებოდა. ნიკამ სწავლისთვის თავის დანებება მოსთხოვა, 3 თვის შემდეგ ლაშა ჩემთან მოვიდა, მითხრა, რომ ნინოს დაურეკავს და შერიგება უთხოვია. ჩემი მეუღლე არასოდეს შემიყვარდება და თუ გრძნობა შეგრჩენია ჩემ მიმართ, ნიკას მივატოვებო... ლაშას უთქვამს - აღარ მიყვარხარო... - რა ვქნა ნატული, სხვის საწოლში ნაწოლ ქალს ვერასოდეს მოვიყვან ცოლადო, - თავი გაიმართლა. მეორე დღეს ხმა გავრცელდა, ნინომ თავი ჩამოიხრჩოო... ის რამდენიმე დღე, სანამ ნინოს დაკრძალავდნენ, არ მახსოვს... თბილისში ჩამოსულს, ცხოვრება აღარ მინდოდა, თავს დამნაშავედ ვგრძნობდი, ნინოსთან რომ ვყოფილიყავი, ამ ნაბიჯს არ გადადგამდა-მეთქი, მაგრამ ისიც კარგად ვიცოდი, მან ლაშას გარეშე ცხოვრება ვერ აიტანა... ის არაკაცი კი, სამძიმარზეც არ მისულა. 2 კვირის შემდეგ ჩემთან დარეკა და ისეთი ისტერიკა დამემართა, არანორმალური ხმით ვყვიროდი. მისი იდიოტური მენტალიტეტი რომ არა, დღემდე საყვარელი ქალის გვერდით იქნებოდა. ამ ამბის შემდეგ გალოთდა და დღეს ხან სადარბაზოში სძინავს, ხანაც ღია ცის ქვეშ ათევს ღამეს. ღმერთმა მაპატიოს, მაგრამ არ მეცოდება!

ლუკა, 20 წლის:

- მინდა, მამაჩემის ამბავს მოგიყვეთ. თავიდან არც დავიჯერე, როცა მისმა მეგობარმა მიამბო: ვიფიქრე, მეხუმრებოდა, მაგრამ მერე მამამაც დამიდასტურა და კინაღამ გადავირიე! ვიღაც აფერისტი ძმაკაცის გამო ულამაზესი ქალი დათმო, რომელსაც მამაჩემი სიგიჟემდე უყვარდა! მოკლედ, ძმაკაცებზე თავგადაკლული მამა მესამე კურსზე იყო, ის გოგონა რომ შეუყვარდა. სერიოზული ურთიერთობა ჰქონდათ, სტუდენტები იყვნენ და ოჯახის შექმნას არ ჩქარობდნენ. ერთ დღესაც, მამაჩემის ყველაზე "მაგარმა" ძმაკაცმა მამა სახლში დაიბარა და გაუმხილა, რომ უკურნებელი დაავადება სჭირდა. რა თქმა უნდა, მამაჩემი გადაირია, ისე შეწუხდა, მაგრამ ის, რაც მერე სთხოვა მამაჩემს თავისმა "საუკეთესო" ძმაკაცმა - ვალერიმ, უნამუსობა იყო...

- ასეთი რა უთხრა?

- შენი შეყვარებული დამითმე, რამდენიმე წელიღა მაქვს დარჩენილი და მინდა, საყვარელი ადამიანის გვერდით გავატარო უკანასკნელი წლებიო. როგორც გაირკვა, ნატო მასაც ჰყვარებია. მოკლედ, ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, ძმაკაცის ავადმყოფობითა და უბედურებით "ტვინდაბინდულმა" მამაჩემმა "კაცურად" დაუთმო შეყვარებული.

- კი, მაგრამ გოგოს აღარაფერი ჰკითხეს?

- მეც ეგ არ მიკვირს?! თურმე მამაჩემი 3 თვით როსტოვში წასულა ისე, რომ შეყვარებულისთვის არაფერი გაუგებინებია. საწყალს, თურმე ძალიან უჭირდა ნატოს გარეშე, მაგრამ... მერე ვალერის ათასი სისაძაგლე უთქვამს მამაჩემზე და ქალიც შეუბამს! რამდენიმე თვეში ჯვარი დაიწერეს, დროთა განმავლობაში კი, მამაჩემმა სანდო წყაროსგან გაიგო, რომ ვალერის არანაირი დაავადება არ სჭირდა და ყველაფერი ნატოს ხელში ჩასაგდებად მოიგონა (იცინის).

- სიმართლის გაგების შემდეგ რა ქნა?

- ადგა და ცხელ გულზე დედაჩემი მოიყვანა ცოლად. მერე შვილები ეყოლათ და ალბათ იმ ტკივილმაც გადაუარა, მაგრამ ვიცი, რომ ნატო დღემდე ძალიან უყვარს. 5 წლის შემდეგ, დედაჩემს გაშორდა, ამ ამბიდან ერთ წელიწადში, ვალერიც გარდაიცვალა ავტოკატასტროფაში.... მოკლედ, მამიკოს შანსი გაუჩნდა, რომ საყვარელი ქალის გვერდით ყოფილიყო, მაგრამ ნატომ გვერდითაც არ გაიკარა! შენნაირი ადამიანი არაფერში მჭირდებაო და სხვას გაჰყვა ცოლად. ეს ამბავი მამაჩემის ძმაკაცმა სიმთვრალეში მიამბო და მერე მამაჩემმაც დაუდასტურა, - მართალია, ასე იყოო (იცინის). მამა ასეთი "ლობიო" კაცი არ მეგონა, მაგრამ თურმე ყველას გაცუცურაკებაა შესაძლებელი.

ლელა, 34 წლის:

- მე და ჩემი მეუღლე თანაკლასელები ვიყავით, ლევანი ჩემი კარგი მეგობარი იყო. ხომ იცით, ბავშვობაში როგორც ხდება: ვინც ყველაზე დიდი მოჩხუბარი და "მაგარი ბიჭი" იყო, სწორედ ის მოგვწონდა! მასაც მოვწონდი, თან, ლევანის გამო ყველა თაყვანისმცემელი ჩამომშორდა და ბოლოს კი ჩემი მეუღლე გახდა. უნივერსიტეტში ვსწავლობდი, პირველი კურსი რომ დავხურე, 17 წლის ასაკში მომიტაცა. მახსოვს,  დედაჩემმა მითხრა: - თუ არ გიყვარს და გათხოვება არ გინდა, რაც უნდა იყოს მომხდარი, წამოდიო. - არაფერი მომხდარა, მაგრამ უკვე რომ გვადღეგრძელეს-მეთქი (იცინის)? - ვუპასუხე. მალე აღმოვაჩინე, რომ მოსიყვარულე ადამიანებს საყვარელი ადამიანებისათვის იოლად შეუძლიათ ტკივილის მიყენება. წამალსაც იკეთებდა და შემპირდა, აღარ გავეკარებიო, მაგრამ როგორც კი დავორსულდი, ისევ ნარკოტიკის მოხმარებას მიჰყო ხელი. ლევანს მანიაკური სიყვარული ჰქონდა ჩემ მიმართ: რომ შემეძლოს, მხოლოდ ჩემთვის იარსებებდიო - მეუბნებოდა. მაგრამ ჩემთვის ტკივილისა და ცრემლების მეტი თითქმის არაფერი მოუტანია. 4 თვის ბავშვი მყავდა, როცა ერთი მუჭა წამალი დავლიე - თვითმკვლელობა ვცადე. ბოლოს ურთიერთობა იმდენად დაგვეძაბა, მივხვდი, ერთად ვეღარ ვიცხოვრებდით! მალე ლევანი რუსეთში წავიდა. უკვე 7 წელია, იქ არის და დღემდე წამალზეა დამოკიდებული.

- როგორც ვიცი, ლევანის შემდეგ, კიდევ გამოჩნდა შენს ცხოვრებაში სხვა ადამიანი...

- კი, ლევანთან დაშორების შემდეგ 2 წელი დამჭირდა იმისთვის, რომ თავიდან დამეწყო ლაპარაკი, სიცილი, ადამიანებთან ურთიერთობა... 3 წლის შემდეგ, ჩემი ბიძაშვილის შეყვარებულს ძმაკაცი მოჰყვა და გოგა ასე გავიცანი. ჩემზე 7 წლით იყო უმცროსი, ქალურმა ალღომ მაგრძნობინა, რომ მოვწონდი, მაგრამ ამას ვერაფრით ვიჯერებდი. იოლად დაუახლოვდა ჩემს შვილსა და მეგობრებს, ხშირად გვსტუმრობდა, სამსახურშიც მაკითხავდა... ყველა ქალი დამეთანხმება, რომ რამდენად ძლიერიც უნდა იყოს იგი, მაინც სჭირდება გვერდით ადამიანი, რომელიც თავზე ხელს გადაუსვამს, თბილ სიტყვას ეტყვის, რომელსაც ბოლოს და ბოლოს, დაეყრდნობა მაინც...

- როგორ განვითარდა მოვლენები მას მერე, რაც თავი მოგაწონათ?

- ხშირად ვხვდებოდით, არაჩვეულებრივი პიროვნება იყო. დილა მისი მესიჯით იწყებოდა. თვითონ რაიონიდან იყო და ჩემ სიახლოვეს რომ ყოფილიყო, თბილისში იშოვა სამსახური... მალე ჩვენ შესახებ მისმა მშობლებმა გაიგეს და იმ დღიდან დაიწყო პრობლემები. რა თქმა უნდა, გადაირივნენ, როცა გაიგეს, მათი შვილის რჩეული შვილიანი ქალი გახლდათ. ხშირად უსიამოვნება ჰქონდა სახლში, რაიონში ჩასვლაც აღარ უნდოდა. მისმა მშობლებმა ჭორების მოგონება დაიწყეს, თითქოს მე ძალით შევაყვარე თავი, ჯადოს ვუკეთებდი... რამდენიმე თვეში იმდენად მომბეზრდა ამდენი პრობლემა და ცილისწამება, დაშორების გადაწყვეტილება მივიღე. გოგას ძალიან გაუჭირდა ჩემთან დაშორება, მაგრამ რომ მიხვდა, აღარ შევურიგდებოდი - ცოლი მოიყვანა. მისი მეგობრებისგან გავიგე, რომ ძალიან უშნო გოგო უთხოვია ცოლად. - აი, რძალი ხომ გინდოდათ? ჰოდა, გყავდეთო, - უთქვამს მშობლებისთვის. დღემდე მესიჯებს ვიღებ მისგან: "ძალიან მიყვარხარ", "სიცოცხლის ბოლომდე მეყვარები", "ვერც კი წარმოიდგენ, როგორ მენატრები", მაგრამ შეხვედრის სურვილს არ გამოთქვამს და არც კი მინდა მისი ნახვა.

- ყველაფრის თავიდან დაწყება რომ შეგეძლოს, რას მოიმოქმედებდი?

- ალბათ იმავეს, რაც მანამდე გავაკეთე... მიუხედავად იმისა, რომ გოგა მიყვარდა, მის გამო ყველაფერს ხაზი ვერ გადავუსვი. ამასთან, დღემდე ჩემი მეუღლის დედასთან ვცხოვრობ. ბედნიერებისთვის ყველაფერს ვერ გავწირავდი, ჩემი შვილი ქვეყანას მირჩევნია. ვერ დავუშვებდი იმას, რომ ჩემსა და მის ურთიერთობას რაიმე საფრთხე დამუქრებოდა. ალბათ, ყველაფერი ასეც უნდა მომხდარიყო.

ელენე ბასილიძე

"გზა", 2011 წელი